კულტურა

ერთი ნამუშევრის ისტორია - ქეთი კაპანაძის What is love?

„თუ ჩვენ სიტყვები გვიჭირავს ხელში, მხრებით უჩინარ წარსულს დავატარებთ"

მაისი 14, 2020

"საბჭოთა კავშირის პერიოდში ფუნდამენტური კითხვების დასმა ადვილი არ იყო. მარქსიზმმა უკვე ყველაფერი იცოდა სამყაროს შესახებ. ადამიანებმა იცოდნენ ვინ იყვნენ, საიდან მოდიოდნენ და სად მიდიოდნენ, ამიტომაც ასეთ გარემოში კითხვის დასმა ძალიან რთული იყო, მაგრამ თუ ვინმე მოახერხებდა და ამას საკუთარი ნიჭით შეეცდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ მაშინ ის ამ შეკითხვებთან ერთად საპირისპირო მხარეს იდგა." 


ამ სიტყვებით იწყებს თხრობას ხელოვანი გია ეძგვერაძე წიგნში - What is Love ქეთი კაპანაძის შემოქმედების შესახებ. ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტი ხელოვანის შესახებ, რომელმაც თავისი პირველი საეტაპო და იმ დროისთვის უჩვეულო კონცეპტუალური ნამუშევარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1990 წელს შექმნა.


წყარო: Black Dog Shop


ეს იყო მისი პასპორტის ფოტო, რომელიც ექვსი სხვადასხვა იდენტობის ინდივიდის: ქალისა და კაცის, ფერადკანიანისა და ეგვიპტელის, ევროპელისა და აზიელის ფორმით იყო წარმოდგენილი, რაც იმდროინდელ საბჭოთა კომუნისტური ხელოვნების მიმართ, იქ სადაც ინდივიდუალიზმი არავის აინტერესებდა, ერთგვარ რეაქციას წარმოადგენდა. შეკითხვა - ვინ ვარ მე? - რომელიც ინდივიდის იდენტობას იკვლევდა, ქეთი კაპანაძემ 1991 წელს, ქალაქ კაზანში მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოსერიაშიც გააგრძელა, იქ, სადაც შავ-თეთრ ფოტოებში გაცოცხლებული მარტოობის მელანქოლიური შეგრძნების მიღმა საქართველოსა და აფხაზეთს შორის ფიზიკური ომი მიმდინარეობდა.



ომის შემდეგ კი, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე ამბობს, მაშინ როცა ქვეყანაში ნამდვილი კრიზისი დაიწყო, მის შემოქმედებაში სიტყვა გაჩნდა, ჯერ როგორც თავისთავად თვითმყოფადი ტექსტი, რომელმაც შემდეგ მისი ნამუშევრებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში სარკეებში არეკლილი მეტალის გრაფიკული ფორმა მიიღო, ზოგჯერ კი უბრალოდ მისივე ხელებში მოქცეულ, ქაღალდზე დაწერილი წინადადების ფოტოებს წარმოადგენდა. 




"...ბავშვობაში მინდოდა მწერალი გავმხდარიყავი და ხშირადაც მიცდია. ამ პერიოდში ლექსებს, ფილმის სცენარს, ფილოსოფიურ და კონცეპტუალურ ტექსტებს ვწერდი. ასეთ ტექსტებს შემდეგ ვაძლევდი გრაფიკულ ფორმას ჩემი ნამუშევრებისთვის, რისთვისაც ვიყენებდი მეტალს, როგორც მათ ტანს. ტექსტების შინაარსი მათი საბოლოო ფიზიკური ფორმის გარეშე მხოლოდ ლიტერატურა იქნებოდა. ხშირად ტექსტებს აქვთ იუმორი, რაც დისტანციას ქმნის ჩემსა და მათ შინაარსს შორის. იუმორი შეიძლება დავინახოთ როგორც სასწორი სუბიექტურ და ობიექტურ აზრს შორის..."




იდენტობის ძიებასთან ერთად ქეთი კაპანაძე თავის ნამუშევრებში ადამიანის დაბადების და მისი დანიშნულების შესახებ ეგზისტენციალურ კითხვებსაც სვამს და ამბობს, რომ კითხვაზე - რატომ მოვევლინეთ ამ სამყაროს, პასუხს კვლავ ეძებს. სვამს ისეთ კითხვასაც, რომელიც თავის თავში არათუ პასუხს მოითხოვს, არამედ მისი გამოხატვის ფორმა მის მიღმა კიდევ ერთ, საინტერესო რიტორიკულ შეკითხვას ბადებს. 



ქეთი კაპანაძის What is Love? - ანუ რა არის სიყვარული? ჭერიდან ანათებს, მასზე დაცემული სინათლე კი კედელზე თავისივე ანარეკლს ქმნის. შეკითხვა კვლავ იგივეა, თუმცა იმაზე ბევრად უფრო მკრთალი, ვიდრე თავად ის და სწორედ აქ იბადება აზრი, რომ ის, რაც ასე მკვეთრად ანათებს, ამავე დროს, სინამდვილეში, ძალიან ბუნდოვანი აჩრდილია.



"ფიგურების ეს პაროდირებული ფორმა თავისუფლად შეიძლება იყოს ეგზისტენციის სიმფონია, მისამღერი, თავად ჰიმნი - ან სულაც შესაძლოა უკვე პოსტეგზიტენციის ჰიმნიც. მთლიანობაში ეს ნამუშევრები ადასტურებენ, რომ ცხოვრება არც ისაა, რაც უკვე ვიცხოვრეთ, არც ის, რითაც ახლა ვცხოვრობთ და არც ის, რაგორც მომავალში ვიცხოვრებთ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება სრულიად შემთხვევით გვეძლევა. არსებობის ეს ჰიმნი ახლა ცხადდება და როგორც ეს იყო წარსულში და იქნება მომავალში - Love Should Triumph. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ძალა და ნიჭი მთლიანად და საზღაურის გარეშე უნდა გავცეთ და თუ არასდროს ვუღალატებთ ამ კითხვის ნიშნებს, ისინი სიმართლესთან ძალიან დაგვაახლოებენ." - გია ეძგვერაძე.



ავტორი: Hammock Magazine

ქეთი კაპანაძის ნამუშევრებს გალერეა Project ArtBeat წარმოადგენს.