კულტურა

კადრი მობილური ტელეფონიდან - ქოლგა თიბილისი ფოტო 2020

მობილური ტელეფონით შეგვიძლია ერთხელ მაინც დავიჭიროთ ის ერთი, განუმეორებელი კადრი.

ოქტომბერი 04, 2020



ყველა ფოტო ყვება ისტორიას. ციფრულმა ეპოქამ ამ ისტორიების დაფიქსირება და დანარჩენი სამყაროსთვის ერთ წამში გაზიარება კი ძალიან მარტივი გახადა. საჭირო დროს და ადგილას დაჭერილი უნიკლაური მომენტითა და კადრით, სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანი ყოფილა ფოტოგრაფი.


ტექნოლოგიურმა განვითარებამ ფოტოგრაფიის საზღვრები გაზარდა. ის კიდევ უფრო სახალხო, სპონტანური და ბუნებირვი გახადა. მობილურმა ფოტოგრაფიამ კი, როგორც ცალკე მიმდინარეობამ, ტრადიცული ჟანრების გვერდით დაიკავა ადგილი.




არავინ აღიქვამს სამყაროს და მოვლენებს ისე, როგორც ჩვენ თვითონ. თან კი ყოველთვის გვაქვს მობილური ტელეფონი, რომლითაც შეგვიძლია ერთხელ მაინც დავიჭიროთ ის ერთი, განუმეორებელი კადრი.  


„ქოლგა თბილისი ფოტოს“ საუკეთესო მობილური ფოტოს ნომინაცია, სწორედ იმ რამდენიმე ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით იყო გამორჩეული, რომელსაც თითქოს  შეუმჩნევლად უნდა ჩაევლო, მაგრამ იმ ერთმა ადამიანმა მაინც დაინახა და სამუდამოდ აღბეჭდა.


დათო ქორიძე


„ეს ფოტო ნიუ-იორკის მეტროში გადავიღე. კონი-აილენდზე მივდიოდი. ცარიელ ვაგონში შევედი და მეგონა მიაძაკის ფილმიდან ვუყურებდი კადრს. ასეც დავარქვი - “მიაძაკის ძიებაში”.


ირაკლი ძნელაძე


„ფოტო - "ბავშვები" გომის მთაზეა გადაღებული, სადაც მეგობრები ვისვენებდით. ერთი მთიდან მეორეზე მივემგზავრებოდით მანქანით. საჭესთან მე ვიჯექი. უცებ, გვერდითა სამარშუტო ტაქსიდან ბავშვების ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. სვლა შევანელე და მანქანიდანვე მობილურით რამდენიმე ფოტო გადავუღე. მანქანის გაჩერების და კამერის ამოღების დრო არ იყო - კადრი აღარ იქნებოდა, უბრალოდ ჩაივლიდა. 



ირაკლი ძნელაძე



„მეორე ფოტო ამერიკაში, ფესტივალ - Burning Man-ზეა გადაღებული. დიდი გავლენა იქონია ჩემზე ფესტივალის მასშტაბმა. 3 საათი იყო საჭირო ფეხით ერთი ბოლოდან მეორეში გადასასვლელად. დანიშნულების ადგილამდე ძირითადად ველოსიპედით მივდიოდი, გზაში კი ტელეფონით ფოტოებს ვიღებდი. ეს კადრიც ველოსიპეტიდან გადავიღე.“  


მარიამ ოდიშელიძე 

გიორგი ლიპარტელიანი



„მეორე ფოტო ყაზბეგში სასტუმროს სასადილოშია გადაღებული. როდესაც სასაუზმოდ ჩავედი, საოცარი ხედი დამხვდა. ვიტრაჟში ამომავალი მზით შეწითლებული მყინვარწვერი და გერგეტის სამება ჩანდა და თან მინის მაგიდაზე ირეკლებოდა.”


თინა კეკელიძე



„ლონდონში ვცხოვრობ. ეს ადამიანი ჩემთან ერთად ელოდებოდა მეტროში მატარებელს. თავისთვის იჯდა, მობილურს ათვალიერებდა და მუსიკას უსმენდა. გაოგნებული ვარ აქ ადამიანების პერსონაჟებითა და ინდივიდუალიზმის გამოხატვის ფორმებით. ყველა მათგანი საკუთარი, განსხვავებული ისტორიის მატარებელია. ამ ფოტოსაც ამიტომ დავარქვი „პერსონა“.




თინა კეკელიძე



„მეორე ფოტო Olafur Eliasson-ის გამოფენაზე - In Real Life გადავიღე. ეს ჩემი ავტოპორტრეტია. მობილურში პარამეტრები დავაყენე და ჩემს მეუღლეს ვთხოვე დაეჭირა ტელეფონი. გამოფენა სხვადასხვა ოთახში იყო გადანაწილებული. ეს კადრი გადაღებულია ოთახში, რომელსაც „შენი უსინათლო თანამგზავრი“ ერქვა. ნისლიან სივრცეში რამდენიმე ადამიანთან ერთად შედიოდი, სადაც არაფერი ჩანდა და ოთახის ბოლომდე ბრმად უნდა გასულიყავი. ნისლის ფერები ნელ-ნელა იცვლებოდა. მე კი უწონადობაში ვიყავი და ვერც კი ვხვდებოდი წინ მივდიოდი თუ არა. გამოფენა საკუთარი გრძნობების, გარშემომყოფებისა და ზოგადად, სამყაროს შეცნობას ეძღვნებოდა. ფოტოში ასახულ მომენტს ჩემთვის ყველაზე კარგად Pink Floyd-ის სიმღერის - Breathe ტექსტი აღწერს და ამიტომაც დავარქვი ეს სახელი.“


ზუკა კოტრიკაძე


„ფოტო გადაღებულია ევანგელისტურ ეკლესიაში, გერმანიაში, ბედ ფუსინგის მუნიციპალიტეტში, სადაც 3 თვე გავატარე.”



ნინია საბაძე


„ჩვენი ქალაქი ყოველდღიურად იცვლება, შენობების ცვლილება ხშირად ჰგავს თაობათა ცვლას. საძირკველი ერთია, ფასადი სხვადასხვა და მიუხედავად ამ განსხვავებებისა, საბოლოო ჯამში ძველი და ახალი შენობაც ერთი და იმავეს ემსახურება - ადამიანებმა შიგნით კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ჩემთვის საინტერესო პროცესია, როგორ სწრაფად და დაუგეგმავად იცვლება ჩვენი ქალაქი და თვალის დახამხამებაში ჩვეულებრივი შენობა როგორ იქცევა წარსულად.“


თიკა ჯაბანაშვილი


„შარშან სამართლის მაგისტრი გავხდვი, კურსის ბოლოს სტაჟირება დავიწყე პარლამენტში. ერთ-ერთი ქვეყნის დელეგაციის დასახვედრად ემზადებოდნენ. შესვენებაზე გამოვედით, როდესაც დავინახე როგორ სიმეტრიულად ნაწილდებოდნენ ჯარისკაცები ეზოში.


გარდა იმისა, რომ ვიზუალურად მათი აღბეჭდვა ყოველთვის საინტერესოა, ამ უნიფორმის მიღმა იმალებიან ადამიანები, რომლებიც წარსულით შთაგონებულები მომავალის უკეთესობას ემსახურებიან. ფოტოს სახელწოდებაც ამ იდეას ატარებს - the past and the future.“


სოფო შარაშენიძე



„ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაში თავისით შემოიჭრა. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. პროფესიით ციტოლოგს, ძალიან მიჭირდა შვილებისთვის ჩემი საქმიანობის ახსნა. ამიტომ გადავწყვიტე მიკროსკოპში დანახული უჯრედები ტელეფონით გადამეღო და მათთვის მეჩვენებინა. როდესაც მათი გაოცებული სახეები ვნახე, ფოტოებში იმ ულამაზესი ფერების დანახვისას, რომელიც ბუნებრივად აქვს უჯრედს, იმ ფორმებზე დაკვირვებისას, რომელიც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში ხილულად გვხვდება და ზუსტად ასევეა ასახული უჯრედულ სამყაროშიც - გადავწყვიტე ეს ფოტოები სოციალურ ქსელში ამეტვირთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ორ ერთნაირ ფოტოს ვერ იპოვით, ყოველი უჯრედი და შესაბამისად ყოველი კადრი განახვავებულია. ამ კონკრეტულ ფოტოზე ადამიანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნიდან აღებული უჯრედები - ფიბროციტებია ასახული.“



ზაქარია ჭელიძე


ფოტოკვირეული "ქოლგა თბილის ფოტო" ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge


ავტორი: მარიამ ყანჩაველი