ივლისი 07, 2025
„საბას“ პრემიის ყოველწლიურ მიმოხილვაში აუცილებლად ვსაუბრობთ იმ ბრწყინვალე მთარგმნელებისა და თარგმანების შესახებ, რომელთა შთამბეჭდავი სიაა წარმოდგენილი თარგმანის ნომინაციაში.
ამ მხრივ, რასაკვირველია, არც 2024 წელი იყო გამონაკლისი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, თანამედროვე თუ ძველი, ჯალალ ედ დინ რუმი თუ ჰესიოდე - თარგმანების უხვი და მდიდარი თარო ნამდვილად გვაძლევდა და გვაძლევს სიამაყის საფუძველს.

ჟიურიმ ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის მიერ ნათარგმნი სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ აირჩია, ეს უმნიშვნელოვანესი წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა.
ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თანამთარგმნელობის წყალობით ქართველ მკითხველს არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები აქვს წაკითხული, როგორიცაა, სემეულ ბეკეტის „მოლოი“, რიჩარდ იეიტსის „სააღდგომო ჩვენება“, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“, რადიარდ კიპლინგის „კიმი“, სალმან რუშდის „ჯოზეფ ანტონი“, მარგარეტ ლორენსის „ქვის ანგელოზი“, უილიამ ტრევორის „ნაწვიმარზე“ და სხვა.
სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესეების კრებულია, რომელიც ფოტოგრაფიის ფილოსოფიასა და კულტურულ მნიშვნელობას განიხილავს, წიგნი 1977 წელს გამოქვეყნდა და დღეს, სამყაროში, რომელსაც ფაქტობრივად ფოტოგრაფია, პირდაპირ ეთერში ცხოვრების სირთულე და სიმარტივე მართავს, ამ „ფოტოგრაფიის ყველგანმყოფობის“ ხანაში სულ სხვაგვარად იკითხება.
სიუზენ ზონტაგი — ამერიკელი მოაზროვნე, მწერალი და კულტურის კრიტიკოსი — ამ წიგნში ფოტოგრაფიას არ განიხილავს როგორც ტექნიკურ პროცესს. მისთვის ფოტოგრაფია არის ხედვის ფორმა, პოლიტიკა, ტკივილისგან დისტანცირების საშუალება, მორალური დილემა, რომელიც ხშირად ცვლის რეალობას მისი თვითნებური ასახვით.
ზონტაგი ფოტოებს აღიქვამს არა უბრალოდ ტექნიკურ თუ მხატვრულ ნამუშევრებს, არამედ კულტურის მნიშვნელოვან მოვლებას. ფოტო მისთვის არ არის მეხსიერების განმტკიცება. პირიქით, ესაა საშუალება, რომელიც მეხსიერებას ასუსტებს და რეალობას ჩანაცვლებით ემუქრება. თითქოს როდესაც რაღაც მოვლენას ფოტოგამოსახულებით აღვნუსხავთ, თავს უფლებას ვაძლევთ, ეს მოვლენა დავივიწყოთ.
ფოტოგრაფია ერთგვარი ძალაუფლებაა, სამყაროს ფლობის და მასზე ბატონობის განცდა.
“ფოტოგადაღება გადაღებული საგნის დასაკუთრებას ნიშნავს, ასევე _ გარკვეული ურთიერთობის დამყარებას სამყაროსთან, რომელიც ცოდნად და, აქედან გამომდინარე, ძალად აღიქმება.”
„ფოტოგრაფიული საქმიანობის უდიადესი შედეგი იმ განცდის გაჩენაა, რომ შეგვიძლია საკუთარ წარმოსახვაში მთელი სამყარო დავიტიოთ, ანუ _ გამოსახულებათა სრული ანთოლოგია.”
ეს დაახლოებით ისეთი პროცესია, როგორიც სახელდება. სახელის დარქმევით ადამიანი იშინაურებს სამყაროს, მისი მფლობელი ხდება, ხოლო ფოტოში სამყაროს მოქცევით - თავის ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს.
ეს უკვე ორი საუკუნეა, რაც ადამიანი ამ დამატებითი ძალაუფლებით სარგებლობს, 1826 წელს გადაღებული პირველი ფოტოდან დღემდე ხერხებიც შეიცვალა, ტექნოლოგიებიც და ხედვაც, თუმცა მთავარი კითხვა - ფოტოგრაფია სიკვდილის ხელოვნებაა ( როგორც ბარტი ამბობს) თუ პირიქით, წამის უკვდავების - ისევ აქტუალური რჩება.

“დღეს ვითარების ჩვენეულ განცდას უკვე ფოტოკამერის შუამავლობა აყალიბებს. კამერების ყველგანმყოფობა ჯიუტად გვკარნახობს, რომ დრო საგულისხმო მოვლენებისგან შედგება, რომლებიც უთუოდ იმსახურებს ფირზე აღბეჭდვას. თავის მხრივ, ეს აიოლებს იმის შეგრძნებას, რომ ერთხელ მომხდარი ნებისმიერი ამბავი, მიუხედავად მისი ზნეობრივი თავისებურებისა, დაბოლოების უფლებას იმსახურებს, რათა სამყარო კიდევ რაღაც ახლით გამდიდრდეს, ანუ - ფოტოსურათით.”
სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ შედგება ექვსი ესესგან, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა კუთხით განიხილავს ფოტოგრაფიას.
ზონტაგისთვის ფოტოგრაფია პლატონის მღვიმის ანალოგიაა, რადგან გვიჩვენებს არა რეალობას, არამედ მის ჩრდილს. განხილულია დოკუმენტური ფოტოგრაფია, როგორც იდოლოგიის მთავარი იარაღი. ფოტოგრაფია საგნებს არსსა და მნიშვნელობას უცვლის, ერთდროულად ასახავს და ამავე დროს, ცვლის, ფარავს სიმართლესა და შინაარსს.
„XIX საუკუნის ყველაზე ლოგიკურმა ესთეტმა მალარმემ თავის დროზე თქვა, ამქვეყნად ყველაფერი იმისთვის არსებობს, ბოლოს და ბოლოს, წიგნში რომ დაიდოს ბინაო. დღეს ყველაფერი არსებობს იმისთვის, რათა ბოლოს ფოტოსურათად იქცეს.“
ავტორისთვის განსაკუთრებით პრობლემურია ტკივილის ფოტოები და მათი მოხმარება. ომის, სიღარიბისა და სისასტიკის სურათები, რომლებიც თითქოს თანაგრძნობას უნდა იწვევდეს, სინამდვილეში შეიძლება ტრავმას ამარტივებს, ბანალურს ხდის. ზონტაგი წერს, რომ რაც უფრო მეტ ასეთ გამოსახულებას ვხედავთ, მით უფრო ნაკლები თანაგანცდა გვაქვს.