მუსიკა | ცა

ჯაზი - პასუხი ყველა კითხვაზე

Tsa.Music

სექტემბერი 30, 2022

I think I'm always in dialogue with something other than what I've just played. That's the essence of improvisation.

- Keith Jarrett

ალბათ, არსებობს მოსაზრება, რომ მეგობრობა თავისუფლების შეგრძნების ყველაზე დიდი და ნათელი მაგალითია, რადგან როცა ვიბადებით, ვერ ვირჩევთ ნათესავებს, მშობლებს, თუმცა, პირველი მეგობარი ჩვენი თავისუფალი არჩევანია და ამიტომაც არის, ალბათ, ერთიც და მეორეც ასეთი ძვირფასი ჩვენთვის. სწორედ ასეთი თავისუფალი, უპირობო მეგობრობა აკავშირებთ ნინო ქათამაძეს და ბექა გოჩიაშვილს. ასეთი არის ჯაზიც, მითუმეტეს ამ ორი მუსიკოსის შესრულებით, რომელთა ლაივის მოსმენას 1 ოქტომბერს შეძლებთ "მონოჰოლში".

მე და ნინო ქათამაძეს მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ერთმანეთის კონცერტებზეც არაერთხელ ვყოფილვართ სპეციალური სტუმრის ამპლუაში. არასდროს გვქონია საერთო კონცერტი, თუმცა, ეს იდეა და სურვილი სულ არსებობდა. კონკა ჯაზის წყალობით, როგორც იქნა, დიდი ხნის სურვილს ავისრულებთ და ქართველი მსმენელის წინაშე ერთად მომზადებული მუსიკალური პროგრამით წარვსდგებით. ამ ეტაპზე მე და ნინო ვაკეთებთ იმას, რასაც მხოლოდ 1 ოქტომბერს მოისმენს მსმენელი, ახალს, განსაკუთრებულს და სხვადასხვა მუსიკალური ენერგიებით გაჯერებულს. როგორც ნინო ამბობს, ჩვენ ერთმანეთს ფიქრში ვენდობით. ეს ნდობა არის მთავარი, რაც განსაზღვრავს ჩვენი მუსიკალური თავგადასავლის მიმართულებას, სადაც გვჯერა, რომ მსმენელი სიამოვნებით შემოგვიერთდება.

- ბექა გოჩიაშვილი

20 წელზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ნინო ქათამაძის შემოქმედებას გავეცანით. Მისი მუსიკა, რომელიც არაერთი ჟანრის ნაზავი იყო, ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დიდსაც და პატარასაც, ალბათ, ერთნაირად აღტაცებულს ტოვებდა. მუსიკოსის მიერ ნამღერ ტექსტებში აქა-იქ გაჟღერებული მოგონილი სიტყვები და იმპროვიზაციებიც ყველას ჩვენ-ჩვენ ენაზე გვესმოდა. ნინო დღესაც წარმატებით ახერხებს, რომ მთელი მისი სიმღერის განმავლობაში მსმენელი სიამოვნების დაუსრულებელ პროცესს გადიოდეს.

როდესაც გულწრფელია დინება მსმენელთან, ყველაფერი გასაგები ხდება. 

მუსიკაში არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე ვსაუბრობთ ან რომელი ქვეყნიდან ვართ, მუსიკა თვითონ არის ენა და კომუნიკაციის საუკეთესო ინსტრუმენტი.

- Ბექა გოჩიაშვილი

დღეს, 2000-იან წლებთან შედარებით, თბილისში ბევრი კაფე თუ ბარია, რომელიც ერთგვარი პლატფორმაა ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობადი თუ მუსიკის თანხლებით ფეხადგმული ადამიანისთვის. ერთ-ერი ასეთი სივრცე კი რომელიც მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს მსმენელთან კომუნიკაციის, თანამოაზრეების პოვნის  არის ჯაზ-კაფე კონკა. აქ მისულები, კვირის დღეებში ჯემსეშენების და სხვადასხვა მუსიკოსის მოსმენას შეძლებთ. შეიძლება მომავალში თქვენთვის საყვარელი მუსიკოსებიც გაიცნოთ. Სწორედ კონკას მიერ დაფუძნებული ღონისძიებების სერიის - Konka Jazz-ის ორგანიზებით გაიმართება 1 ოქტომბერს, “მონოჰოლში” ბექა გოჩიაშვილის და ნინო ქათამაძის კონცერტი. 

ჩემი აზრით, დღეს ქართული ჯაზი საკმაოდ მაღალ დონეზეა და პროგრესულად ვითარდება. პატარა თბილისის ჯაზ კლუბებში, მათ შორის ჯაზ კაფე კონკაში, ყოველდღიურად იკვრება მაღალი ხარისხის მუსიკა, როგორსაც შეიძლება ევროპის და ამერიკის დიდი ქალაქების ჯაზ ვენიუებშიც ხშირად ვერ გადააწყდეთ. ვხედავ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი უსმენს და უკრავს ჯაზს საქართველოში, ეს კი ცალსახად გამოიწვევს სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას მომავალში. 

- ბექა გოჩიაშვილი

მე პირადად, რაღაცის მიმართ რომ შემეცვალოს დამოკიდებულება, მჭირდება დრო. სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლას ჯაზის მიმართ საკმაოდ ბევრი წელი დასჭირდა, რომ მთელი თავისი თავისუფალი ხასიათით, უშრეტი ენერგიით, რითმული მონახაზებით შემეგრძნო და როგორც სხეულში, ისე თვალებში დაეტოვებინა უსაზღვრო ემოციები. 

სხვადასხვა მუსიკოსებთან ურთიერთობა და დაკვრა უმთავრესი წინაპირობაა განვითარების და წინ წასვლის. ჩემთვის ჯერ საქართველოში , შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყნებში მუსიკოსებთან ურთიერთობა სხვადასხვა ეტაპებზე უდიდესი გამოცდილება და ინფორმაციის მიღება იყო.

- Ბექა

Ბექამ ახლახანს დაასრულა მუშაობა ალბომზე - Cosmic Blues Mixtape რომელიც თბილისში შეიქმნა და მსმენელსაც ექნება შესაძლებლობა ახლო მომავალში მოსმენის, თუმცა ამ ალბომიდან გაჟღერდება თუ არა რომელიმე კომპოზიცია ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მაქვს ამაზე და არც იმაზე, თუ რა შეიძლება დატრიალდეს მონოჰოლის სცენაზე. Მანამდე კი სანამ პირველი ოქტომბერი დადგება, ისღა დაგვრჩენია, როგორც ნინო ქათამაძე იტყოდა - ძალიან მშვიდად, ძალიან ჩუმად დაველოდოთ ამ დღეს.


1 ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილი წელს ბოლოჯერ დაუკრავს სამშობლოში, შემდეგ კი ნიუ-იორკში ბრუნდება და, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გავიგონებთ მის სახელს დიდი მუსიკოსების გვერდით, მსოფლიო მასშტაბით. 

კონცერტის შემდეგ ვბრუნდები ნიუ იორკში, ვუბრუნდები ჩემს კარიერას და წინ უდიდესი გეგმები მაქვს. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 3 ნოემბერს Blue Note -ში მაიკ მიჩელთან და სხვა უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად მექნება კონცერტი. ამით დავუბრუნდები ნიუ იორკს როგორც მუსიკოსი და ეტაპობრივად შევუდგები სხვა გეგმების განხორციელებას.

- ბექა

ავტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი

ფოტო: Hammock Magazine