კულტურა

უტა ბერიას კინორეკომენდაცია

ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორის, უტა ბერიას 10 ფილმის რეკომენდაცია, რაც “უარყოფით რიცხვებზე” მუშაობისას მისთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი და საინტერესო იყო

მარტი 23, 2020

ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორის, უტა ბერიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “უარყოფითი რიცხვები” ქართველმა მაყურებელმა თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილა, რომელმაც ფესტივალის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან პრიზი ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ასახვისთვის დაიმსახურა. ჟურნალი Hammock უცვლელად გთავაზობთ რეჟისორ უტა ბერიას კინორეკომენდაციას, სადაც “უარყოფით რიცხვებზე” მუშაობისას მისთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი და საინტერესო ფილმებია გაერთიანებული. 


“ფილმები ჩაკეტილობისა და იზოლაციის განცდას ეხმიანება, რადგანაც ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც იმავე სიტუაციაში ვიმყოფებით, საინტერესო იქნება ვნახოთ ფილმები, რომლის გმირებიც რაღაც მსგავსს განიცდიან, რასაც ჩვენ”.



წინასწარმეტყველი - A Prophet


ჟაკ ოდიარის ფილმი, რომლის მთავარი გმირიც ციხეში მოხვედრის დროს თავს უსუსურად გრძნობს, თუმცა მას ამ დაუნდობელ გარემოში გადარჩენის ინსტინქტი გაზრდის და ჩამოაყალიბებს. ფილმში თქვენ ნახავთ გმირის ცვლილების ფიზიკურ, მენტალურ, სულიერ, რელიგიურ და მისტიკურ პროცესს. როგორც დიადი წიგნები- წაკითხვის შემდეგ, ეს ფილმიც ტოვებს განცდას, რომ ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინე.



400 დარტყმა - 400 Blows


ფრანსუა ტრიუფოს შედევრი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი პირველი ფილმი, სიყვარულსა და ყურადღებას მოკლებულ მოზარდზე, რომელიც სულ მარტო რჩება, მაგრამ  შინაგანად ისეთი სუფთა და შეუპოვარია, რომ მაყურებელსაც ავსებს ახალი ტალღის ენერგიით.



თუ მინდა, ვუსტვენ - If I want to whistle, I whistle 


~

ფლორინ სერბანის ფილმი არასრულწლოვანთა კოლონიაზე, რომელიც სიყვარულის არაორდინალურ ისტორიას მოგვითხრობს. ამ ფილმში განსაკუთრებულად მომწონს მთავარი გმირის მოტივაცია, რომელიც გაგაოცებთ და დამნაშავეს შეგაყვარებთ.

 



გენერალი დელა როვერე - General Della Rovere


რობერტო როსელინის რეჟისურა და ვიტორიო დე სიკა მთავარ როლში. იტალიური კინოს ორი უმაგრესი რეჟისორის ერთობლივი ნამუშევარი. ფილმი თაღლითზე, რომელსაც გესტაპო ციხეში ყოფნის დროს რევოლუციონერად თავის გასაღებასა და მოკავშირეების გამჟღავნებას აიძულებს. ეს არის პროტაგონისტის სხვა ადამიანად გარდასახვის საოცრად ემოციური ისტორია. ფილმში თქვენ ნახავთ წერილს, რომელსაც მთავარი გმირი მიიღებს ცოლისგან, რომელიც რეალურად მისი ცოლი არ არის და პირობას გაძლევთ, რომ ატირდებით.



კანონგარეშე - Down By Law


ჯიმ ჯარმუშის ჯაზივით ფილმი - სამ განსხვავებულ ადამიანზე, რომლებიც ერთ საკანში მოხვდებიან და იძულებულნი არიან ერთმანეთი აიტანონ. ბუნტის დაუვიწყარი სცენა, "I Scream, You Scream, We All Scream for Ice Cream".



დილერი 2, სისხლით ჩემს ხელებზე - With Blood On My Hands: Pusher II 


ნიკოლას ვინდინგ რეფნის ტრილოგიის მეორე ფილმი ადამიანზე, რომლისთვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ციხიდან გამოსვლის შემდეგ იწყება. მთავარ გმირს კეფაზე აქვს სვირინგი „RESPECT“, მაგრამ პატივს არავინ სცემს.



ვაჟიშვილი - The Son


ჟან პიერ და ლუკ დარდენების თითქმის ყველა ნამუშევარი ჩემთვის ინსპირაციის წყაროა. მათი ფილმების ძირითადი საკითხია, თუ როგორ ახერხებს ადამიანი რთული გარემოების მიუხედავად შეინარჩუნოს ჰუმანურობა. ეს ფილმი ურთულეს პატიების პროცესს ასახავს და გვიყვება კაცზე, რომელიც არასრულწლოვან დამნაშავეებს ხეზე მუშაობას ასწავლის.



სიკვდილმისჯილი გაიქცა - A Man Escaped


რობერ ბრესონის გაკვეთილი რეჟისურაში. ნაცისტების ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი ფილმის პირველივე სცენიდან გაქცევას ცდილობს და ეს პროცესი თითქოს ფილმის დასრულების შემდეგაც გრძელდება.



კეისარი უნდა მოკვდეს - Caesar Must Die


პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი. რომის ციხეში- რეალური მსჯავრდებულები დგამენ სპექტაკლს, შექსპირის „იულიუს კეისარს“ და ერთ-ერთი მთავარი გმირი ამბობს: „მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე ხელოვნება, ჩემი საკანი გადაიქცა ნამდვილ ციხედ“.

„უარყოფით რიცხვებზე“ მუშაობა უკვე დაწყებული მქონდა, როცა ეს ფილმი ვნახე და დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი.



ცარიელი სახლი - 3-IRON


კიმ კი-დუკის რომანტიკული დრამა. იმისთვის რომ შეყვარებულთან ყოფნა შეძლოს, ფილმის მთავარი გმირი გაუჩინარების ტექნიკას, პატიმრობაში ყოფნის დროს, სრულყოფილებამდე დახვეწს.


წყარო: Hammock Magazine