კულტურა

"ქოლგა თბილისი ფოტო 2020"-ის გამარჯვებულები

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2020 ოფიციალურად გაიხსნა და პირველად, 19 წლის განმავლობაში ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge უმასპინძლებს.


ფოტოკვირეული კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადებით დაიწყო. წარმოგიდგენთ საერთაშორისო ჟიურის რჩეული ფოტოებს:


დოკუმენტური სერია


ნიკიტა ტერიოშინი


არაფერი პირადული — ომის ბექ-ოფისი


"ნიკიტა ტერიოშინის პროექტი ძალიან შთამბეჭდავია - ნამუშევრები მინიმალისტურია, ფოტოხელოვანი მახვილი ხედვით გამოირჩევა და ზუსტად იცის, რაზე სურს ყურადღების გამახვილება."

ფოტოები გადაღებულია თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენებზე, 5 კონტინენტზე.


ნიკიტა ტერიოშინი 1986 წელს დაიბადა ლენინგრადში (რუსეთი), ფოტოგრაფიას სწავლობდა დორტმუნდის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. ის ქუჩისა და დოკუმენტური ჟანრის ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს. ნიკიტა ტერიოშინი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში გერმანიაში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და სინგაპურში. მისი სოლო გამოფენა 2017 წელს გაიმართა სტრასბურგში, ლა შამბრის გალერეაში. მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: VICE, SZ Magazin, ZEIT Magazin, GUP, Mouvement და VRIJ.


რეპორტაჟი


Kiran Ridley - Reportage Series

კირან რიდლი

პროტესტი დემოკრატიის მხარდასაჭერად ჰონგ-კონგში

"კირან რიდლის მიერ ჰონგ-კონგში მოხელთებული ისტორიული მომენტების წყალობით, 10 დამაჯერებელ კადრს საპროტესტო გამოსვლების გულის გულში გადავყავართ. მათი საშუალებით ცხადად ვგძნობთ გაბედული თაობის მრისხანებას"

კირანი ჯილდოების მფლობელი ფოტოგრაფია, რომელიც ევროპასა და აზიაში მუშაობს. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ახალ ამბებზე, სოციო-პოლიტიკურ თემებსა და ადამიანურ გამოცდილებებზე. ადამიანებით და მათი მდგომარეობით დაინტერესებულ კირანს უყვარს მსოფლიოში ახლანდელი ვითარების ფირზე აღბეჭდვა. ის კადრებში ადამიანის დინამიკას და ოცნებების, იმედების თუ მრისხანების დროს შექმნილი უნიკალური წამების წყებაში მოულოდნელობას მოიხელთებს. მისი ნამშევრები ქვეყნდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთ მედია-საშუალებებში, როგორიცაა: „The Sunday Times Magazine“, „The Times“, „The LA Times“, „The New York Times“, „Wall Street Journal“, „Le Figaro“, „Le Point“, „Die Welt“, „El Pais“, „Forbes“, „Observer“, „Guardian“, „Time“, „Spiegel“ და ა.შ.


ძირითადად, პარიზში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები მოწინავე ფოტოსააგენტოების „Getty Images“ (ევროპაში)“ და „Polaris Images“ (აშშ-ში) საშუალებით ვრცელდება.


კონცეპტუალური ფოტოპროექტი


გიორგი შენგელია

შემთხვევითი პორტრეტები


დამთხვევები ხშირად ცვლილებებს იწვევს. ჩემი ოჯახის ფოტოარქივი დიდი ხნის წინ დაიწვა. ფოტოების მცირე ნაწილი გადარჩა. დამწვარი, დახეული, ამოჭრილი და დაზიანებული პატარა ფოტოები ძიების პროცესს აჩქარებენ. პატარა ნოსტალგიურმა ფოტოებმა შთამაგონეს, რომ ახალ ჟანრში მემუშავა, რაც იმავე შეგრძნებას აღმიძრავდა, რასაც ცეცხლს გადარჩენილი ფოტოები. ვცდილობ, შემთხვევითი ფოტოებით ის განწყობა შევქმნა, რაც ყოველდღე მიჩნდება..


"გიორგი შენგელიას პროექტის შთაგონების წყაროდ იქცა მისი ოჯახის ძველი და დაზიანებული ფოტოები, რომლებიც ხანძარს გადაურჩა. ეს ახლებური პერპექტივით დანახული წამები, ერთსა და იმავე დროს სიძველის ხარისხით და ზედროულობით გამოირჩევა. ისინი მომხიბვლელად სევდიანი და დამაინტრიგებელია"


ერთი კადრი


Arek Rataj - One Shot - An Hour Before the Lockdown

არეკ რატაი, კარანტინამდე ერთი საათით ადრე ჟიურის შეფასებით, ეს არის ვუჰანში, ქალაქის დაკეტვამდე ერთი საათით ადრე გადაღებული მამაკაცის ბრწყინვალე პორტრეტი.

"ამ ეპიზოდში იგრძნობა ძლიერი ენერგეტიკული კავშირი ნამუშევრის სუბიექტსა და ფოტოხელოვანს შორის. წვიმის წვეთები ფანჯარაზე თითქოს ფარის ფუნქციას ასრულებს. ეს ნამუშევარი შესანიშნავად შეგვახსენებს ჩვენი, როგორც ადამიანების მოწყვლადობას და გლობალურ კრიზისს, რომელიც თანდათან ძალას იკრებს."


საუკეთესო მობილური ფოტო


Merav Maroody - Mobile Photo - Cadiz

"მერავ მარუდის მობილური ფოტო ბრწყინვალეა კომპოზიციის თვალსაზრისით და გამოირჩევა ფერთა პალიტრით."

მერავ მარუდი ბერლინში მცხოვრები ფოტოგრაფია, ბოლო 10 წელია ის მუშაობს ფილმის გადაღებებზე სეტის და მსახიობების ფოტოგრაფად ევროპაში, ამერიკასა და ისრაელში.

უნივერსიტეტის დამთავრებიდან მან მალევე დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ პატარა production კომპანიაში, სადაც Sony Picture-ის წარმომადგენელმა შეამჩნია მისი ნიჭი და მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში ის Sony-ის სეტ (Set) ფოტოგრაფების ტოპ 5-ში შედიოდა. წლების მანძილზე ის მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან: დევიდ ჰასელჰოფი, ჟან-კლოდ ვან დემი და ბევრი სხვა.


Newcomer


Mouneb - Reportage Series 

მუნები

ჩანაწერები ომიდან

“ამ ნამუშევრის განსაკუთრებული მომხიბვლელობის საიდუმლო ისაა, რომ ის საინტერესოა არა მხოლოდ ფოტოჟურნალისტიკის, არამედ ავტორის პიროვნების თვალსაზრისითაც.”

5 მაისიდან 10 მაისამდე შესაძლებლობა გექნებათ, ვირტუალურ სივრცეში დაათვალიეროთ ადგილობრივი და საერთაშორისო, პერსონალური და ჯგუფური გამოფენები. 


გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტ-კრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს.ასევე წელს, ფოტოკვირეულის ფარგლებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, დისკუსიებს უმასპინძლებს.