ცისფერი მთები

Kiketi Downhill | კიდევ უფრო კარგი კიკეთი

16 ოქტომბერს სამთო ველო შეჯიბრი კიკეთში.

ოქტომბერი 12, 2021

“Მე მინდა ვაგელვო ჩემი ველოსიპედი.”

- ფრედი მერკური

გეოგრაფია, შური, გაფლანგული რესურსი, ფინური ცრემლები

არ დამავიწყდება ჩემი ჰელსინკიელი ბაიკერი მეგობრების, ტეემუს და ააკეს აცრემლებული თვალები, როცა ფუნიკულიორით მთაწმინდაზე ავდიოდით და ეს ჩვენი ლამაზი გორაკ-ბორცვები იშლებოდნენ მიღმა და გარშემო. Რა ბედნიერები ხართ ამდენი მთა რომ გაქვთ ქალაქში, Ჰელსინკიდან რამდენიმე საათი უნდა ვიაროთ, რომ ელემენატრულ მაღლობებამდე მივიდეთო” - ამოიოხრა რომელიღაცამ. “Ჰაჰ,” ჩავიცინე მე, მთები? ეს რა მთებია შემოგევლე, პატარა გორუკებია რაღაც, უსახელო.” - ვუთხარი და მყინვარწვერისკენ გავახედე, რომელიც ჩემდა ბედად ნისლებში არ იყო დამალული და დილის მზისგან არეკლილი სხივებით კაშკაშებდა. მყინვარზე არეკლილი სხივი ტეემუს თვალიდან ხმელ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლის წვეთში გაკიაფდა და სადღაც განზე გასხლტა.

მყინვარწვერი, ფოტო: გიორგი გომიაშვილი

დედაქალაქის მერიის საიტზე ვკითხულობთ: „თბილისი გეოგრაფიულად ქვაბულში მდებარეობს, რომელსაც გარშემო მთები აკრავს. ქალაქი განფენილია მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 380-600 მეტრია. ჩრდილოეთით თბილისს ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთ მთისწინეთი, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები.”

ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთში ხარ მთაში, ზუსტად წინა აბზაცში მოხსენიებულ თრიალეთის ქედის განშტოებებზე, სადაც შეგიძლია ყირაზე გადახვიდე, ნებისმიერი სპორტული აქტივობით გაიხალისო ცხოვრება და გაიჯანსაღო სხეული.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ Საქართველო ჩეპიონი ქვეყანაა რესურსების არგამოყენებაში. Ჩვენ გვაქვს ზღვა, რომელშიც მხოლოდ ვბანაობთ; სამთო-სათხილამურო კურორტები, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 2,5% სრიალებს, უამრავი მთა გვაქვს, სადაც ძირითადად მხოლოდ ტურისტები დადიან და სხვა.

ეს მთები რომ ამსტერდამში იყოს, წარმოიდგინეთ რას უზამდნენ იქაური ველოსიპედისტები!

კუს ტბა, ბალი ბიჭი, წითელი ხარი, ადრენალინ.ჯი ანუ საიდან მოვდივართ

ჩემი ღრმა რწმენით, 2007 წელს პირველი შეჯიბრი ჩატარდა დაუნჰილში, რომელიც კუს ტბის ბილიკებზე გაიმართა და რომელშიც 20-მდე მონაწილე იყო, სპონსორი კი გახლდათ ბალი”. ახალ თაობას შეიძლება სიტყვა ბალი” ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, თუმცა ექსტრემალური სპორტის პიონერებს ტკბილად გვახსოვს, რომ ბალი ბიჭუნა ყველგან იყო, სადაც ადრენალინი შხაპუნებდა ვენებში. არ შეიძლება ეს არ გვახსოვდეს და მისი მადლიერები არ ვიყოთ, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს.

2008 წლიდან მოყოლებული 2011 წლამდე მთის ველოსიპედის სხვადასხვა დისციპლინაში შეჯიბრები თბილისის ექსტრიმ კვირეულის ფარგლებში ტარდებოდა, რომლის ორგანიზატორიც ადრენალინ.ჯი გახლდათ, ლეგენდარული ორგანიზაცია, სადაც თქვენი მონა-მორჩილიც გახლდათ წარმოდგენილი და რომელსაც თბილისის ურბანული სპორტის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი აქვს. Შემდეგ რედ ბულის მიერ ორგანიზებული რამდენიმე ტურნირი იყო, რედ ბულის მოპატიჟებით გვეწვია ლეგენდარული სლოვაკი ბაიკერი ფილიპ პოლკი, რომელთან ერთად მთიდან დაშვებაც თითოეული დაუნჰილერის ოცნებაა მსოფლიოში.

ნელ-ნელა კარგი ველოსიპედების მაღაზიებიც გამოჩნდა ქალაქში, რაიდერების რაოდენობამაც მოიმატა, ჩვენი ლეგენდარული ბაიკერი ლუკა ელოშვილი ამასობაში ვეტერანი გახდა, ოდესღაც ყველაზე პატარა მონაწილე გუგა დვალი კი ღვაწლმოსილი და დაღვინებული რაიდერი შეიქმნა, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებს რეგულარულად იგებს. მათზე შემდეგ ბლოგებში მოგიყვვებით, ახლა კი ის ამბავი, რომელმაც რამდენიმეწლიანი ველო-ვაკუუმი უნდა შეავსოს თბილისის მიმდებარე ფერდობებზე და რომლის მოსაყოლადაც ამხელა შესავალს ვაკეთებ:

რეზი, ბაბუხა, კიკეთი

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქალაქი ჩაგვიკეტეს და რეზი მთაში გაექცა ვირუსსა და მისით გამოწვეულ დეპრესიას, შემდეგ კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დიდი პროექტების დასაწყისში ხდება ხოლმე:

რეზი პეტრიაშვილი, მარკეტერი,

ტურნირის ორგანიზატორი:

„პანდემიის დასაწყისიდან გადავცხოვრდი კიკეთში, სადაც აღმოვაჩინე ძველი სამხედრო გზა, რომელიც იდეალურია მთის ველოსიპედით დასაშვებად. რამდენჯერმე ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ბილიკს ბევრად მეტის რესურსი ჰქონდა, ვაჩვენე გიორგი ბაბუხადიას, ყოფილ პროფესიონალ ველოსიპედისტს და ისიც რომ გადაირია, დავიწყეთ დაუნჰილის ტურნირზე ფიქრი, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ჩატარებულა და მგონია რომ ძალიან საჭიროა”.

გიორგი ბაბუხადია, ყოფილი პროფესიონალი ველოსიპედისტი,

ტურნირის ორგანიზატორი:

პანდემიის დროს გამოცხადებული ლოქდაუნების დროს გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც დაიწყეს ჰაიკინგი ან მთის ველოსიპედი აითვისეს. თბილისის რელიეფი იდეალურია ორივე სპორტული აქტივობისთვის. რამდნჯერმე კუს ტბის ბილიკებზე ველოსიპედისტებმა ფეხით მოსიარულეები ცოტათი შეაშინეს, ამიტომ ვფიქრობ კიკეთისა და კოჯრისკენ გადანაცვლება საჭიროა, თანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეგიძლიათ ახვიდეთ და ველოსიპედები აიტანოთ.”

რეზი: კიკეთის დაუნჰილის თასი” კიკეთის სპორტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს და ამ ადგილს პოპულარულს გახდის ველოსიპედის მოყვარულებს შორის, 80ზე მეტი მონაწილე გვეყოლება და უახლოეს მომავალში კიკეთი მსოფლიო თასის ეტაპი გახდება, აი ისე, როგორც ბაკურიანი გახდა FIS-ის მსოფლიო ეტაპების მასპინძელი სნოუბორდსა და თხილმურებში.

გიორგი: ტურნირი იდეალური საშუალებაა სპორტის რომელიმე სახეობის პოპულარიზაციისთვის, სამოყვარულო და ბავშვთა სპორტის განვითარება კი ერთადერთი გზაა მომავალში პროფესიონალი ათლეტების მისაღებად. დიდი იმედი მაქვს რომ მონაწილეებს შორის იქნებიან ქალებიც და მხოლოდ კაცებს შორის არ მოგვიწევს საპრიზო ადგილების გათამაშება. Ჩვენი დაკვირვებით, პანდემიის დროს გოგო რაიდერებიც საკმაოდ მომრავლდნენ რაც უზომოდ სასიხარულოა."

კიკეთის ტყის დაუნჰილის თასი გიხმობს!

შენ, ვინც ამას კითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი, ქალი თუ კაცი, თუ გყავს მთის ბაიკი და მუხლი და ხელი გერჩის, ადი კიკეთში შაბათს, 16 ოქტომბერს და დაეშვი ულამაზესი ბილიკით! გახსოვდეს, რომ თამაშდება ბაიკს.ჯი-ს მსუყე პრიზები და პრიზების გარდა, ის, რასაც ფულით ვერ იყიდი, ენით აღუწერელი სიამოვნება, რომელიც შეჯიბრს და ადრენალინს მოაქვს. დაე, ავითვისოთ ეს მშვენიერი მთები და ფერდობები, ყველგან ბეტონს ხომ არ ჩავასხამთ, ჰა? იქნებ ოდესმე აღარ ვიჩივლო იმაზე, რომ რაღაც გვაქვს და არ ვიყენებთ? მერე იქნებ საზღვაო ტრანსპორტიც დანიშნონ, რა ვიცი.

მეც იქ, მთაზე ვიქნები და გიგულშემატკივრებთ.

კიკეთის ტყის დაუნჰილის თასის პარტნიორები არიან: საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია, ქალაქ თბილისის მერია, თიბისი, Bikes.ge

ტურნირის ფეისბუქ გვერდის ბმული: https://www.facebook.com/events/s/kiketi-forest-downhill-cup/166764682292898/


სარეგისტრაციო ფორმის ბმული: https://forms.gle/tJT5RbrTUv9HvTyG7

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ფოტო: Red Bull Content Pool