მუსიკა | ცა

ჟანრი - ფრანც ფერდინანდი?!


რამდენიმე დღის წინ, ბენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა - პოლ ტომპსონმა ერთ-ერთ გამომცმელობას გაანდო, რომ სიმღერებს ყოველთვის წერენ, თუმცა, უარს ვერ ამბობენ კონცერტებზე, როცა ისეთ ქვეყნებში ეპატიჟებიან, სადაც მათ ძალიან უნდათ წასვლა. ოთხი ქვეყნიდან, საქართველოც ახსენა. რა იციან საქართველოზე, ალბათ, თავად მოგვიყვებიან, ხოლო დიალოგის უკეთ გასამართად, ჩვენც გადავხედოთ რა შეიძლება ვიცოდეთ მათზე.

მარცხნიდან მარჯვნივ: Miaoux Miaoux (ჯულიან ქორი) - კლავიში, პოლ ტომფსონი - დრამი, დინო ბარდო - გიტარა, ალექს კაპრანოსი - ვოკალი, ბობ ჰარდი - ბასისტი


რომელი ფრანც ფერდინანდი?


სანამ გამოჩნდებოდნენ, მსოფლიო მარტო ერთ ფრანც ფერდინანდს იცნობდა - ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგს, რომელზეც განხორციელებული თავდასხმა, 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად იქცა.

ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მეუღლესთან ერთად, სარაევო, 1914


ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ Google-ში ერცჰერცოგზე უფრო პოპულარულები გამხდარიყვნენ. 2014 წელს, როცა მსოფლიო იმ ისტორიული მოვლენის 100 წლისთავს აღნიშნავდა, დაუპატიჟებიათ კიდეც კონცერტის გასამართად სარაევოში. ბიჭებმა ჩათვალეს, რომ ეს ყველაზე სულელური შეთავაზება იყო, რაც მიუღიათ.

არადა, თავიდან, უბრალოდ, 2001 წლის დოღში გამარჯვებული ცხენის სახელი - “ერცჰერცოგ ფერდინანდი” მოეწონათ! აქედან “გავიდნენ” ისტორიულ ფიგურაზეც. შემდგომ, დახურულ კონცერტებზე, სულაც “The Black Hands” (“შავი ხელი” - სერბეთის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელმაც ერცჰერცოგზე თავდასხმა მოაწყო) სახელით გამოდიოდნენ.

ერცჰერცოგთან კავშირი ჯგუფის რამდენიმე ტრეკშიც შენარჩუნებულია, მათ შორის პირველ ჰიტში - “Take Me Out” და “All For You, Sophia”.

მოწოდების სიმაღლეზე


Always Ascending — “ფრანც”-ების მეხუთე ალბომი [2018]— დასტურია, რომ ბიჭები არ კარგავენ “მოწოდების სიმაღლეს”. კრიტიკოსები ალბომს ჯგუფის 2004 წლის შემოქმედების სარკისებურ გამოსახულებად აღიქვამენ; თავად კაპრანოსი კი - “ფუტურისტულ ნატურალიზმად” . “ფუტურისტული” ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების გამო, რაც ძირითადად ფრანგი პროდიუსერის - ფილიპე ჟდარის [1/2 “Cassius”] დამსახურებაა; “ნატურალიზმი” კი ცოცხალი შესრულების შენარჩუნებისთვის.


ამ ალბომის სახელწოდებაც ისტორიას უკავშირდება - 1933 წელს, დირიჟაბლი Akron ჰაერში აფეთქდა და უამრავ სიცოცხლესთან ერთად, ამერიკის საჰაერო ხომალდების მთელი ინდუსტრია შეიწირა. “Always Ascending” - ამ სიტყვებით აღწერდნენ “აკრონს” ერთ-ერთ საგაზეთო რეკლამაში (ჩვენებურად - თითქმის “მოწოდების სიმაღლეზე”).



ჟანრი

“ჩემი ყველაზე დიდი სინანული - და ბევრი არც არასდროს მქონია - არის ის, რომ ვერაფრით ვერ მივაკუთვნეთ ჩვენი თავი რომელიმე ჟანრს.”

"სინანული კი ალბათ იმიტომ, რომ მათი არსებობის დღიდან, ხან რომელ მიმდინარეობას აკუთვნებენ და ხან - რომელს... სტილისტურად, ბენდის აღწერისას, შეგხვდებათ სიტყვები: “indie rock, post-punk revival, dance-punk, dance-rock, და art rock.”


-აბა, არტ-პანკიო? - “მხოლოდ იმიტომ რომ ხელოვნების სკოლა დავამთავრეთ ყველამ?”

-ინდი? -“ვერ ვიტან ამ სიტყვას!”

-როკი? -”როკს როცა ახსენებენ, ეგრევე ‘აეროსმიტი’ მახსენდება!”


გამოდის, რომ ფრანც ფერდინანდი ცალკე ჟანრია, ან უკვე ნახსენები - “ფუტურისტული ნატურალიზმი”. - ამბობს კაპრანოსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ფრანც ფერდინანდის არქივი. 2003

მემკვიდრეობა

ალბომები: 5 სტუდიური, 1 რემიქსების, 2 “ლაივ”, ერთი ვიდეო-ალბომი. 6 EP, 27 სინგლი და 28 ვიდეო კლიპი.


პირველი და წარმოუდგენელი აღიარება მთელი ატლანტიკის გასწვრივ პირველივე ალბომს, იგივე სახელწოდებით - “Franz Ferdinand”-ს (2004) მოჰყვა. იგივე რეზონანსის მისაღებად მთელი ათი წელი დასჭირდათ, თუმცა, შუალედში იყო მეორე ალბომი - “You Could Have It So Much Better” (2005), ქრონიკულად აკვიატებადი სიმღერით “Do You Want To”. მესამე ალბომში “Tonight: Franz Ferdinand” (2009) შევიდა “Ulysses”; ჯგუფის არსენალს ახალი “საბრძოლო იარაღი” დაემატა dance-punk-ის სახით.

მეოთხე ალბომი “Right Thoughts, Right Words, Right Action” (2013) წინა ორისგან განსხვავებით, ბევრად უფრო წარმატებული იყო. კაპრანოსის თქმით, ეს ყველაზე პოზიტიურ ნაშრომს წარმოადგენდა მათ შემოქმედებაში. ამასთან, ეს იყო ბოლო ნამუშევარი ნაცნობი, ოთხკაციანი შემადგენლობით. 2016 წელს, ჯგუფი დატოვა გიტარისტმა ნიკ მაკჰარტმა. 2017-ში კი მათ შეუერთდა ჯულიან ქორი და დინო ბარდო.

რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის North Music Festival-ზე, ცოცხლად შეასრულეს სულ ახალი, სულ ცხელ-ცხელი სიმღერა “Black Tuesday”

ამ სიახლეს, დიდი ალბათობით, Tbilisi Open Air-ზეც გაგვიზიარებენ ახალ ალბომთან ერთად. რამდენიც არ მოვუსმინე, რა ჟანრადაც არ მონათლავენ, რომელ ისტორიულ ფაქტებზეც არ გაგვანათლებენ, ერთი რამ ცხადია, ამ ბიჭებისთვის ჩვენი აცეკვება არსებითია...


ვნახოთ 21 ივნისს, ლისის საოცრებათა ქვეყნის მთავარ სცენაზე!

Rolling Stone Magazine

რამდენიმე ფაქტი “დიალოგის” გასაღრმავებლად:



გურმანები


ალექს კაპრანოსი, თავის დროზე, გაზეთ The Guardian-ში კულინარიულ სვეტსაც აწარმოებდა, სადაც ყვებოდა გასტროლების განმავლობაში გასინჯული კერძების შესახებ. შემდეგ, ეს ყველაფერი წიგნად გადაიქცა!


სიყვარულისთვის


2005 წელს, Live 8 კონცერტზე უარი თქვეს - გიტარისტ მაკჰარტის ცოლი მოჰყავდა!


წიგნის ჭიები


თავშესაქცევად, ერთ-ერთი ტურის დროს, ბიჭებმა ე.წ. მკითხველთა კლუბი შექმნეს, წიგნების არამარტო კითხვისთვის, არამედ მათ გასარჩევადაც.


მრავალმხრივი ნიჭი


დრამერი პოლი ცეკვავდა. სოლისტი კაპრანოსი მზარეულობდა. ბასისტი ჰარდი მხატვრობდა. მულტიინსტრუმენტალისტი ტომპსონი სხვადასხვა ბენდში უკრავდა და მხატვრებისთვის პოზირებდა. გიტარისტი მაკჰარტი კი მიუნხენის კონსერვატორიას ამთავრებდა. ამასთან, ყველა ალბომისა და მუსიკალური ვიდეოების გამფორმებლები უშუალოდ ჯგუფის წევრები არიან.

ქავერებს არ თაკილობენ


გამორჩული ქავერები: Blondie, დევიდ ბოუი, გვენ სტეფანი, ბრიტნი სპირსი, Air, LCD Soundsystem და Drake-იც კი. 2009 წელს, გამოვიდა EP “Covers”, რომელშიც Franz Ferdinand-ის ქავერებს ასრულებენ: დები ჰარი, LCD Soundsystem და Peaches. რამდენიმე წლით ადრე კი “Scissor Sisters”-მა შეასრულა “Take Me Out”, უჩვეულო ვერსიით.

ფრანც ფერდინანდის არქივი


ესეც “ფრანციცული” ამბები. შევხვდებით Open Air-ზე.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი

ქავერ ფოტო - ჯგუფის არქივებიდან