როცა გჯერა შენი შესაძლებლობების - გაიცანი თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებულები

გაიცანი თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებულები, განსხვავებული ისტორიებითა და მიზნებით შემოგვიერთდი 28 სექტემბრის ჩათვლით

სექტემბერი 26, 2025

განვითარება ცნობისმოყვარეობით იწყება - ბიძგით, რომელიც მოზარდებს უჩენს კითხვებს და სურვილს, რომ რაღაც ახალი ისწავლონ და აღმოაჩინონ, კიდევ უფრო დიდი ოცნებები და მიზნები დაისახონ.

სწორედ ასეთი აღმოჩენებისა და მიღწევების სივრცეა თიბისი ტექსკოლა, სადაც 9-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებს დაუმეგობრდნენ და ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, მათთვის საინტერესო პროფესიები შეისწავლონ.

თიბისი ტექსკოლაში, ახალ ცოდნასთან ერთად, ახალი იდეები ჩნდება,, რომლებიც შემდეგ - ინოვაციურ პროექტებად, მომავალში კი შესაძლოა კურსდამთავრებულების პროფესიებადაც იქცევა.


აბიტურიენტი ელენე ჯავახიშვილი გორიდანაა. არაერთი ჰობი აქვს და უკვე რამდენიმე პროფესიაშიც დგამს პირველ ნაბიჯებს. თიბისი ტექსკოლაში გრაფიკული დიზიანის კურსი გაიარა.

ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რაც მაინტერესებს, იმ იმედით, რომ ბოლოს ჩემს თავს ვიპოვი. თიბისი ტექსკოლის სარეგისტრაციო ფორმაც სპონტანურად შევავსე. როგორც მჩვევია - რაღაც ახლის ცდა მინდოდა და მეც ვცადე. კურსის ფინალური ნამუშევარი ჩემს ჰობის დავუკავშირე: ჩემი ოცნებაა მომავალში მქონდეს კაფე, სადაც სტუმრები ქართულ კერძებს თანამედროვე სახით დააგემოვნებენ. ჩემი ნამუშევარიც ჩემი მომავალი კაფის ბრენდბუქია. ტექსკოლაში არა მარტო კონკრეტულ პროფესიას ისწავლი, არამედ გაიცნობ ძალიან ბევრ თანამოაზრეს, შენი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესახებ, ახალ აღმოჩენებს გააკეთებ. აქ სწავლისას დავრწმუნდი, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, შენს სასურველ შედგამდე აუცილებლად მიხვალ. როცა რაღაც არ გამოგდის, იქამდე უნდა უკირკიტო და ეწვალო, სანამ არ გამოვა, რადგან არაფერია ისეთი, რასაც მოინდომებ, დაიჯერებ და ვერ შეძლებ.”

17 წლის UI/UX დიზაინერი და სტარტაპერი - ელენე ზაზაძე, ახალციხიდანაა. მუშაობს UI/UX დიზაინსა და ვებპროექტებზე, ასევე ციფრული მარკეტინგული კამპანიების იდეებზე. თიბისი ტექსკოლაშიც UI/UX დიზაინის კურსი გაიარა.

თიბისი ტექსკოლამდე დიდი ინტერესი მქონდა ტექნოლოგიების მიმართ, მაგრამ გამოცდილება და ცოდნა ნაწილობრივ და ქაოტურად მქონდა შეძენილი. იდეების განხორციელება მხოლოდ საბაზისო დონეზე შემეძლო. ტექსკოლის შემდეგ, ჩემს თავს უკვე თავდაჯერებულ ადამიანად ვხედავ, რომელმაც პრაქტიკული უნარები და გუნდური მუშაობის გამოცდილება შეიძინა. ახლა მკაფიოდ ვიცი, რა მიმართულებით მინდა განვითარება და როგორ უნდა გადავაქციო ჩემი იდეები რეალურ, ხარისხიან პროდუქტებად. კურსის ლექტორებისგან ვისწავლე, რომ ტექნიკური ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე დიდი შესაძლებლობა კრეატიულობა და გამბედაობაა. ხშირად გვიმეორებდნენ, რომ შეცდომა სწავლის პროცესის ნაწილია. ეს დამოკიდებულება დამეხმარა, რომ უფრო თამამად მემუშავა საკუთარ პროექტებზე. ჩემი მთავარი რჩევაც ტექსკოლის მომავალი მოსწავლეებისთვის თვითრწმენა და აქტიურობაა - არ დაკმაყოფილდნეთ მხოლოდ იდეებით და ეს იდეები აუცილებლად განავითარეთ.”

ზაზუკა ჯამასპიშვილის ჰობი ფოტოგრაფიაა. 

თიბისი ტექსკოლის კურსის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ყველა ნამუშევარი ჩემი გადაღებული ფოტოებით შემექმნა. აქამდე ჩემი ფოტოების გამოყენება არ მიყვარდა. ვფიქრობდი, რომ კარგად არ ვიღებდი. აქ კი დავიჯერე, რომ ჩემს ფოტოებს ბევრნაირი გამოყენება შემიძლია მივცე და მათი დახმარებით, ჩემი სათქმელი განსხვავებული გზით გადმოვცე, ჩემი ემოციები და ფიქრები სხვებსაც გავუზაირო. თიბისი ტექსკოლის მომავალ მოსწავლეებს გირჩევთ, რომ საკუთარ შესაძლებლობებში მაშინაც კი არ შეიტანოთ ეჭვი, როდესაც რაღაც გაუგებარი იქნება. თავიდან მეც მეგონა, რომ არაფერი გამომივიდოდა. პროცესში დავიჯერე ჩემი თავის, ჩემი იდეებისა და ნამუშევრების და ის, რაც შეუძლებელი მეგონა, შესაძლებელი აღმოჩნდა.”

აბიტურიენტი ანა კვაჭანტირაძე ცხოვრების ახალი, თავგადასავლებით სავსე ეტაპისთვის - სტუდნეტობისთვის ემზადება. უკრავს ფორტეპიანოზე, უყვარს მუსიკა და პროგრამირება. თიბისი ტექსკოლაში კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში გაიარა.

როდესაც თიბისი ტექსკოლის შესახებ გავიგე და კურსების ჩამონათვალს გავეცანი, მივხვდი, რომ ეს ადგილი ჩემთვის იყო. მაშინ არაფერი ვიცოდი პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების შესახებ. მიუხედავად ამისა, კომპიუტერის მიმართ ჩემი სიყვარულიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ ტექნოლოგიების სფერო მომეწონებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კურსის განმავლობაში შევიძინე, თავდაჯერებულობაა. მანამდე სულ მეშინოდა კითხვის დასმის, იმისაც - რას იფიქრებდა სხვა, თუ კითხვას არასწორად ვუპასუხებდი. აქ კი პირველად დავძლიე ეს შიში. ყოველ ლექციაზე აქტიურად ვიყავი ჩართული, კითხვებს ვსვამდი და ვპასუხობდი - ხან სწორად, ხანაც არასწორად. კურსის მომავალ მოსწავლეებსაც იგივეს გირჩევთ - არ მოგერიდოთ თქვენი აზრის გამოხატვა და კითხვის დასმა. რაც მთავარია, ამ პროცესით სიამოვნება მიიღეთ.”


ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: Reckless Studio