მუსიკა | ცა

კეიჯი აგორებს კამათელს

მეოცე საუკუნე გარდამტეხი აღმოჩნდა ახალი მუსიკალური ხედვების გაჩენისა და ჩამოყალიბებისთვის, კლასიკური მუსიკა ამავე სივრცეში დაბადებულმა ადამიანებმა გადაიზრეს. წინა ბლოგებში შევეხეთ ელექტრონული სერიალიზმისა და კონკრეტული მუსიკის იდეათა ნოვატორულ ბუნებას... საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული ტონალურობის მსხვრევას... მუსიკის, როგორც ხმოვანი მოვლენის აღქმის სრულ დეკონსტრუქციას...კომპოზიტორის როლის რადიკალურ ცვლილებას ნაწარმოების შექმნაში...


თუმცა ამ ევროპული დინებების პარალელურად ვიღაც არ იყო საკმარისად კმაყოფილი ამ რევოლუციით და დაჟინებით ეძებდა ახალ გზებს მუსიკის შესაქმნელად...


1951 წელს კომპოზიტორმა ჯონ კეიჯმა, ნიუ იორკში დააორგანიზა ახალი მუსიკალური კვლევითი პროექტი “Project of Music for Magnetic Tape”. მასთან ერთად იყვნენ მისი თანამოაზრე კომპოზიტორები Earle Brown, Morton Feldman, Christian Wolff, David Tudor. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის სტუდიური და ტექნიკური მხარდაჭერა ჩვენთვის უკვე ნაცნობმა ბარონების სტუდიამ გააკეთა. 

პროექტის ფარგლებში პირველი ნაწარმოები 1952 წელს შეიქმნა, სახელწოდებით Imaginary Landscape No. 5 

ამ კომპოზიციის შესაქმნელად მან გამოიყენა მეთოდი chance operations (ალეატორიკა , Indeterminate music), რომელმაც ხელოვანის, როგორც შემქმნელის, როლი მინიმუმამდე დაიყვანა და მაქსიმალურად დათრგუნა ნაწარმოებში წინასწარ განძრახულობის შესაძლებლობა.


მეთოდის აქტუალიზება მუსიკაში პირველად კეიჯს არ უკავშირდება, თუმცა ამ ხერხით შექმნილი პირველი სემპლინგ ნაწარმოები მაგნიტური ლენტისთვის სწორედ მას მიეწერება. სახელოვნებო სივრცისთვის ეს ახალი მოვლენა არ იყო, დადას მოძრაობის პოეტები, ხშირად იყენებდნენ ამ მეთოდს თავიანთი ტექსტების შესაქმნელად... მეოცე საუკუნის ერთერთი გამოჩენილი ავანგარდი პოეტი ტრისტან ცარა 1920 წლის დადაისტურ მანიფესტში "Dada Manifesto on Feeble & Bitter Love" გვთავაზობს პირდაპირ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შევქმნათ ამ ხერხის გამოყენებით დადაისტური ლექსი.

Imaginary Landscape No.5 იყო კეიჯის ჩანაფიქრის - მუსიკის კომპოზიტორისგან გათავისუფლების - პირველი  წარმატებული მცდელობა მაგნიტური ლენტის მეშვეობით. აქამდე ეს მეთოდი კეიჯს მხოლოდ წინასწარ მომზადებული აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის ქონდა გამოყენებული.

სერიალიზმსაც და Chance music-საც ერთი მოტივაცია ჰქონდათ: სურდათ დაეცვათ თავი გამიზნული ჰარმონიისა და “ლამაზი” მუსიკის შექმნისგან, თუმცა კეიჯი ნაწილობრივ აკრიტიკებდა სერიალიზმს, რადგან თვლიდა, რომ წესებისა და კანონებისგან თავის დაცვა კიდევ უფრო მეტი წესის შემოღებით არ იყო მართებული მიდგომა მუსიკის ბუნების გამოსახატად...


მისი კომპოზიცირების მეთოდმა არა მხოლოდ შემქმნელის გემოვნებისგან დაიცვა თავი, არამედ უმცირესი დროის მონაკვეთების კონტროლი და პერსონალური არჩევანიც კი დათმო. 40-იან წლებში კომპოზიტორი გატაცებული იყო ძენ ბუდიზმითა და აღმოსავლური ფილოსოფიით, რამაც მის ნაწარმოებებშიც ჰპოვა ასახვა. საკუთარი მეს უკანა პლანზე გადაწევა, შესაძლოა სწორედ ამ ფილოსოფიისგან ყოფილიყო ინსპირირებული. 


Imaginary Landscape No. 5-ის საკომპოზიციო მასალად კეიჯმა შეარჩია სხვადასხვა მუსიკოსების მიერ შესრულებული პოპულარული ჯაზ და საესტრადო კომპოზიციები, ფირფიტიდან გადაწერა ფირზე და მოამზადა 42 აუდიო მონაკვეთი. ის შეეცადა არჩევანი არა მის სურვილებს, არამედ შემთხვევითობის პრინციპს დაყრდნობოდა. უამრავი სემპლიდან ერთგვარად გაათამაშა კამათელი, რომლისთვისაც გამოიყენა უძველესი ჩინური წიგნი Yi Jing (I Ching), რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტექსტს ჩინურ კულტურაში. მისი პირველი ნიშნები ჩნდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის დასაწყისში და ამ თარიღიდან მოყოლებული მრავალი კომენტარი და ინტერპრეტაცია არსებობს. 


ტექსტი და მისი მრავალწლოვანი კომენტარები მოიცავს უამრავ თემატიკას: კოსმოლოგიას, სამყაროს ფილოსოფიურ ხედვას და ასევე კლერომანსიას. კლერომანსია ერთგვარი წინასწარმეტყველური თამაშია, რომელშიც შემთხვევითობის პრინციპით მომავლის განჭვრეტის სხვადასხვა გზებია მოცემული. სწორედ ამ ფორმულის მიხედვით გაათამაშა კეიჯმა მის მიერ შეგროვებული აუდიო სემპლები და ბოლოს 42 მონაკვეთი დატოვა. ასევე ამ მეთოდით შეუსაბამა მონაკვეთებს გრძლიობა და ხმის სიმაღლე. ამ პარამეტრების მიხედვით შექმნა ნოტაციის სისტემა, რომლითაც ნაწარმოების გრაფიკული სურათი შეიძლება წარმოვიდგინოთ.


მნიშვნელოვანია, რომ კეიჯმა მისი ერთგვარი პარტიტურის შექმნით შესაძლებელი გახადა მისი შესრულება სხვა მუსიკოსების მიერ ... ნაწარმოები არის 42 ნებისმიერი სემპლისთვის.

ქვაკუთხედად მან დატოვა მხოლოდ სემპლების რაოდენობა, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერი აუდიო კონტენტი მოარგოს ამ ჩარჩოს “დაუკრას” ეს ნაწარმოები და ის ყოველთვის განსხვავებული ჟღერადობის იქნება. ამიტომაც დღესდღეობით მისი მარავალი ვერსია არსებობს.


მას შემდეგ, რაც კეიჯმა აუდიო სემპლინგის გემო გაიგო და უკეთ გაერკვია მის ტექნიკურ თუ ესთეტიკურ მახასიათებლებში, შექმნა კიდევ ერთი ნაწარმოები სახელწოდებით Williams mix. თუ პირველ ცდაზე აუდიო მონაკვეთები უკვე მზა კომპოზიციებიდან გაათამაშა, ამჯერად განსხვავებული კონცეფცია აირჩია. ამ კომპოზიციაზე მუშაობა გაცილებით უფრო რთული და შრომატევადი აღმოჩნდა - გამოყენებული სემპლების აბსოლუტური უმრავლესობა მან და მისმა მეგობრებმა თავად ჩაწერეს.



ჩაწერა მიმდინარეობდა სტუდიის გარეთ, თითქმის მთელი ნიუ იორკის მასშტაბით. მთლიანობაში ჩაიწერა 600-მდე ხმა, რომლებიც რამდენიმე კატეგორიის საუნდს მოიცავდნენ, ძირითადი ნაწილი ქალაქისა და სოფლის ყოველდღიური ხმოვანება იყო. იმ დროს არსებული თეიფ რექორდერებით ამ რაოდენობის საველე ჩანაწერების გაკეთება კოლასალურ შრომას მოითხოვდა და ეს მხოლოდ კომპოზიციის შექმნის მცირედი ნაწილი გახლდათ. მთავარი სამუშაო სტუდიაში იწყებოდა.


ნაწარმოების პარტიტურა შედგებოდა 192 გრაფიკულ გვერდის გამოსახულებისგან. მის დასრულებას კი 9 თვე მოანდომეს, საბოლოო ხანგრძლივობა კი მხოლოდ 4. წუთი და 15 წამი გამოვიდა. გარდა კეიჯისა ამ კომპოზიციის შექმნაში მონაწილეობა მიიღო მისმა უამრავმა მეგობარმა, თავისუფალ დროს ისინი მოდიოდნენ სტუდიაში და I Ching-ის მიხედვით გაათამაშებდნენ ხოლმე სემპლებს და მის ტექნიკურ მახასიათებლებს. 


არ უნდა დაგვავიწყდეს, სემპლის შერჩევის გარდა, ამოცანას წარმოადგენდა მისი დროში განაწილება, ხმის სიმაღლის, პიჩისა და ხანგრძლივობის შერჩევა. თითოეული სემპლის ხანგრძლივობა რამდენიმე წამს არ აღემატებოდა, ზოგიერთი კი წამზე ნაკლებიც იყო. ამიტომ საბოლოო შედეგი კოლოსალური შრომის შემდეგ დადგა. ნაწარმოების სახელწოდება კეიჯის მეგობრის პოლ უილიამსის გამო ეწოდა, რომელმაც დააფინანსა კეიჯის ეს პროექტი.

ამ მეთოდის განვითარებამ ტექნოლოგიის წინსვლასთან ერთად საკმაოდ საინტერესო სახე მიიღო. ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს ლაბორატორიაში (Bell Labs) დაიწერა კომპიუტერული პროგრამა, რომელმაც ალეატორიკის გამოყენება გაცილებით უფრო სწრაფი და მარტივი გახადა. 80-იან წლებში კი კეიჯმა IRCAM-სთან ერთად ახალი თაობის კომპიუტერებისთვის დანერგა ანალოგიური კომპოზიციური ენა. 

ავტორი: ქუჯი დავითულიანი