თაობა

ყველაფერი პირველად ხდება, მთავარია გჯეროდეს - Kobuleti Basket 2023-ის ამბავი

“Kobuleti Basket 2023” - ქობულეთს ახალი საკალათბურთო გუნდი ჰყავს

აგვისტო 13, 2025

ქობულეთი დიდი საკალათბურთო ქალაქი არასდროს არ ყოფილა.. მაგრამ, როგორც იტყვიან, ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება.

პირველად - ბოლო 15 წლის განმავლობაში ქობულეთს თავისი საკალათბურთო გუნდი ჰყავს - “Kobuleti Basket 2023”

“რა მნიშვნელობა აქვს ერთი გუნდის გაჩენას?” ქობულეთისთვის ძალიან დიდი, რადგან დღეს ხომ უკვე 100-მდე ბავშვი თამაშობს. ბოლო 15 წლის განმავლობაში რაც ვერ მოხერდა, გვინდა ახლა გავაკეთოთ და დარბაზში სიჩუმე აღარასდროს დადგეს”

— ამროსი ორმოცაძე, Kobuleti Basket 2023-ის დამფუძნებელი

გუნდის დამაარსებლები ვეტერანი კალათბურთელები - ამროსი ორმოცაძე და მანუჩარ გოგიტიძე არიან. მათი საკალათბურთო კარიერა ბავშვობაში სწორედ ქობულეთიდან იწყება. ქობულეთში საკალათბურთო ტრადიციების აღდგენით, ამროსიმ და მანუჩარმა თავისი გულის წადილი აიხდინეს და ქობულეთელ ბავშვებს საკალათბურთო კარიერის შექმნის შესაძლებლობა დაუბრუნეს.

„ჩემი დეიდაშვილი ქალების ენბიეიში თამაშობს. მეც მჯერა — ერთ დღესაც ენბიეიში ვითამაშებ.“

— საბა ღამბაშიძე, 12 წლის

მოლოდინი დიდი იყო და თავიდანვე ბევრი ბავშვი მიაწყდათ. უკვე 100-ამდე ბავშვი ირიცხება გუნდში და საქართველოს ჩემპიონატში სამ ასაკობრივ კატეგორიაში - ჯუნიორებში, 14 წლმადელებსა და 16 წლამდელებში მონაწილეობენ. 16 წლის შემდეგ წარჩინებული კალათბურთელებს Tbilisi Basket-ში გადასვლის პერსპექტივა აქვთ.

“მთელმა კლასმა ერთიანად გადავწყვიტეთ, რომ კალათბურთზე შევსულყავით.”

— კოკო გორდელაძე, 12 წლის

ძირითადი გუნდი (16 წლამდელების) ყოველდღე, პატარები კი კვირაში სამ დღეს ვარჯიშობენ. ვარჯიშებს ქობულეთის მე-3 სკოლის დარბაზში ატარებენ, თუმცა თამაშების ჩასატარებლად ეს მოედანი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ გუნდი ოფიციალურ მატჩებს ქობულეთთან ახლოს, სოფელ ხუცთუბანის სკოლის მოედანზე მართავს.

„შარშან მერვედფინალში ვიბრძოლეთ. მხოლოდ 6 ქულა დაგვაკლდა ჩემპიონთან მატჩში. მაგრამ იმ თამაშმა დაგვაჯერა, რომ შეგვიძლია მეტი, ბევრად მეტი“

— ბასა გორდელაძე, 14 წლის.

ასპარეზობასაც მარტო საქართველოში აღარ სჯერდებიან, ცდილობენ საერთშორისო ტურნირებშიც ჩაერთონ და ქობულეთის სახელი მსოფლიოს საკალათბურთო რუკაზეც ნელ-ნელა ამოქარგონ.

"უკვე დიდ გზაზე ვართ - შარშან თურქეთში ვიყავით, რიგაშიც ვითამაშეთ,პატარა ქალაქიდან დაწყებული ამბავი ნელ-ნელა დიდ რუკაზე გადადის”

— გიორგი ბარამიძე (ბარამა), 15 წლის

გუნდის დამაარსებლებს ღრმად სწამთ, რომ აუცილებლად დაუფასდებათ შრომა:


“ჩვენი მიზანი სუპერლიგაში თამაშია. გვჯერა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ — იმიტომ რომ დღე არ გავა, ვარჯიშით და ამ სურვილით არ ვიცხოვროთ”


— ამროსი ორმოძაცე, Kobuleti Basket 2023-ის დამფუძნებელი

“ყველაზე მეტად ერთი რამის მჯერა — შრომა არ იკარგება. ერთ დღესაც ჩვენი ბავშვები აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს.“

— მანუჩარი

თამაში არასდროს არ მთავრდება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბურთაობა სანაპიროს მოედნებზე ინაცვლებს.


ჰორიზონტს მიღმა ჩამავალი მზე საკალათბურთო ოცნებებს კიდევ უფრო მომხიბვლელ ფერებში ხატავს.

მთავარია გჯეროდეს - შავი ზღვის სანაპიროზე წარმატებით ნასროლმა სამქულიანმა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაუფრინოს ზღვებს, ატლანტის ოკეანეს და სან-ფრანცისკოს ყურეში კოხტად ჩავარდეს.

ავტორი: ბასა მეტრეველი