მუსიკა | ცა

ლეონი

აგვისტო 26, 2019

„ის მდგომარეობა, რაც დღევანდელ სცენაზე გვაქვს ყოველდღიური შრომის და კონკურენციის შედეგია. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით.“ 

ლეონი ქართული ტექნოს სცენის მემატიანეა, რომელმაც ძალიან დიდი და საინტერესო გზა გაიარა, სანამ იმ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, სადაც დღეს იმყოფება. მას შემდეგ, რაც აჩისთან ერთად პირველად „კაფსულაში“ (დიჯეი სკოლა, რომლის პირველი მოსწავლე სწორედ თვითონ იყო) ფეხი შედგა, ის ფაქტიურად არ გაჩერებულა.

“როდესაც ელექტრონული მუსიკის სცენაზე ჩემი თაობა გამოჩნდა, იქ უკვე დაგხვდნენ ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, გოგი ძოძუაშვილი, ჟორჟიკა“. მიუხედავად იმისა, რომ ლოკალური მუსიკალური სივრცის პიონერებმა მომავალ თაობას საკმაოდ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაახვედრეს, ლეონმა სხვისი გაკვალული გზით სიარულზე პრინციპულად თქვა უარი. Greenbeam & Leon პირველი ნაბიჯი იყო, სადაც მან საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის ეს დუეტი ქართული რეალობის ყველაზე პროდუქტიული და აქტიური ტექნო პროექტია. როგორც თვითონ აღნიშნავს აჩისთან ერთად მუშაობის მიზანი ჰომოგენური ტექნო ჟღერადობის შექმნა იყო, რომელიც არტისტებს შორის არსებულ ჰარმონიულ ურთიერთ დამოკიდებულებას კარგად ასახავდა:

„ Greenbeam & Leon ჩვენი გემოვნების თანხვედრას გამოხატავს, ვცდილობთ მუსიკა ისე ისმინებოდეს, თითქოს მის უკან ერთი არტისტი დგას.“ 

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოციალური ქსელები ასეთი პოპულარული არ იყო და ლეიბლებთან ურთიერთობაც ბევრად მეტი ბარიერის გადალახვას მოითხოვდა, აჩი და ლეონის მუსიკა საქართველოს საზღვრებს გაცდა. და სწორედ იმ მომენტიდან, ისინი უკვე შემდეგი თაობის მისაბაძ არტისტებად იქცნენ - მაგალითად, რომელსაც ბევრი ახალბედა მუსიკოს თუ დიჯეი მოტივაციად იყენებდა.

ვერ ვიტყვით, რომ ლეონმა ამ პროექტში თავი ამოწურა, ამას არც თვითონ ამბობს, მაგრამ Boyd Schidt-ის დაბადება მაინც გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ის ამბობს Boyd Schidt ტექნოს მიმართ მის პერსონალურ დამოკიდებულებას ასახავს, რაც ცალკეულ კომპოზიციებშიც კი გამოიხატება. ამ პროექტის დახმარებით მან შეძლო კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა, რომ მუსიკასთან ურთიერთობა არ უნდა ეფუძნებოდეს კონკურენციის პირობებში დაბადებული ტენდენციების ათვისების პრაქტიკას ან მიბაძვას.

„მუსიკოსი არ არის სპორტსმენი, მან თავისი საქმის სიყვარულით უნდა იცხოვროს. “ ლეონს სჯერა, რომ სცენაზე თავის დამკვიდრების ერთადერთი სწორი გზა საკუთარი საქმის სწორად კეთებაა და როგორც ტუტორი, ის მოსწავლეებს პირველ რიგში სწორედ ამ მიდგომით მუშაობას ასწავლის. მისი, როგორც ტექნო მენტორის გავლენას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ის ამ სფეროში სხვადასხვა პერსპექტივიდან ერთვება - გარდა იმისა, რომ ქმნის და უკრავს მუსიკას, მას როგორც პრომოუტერული, ასევე CES-ში სტუდენტებთან გამოცდილებაც აქვს. იმ პირობებში, რომ საკლუბო სივრცე ხშირად კომერციული წნეხის ქვეშ, ლეონი ცდილობს თავის მუსიკალურ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი იყოს და აუდიტორიასთან კონტაქტი ტრენდების აყოლის გარეშე დაამყაროს. მით უმეტეს, რომ აუდიტორია სწრაფად იცვლება:

"მსმენელი მკვეთრად შეიცვალა - თუ წლების წინ კლუბებში მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრე ერთობოდა, დღეს ამ ყველაფერს ბევრად მასიური და კომერციული ფორმა აქვს მიღებული. ეს ინდუსტრიისთვის ალბათ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ვიღებთ ტრენდს აყოლილ პუბლიკასაც, რომლებიც კლუბში მხოლოდ გაბრუების გამო მიდიან.“ 

კლუბ Khidi-ს რეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რაზეც საუბრობს, რადგან როგორც საკუთარ „სახლში“, ასევე საქართველოს სხვა ნებისმიერ კლუბსა თუ ფესტივალზე მას საკმაოდ ხშირად ვხვდებით - მის გარეშე თანამედროვე ქართული საკლუბო ატმოსფერო უბრალოდ წარმოუდგენელია. მიუხედავად ამ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილებისა, ის დღის ბოლო მაინც დიჯეი და პროდიუსერია. ეს არის ამპლუა, სადაც ლეონი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.  

“მაპატიეთ, მაგრამ თავს მაინც უფრო ტექნო არტისტად მივიჩნევ“ - ეს პასუხი Autumn Tree-ს შესახებ საუბარს მოჰყვა. „Autumn Tree ჩემთვის ჟანრობრივად ყველაზე თავისუფალი პროექტია, სადაც ვცდილობ ყველანაირ ჩარჩოებს გავცდე და დავუკრა განსხვავებული მუსიკა. ამ პროექტით ასევე ვცდილობ, რომ რომანტიული ხასიათი და ცეკვა ერთმანეთთან კავშირს არ კარგავდეს“. 

ლეონი პირველ რიგში ტექნო არტისტი და ალბათ მეორე რიგშიც ტექნო არტისტია.

მაგრამ Autumn Tree არის ის წერტილი, სადაც ის საკუთარ შინაგანი სამყაროში ყველაზე ღრმად გვიშვებს. ეს სამყარო კი დღითიდღე იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. მასთან ერთად კი მრავალფეროვანი ხდება ის მუსიკალური გარემო, რომელიც დღეს სხვებთან ერთად სწორედ ლეონის დამსახურებით არსებობს.

პ.ს. წლების წინ, როდესაც Morning Utopia გავრცელდა, თითქმის ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს კომპოზიცია Boyd Schidt-ის შემოქმედების კულმინაცია თუ არა, სულ ცოტა ახალი ეტაპი მაინც იყო. მახსოვს მაშინ ლეონს ვუთხარი, რომ მგონი ეს ჩემი საყვარელი ტრეკიათქო, რაზეც მიპასუხა, ეს Boyd Schidt არ არისო - როდესაც კომპილაციისთვის ლეიბლს ტრეკი გადავუგზავნე, სახელი შეეშალათ და Autumn Tree-ს ნაცვლად Boyd Schidt დააწერესო.

ავტორი: სოფი წერეთელი