Kordz - Secondhand Happiness

ალექსანდრე კორძაია სილაღეა ქართულ მუსიკაში - ელემენტი, რომელიც გამორჩულს ხდის მას ადგილობრივი სცენის წარმომადგენლებისგან და რის საფუძველსაც ალბათ, მის საქართველოსგან შედარებით მოშორებით გატარებულ ბავშვობაში აღმოვაჩენთ.


Kordz-ის ახალი EP, „Secondhand Hapiness” რომელიც მის პირველ ლეიბლზე, „Prrrrrrr Records“-ზე გამოვიდა 3 კომპოზიციას მოიცავს, რომელთაგან ერთი ორიგინალი კომპოზიციაა, მეორე მისი ორკესტრირებული ინტერპრეტაცია, მესამე კი რემიქს ვერსია, რომელიც კონკურსის შედეგად მოხვდა რელიზში.

Secondhand Happiness“-ის ორიგინალი კომპოზიცია მინიმალისტური ფორტეპიანოს ჩანართით იწყება, რომელიც კორძის მუსიკალური გამომხატველობის მთავარი ინსტრუმენტია. თავიდანვე იქმნება შთაბეჭდილება თითქოს სტივ რაიხის 70-იანების შემოქმედებას ვუსმენთ, ეს კი მალევე იცვლება, როდესაც ბიტბოქსით ნაწარმოები ბიტი ერთვება საქმეში და ვხვდებით, რომ ვოკალური პერკუსია და რიტმული კასკადიც არანაკლები „იარაღია“ ალექსანდრესთვის. კომპოზიციას, პროგრესიათან ერთად, ახალი შენაერთები ემატება - ეს იქნება დასემპლილი ვოკალიზი თუ სხვა ელექტრონული პატერნები. კომპოზიციის ბოლო წუთი კი ქაოსია, რომელში ცხოვრებაც აუცილებლად მოგინდებოდათ - მინიმალისტური ტექსტურით დაწყებული ტრეკი, სრულიად განსხვავებულ პოლუსზე მდგარი აფროამერიკული სულისკვეთებით მთავრდება.

რელიზის მეორე კომპოზიცია, Kordz-ის უკვე დიდი ხნის კოლაბორატორის, გიორგი ცაგარელის და მისი სიმებიანი ორკესტრის ინტერპრეტაციაა - მთავარი ღერძი აქაც ფორტეპიანოა, რომელსაც ორკესტრის პარტია მინიმალისტურად, სევდანარევად ემატება, თუმცა განვითარებასთან ერთად ვიოლინო მსმენელის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.


მესამე, რემიქს კომპოზიცია რელიზისთვის სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა და ვფიქრობ საფუძვლიანად სწორი არჩევანი გაკეთდა. Cobert-ის რემიქსი ორიგინალი ტრეკის ნაწილებს ინარჩუნებს, თუმცა პარალელურად სრულიად განსხვავებული ენერგიის აგებას ცდილობს - დრამის სტრუქტურა, რომელიც აქ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თითქოს სრულიად ამოვარდნილია კომპოზიციის საერთო მიმდინარეობიდან, თუმცა სწორედ ეს ალოგიკური ნაბიჯი, მოდიფიცირებული ქსილოფანის პარტია და უამრავი მუსიკალური ჩანართი, სასიამოვნო მუსიკალურ სიურპრიზს სთავაზობს მსმენელს, რომელიც მეორად ბედნიერებას ჰგავს.


საბოლოო ჯამში, ვფიქრობ „Secondhand Hapiness“ ალექსანდრე კორძაიას კიდევ ერთ, შეუმჩნეველ მუსიკალურ მხარეს გვაჩვენებს, რომელიც მუდმივად განვითარებისა და მრავალფეროვნების ძიებაშია.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი