მუსიკა | ცა

ქართული ლეიბლი Pluto’s Plan ახალი კრებულით ბრუნდება

Tsa.Music

თებერვალი 19, 2021

იმ პირობებში, როდესაც როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მუსიკალური ინდუსტრია კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობს, არტისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების არსებობა, რომელიც მათ საკუთარი შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

Pluto’s Plan ერთ-ერთი ის ლეიბლია, რომელმაც ფუნქციონირება სწორედ ამ რთულ პერიოდში დაიწყო და უკვე რიგით მეორე კრებულს, PPR002 გამოსცემს.

პლატფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ლოკალური მუსიკალური სცენის წარმომადგენლების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების ახალ საზღვრებზე წარმოჩენაა, 4 კომპოზიციისგან შემდგარი ჩანაწერით დაგვიბრუნდა, სადაც Toke, HVL, BEQA და Hudson-ის კომპოზიციებს ვხვდებით.

„ლეიბლის უმთავრესი ხედვაა, ჩვენს მსმენელს დენსფლორზე მორგებული მუსიკა შევთავაზოთ. ვფიქრობთ, რომ ამ გზას მკაცრად შევინარჩუნებთ - შეიძლება შეგვეცვალოს გემოვნება, მაგრამ მუსიკა, რომელიც ლეიბლზე გამოვა, ყოველთვის მაინც დენსფლორზე იქნება გათვლილი.“ - ლეიბლის თანადამფუძნებელი ლაშა მარგიანი აღნიშნავს, რომ პირველი რელიზის წარმატებამ კიდევ უფრო გამოააშკარავა პლატფორმის მიერ არჩეული შემოქმედებითი ტრაექტორიის სისწორე.


„პირველ რელიზს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა. ჩვენი დისტრიბუციის მარაგები ფირფიტის გამოშვებიდან მეორე დღეს სრულად ამოიწურა. შემდეგ დეკემბერში გავაკეთეთ რეპრესი, რაც ასევე ძალიან მალე, დაახლოებით 2 კვირაში ამოიყიდა. მეორე რელიზზეც საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ და ვფიქრობთ, რომ ამაზეც მალევე მოგვიწევს რეპრესის გაშვება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვგონია, უკვე საკმარისი სახელი მოვიხვეჭეთ - უბრალოდ ვფიქრობთ, რომ მუსიკა, რომელიც ამ კრებულში გამოიცემა, საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და გვჯერა, რომ ამას სხვებიც დაინახავენ.“

PPR002-ისთვის შერჩეული კომპოზიციები ლეიბლისგან გაცხადებულ მუსიკალურ პოლიტიკას ნამდვილად იდეალურად გამოხატავენ, მაგრამ ამის მიღმა ბევრი საინტერესო ნიუანსი იმალება, რომელიც ყურადღების გამახვილებას იმსახურებს.

ჰაუსის და ბრეიქბითის მუსიკალურ ტრადიციებზე დაფუძნებული EP-ის ცალკეულ მონაკვეთებში შეიმჩნევა ეისიდ ჟღერადობის გავლენაც, რაც ნამუშევრებს საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ იარაღებად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ პირველი რელიზის მსგავსად, აქაც ვხვდებით Toke-ს, რომლის მუსიკალური ჟღერადობა და შემოქმედებითი პრიორიტეტები იდეალურ თანხვედრაშია Pluto’s Plan-ის მუსიკალურ მიდგომებთან. მისი კომპოზიცია Tvaltxa ჰაუს მუსიკის ისტორიის საუკეთესო წლებთან გვასრულებს, რაც თოკესგან ნამდვილად არ გვიკვირს. მისი განსაკუთრებული უნარი, ერთი შეხედვით ნაცნობი მელოდიური პასაჟები ახლებური და საინტერესო ფორმით მოგვასმენინოს, აქ კიდევ ერთხელ იჩენს თავს. როგორც ყოველთვის, ის არასდროს აკოპირებს საკუთარ თავს და Tvaltxa ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა. 

HVL-ის ATSOD პირველი კომპოზიციაა, რომელიც რელიზისთვის შეირჩა. ლაშა იხსენებს, რომ რადიოგადაცემაში დასაკრავად ახალ ნამუშევრებს არჩევდა, როდესაც გიგიმ (HVL) მას ზემოთ ხსენებული კომპოზიცია მიაწოდა. „როდესაც ეს ტრეკი გამიზიარა თავიდანვე მომეწონა, გარკვეული დროის შემდეგ კი გადაწყდა, რომ პლუტოზე დარელიზდებოდა.“ ერთი შეხედვით ATSOD-ის დრამატურგიული ხერხემალი პერკუსიულ ნაწილსა და ეისიდ ენერგეტიკაზე მოდის, თუმცა, როგორც HVL-ს ჩვევია, ყველაფერი საინტერესო ზედაპირზე არასდროს რჩება. ნამუშევრის შუა ნაწილიდან ახალი მუსიკალური შრეები იხსნება, რომელიც კომპოზიციის ხისტ ხასიათს მნიშვნელოვნად არბილებს და ახლებურ მუსიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს. 

„ბექას ტრეკს, ალბათ, ყველაზე განსაკუთრებული ისტორია აქვს. მეორე რელიზში ამ ტრკეკის ჩასმა საერთოდ არ იყო განსაზღვრული. ისტორია იწყება იმით, რომ სრულიად შემთხვევით გავიცანით ბექა, რომელმაც თავისი რამდენიმე ტრეკი გაგვიზიარა - Additional Parameters იმდენად მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ ნაკრებიდან უკვე არჩეული ერთ-ერთი ტრეკი ამოგვეღო და ბექას ნამუშევარი ჩაგვესვა.“ - რთულია განსაზღვრო როგორი იყო კომპოზიცია, რომელიც Additional Parameters-მა ჩაანაცვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უკანასკნელი ამ კრებულს ძალიან სჭირდებოდა. ბექას კომპოზიცია PPR002-ს სრულიად ახალ მუსიკალური ტერიტორიისკენ მიუძღვება. იქ, სადაც მსმენელს უფრო მეტი ყურადღების გამახვილება სჭირდება დეტალებზე, რომელიც კომპოზიციის პერკუსიული შრის მიღმა იმალება. რასაკვირველია, ბექა არ აჩვენებს თავისი მუსიკალური პალიტრის ყველა კომპონენტს, მაგრამ მის ნამუშევარში აშკარად შეიმჩნევა ელექტრო მუსიკის ნოსტალგია და ბრეიქბიტის რიტმული ხასიათი.

Additional Parameters-ით შექმნილ განწყობას ნაწილობრივ ეხმაურება Hudson-იც, კომპოზიციით Upper Elmers End, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ გადაწყვეტებთან. ეს ნამუშევარი ძალიან კარგად აჯამებს როგორც ამ კონკრეტული კრებულის, ასევე ლეიბლის ზოგად მუსიკალურ სახეს. აქ გვხვდება ყველაფერი, რაც საცეკვაო მოედანზე შეიძლება დაგვჭირდეს: ენერგია, ეიფორია და, რაც მთავარია, იმპულსური მელოდიური ხაზი, რომელიც ისე ჩნდება და ქრება, რომ ძალიან რთულია, კომპოზიციის მდინარებას არ მიჰყვე.

აღნიშნული ფირფიტის მოძიება შესაძლებელი იქნება როგორც ყველა ონლაინ საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე რამდენიმე ფირფიტების მაღაზიაშიც. ამავდროულად, გააქტიურდა ლეიბლის Bandcamp პლატფორმა, სადაც მათ მიერ გამოცემული ყველა რელიზი განთავსდება. როგორც ლეიბლის დამფუძნებლები აღნიშნავენ, მათი მიზანია, 2021 წელი მუსიკალური აღმოჩენებისთვის ძალიან პროდუქტიული იყოს. შესაბამისად უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამ EP ჩანაწერსა და ერთ კომპილაციაზე. სანამ Pluto’s Plan თავის მორიგ თავგადასავალში დაგვპატიჟებს, შეგვიძლია PPR002-ით დავტკბეთ, რომლის მოსმენა და შეძენა დღეიდან შეგიძლიათ.

ავტორი: რეზი ხუნწელია