ლიტერატურა

კარლო კაჭარავა

"საბა"

თებერვალი 07, 2020

საბჭოთა ალბომები და საბჭოთა თბილისი, სადაც მეტრო გაწკრიალებულია და ჩვენი მშობლების თაობის გოგო-ბიჭები ფერადი სამოსით დააბიჯებენ. თუ ზოგიერთ ინტერნეტსაიტს თუ ინტერნეტგვერდს კარგად დაათვალიერებთ, ურთიერთობების ხელოვნებაზე და დაკარგულ გაგებაზე რომ გვიამბობენ, შეიძლება მოისაკლისოთ კიდეც ის დრო, როცა რუსთაველზე ბევრი ჭადარი იდგა და საღამოობით სეირნობები იმართებოდა.


კარლო კაჭარავა

მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს შირმაა,თეატრალური ფარდა, იმპორტული ხავერდისგან შეკერილი, ფარდის მიღმა კი... მლიქვნელურ, ზედაპირულ, კონიუნქტურულ ყოფას, მართვისა და დამონების კულტურას დაინახავთ. 


და მაინც, ოთხმოციანები, რომლებმაც ქართულ კულტურას ალტერნატიული ხელოვნებისა და აზროვნების, თავისუფლების სული - კარლო კაჭარავა აჩუქა. 

კარლო კაჭარავა


კარლო კაჭარავა - პოეტი, მხატვარი, წინასწარმეტყველი, მან, ვინც სრულიად წარმოუდგენელ გარემოში განჭვრიტა ხელოვნებისა და ლიტერატურის მომავალი.



„„ბავშვების" სურათებს კარგად ემჩნევა, რომ ესენი არიან ახალგაზრდა ყმაწვილები, რომლებმაც უკვე გაიგეს ნამდვილი თავისუფლების გემო და აღარასოდეს არ მოტყუვდებიან ჩვენში გაბატონებული რეაქციონერული პატრიოტიზმის ზერელე იდეოლოგიით, რომელიც ეროვნულობისადმი აპელაციით გაუთავებლად ამკვიდრებს სოციალური ჩაგვრის ბარბაროსულ ფორმებს, რომლებმაც ყველანაირ გარეშე მტრებზე მეტად გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა.“


- წერს ის თავის ჩანაწერებში ახალგაზრდა მხატვრების გამოფენის შესახებ. წერს ის, ვინც თავად გახსნა გზა თავისუფლების შემეცნებისაკენ.

კარლო კაჭარავა, ფოტო: გურამ წიბახაშვილი


„დღეს ხელფასი ავიღე – 6400 კუპონი. სიგარეტის ყიდვა მინდოდა. ფასები საშინლად არეულია. MAGNA ზოგან 5000 კუპონი ღირს. „ნაკადულში" 3000 ღირდა. სხვაგან 4500. LM 5000 და მეტი, ჩინური 2500, ზოგან კი 3500. ისევ ორი „პრიმა" ვიყიდე, თითო 500 კუპონად. 225 კუპონი მივეცი კათოლიკე მწერლის ჟილბერ სესბორნის წიგნში (ორი რომანი), 400 კუპონად ვიყიდე უილკი კოლინზის „მთვარის ქვა". შინ ჟილბერ სესბორნის წიგნის კითხვა დავიწყე. დროებით გადავდე გიუნტერ დე ბროინის წიგნი ჟან-პოლზე. დილით სამსახურში წასვლამდე ამოვიწერე ციტატები სიუზან სონტაგის წერილიდან ჰეფენინგზე. დღის მეორე ნახევარში ვთარგმნე კეიტ პატრიკის წერილი, რომელიც „აიკას" მასალების ჩემეულ საქაღალდეში ვიპოვე. ძალიან მომეწონა!“


კახა თოლორდავა და კარლო კაჭარავა


ვობერნთან ერთად მე ღმერთმა მიმატოვა. ყველა მოვლენა გაუმართლებელი დარჩა. მათ შორის შემჩნეული კავშირიც თვითნებური. ამ წესრიგს მაინც შემთხვევითობა წარმართავდა. ჩემი მამაღმერთი მოხუც მფრინავად გადაიქცა მისთვის უცხო ცაში. ის მოფრინავდა როგორც მხსნელი და მიფრინავდა, როგორც გაუმართლებლობის შეუმეცნებელი გამართლება.

ის დააუძლურა ჩემზე წარუმატებელმა ზრუნვამ. მან არ მიპასუხა და უკუიქცა სხვაგან – ჩემთვის მიუწვდომელ, სხვა ცაში. შიშმა ყველა ჩემი იმედი სათავეშივე მოაშთო. 




მერე კიდევ ერთი, უსაშველო და მიუსვლელი მთის ძირას ვიდექი. ცა არ ჩანდა – მხოლოდ ამ მთის ზედა შვერილები. აქა-იქ გამონთავისუფლებულ შვერილებზე კლდოვანი ზედაპირები მოყინული იყო და მათ გარშემო დათოვლილი ბილიკები ატალახებული. ჩემ წინ ლეი­ტე­ნანტი გუსაკი ავიდა – ძალზე მოხერხებულად. მე მაინც ვერ ვინძრეოდი. ცოტა ხანში დავიწყე ასვლა, თუ წარმო­ვიდგინე, როგორ ავდივარ და როგორ ვჩერდები – ვერც წინ და ვერც უკან. მესმის უამრავი უცნაური, გაურჩე­ველი კომენტარი და მალე ვიღვიძებ. გაღვიძება ძალზე ­გამიჭირდა. არც საუზმეზე მინდოდა წასვლა. მერე, როგორც ყოველთვის, ყველაფრის ერთად შემეშინდა, ავდექი და საუზმეზე წავედი.





ცოტა ხნის წინ ვიჯექი სიბნელეში, ხელში ვიტამინების აბთა პატარა მინის ჭურჭელი მეჭირა და მის სახურავზე თითებს ვათამაშებდი. `ცოცხალი ვარ და მის სახურავზე თითებს ვათამაშებ. დრო გადის. მერე გახსენება, უკვე მერეა. მერედან [ვუყურებ]. რას ნიშნავს ეს?“ – აი, დაახლოებით ის, რაც გავიფიქრე მაშინ.


წარმოვიდგინე, როგორ შემეშინდება და გავიოცებ, თუკი ამ რვეულში რაღაც უცხო ნახატებს წავაწყდები და დანამდვილებით მეცოდინება, რომ ჩემ გარდა ის არავის სჭერია ხელში. [ყოველ შემთხვევაში, გუშინდელს მერე].



მე ისევ მეცვა

ძველი და ნათელი სამოსი.

სახელოები დედამ დამიკერა,

როცა გაოგნებული მზერით

სავარძელში ვიჯექი

და მუსიკა ძალზე ხმამაღლა

მქონდა ჩართული.

დედა გვერდზე მეჯდა

და მისკენ გაწვდილ ხელზე

სახელოს აკერებდა.

მე ის მამზადებდა

ამ მძიმე გზისთვის

რომლის შესახებ

მაშინ არაფერი ვუწყოდით….

ავტორი: saba.com.ge