ქართული კინომუსიკა 003 | ანიმაცია

ერთი სული მაქვს ხოლმე ახალი ანიმაციები როდის გამოჩნდება ინტერნეტ სივრცეში (კინო-თეატრში არა, იქ სიმყუდროვე მაკლია), რომ ღამე ჩაისთან ერთად ჩაწოლილმა ვუყურო. არა, კინოზეც ვშვრები ხოლმე მსგავსად, მაგრამ კინოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვუყურებ და ჩაის გარეშეც. „დიდების მულტფილმებს“ და მულტ-სერიალებს არ ვგულისხმობ, კონკრეტულად სრულმეტრაჟიან ტრადიციულს ან stop-motion ანიმაციებს, განსაკუთრებით Disney-ის, Dreamworks-ის, Pixar-ის და Ghibli-ს. ვითომ ანიმაციებს ძილის წინ დედის წაკითხული ზღაპრების „აურა“ აქვს თუ კეთილი დასასრულების დეფიციტს განვიცი? ჰაჰ! თურმე როგორი საყვარელი რიტუალი მქონია.

გახსოვთ ესეთი სიტყვათშეთანხმება - ვიდეომაგნიტოფონი? 90-იანებში ეს რარიტეტული მოწყობილობა სასწაულებს ახდენდა. კასეტას შეუშვებდი და ჯადოქრობა იწყებოდა.

დისნეის თხუთმეტწამიანი შესავალი - ეტაპობრივადან გამოჩენილი კაშკაშა თეთრი სასახლე, დაუვიწყარი ფონტით დაწერილი „Walt Disney“ და ზღაპრული, უსაზღვროდ დადებითი ინსტრუმენტალური კლასიკური მუსიკა.


ეს ამაღელვებელი ხმა და ვიზუალი ყოველთვის ახალ თავგადასავალზე მიმანიშნებდა, თავგადასავალზე, სადაც ბოროტსა აუცილებლად სძლია კეთილმან. დღემდე გული მიფანცქალებს ამ ინტროზე, ვიცი, რომ მომავალი საათნახევარი იმედებს არ გამიცრუებს. რაც შეეხება ასეთ ანიმაციებში გაჟღერებულ მუსიკას - ჩემი მთავარი საღიღინო რეპერტუარია, ხან სიზმარში გაცნობილ პრინცებს, ხანაც - სიცოცხლის ბოლომდე უდარდელობას ვუმღერი (Hakuna matata).

ამგვარად, მშობლებმა, დისნეიმ, ჩაიკოვსკიმ და ჰანს ციმერმა ჩემს გემოვნებასა და ძვირფას ბავშვობაზე იზრუნეს. 

ჩემი დაკვირვებით, კინოსგან განსხვავებით ანიმაციაში პროპორციულად მუსიკა ბევრად მეტია, მითუმეტეს წინა საუკუნის მოკლემეტრაჟიან ანიმაციებში, სადაც დიალოგებისას ფონად მუსიკაა ან ტექსტი საერთოდ არ გვხვდება ან თუ გვხვდება - სიმღერის სახით.


ალბათ, მოკლემეტრაჟიან ანიმაციებში, მითუმეტეს პიონერ ნიმუშებში, იმდენად შრომატევადია უხმო მოძრაობებით რეალისტური ექსპრესიის ან ატმოსფერულობის მიღება, რომ მუსიკის დამატება დინამიურობისა და მეტი გამომხატველობისთვის მშვენიერი გამოსავალია. აბა, რეალურ ცხოვრებაში რომ წავიქცე ერთ-ორ უწმაწურ სიტყვას ვიტყვი და სულაც არ გაჟღერდება დრამატული, მინორული სიმფონიური კომპოზიცია საიდანმე. ოღონდ მე იმდენად სულ ჩართული მაქვს მუსიკა, რომ შეიძლება შემთხვევით დაემთხვეს.

თურმე, ამ სფეროში ასეთი ტერმინი „Mickey Mousing” არსებობს, რაც მუსიკისა და ეკრანზე მიმდინარე მოქმედების ჰარმონიზაციას გულისხმობს, თითქოს მუსიკა მოსმენადის გარდა დანახვადია, კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით ამ ფენომენს, აკუსტიკური ტალღა მექანიკურად გადააადგილდება, ანუ ვიზუალურად აღქმადია, რაც რიტმის (ანუ წილებისა და მახვილების მონაცვლეობა) თვალსაჩინო დინამიკასთან დასინქრონების საშუალებას გვაძლევს. ეს სტატია ფიზიკის გაკვეთილად რომ არ გადამექცეს ამ ვიდეოს უყურეთ:

ესეც „Mickey Mousing”-ის ნიმუშები:

მოდით, კვინტესენციური ამერიკული ესთეტიკიდან გადავიდეთ სტატიის მთავარ საკითხზე.


ქართულ ანიმაციებს ბავშვობაში ნაკლებად ვუყურებდი, სიმღერები კი ვიცოდი. რომელმა ქართველმა არ იცის ჯანსუღ კახიძის, ალექსანდრე ბასიალაიას და მერი დავითაშვილის წმინდად ქართული ჟღერადობისა და ხასიათის დაუვიწყარი მელოდიები და პეტრე გრუზინსკის ტექსტები. მაინცდამაინც ნეგატიური შინაარსის მაგალითის გაზიარება მინდება: „კომბლეში“ უსამართლო და თვითკმაყოფილი მოქეიფე თავადის სცენაზე ზრდასრულობაში საშინლად ვღიზიანდები! „მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება, შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება“. იქვე მოურავი რომ წუხს, არ მოკვდეს ჭამისგან ჩემი ბატონიო! კაცია ადამიანი?! ან ბოლოს და ბოლოს როდის გახდება ეს მომავალი ჩვენი? დიახ, დიახ, ასეთ საჭირბოროტო ლეიტმოტივებზეა შექმნილი ქართული ანიმაციები. 


დავიწყოთ უშუალოდ ქართული ანიმაციების მუსიკის განხილვა. ძირითადად ვხვდებით ხალხურ მოტივებს და ავანგარდულ სინთეზურ ჟღერადობებს. რჩეულ მაგალითებზე განვიხილოთ. 

ქართული ანიმაციების მუსიკაზე საუბრისას პირველი ზღაპარ „მუჭანახევარას“ მოტივებზე დაფუძნებული მულტფილმი „რანინა“ მახსენდება. თავითონ ზღაპარ „მუჭანახევარას“ იდეაა კონტექსტის ვერ აღქმა, გაუანალიზებლობა და თუთიყუშობა. ანიმაცია, ჩემი აზრით, შედევრია. სტილი, ესთეტიკა, მუსიკა, უტრირებული და სიმბოლური პერსონაჟები, რეზო გაბრიაძის სცენარი შესანიშნავ შეკრულ, ეროვნულ პროდუქტს ქმნის.

1974 წლის სატირული მულტფილმი ინდივიდუალიზმთან ბრძოლაზეა. აქ ინდივიდუალობა მუსიკის მეშვეობითაა გადმოცემული. მაძიებელი ქართველი გლეხი ყმაწვილი თავისზე მორგებულ მუსიკალურ სტილს აღმოაჩენს და ღიღინ-ღიღინით დამოგზაურობს საქართველოში. გზაზე კი სხვადასხვა უფროსი პერსონაჟი ცდილობს ყმაწვილზე ძალადობით მისი სიმღერის სტილის შეცვლას და თავისებურად ამღერებას. ბიჭიც ადვილად ექცევა ზემოქმედების ქვეშ. ცხრა წუთის განმავლობაში თითქმის უწყვეტად ჟღერს ჯანსუღ კახიძის ხელწერით შექმნილი ტრადიციული ფოლკლორისთვის დამახასიათებელი მელოდია და ონომატოპოეტური ვოკალი: 

1. პროტაგონისტის აღმოჩენილი სიმღერა - მაღალ რეგისტრში ნამღერი, ლაღი, ბავშვური, მხიარული და თავგადასავლების გზაზე დამდგარი ახალგაზრდა ადმიანის შესაფერისია. უაღრესად მაჟორული მელოდია, „ნანინას“, „რანინას“ მსგავსი განწყობის ბგერა-მარცვლების თანხლებით. 


2. დარდიმანდ-ქეიფის მოყვარული თავადი ქართული ტრადიციული სუფრული ესთეტიკით მღერის, რაც მისეული მოგუდული, უდარდელი ტემბრით და დაირის სპეციფიკური  ჟღერადობით გამოიხატება. საინტერესოა მოულოდნელი ვიოლინოც, რომელიც ქართული თავდ-აზნაურობის ცხოვრების წესზე ევროპული კულტურის გავლენის სიმბოლოა.


3. ეკლესიის მსახური ზარების რეკვით, ინტენსიური ბგერების სწრაფი მონაცველობით  მსმენელს, მთავარ პერსონაჟს და თვითონ მღვდელსაც ღლის, რის შედეგადაც ჩამოეძინებათ, თუმცა ძალადობის მსხვერპლი ბიჭი მაინც ამღერდება ახალ სტილზე. 


4. ეს ვფიქრობ, მეცნიერი პერსონაჟი მანამდე მოსმენილ „აბა დელოს“ და „რანინას“ როკად აქცევს. ოდნავ აგრესიული და უცხოური ჟღერადობის ვოკალი ძალდატანებით მთავარი გმირის ახალი თანამგზავრი გახდება ელექტრო გიტარით და კლავიშის აკომპონირებით.


5. მეხუთე პერსონაჟი, ტრადიციული ქართული კრამიტით გადახურული ჭიშკრიდან მშვიდად იყურება. დიდგზაგამოვლილ გმირს თავს არაფერს ახვევს. თავისთვის მელოდიურად და მსუბუქად წაიმღერებს. ყმაწვილიც აჰყვება და ორ ხმაში ამღერდებიან, იმ ლაღი განწყობით, რომელიც მულტფილმის დასაწყისში გვხვდება.

რეზო გაბრიაძემ თავისუფალი ნება სიმღერასთან ასეთი გზით დააკავშირა. ჯანსუღ კახიძის ინსტრუმენტული მუსიკა კი, ქართული ჟღერადობით და მრავალფეროვანი ვოკალით ჰარმონიულად ერგება ეკრანზე მიმდინარე დინამიკას. კომპოზიტორის გადაწყვეტილებები: უტექსტო ტრადიციული ვოკალი და მშობლიური, ნაცნობი ჰანგები „რანინას“ სათქმელს კიდევ უფრო ცხადჰყოფს.

ჯანსუღ კახიძე

ვფიქრობ, „რანინას“ ნიმუში საკმარისიც კია ქართული ანიმაციის და მისი მუსიკის დასახასიათებლად, ამიტომ ვრცლად აღარ გავშლი და რამდენიმე რჩეულ უნიკალურ მაგალითს მოვიყვან ქართული ანიმაციის მუსიკიდან.

მე წვიმად მოვალ | 1986

ამაღელვებელი ამბავი პატარა გოგონასა და თოვლის გუნდაზე ანიმაციაში „წვიმად გადავიქეცი“, რომელიც სრულად აკომპონირებულია ლ. ურუშაძისა და ნ. კვაშალის შესრულებული ალექსანდრე ბასიალაიას მუსიკისა და ა. გელოვანის სიმღერის ტექსტებით. მუსიკა იმ პერიოდის ტენდენციების გავლენითაა დაწერილი. სინთეზური არატრადიციული ჟღერადობა სინთეზატორის დახმარებითაა მიღებული. ელექტრონული ჟღერადობა ხან სევდიანი და სენტიმენტალურია, ხანაც სათამაშო და სახალისო. 

საიდუმლო | 1980

ასევე მინდა მოვიხსენიო 1980 წელს მიხეილ კობახიძის სცენარით შექმნილი მისტიკური stop-motion ანიმაცია „საიდუმლო“. საინტერესო, შემეცნებითი და დამაინტრიგებელი შინაარსი მუსიკალურად ალექსანდრე რექვიაშვილის გაფორმებულია. სიუჟეტური ხაზის მიხედვით ანიმაციაში ჟღერს რამდენიმე ტიპის მუსიკა, ძირითადად ავანგარდული ჯაზი, ჯადოსნული ინსტრუმენტული მელოდია და ამოუცნობი ფუტურისტული ხმის ეფექტები, რომელსაც Musique concrète ექოდება. Musique concrète ავანგარდული მუსიკის ომის შემდგომ შექმნილი მიმდინარეობაა, რომელიც ხმისჩამწერი მოწყობილობით მოპოვებული ბუნებრივი წარმოშობის ხმაურისა და ხმების ელეკტრული დამუშავებით ხასიათდება.


ასეთი აკუსტიკური გაფორმება ანიმაციის ექსტრავაგანტულ იდეას სრულჰყოფს. ძალიან ვისიამოვნე ქართულ პროდუქტში Kraftwerk-ის The robots-ის მოულოდნელი გამოჩენით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ანიმაცია გლობალურ პარადიგმებზე გვესაუბრება და ქართული ესთეტიკა ნაკლებად გვხვდება. 

კოჯრის ტყის სიზმრები | 1978

რეზო გაბრიაძის „კოჯრის ტყის სიზმრები" ექსპერიმენტული მარიონეტული ფილმია და არა ანიმაცია, მაგრამ იმდენად კარგია ნიკოლოზ ქაშაკაშვილის მუსიკიანად მაინც მინდა განვიხილო, მაგრამ ამას პატარა აბზაცში ვხვდები, რომ ვერ ჩავატევ და ახალ სტატიაში დიდი ტექსტით გიამბობთ მის სიუჟეტურ და მუსიკალურ ორიგინალობაზე.

მოკლედ უამრავი ავთენტური ანიმაციისა და მათი შესანიშნავი მუსიკის გამო, მიჭირს ამ სტატიის დასრულება და ბონუსად თუ ნანახი არ გაქვთ „კაცუნებს“ გირჩევთ კვლავ ჯანსუღ კახიძის გაფორმებით.

იმედია, რომ სიამოვნებას მიიღებთ ახლიდან ან პირველად მათი ყურება-მოსმენით და დარწმუნდებით რამდენად ავთენტური და შთამბეჭდავია ქართული მუსიკისა და ვიზუალის კომბინაცია.

ავტორი: ქეთი ბზიკაძე