მუსიკა | ცა

INCOGNITO - შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე

ივლისი 14, 2019

20 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე, Incognito-ს ჯაზ-მოხვეული სოულისა და ინსტრუმენტალური იმპროვიზაციებით გაჟღენთილი ფანკის ცოცხალი, ძალიან ცოცხალი საღამო იქნება!

სოულს, ჯაზს, თუ ფანკს ბევრი შემსრულებელი ჰყავს ბრიტანეთში... თუ გავფილტრავთ და დავტოვებთ მხოლოდ ისეთს, რომელმაც არა მარტო უნიკალური ჟღერადობა შექმნა, არამედ ისტორიულ და გლობალურ ფენომენადაც იქცა, ვინღა დარჩება?! ბატონო ჟან-პოლ მონიკ! გამოდით, გიცანით! მერე რა, რომ 40 წელია ინკოგნიტო ხართ!



ჟან-პოლ მონიკი, იგივე “ბლუი” (Jean-Paul ‘Bluey’ Maunick) მავრიტანიის კუნძულიდან ბრიტანეთში 9 წლის ასაკში გადასულა. მამა სამშობლოში ცნობილი პოეტი ყოფილა, ბაბუა მეზღვაური... თვითონ ჟან-პოლი კი - საპორტო ქალაქის ერთი მეოცნებე ბიჭი, რომელიც უყურებდა როგორ შემოდიოდა და შემდეგ, ჰორიზონტზე ქრებოდა უზარმაზარი ხომალდები, უსმენდა მეზღვაურების ისტორიებს და, მათგან მონუსხული, თვითონაც მოგზაურობაზე ოცნებობდა...

იყო კიდევ ერთი საოცრება, ისევ და ისევ მავრიტანიაზე რომ აღმოუჩენია. შაქრის ლერწმის პლანტაციებზე, მძიმე შრომისგან ქანცგაწყვეტილი ქალი, თუ კაცი, როგორ ივსებოდა მუსიკის ტალღებით მოტანილი ენერგიით და ფართო ღიმილით როგორ იწყებდა ცეკვას. ჟან-პოლიც, ყველას მსგავსად, ხომ ბავშვობიდან მოდის და მისი მისიაც აქ იკითხება - მუსიკა, მოგზაურობა და ამ ორი საოცრების მომაჯადოებელი ძალა როგორღაც უნდა გაეერთიანებინა.


დღეს, ამ მისიას უკვე რეალობაში გადმოთარგმნილს აღმოვაჩენთ - როგორც Incognito-ს, რომელთან ერთადაც, 40 წელია, მოგზაურობს და მუსიკის მომაჯადოებელი ძალით ბედნიერების კულტივირებას ახერხებს. საქართველოშიც ვიხილეთ, თან - ორჯერ და ორჯერვე ცეცხლოვანი ჯაზ-ემოციებით! თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი ცოცხალი შოუ განსაკუთრებულად მოუხდება შავი ზღვის სანაპიროს. თვითონაც ამას არ ამბობს?! ჯერ კიდევ მაისში, ასეთი ვიდეო შეტყობინება რომ გამოგვიგზავნა:

“ინკოგნიტო”-ს შემოქმედება კომპლექსურია, ისტორიულია, ეპოქალურია, მრავლისმომცველი და მრავლისმთქმელია... მუსიკის საშუალებით ბედნიერების კულტივირება კი, არა მარტო პროფესიულ მოთხოვნილებად, არამედ - ცხოვრების წესად ექცა როგორც “ბლუის”, ისე ამ კოლექტივის თითქმის 1500 წევრს, რომელიც სხვადასხვა დროს უკრავდა მასთან ერთად.


აქ იწვრთნებიან და იზრდებიან საუკეთესოებად... აქ მოდიან მუსიკოსები, რომლებიც მზად არიან მსოფლიოს გარშემო არაერთხელ შემოუარონ, რომლებშიც უკვე გამჯდარია “ინკოგნიტოს” სტილი. მონიკის კონცეფციით, ის არა მარტო აგროვებს, არამედ მთელ მსოფლიოს ურიგებს პროფესიონალ მუსიკოსებს. ამიტომ, კოლექტივს ხშირად სხვა ცნობილი სახელებიც აკითხავენ კადრების “სათხოვნელად”. თავის დროზე, ჯორჯ მაიკლს წაუყვანია ორი, მერე Simply Red-ს, Sade-ს (სხვათა შორის, მონიკის ინკოგნიტომდელი ბენდის “Light of the World”-ის ალბომის გარეკანს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი, Sade ამშვენებდა)...


“ინკოგნიტო”-ს პირველივე ალბომი “Jazz Funk” (1981), ისეთი სტუმრებით, როგორიცაა ჰიუ მასეკელა, პიტერ სეგონა და კლოდ დეპპა, მაშინვე ინსტრუმენტალურ შედევრად იქცა. მეორე ალბომი, “Warriors” იმდენად განსხვავდებოდა სტილისტურად, რომ სხვა ბენდის სახელით გამოუშვეს. 80-ების ბოლოს, სემპლერებზე ექსპერიმენტებით, “ბლუი” საკუთარ სახლში წერდა ტრეკებს მესამე ალბომისთვის - “Inside Life” (1991). შემდეგ ლეიბლსაც იცვლის და გადადის “Talkin’ Loud”-ში. კლუბური სცენის დაპყრობაც ამ მომენტიდან დაიწყო.


აშშ-ში, “ინკოგნიტო” მალევე იქცა smooth jazz-ის სიმბოლოდ. მომდევნო ალბომი “Tribes, Vibes & Scribes” (1992) სტივი ვანდერის რემიქსით “Don’t You Worry ’Bout a Thing” ხდება ცნობილი. ყველა რადიო არხზე დატრიალდა! მთავარ ინგრედიენტად იქცა რიჩარდ ბულის დასარტყამები და მაისა ლიკის მსუყე ვოკალი.

მომდევნო ალბომებმა “ინკოგნიტოს” მყარი ადგილი შეუნარჩუნეს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბენდს საერთაშორისო სცენაზე. “Positivity” (1993) გამოძეძგილი იყო ისეთი უნივერსალური ჰიტებით, როგორიცააStill a Friend of Mine და Givin’ It Up. ალბომმა “100 Degrees & Rising”, რომელზეც ბლუიმ მთელი ორკესტრი აამუშავა, სამუდამოდ დაამახსოვრა “ინკოგნიტოს” ფენომენი ამერიკელ მსმენელსაც.

“თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა პლატფორმა, სადაც სხვა ბენდის ხალხი მოვიდოდა.... ამიტომ დავარქვი - ‘ინკოგნიტო’. ერთი კვირის მანძილზე, შეიძლებოდა ოთხი დრამერი გვყოლოდა... მერე ისე ხდებოდა, რომ ეს ხალხი აღარ უბრუნდებოდა თავიანთ ბენდებს. ინკოგნიტოც ასე შედგა...”

40-წლიანი “მოსავალი” კი ასე გამოიყურება: 17 სტუდიური ალბომი, 46 სინგლი, 5 ნაკრები ალბომი, 5 რემიქსების ალბომი, 2 ცოცხალი შესრულების ალბომი და 1 EP.



“ჩემთვის ისეთი ჯაზია მნიშვნელოვანი, რომელიც სულიერებაზეა დაყრდნობილი. როცა, 60-ებში ლონდონში გადავედი, ჯაზი მხოლოდ ელიტას და სნობებს ეკუთვნოდა... ახლა კი, ძალიან მომწონს რაც მოსდის ჯაზ მუსიკას. მისი გავლენა უკვე ჰიპ-ჰოპზეც ჩანს, ელექტრონულ მუსიკაშიც და უამრავ სხვა მიმდინარეობაში. თანამედროვე ჯაზი არამარტო მუსიკოსების პრეროგატივად რჩება, არამედ უამრავი დიჯეის მასალად იქცევა აქტიური ესქპერიმენტებისთვის...”

“ინკოგნიტო”-ს თუ იცნობ, იცნობ უამრავ ხმას, კულტურას, მუსიკალურ გენს, ისტორიას, მუხტს, იცნობ ამ ყველაფრის დამაკავშირებელ რგოლებსაც...

“ვქმნიდით რაღაცას, სრულიად ახალს. ბრიტანეთში წამოვიწყეთ ჯაზ-ფანკი, რომელზეც დიჯეები აგვყვნენ. იმ პერიოდში “ჰაუს” მუსიკის მიმდინარეობა, “ესიდ” მიმდინარეობაში იზრდებოდა. ჩვენს კლუბურ ჯაზსაც, ჯილს პიტერსონმა ამიტომ შეარქვა “ესიდ ჯაზი”, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან მოუხდა ჩვენს მუსიკას. მაშინ, კლუბებში უწყვეტად ისმოდა ‘ინკოგნიტო’, Brand New Heavies და Jamiroquai... შეიძლება, ახლა ჩათვალონ, რომ ეს მიმართულება აღარაა აქტუალური, მაგრამ ინკოგნიტოს შემოქმედება მაინც ცოცხლობს...”

ბლუი “ინკოგნიტო”-სთან ერთად ხშირად ერთვება საქველმოქმედო აქციებში. 2005 წელს, ჩამოაყალიბა “Hope Collective” აზიაში ცუნამისგან დაზარალებულთა დასახმარებლად. 2015-ში კი, ნეპალში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებლუთათვის გამოუშვა სინგლი “Send Your Love” და ამბობს, რომ აზრი არა აქვს პოპულარობას, თუ მას სხვების დასახმარებლად ვერ გამოიყენებ.


ძალიან ხშირად საუბრობს მუსიკის ძალაზე - ყოველთვის ხაზს უსვამს დღიურებში, ინტერვიუებში, სცენაზე... მიუხედავად ამდენი წლისა და ასობით მუსიკოსისა, უამრავი სხვადასხვა ქვეყნიდან, სწორედ ეს მუსიკა ახერხებდა მათ შეკვრას. მათთვის მუსიკა სიყვარულია. სიყვარული კი ყველასთვის ერთია!


“შესანიშნავი დროა მუსიკისთვის. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია გავართოთ, ვასწავლოთ, განვკურნოთ, ჩვენ კაცობრიობის ელჩებიც ვართ - ამას კი ძალიან სერიოზულად ვუდგებით.”


ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - “ინკოგნიტო”-ს არქივი