ცისფერი მთები

სახლი ლეჩხუმში

ლეჩხუმში სოფელ აღვში პატარა გოგო რომ ატირდებოდა აკვანში, უფროსები ასე ეტყოდნენ: ნუ ტირიხარ, ბოშო, ოყურეშში გაგათხოვებთო.


ოყურეში ამ კუთხის მდიდარი სოფელი იყო, დიდი საძოვრებით, ხეხილით, პურის ყანებით. ლამაზია აქაურობა. ასეთიც წარმომედგინა. ამ სოფელზე ბავშვობიდან მესმოდა ჩემი კლასელის და მეგობრის გიორგი მამარდაშვილისგან, რომელიც არდადაგებს მუდამ ოყურეშში ატარებდა. მერე გავიზარდეთ და გიორგი მშობლიური კუთხის სიყვარულით ეთნოგრაფი გახდა. რამდენიმე წლის წინ დისერტაციაც ლეჩხუმის შესახებ დაიცვა. იმ დაცვას მეც დავესწარი და რაღაცეები დამამახსოვრდა, მაგალითად ის, რომ ამ ფერდობებზე მოყვანილი ხორბლები, ზანდური და მახა, ველურ და კულტურულ ხორბლის ჯიშებს შორის გარდამავალ ფორმებს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭა-ლეჩხუმის ქვაბული ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. კიდევ გიორგის ჩემთვის მოყოლილი აქვს, რომ ხორბალს ლეჩხუმში შნაკვის - გაკეცილი ჯოხის საშუალებით იღებდნენ. ინსტრუმენტით ღეროს პირდაპირ აგლიჯავდნენ ღეროს და კალათაში ათავსებდნენ. ამგვარი მეთოდი კიდევ იბერიის ნახევარკუნძულზე ასტურიასსა და ბასკეთშია აღწრილი.

საინტერესოა, არა?


ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან, იმ დროიდან, როცა სასმელს „მივეპარეთ“, დამამახსოვრდა მეგობრის სახლში გასინჯული ჩემთვის უცხო ღვინის გემო და აი, ახლა, როდესაც ოყურეშში აქაური ცოლიკოურის პირველი ყლუპი მოვსვი, შორეული ბავშვობა და ვერცხლის ქუჩაზე მამარდაშვილების ბინის ერთი ბეწო სამზარეული მოულოდნელად დამიბრუნდა და მზით გაივსო. 

ტყიან, ციცაბო ფერდობზე შეფენილ სოფელში გვარები უბნებად ცხოვრობენ. მე არჯევანიძეების უბანში ვარ, ოთხმოც წელს გადაცილებული კიაზო არჯევანიძის სახლში, რომელიც სულაც არ არის ჩვეულებრივი. ასეთი ოდა მე არსად არ მინახავს. ხის სახლი, რომლის მშენებლობაც 1884 წელს დამთავრდა ნამდვილი ეროვნული მემკვიდრეობაა. სახლში ყველაფერი ავთენტურია, ბოქლომები და უზამრამაზარი გასაღებებიც კი. სანამ ეზოში სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე მიგვიწვევდა, ბატონმა კიაზომ ყველა ოთახი, ყველა კუთხე-კუნჭული დაგვათვალიერებინა. თელა, წაბლი, ფიჭვი... სახლი სულ სხვადასხვა მასალისგანაა ნაგები. აივანი ეზოში გადის. 

გახვალ სახლის უკან და ციცაბო ფერდობზე აღმოჩნდები, აქედან ხელისგულივით ჩანს ცხენისწყლის ხეობა, თავზე კი ხვამლის მთა გადგას თავისი იდუმალებით, ლეგენდებით, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილის მიხედვით, საქართველოს ორად გაყოფის შემდეგ დავით ულუს და ნარინს აურაცხელი განძი ამ მთის რომელიღაც გამოქვაბულში დაუმალავთ. „საქართველოს გაუჭირდეს, ხვამლმა არჩინოსო,“ - ასეც ამბობენ ლეჩხუმში.


ცოლიკოურს უსახელოური მოსდევს - ამ ღვინოს ვერცერთ ჩემთვის ნაცნობ გემოს ვერ ვადარებ, არაფერს ჰგავს და სხვა ლეგენდის მიხედვით, მისი წარმოშობაც ოყურეშთანაა კავშირში. აქ ერთ-ერთი უბანი მანდარიების არის. უსახელოურს კიდევ მანდარიების ღვინოსაც ეძახიან, ვითომ და ყველა ოყურეშელი მანდარიას წინაპარი დადიანის მოურავი ყოფილა, თავის ბატონზე გაგულისებულს დადიანის მთელი ვენახი გაუჩეხავს, აქ გადმოხვეწილა და თან ერთი ძირი ვაზი წამოუღია, ის ძირი ყოფილა ლეჩხუმური უსახელოურის წინაპარი...

ჯანი და მხნეობა მისცეს ჩვენ მასპინძელს, ამ ხნის კაცი ვერცხლისწყალივით არის, არ ისევენებს, სადღეგრძელოს სადღეგძელოზე ამბობს და შაუაში ლექსებით ტიხრავს. მერე ღვინომოკიდებული გვიამბობს მთავარ ლეგენდას, იმის შესახებ რომ ამხანეგი სტალინისთვის გასაგზავნი უსახელოური სწორედ აქ, მის სახლში მზადდებოდა. მოხუცს, რომლის მამა გადასახლებული, ბიძა კი დახვრეტილი იქნა ბელადის მიერ, მაინც მოწიწება უჩნდება ხმაში, როდესაც აღწერს, როგორ სინჯავდა დედა მოსკოვში გასაგზავნად გამზადებულ ღვინოს, ამ ულამაზესი ხის სახლის გვერდით აშენებულ ხისავე მარანში უდიდესი მისტერია ხდებოდა, რომლის თანაზიარიც ოდესღაც ბავშვობაში გახდა. 

ღვინო მეც მეკიდება, წინ გრძელი გზა გვაქვს. ცა საწვიმრად ემზადება და ტალახში არჯევანიძეების უბანის ციცაბო დაღმართის მშვიდობით ჩავლა. რაჭიდან მომავლები ლეჩხუმში მხოლოდ შევჩერდით, ღამე კი წყალტუბოში უნდა ვათიოთ. საწყენია. ეს კუთხე მეტს იმსახურებს, აქაურობას მხოლოდ ოდნავ შევეხეთ, მასპინძლით, მისი სახლით, მათი ღვინით, წითელი ვაშლებით და აი, უკვე უნდა წავიდეთ. მძღოლიც საათზე იყურება...


გზიდან გიორგის ვურეკავ და ვეუბნები, სადაც ვიყავი. ვთანხმდებით, რომ ოყურეშში კიდევ წამომიყვანს. თვითონაც არ გვჯერა, რომ გამოგვივა ის, რასაც ორმოცი წლის მანძილზე ვერ მოვაბით თავი, მაგრამ, იქნება და, ერთ მშვენიერ დღეს გამოგვივიდეს. აქ სასწაული შემოგომა იქნება.  

ავტორი: არჩილ ქიქოძე