კულტურა სიახლეები

ვის მოუსმენთ Jazz and Wine ფესტივალზე წინანდალში

Music Concept

სექტემბერი 28, 2020


ფესტივალი “Jazz and Wine” კახეთში მეოთხედ იმართება. წინანდლის მამული კი მას მეორედ მასპინძლობს და ჯაზის და ღვინის მოყვარულებს დროის განსხვავებულად გატარებას სთავაზობს.


ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ ფრომოუშენი“ - კომპანია, რომლის დამსახურებაა ჯაზ-ფესტივალების უწყვეტი, ყოველწლიური საფუძვლის ჩაყრა. 


1978 წლიდან თბილისის ჯაზ ფესტივალი, რომელიც ჯაზის ტრადიციულ მიმართულებებს და საგანმანათლებლო პროგრამებს მოიცავს.


2007 წლიდან შედარებით „ახალგაზრდა“ ბლექ სი ფესტივალი , რომელიც ცდება კლასიკური ჯაზის მკაცრ ფარგლებს და ფართო მსმენელის და საკურორტო განწყობის შესაბამის მუსიკას სთავაზობს დამსვენებლებს.



და.. “Jazz and Wine” ფესტივალი, საერთაშორისო ბრენდი, რომელსაც კახეთის გარდა, ღვინის ისეთ არაჩვეულებრივ რეგიონებშიც შეხვდებით, როგორიც ბორდო ან თუნდაც კალიფორნიაა. თუმცა ფესტივალის კონცეფციას ყოველთვის პუბლიკა და ადგილი კარნახობს ორგანიზატორებს და შესაბამისად ყველა სცენარი ჯაზივით იმპროვიზირებულია.


ის ფაქტი, რომ წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერი, ლისა სიმონი დღეს დიდი სცენის არტისტია, ბევრი მოულოდნელი თუ მოსალოდნელი გარემოების თანხვედრის შედეგია.

© Edilson Boz

ლისას ბავშვობიდან მოხეტიალე ცხოვრება ერგო, მისი მშობლები, ნიუ იორკელი დეტექტივი ენდრიუ სტროუდი და სახელგანთქმული მომღერალი, პიანისტი, კომპოზიტორი და სამოქალაქო აქტივისტი ნინა სიმონი მაშინ გაშორდნენ, როცა ლისა 10 წლის იყო. მას მერე ის ცხოვრობდა და სწავლობდა ხან ამერიკაში ხან ევროპაში, ხან აფრიკაში ხანაც კარიბის კუნძულებზე. შეიძლება სწორედ ცხოვრების ამ სტილმა და დამოუკიდებლობის სწრაფად მოპოვების სურვილმა, განაპირობა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებს შეუერთდა, სადაც სამხედრო ინჟინერის რანგში 10 წელზე მეტი დაჰყო და ერაყის ომის ვეტერანად გერმანიაში დაბრუნდა.


სწორედ ღვინის დამსახურებაა, ლისა სიმონის სცენაზე პირველად ასვლა. სამხედრო სამსახურისგან თავისუფალ დროს ლისა დამატებით აერობიკის ინსტრუქტორადაც მუშაობდა და აქედან გამომდინარე სასმელს საერთოდ არ ეკარებოდა. თუმცა იმ საღამოს თავს უფლება მისცა ერთი ჭიქა წითელი ღვინო შეეკვეთა.

„იმ საღამოს, ჯენტლმენი მშვენივრად უკრავდა როიალზე, და მისმა დაკვრის მანერებმა ნათლად მომაგონა ჩემი ცხოვრება ჩრდილოეთ კაროლინაში. ამ მოგონებებისა და ღვინის სინთეზმა, ბიძგი მომცა ავმდგარიყავი და მასთან ერთად მემღერა. მე არც ის სიმღერა მახსოვს და არც დარჩენილი საღამო“ იხსენებს მომღერალი.

თუმცა მისი ნამღერი კარგად დაამახსოვრდა პუბლიკაში შემთხვევით მყოფ გოსპელის სახელგანთქმულ მომღერალ ჯოან ფოლკნერს. ის მალევე დაუკავშირდა ლისას და თავის გუნდში სიმღერა შესთავაზა.


სწორედ ამ დროს იწყება ლისა სიმონის კარიერული თავგადასავალი, რომელიც მუსიკალური პროექტების პარალელურად, ძირითადად ბროდვეის თეატრალურ სცენაზეც გამოიხატა და აღიარება და არაერთი ჯილდო მოუტანა არტისტს.  


2003 წელს, დედის-ნინა სიმონის გარდაცვალების შემდეგ, ლისამ ბროდვეის ზურგი აქცია და სერიოზულად მოკიდა ხელი მომღერლის სოლო კარიერას. 


ამასობაში ლისა სიმონის მესამე ალბომი”In the need of love” გამოვიდა. წინანდალში ვოკალისტი თავის კვარტეტით წარსდგება, რომელიც მის გარდა გიტარას, ბასს და დასარტყამ ინსტრუმენტებს მოიცავს.

ფესტივალის მეორე შემსრულებელი ქალი „ნიუქამერია“ და მისი სასცენო დებიუტის მომსწრენი სწორედ „Jazz and Wine”გავხდებით. 


21 წლის რუსა მანველი აკუსტიკური გიტარის თანხლებით საკუთარ თემებს და ცნობილი ბოსა ნოვების თავისებურ ვერსიებს გააცნობს მსმენელს. 

© Kakha Matureli


ორიგინალურ კომპოზიციებს და ჯაზ სტანდარტებს მოვისმენთ დავით მაზანაშვილის ტრიოს შესრულებით, დავით მაზანაშვილის, ნოდარ ექვთიმიშვილის და გია სალაღიშვილის მონაწილეობით. ამ გამოცდილ ტრიოს არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. დავით მაზანაშვილი სცენაზე მდგარა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორიცაა ბილი კობემი, ტანია მარია და როი აიერსი.

© საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბექა გოჩიაშვილის ჯაზური კარიერა 4 წლიდან დაიწყო. 9 წლის ბექა უკვე ცნობილი იყო ქართველ ჯაზის მოყვარულებში, ხოლო 11 წლიდან, მისი სახელი საქართველოს ფარგლებს გაცდა.


თავიდან იყო საულკრასტის და მონტროს ფესტივალები , ასევე მონკის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ბექას ბრწყინვალე შესრულებას  უმაღლესი შეფასება მოყვა ისეთი ჯაზ-გიგანტებისგან, როგორიც ჰერბი ჰენკოკი, უეინ შორტერი ან დანილო პერესია.

წყარო: Radio Fortuna FM 106,9



2009 წელს ბექა ნიო იორკში, ჯულიარდის სამუსიკო სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც მომენტალურად დიდი მუსიკოსების ყურადღება მიიქცია. 


„ბებერი სული, ძალიან ახალგაზრდა სხეულში“ ასე შეაფასა 16 წლის ბექას „დაღვინებული“ დაკვრის სტილი ლენი უაითმა - ლეგენდარულმა დრამერმა, რომელიც მაილსთან ერთად უკრავდა „Bitches Brew”- ს.


ამას მოყვა კონცერტები და ჩანაწერები ჯაზის ცოცხალ ლეგენდებთან, როგორიცაა ჩიკ კორეა, სტენლი კლარკი, ვიქტორ ბეილი, ჯონ პატიტუჩი, უოლეს რუნი და სხვები.



“ამაღელვებელია ხედავდე ამ ენერგეტიკას, რომლითაც ის ყველაფერს გადმოსცემს“ 


არ მალავდა აღფრთოვანებას ჩიკ კორეა.


ბექას ახალი თემები, შინაარსიანი, მკაფიო, ღრმა, ცოცხალი ექსპერიმენტული იმპროვიზაცია და თანამედროვე ფიუჟენი არავის დატოვებს გულგრილს.


ფესტივალზე ბექას გვერდით იდგებიან ქართული ჯაზის ერთ-ერთი საყრდენი, ბასისტი ლევან დეისაძე, რომლის აკომპანიმეტი მსოფლიოს ნებისმიერ ჯაზ ბენდს დაამშვენებდა და ახალგაზრდა დრამერი გიო კაპანაძე, რომლის დებიუტიც წლების წინ „ბლექ სი“ ფესტივალზე შედგა და, რომელიც წელს პირველად იქნება ბექას საფესტივალო ტრიოს შემადგენლობაში.



აღსანიშნავია, რომ “Jazz and Wine” ქართული პროგრამის სამივე მონაწილე კახელია და თავის მიწაზე უმასპინძლებენ ფესტივალს.


ხოლო, რაც შეეხება მუსიკას და ღვინოს, მეცნიერული დაკვირვებების შედეგად, ჩვენ ვიცით, რომ ღვინო ისევე წყვილდება მუსიკასთან, როგორც მაგალითად ყველთან.


იდეალური სინთეზის პოვნას ყველა მსმენელი თავისით შეძლებს 3 ოქტომრიდან, წინანდალში.


ავტორი: მანანიკო მუსხელიშვილი / AT.ge