Hundred Homes

პირველი, რაც Hundred Homes-ის მოსმენისას იქცევს ყურადღებას ისაა, თუ რამდენად პროფესიონალურ, ხარისხიან ჩანაწერთან გვაქვს საქმე. არაფრით ეტყობა, რომ დებიუტია.


ხარისხი ეტყობა ყველაფერს: შესრულებას, ვოკალს, არანჟირებას, დეტალების მიმართ გამოჩენილ ყურადღებას - იქნება ეს ჯაზური კლავიშები თუ გიტარის საკაიფო სოლო, რომელიც ორგანულად ზის კომპოზიციაში.

გეგონება On The Road-ს უკვე წლები ჰქონდეთ სტუდიაში გატარებული.


ბენდის პირველ მინი ალბომში 6 სიმღერაა შესული. აქედან 5 კარგია. ერთი, Heal Yourself კი ძალიან კარგი.


რა ჟანრის მუსიკაა ვერ გეტყვით. ძირითადად ბალადებია - ალბათ არ იქნება ძალიან არასწორი, რაღაცნაირი ჯაზთან დაწყვილებული ინდი როკი რომ ვთქვათ. თუმცა, რაღა დროს სტილები და ჟანრებია. ან კი რა მნიშვნელობა აქვს. 

ალბათ აჯობებს აღგიწეროთ - უფრო განწყობის მუსიკაა, ვიდრე ძლიერი ემოციების. უფრო სურათია, ვიდრე კინო - აკვარელით ნახატი კარვები წვიმაში ან გვიანი ღამის პეიზაჟი.


ყველაზე კარგი ისაა, რომ Hundred Homes ბენდის ცოცხლად მოსმენას მოგანდომებს. სადმე, მყუდრო გარემოში, ხმა რომ კარგად ისმის და შეგიძლია ყურადღება ხან გიტარას მიაქციო, ხან დრამს, ხან კლავიშს, შემდეგ კი მოეშვა და მუსიკა მთლიანობაში აღიქვა.


ქართულ სცენას On The Road ძალიან სჭირდება. არც თუ ისე ბევრი ჯგუფი გვყავს, რომელსაც ეტყობა, რომ იდეებიც აქვს და მისი განხორციელებაც შეუძლია. Hundred Homes საუცხოო სავიზიტო ბარათია. ახლა სრულფასოვან ალბომს დაველოდებით.


ავტორი: ნიკო ნერგაძე