ლიტერატურა

#გაიცანილაურეატი: ლელა დუმბაძე

"საბა"

თებერვალი 27, 2020

პირველი შეხვედრა წიგნთან...


რთული თემაა. ჩემთვის წიგნთან შეხვედრა წიგნების მაღალ თაროებთან ურთიერთობამ განსაზღვრა, რომელიც ჩვენი ბინის ერთ ოთახს გამყოფ კედლად ემსახურებოდა. კითხვა სკოლაში შესვლამდე ვისწავლე და წიგნის თაროც მეხმარებოდა. პირველი რომელი იყო? ზუსტად ვერც ვიტყვი. ის კი მახსოვს, რომ ერთხელ მამაჩემმა, რომელიც გეოლოგი იყო და სეზონურად ჩამოდიოდა თბილისში ექსპედიციებიდან, დამსვა და მითხრა, ნახე, ახლა რას წაგიკითხავო. ეს იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მამამ ჩემთვის ამ სახით მოიცალა. მეც დავჯექი. მამამ რაღაც დიდი წიგნი გამოიღო თაროდან – მითხრა, ეს ვეფხისტყაოსანია, მოუსმინე, რა საოცარი წიგნიაო, გადაშალა და კითხვა დაიწყო.


თვალები კიდევ უფრო უბრწყინავდა და ვგრძნობდი, რომ უჩვეულო გრძნობით მიკითხავდა არაჩვეულებრივი ჟღერადობის წიგნს. არასოდეს დამავიწყდება. ალბათ ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული შეხვედრა წიგნთან. და იქნებ ჩემი მომავალიც განსაზღვრა? ისე, იმ თაროებმა შეუფასებელი მეგობრობა გამიწიეს წლებში (გასული საუკუნის სამოციან წლებში), როცა არც ტელევიზორი გვქონდა, და არც მხოლოდ ზღაპრებში ასახული ჯადოსნური სარკე –დღევანდელი ინტერნეტი, მობილური და ა.შ. 


“ისე, მიუხედავად იმისა რომ ეს ჯადოსნური სარკეები დღეს ყველას ჯიბეში გვიდევს, დარწმუნებული ვარ, კითხვაზე და განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია ადამიანის განვითარებისთვის.“


როგორ დაახასიათებდით თარგმნის პროცესს...

 

ამაზე სერიოზულად რომ დავიწყო წერა, წესით, ნაშრომი უნდა გამოვიდეს. ისე, მოკლედ თუ ვიტყვი, ეს პროცესი ხან საქმეა, ანუ პროფესია, რომელსაც ფული მოაქვს – აქ არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის თარგმანს ვგულისხმობ – ხანაც დიდი ხნის ნანატრ წიგნთან ინტიმური კავშირი.


დიდი სიხარულია, როცა თარგმნი ისეთ წიგნს, რომელიც გულწრფელად გიტაცებს. როგორ ვიწყებ მუშაობას? აუცილებლად ვკითხულობ თავიდან ბოლომდე, თუნდაც ადრე წაკითხულს. მერე კი იწყება ჯოჯოხეთური შრომა. თარგმნა ხომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა - მკითხველს ქართულად უნდა შესთავაზო რაღაც, რაც მანამდე, სავარაუდოდ, არ წაუკითხავს. უნდა შეძლო იმის გადმოცემა, რაც ვერბალურ შრეს სცდება. ზევერბალური. ესთეტიკური. რაც სუნთქავს სიტყვებით. და უნდა შეძლო ეს სუნთქვა - კონკრეტული მწერლისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა - მკითხველს შეაგრძნობინო.


ამიტომ ვამბობ ხოლმე, ნახევრად ხუმრობით, რომ მთარგმნელი მსახიობივითაა. მსახიობი ხომ რომელიღაც კონკრეტულ როლს თამაშობს, მთარგმნელს კი უწევს ორიგინალის ავტორის როლის შესრულება და მის ტყავში ჩაძვრომა. სხვანაირად სერიოზული მხატვრული თარგმანი ვერ შედგება.  


ხშირად მკითხველი ვერც კი ხვდება რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის მთარგმნელს იმაში, რომ მან კონკრეტული ავტორი და ნაწარმოები განსაკუთრებით შეიყვარა. ამ კუთხით, მიგაჩნიათ, რომ მთარგმნელობა დაუფასებელი საქმეა?


აუცილებლად. შეიძლება თარგმანი არ იყოს უნაკლო, მაგრამ მაინც შეასრულოს თავისი როლი – წააკითხოს წიგნი და შეაყვაროს კიდეც. ჩვენ დღეს – და იმედია ეს ‘დღეს’ დიდხანს გაგრძელდება – შეგვიძლია ვიტრაბახოთ ქართული მთარგმნელობითი საქმის აღორძინებით, რაც საგამომცემლო საქმის განვითარებამ განაპირობა. მოგეხსენებათ, როგორ იჩაგრებოდა ქართული თარგმანი საბჭოთა სინამდვილეში. მცირე გამონაკლისების გარდა მხატვრულ ლიტერატურას რუსულენოვანი თარგმანებით ვეცნობიდით და აღტაცებულნი ვიყავით მათი მთარგმნელობითი ოსტატობით.


არაერთხელ გაიგონებდით – აბა, ამას ქართულად როგორ იტყვიო? თითქოს ქართული არასრულფასოვანი ენა ყოფილიყოს. ეს იყო კომპლექსი, რომელიც ქართული ენის – და საერთოდ, ნებისმიერი არარუსული კულტურის წინააღმდეგ მიმართული რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის საბჭოური სახეცვლილების შედეგი იყო. თან ვერაფერი ითარგმნებოდა, თუ ჯერ რუსულად არ იყო ნათარგმნი, და ა.შ. საბედნიეროდ, მაინც იქმნებოდა შედევრი თარგმანები, რა თქმა უნდა, შედარებით მცირე რაოდენობით. უაღრესად მნიშვნელოვანი და მაღალმხატვრული ღირებულების თარგმანები ქართულ ენაზე. თუმცა საკმაოდ ხშირად რუსული ენის შუამავლობით. 



ვიცით მაგალითები, როცა ცუდმა თარგმანმა წიგნსა და მკითხველს შორის უზარმაზარი უფსკრული წარმოშვა, მაგრამ გახსენდებათ თუ არა შემთხვევა, როცა სწორედ მთარგმნელის დამსახურებით მკითხველმა წიგნი შეიყვარა?


ასეთი უამრავია. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? თუ ისტორიაში გადავეშვათ? ბიბლიით, ფსალმუნებით და საოცარი შუასაუკუნეების თარგმანების გავლით მაჩაბლამდე, ილიამდე, გერონტი ქიქოძემდე, ვახტანგ ჭელიძემდე, დავით წერედიანამდე, რომლის გარდაცვალებამ პირადი ტრაგედიის გარდა, წაგვართვა შემოქმედებითი აღმაფრენის მდგომარეობაში მყოფი ბრწყინვალე შემოქმედი და ესე იგი, ბევრი უძვირფასესი შენაძენი მისი თარგმანებისა თუ პოეზიის სახით.


ეს მთარგმნელები მხოლოდ სამაგალითოდ ვახსენე, თორემ ცხადია, ბევრზე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. 



„თარგმნა ხომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა - მკითხველს ქართულად უნდა შესთავაზო რაღაც, რაც მანამდე, სავარაუდოდ, არ წაუკითხავს. უნდა შეძლო იმის გადმოცემა, რაც ვერბალურ შრეს სცდება“



თქვენი თარგმანები მკითხველს გამორჩეულად უყვარს, არსებობს თუ არა წიგნი, რომლის თარგმნასაც ისურვებდით?


რა თქმა უნდა, არაერთი. ყოველი ბოლო თარგმნილი წიგნი ჩემთვის უსაყვარლესია. ახლა გეგმაში მაქვს რომელიმე ულტრათანამედროვე მწერლის ლიტერატურის თარგმნა. ძალიან მაინტერესებს. ვნახოთ, გამოვა თუ არა და რა გამოვა. 




თქვენი პროფესიიდან გამომდინარე კითხვა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ახერხებთ თუ არა გაეცნოთ თქვენი კოლეგების თარგმანებს და ბოლოს თარგმნილი წიგნებიდან, რომელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?


ეს შეკითხვა ძალიან კარგი საბაბია იმის სათქმელად, რაც ისედაც მინდოდა მეთქვა. მიხვდებით, რას ვგულისხმობ. გარდა იმისა, რომ ვთარგმნი, ვასწავლი მხატვრული ტექსტის სტილისტურ ინტერპრეტაციას და ტექსტის ანალიზს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნისვერსიტეტში, ანგლისტიკის ფაკულტეტზე. ცხადია, კითხვა იქაც მიწევს, ჩემს სტუდენტებთან ერთად. და რადგან დრო სამწუხაროდ უკანმოუხედავად მიქრის და ვერ ვეწევით, გაცილებით ნაკლების წაკითხვას ვასწრებ, ვიდრე ვისურვებდი.


ჩემთვის დიდი პატივი და უძვირფასესი გამოცდილება იყო ლიტერატურული კონკურსი “საბას” ჟიურის წევრობა. მოგეხსენებათ, დაახლოებით 8 თვეში ჟიურის უწევს უამრავი წიგნის წაკითხვა. ეს ძალიან დამეხმარა, უკეთ გავცნობოდი ბევრ თანამედროვე მთარგმნელს, მწერალს, პოეტსა თუ კრიტიკოსს, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, სასარგებლო და სასიხარულოა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მცირერიცხოვანი ერი ვართ და დაუსრულებლად ვდგავარათ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, ჩვენი ლიტერატურული ცხოვრება უჩვეულოდ ცოცხალი და იმედისმომცემია.


ამაში კი, კონკურსებს, და განსაკუთრებით “საბას”, უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. ეს თან სტიმულია შემოქმედი ადამიანებისთვის, თან დიდ რეკლამას უწევს და ფართო საზოგადოებისთვის ხილულს ხდის მათ შრომას. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, უამრავია. და ჩემი თანამედროვე მთარგმნელებიც, ჩვენისთანა ერისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე უამრავია. გვყავს გამოცდილი და სრულიად ახალბედა უნიჭიერესი მთარგმნელები და ყველას ვუსურვებ შემოქმედებით აღმაფრენას და მათი შრომის ღირსეულ დაფასებას.


ავტორი: saba.com.ge