ლიტერატურა თიბისელები

„ქართულად ნათარგმანები“

„საბა"

ნოემბერი 02, 2023

თარგმანის ნომინაციაში ყოველ წელს ერთგვარი ვარსკვლავცვენაა, წელსაც ასე იყო, საბედნიეროდ, მთაწმინდელების ქვეყანაში, თარგმანის ტრადიცია კიდევ ცოცხალია, ქართული მთარგმნელობითი სკოლა შესანიშნავი მთარგმნელებითაა წარმოდგენილი და ყოველ წელს, ახალ-ახალი წიგნებით ანებივრებს ქართველ მკითხველს. 

თარგმანი, გარდა იმისა, რომ ტიტანური შრომაა, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ თარგმანის ხარისხზეა დამოკიდებული, რომელიმე წიგნი გაცოცხლდება ქართულ ენაზე, იპოვის თავის მკითხველს თუ წაუკითხავი წიგნების თაროზე ჩაიკარგება სამუდამოდ.


წელსაც, როგორც ყოველთვის, მსოფლიო ლიტერატურის გენიალური ტექსტების დიდი სპექტრი იყო წარმოდგენილი, თვალის უბრალო გადავლებითაც დარწმუნდებით ამაში:

•          დავით ახალაძე, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა” (დიოგენე)

•   მაია ბადრიძე, კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

•          სალომე ბენიძე, სალმან რუშდის „ოქროს სახლი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

•          ლევან ბერძენიშვილი, ავტორთა კრებული, „მედეა” (ინტელექტი)

•          დავით კაკაბაძე, კლაუს მანის „მეფისტოფელი” (ინტელექტი)

•          ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“ (პალიტრა L)

•          დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

•          ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

•          ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „იგავი“ (პალიტრა L)

•          გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)

•          პაატა ჯავახიშვილი, ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

•          თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“ (პალიტრა L)

ჟიურისთვის ნამდვილად ძალიან რთული იქნებოდა ამორჩევა, მოკლე სიის ყველა თარგმანი უმაღლესი ოსტატობითაა შესრულებული. პრემია კი ამჯერად ორ წიგნს - ახალგაზრდა და უკვე გამოცდილ მთარგმნელებს - გიორგი ხულორდავასა და დოდო ყვავილაშვილს ერგოთ.

 გიორგი ხულორდავა

აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“

(არტანუჯი)

სპარსული ლიტერატურის ქართულად თარგმნის მდიდარი ტრადიცია არსებობს. საუკუნეებია ქართველი მკითხველს განსაკუთრებით უყვარს ეს საოცარი ლიტერატურული სამყარო, ისტორიულმა ქარტეხილებმა სპარსული და ქართული ლიტერატურის კავშირი განაპირობა. „ქილილა და დამანა“, „ამირნასარიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“, „როსტომიანი“,“ვისრამიანი“ და სხვა სპარსული კლასიკური ტექსტები საუკუნეების წინაც ქართველი მკითხველის საყვარელი საკითხავი იყო.


მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მთარგმნელობითმა პროცესმა სპარსული ლიტერატურის ქართული თარგმანის ახალი, ბრწყინვალე მაგალითები გვაჩუქა- ამბაკო ჭელიძე, დავით კობიძე, ვლადიმერ ფუთურიძე, მაგალი თოდუა, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსანდრე გვახარია, თენგიზ კეშელავა, ზეზვა მედულაშვილი, ალექსანდრე ელერდაშვილი, ამირან ლომთათიძე, მზია ბურჯანაძე, თეა შურღაია, გიორგი ლობჟანიძე.

ამ მთარგმნელთა ჩამონათვალს ახალგაზრდა, შესანიშნავი მთარგმნელი გიორგი ხულორდავა შეემატა, რომელმაც ჯერ სპარსული პოეზიის კრებულით გაანებივრა მკითხველი, მერე კი აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“თარგმნა და პრემიაც დაიმსახურა.

ბაჰარესთანი“ სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის აბდ ორ-რაჰმან ჯამის (1414-1492) უმთავრეს დიდაქტიკურ თხზულებად ითვლება, რომელშიც გადმოცემულია სხვადასხვა სახის შეგონებანი, შუა საუკუნეების აღმოსავლური მისტიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოსაზრებები და უაღრესად მახვილგონივრული იგავ-არაკები, ამ თხზულებაშივე მოცემულია ჯამის წინამორბედ პოეტთა ერთგვარი ანთოლოგია.


„ბაჰარესთანის“ წინამდებარე თარგმანი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად შესრულდა, ითვალისწინებს ჯამის შემოქმედების კვლევის ქართულ, სპარსულ და ევროპულ ტრადიციებს. გარდა ამისა, თარგმანში აღდგენილია დედნისეულ ტექსტში ირანული ცენზურის მიერ წაშლილი ცალკეული ეროტიკული და სკაბრეზული პასაჟები.

დოდო ყვავილაშვილი

ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“

(სულაკაურის გამომცემლობა)

დოდო ყვავილაშვილი თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი სკოლის განსაკუთრებული წარმომადგენელია, ის პოლილინგვისტია და ერთნაირი ოსტატობით თარგმნის არაერთი ევროპული ენიდან. მისი წყალობით არაერთი მნიშვნელოვანი ავტორი გაიცნო ქართველმა მკითხველმა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურული სამყარო, რომელიც განსაკუთრებით უყვარს ქართველ მკითხველს. ლიოსა,კორტასარი, ალიენდე, ბორხესი...

თავად ბრწყინვალე მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე თავის წერილში, რომელიც ქართული მთარგმნელობითი პროცესების მიმოხილვას ეძღვნება, წერს:


„ესპანურენოვანი ლიტერატურის ბოლოდროინდელი თარგმანებიდან კი, რომლებიც, ჩემი აზრით, ქართული ლიტერატურის ნამდვილ საგანძურად მოგვევლინა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დოდო ყვავილაშვილის მიერ თარგმნილი და გამოცემული ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოები: მარიოს ვარგას ლიოსას რომანი „ბოლო ჟამის ომი“ და ისაბელ ალიენდეს რომანი „ სულების სახლი“. ორივე ეს ვეებერთელა ტექსტი ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებული სტილისტიკითა და ესთეტიკით შექმნილი მხატვრული სამყაროა და თითოეულ ამ სამყაროში ელისაბედ ყვავილაშვილი დიდი პროფესიონალისათვის დამახასიათებელი, სრულიად განსხვავებული გზითა და მანერით მიგვიძღვება.“


დოდო ყვავილაშვილის თარგმანები ლიტერატურული პრემია „საბას“ თარგმანის მოკლე სიაში სხვა წლებში იყო წარმოდგენილი, წელს კი დიდი არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციების“ თარგმანისთვის მთარგმნელის რთული შრომა პრემიით აღინიშნა.


ავტორი: "საბა"

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა