ტექნოლოგია თიბისელები

თიბისი IT აკადემია - ტექ-ტალანტების განვითარებისთვის

თებერვალი 15, 2022

21-ე საუკუნე დიდი ტექნოლოგიური ძვრების ეპოქაა და ამ შეუჩერებელი პროგრესის გზაზე, არაერთი ნიჭიერი ადამიანის ჩართულობაა აუცილებელი. საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემოს და ადამიანური რესურსის განვითარება, რაც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს მსოფლიო ტექნოლოგიური სამყაროს სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, მეტიც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტი მოვახდინოთ.

ნიჭიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში თიბისი IT აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის - ამ დრომდე, აკადემიას სამასამდე კურსდამთავრებული ჰყავს. თიბისი IT აკადემია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიღებული თეორიული და, რაც მთავარია, პრაქტიკული უნარებით ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტულ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები გადადგან. მეტიც, თიბისი IT აკადემია კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა. 

„თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანი ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმებაა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ, ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ექნებათ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც”,

- ამბობს თიბისი IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია. 

ამ ეტაპზე, თიბისი IT აკადემიაში ექვსი მიმართულების შესწავლაა შესაძლებელი Frontend Development (Angular), Backend Development (.NET), UX Research and Strategy, Test Automation, Android Mobile Development და iOS Mobile Development. თიბისი IT აკადემიაში თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად უდგებიან - მათ საშუალება აქვთ, შეკითხვები დასვან, საკუთარი აზრი გამოთქვან და პრაქტიკული დავალებებით გაკვეთილზევე დაკავდნენ, ლექტორებისა და მენტორების ჩართულობით. აკადემიის თითოეულ სასწავლო ჯგუფში 30-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებიც, როგორც წესი, გაკვეთილებს კვირაში 6-10 საათს უთმობენ. 

„თიბისი IT აკადემიაში ისეთი პროფესიების დაუფლებაც შეიძლება, რომელთაც არც უნივერსიტეტში ასწავლიან და - არც პროფესიულ კურსებზე. ტესტირების ავტომატიზაციის კურსი სწორედ ასეთია. ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების მიმართ ბაზარზე მოთხოვნა მუდამ იზრდება, კადრების მოძიება კი, რთულია. გამოდის, რომ ამ ეტაპზე, თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებულებს კონკურენციას თითქმის ვერავინ უწევს - მათ დასაქმების უნიკალური შესაძლებლობები აქვთ“, 

- გვიყვება თიბისი IT აკადემიის ლექტორი, ალინა ტყაბლაძე. 

„თიბისი IT აკადემია ადამიანებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება და დროის მოკლე პერიოდში, ასე სამ თუ ექვს თვეში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმების საშუალებას აძლევს. გვქონია შემთხვევები, როცა ორიოდე წლის განმანვლობაში, IT აკადემიის კურსდამთავრებულთა ხელფასები 300%-500%-მდეც კი გაზრდილა“,


ზურაბ პერტაია

თიბისი IT ააკადემიის ლიდერი

2020 წლის გაზაფხულიდან IT აკადემია ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა, რამაც სწავლების ეფექტურობა და სტუდენტების ჩართულობა საგრძნობლად გაზარდა. 

ირინა ინაშვილი ერთ-ერთია, ვინც C#-ის კურსის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას შემდეგ თაობებს უზიარებს, უკვე როგორც მენტორი.


„აკადემიაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით თიბისიში მუშაობა მალევე დავიწყე. თუ დამსაქმებელი კარიერულ ზრდაში ყოველდღიურად ხელს გიწყობს, ესე იგი სწორ ადგილას მოხვდი. ვფიქრობ, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც განვითარება შეუფერხებლად შემიძლია - იქ ვარ, სადაც ჩემი წარმატების ისტორია დაიწყო.“


- ამბობს თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული და უკვე მენტორი, ირინა ინაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემია თიბისის კულტურასა და სულისკვეთებას სრულად იზიარებს - ლექტორები და მენტორები, რომლებიც სასწავლო პროცესს უძღვებიან, როგორც წესი, თიბისის გუნდის წევრები და კომპანიის კულტურის თანაზიარნი არიან. მეტიც, სწავლების პროცესი თითქმის ისეთივეა, როგორიც თიბისის სხვადასხვა გუნდში. თიბისი IT აკადემიაში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, ვებინარებს, მასტერ-კლასებსა და ღია კარის დღეებს.