Hideout - ახალი პლატფორმა მუსიკოსებისთვის

სულ რაღაც 20 წლის წინ ციფრულმა ტრანსფორმაციამ ხმის ჩამწერი მუსიკალური ბიზნესი სრულიად ამოატრიალა, თუმცა 2020 წელს იგი მხოლოდ ნაწილობრივ თუ ეხმარება პანდემიით გამოწვეულ შოკს და კონცერტების არ არსებობას.

ჯერ კიდევ აპრილში ივარაუდეს, რომ 2020 წელს კონცერტების არ არსებობის გამო, მუსიკოსები, მათი დამხმარე ჯგუფები, ვენიუები და სხვა მოქმედი აგენტები მიღებული შეზღუდვების გამო, საერთო ჯამში 9 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავდნენ.

მარტიდან დაწყებული, რამდენიმე პატარა კომპანიამ და წამოწყებამ სცადა, კონცერტების ციფრული გადაცემისა და ლაივსტრიმინგის მეშვეობით თითქმის მკვდარი ინდუსტრიის გაცოცხლება.

რა თქმა უნდა, ლაივსტრიმინგის პლატფორმები სრულიად ვერ ჩაანაცვლებენ რეალურ კონცერტებს, სადაც მუსიკოსებს პირდაპირი კომუნიკაცია და მეტი ემოციური ბმულების გავლება შეუძლიათ აუდიტორიასთან.

თუმცა იმ დროს, როდესაც ყველა სხვა ალტერნატივა თითქმის გამქრალია, მუსიკოსებისთვის აუცილებელი ხდება აქამდე არსებული წესებისა და ცხოვრების სტილის გადახედვა და რაც მთავარია - ინოვიცია.

ახალი შესაძლებლობების ფარგლებში, გარკვეულმა მუსიკოსებმა და პროექტებმა საკმაო მოგებაც ნახეს. მაგალითად, ლაურა მარლინგმა ბრიტანეთში £12-ის ღირებულების 4500-მდე ციფრული ღონისძიების ბილეთი გაყიდა, იაპონელმა არტისტმა Reol-მა აგვისტოში Youtube-ზე სტრიმებისგან 130 000$ მიიღო. კორეელმა ვარსკვლავბიჭუნებმა BTS-დან კი - 756 000 ფანისთვის გააკეთეს ციფრული კონცერტი, საიდანაც 14 მილიონ გირვანქაზე მეტი იშოვეს - ამ სტატისტიკას, რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსზე ვერ განვაზოგადებთ, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ამ მხრივ მოძრაობას და აქტიურობას დღეს ალტერნატივა არ გააჩნია.

აღნიშნულმა გლობალურმა სტარტაპებმა სხვანაირად ფიქრი დაიწყეს, რათა მუსიკოსების გულშემატკივრები ერთიან ციფრულ ეკოსისტემაში უფრო მეტად ჩაერთოთ და შესაბამისად შემოსავლების გენერირების ახალი ხერხებიც აღმოეჩინათ.

ასეთებია, მაგალითად, Wave და Fans, რომლებიც ციფრული ღონისძიების მიმდინარეობისას ფანებს დამატებითი რეალობის მეშვეობით კონცერტის ვენიუების შეცვლას სთავაზობს, მეორე მხრივ კი, მუსიკოსებს საშუალებას აძლევს საკუთარი ციფრული ავატრების მეშვეობით დაამყარონ კომუნიკაცია ფანებთან - ეს უკანასკნელი საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა ტრევის სკოტმა, რომელმაც Epic Games-თან ერთად 27 მილიონზე დიდ აუდიტორიას 5 ვირტუალური კონცერტის მეშვეობით შეახსენა თავი.

რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლები ინტენსივობით, თუმცა საქართველოს მუსიკალურ სივრცეშიც მალევე გაჩნდა იდეები, რომლებიც მონატრებული მუსიკალური ღონისძიებებისთვის, მსმენელს ციფრულ სივრცეში მოუყრიდა თავს. რა თქმა უნდა, აქ მუსიკოსების მიერ შემოსავლების გენერირებაზე საუბარი არ არის, თუმცა მეორე მხრივ, დასაფასებელია იმ ადამიანების ენთუზიაზმი, რომლებიც საკუთარ იდეებს, უამრავი ბარიერის მიუხედავად, მაინც ახორციელებს.

ერთ-ერთი მსგავსი წამოწყებაა Hideout-იც, რომელიც კვირეულად, მსმენელს წინასწარ გასაიდუმლოებული ადგილიდან, დამწყები თუ უკვე შემდგარი ელექტრონული მუსიკალური აქტების ლაივსტრიმებს სთავაზობს. რაც მთავარია, შეზღუდვების პერიოდში შეუზღუდავია თავად ლოკაციის არჩევანი. იდეის ავტორები ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ თუ სხვა მხრივ გამორჩეულ წერტილებს ეწვივნენ და ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროექტი - „ენგური გვაერთიანებს“ განახორციელეს. ამ და სხვა დეტალებზე Hideout-ის გუნდის წევრებს ვესაუბრეთ:

რა იდეა დგას Hideout-ის უკან და რატომ გადაწყვიტეთ მისი განხორციელება პანდემიის პირობებში?

Hideout - ეს არის მულტიფუნქციური პლატფორმა, რომელიც რამდენიმე საქმიანობას ეწევა. იდეის ფუნდამენტი ქართული მუსიკოსების წარმოჩენა საერთაშორისო სცენაზე და მათთვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობების შეთავაზებაა. პანდემიის თამსდევი შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოგეხსენაბათ, რომ ყველა სფერო განიცდის სერიოზულ კრიზისს, არც მუსიკალური სცენაა  გამონაკლისი, მეტიც, როდესაც საქმე გვაქვს შემოქმედებასთან, ასეთ ვითარებაში ზიანი კიდევ უფრო დიდია, რადგან მატერიალური კრიზის გარდა, აქ კიდევ შემოქმედებითი ნაკლებობის რისკი იმატებს (სცენის არარსებობა და შესაბამისად, საკუთარი პროდუქტის გამოუყენებლობა), რადგან განვითარება არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამოწვევა იყო, რომ შეგვექმნა სივრცე, რომელიც შეძლებს არტისტების წარმოჩენას და ამასთან - პირველ რიგში, იქნება უსაფთხო, ტექნიკურად გამართული და რაც მთავარია, საინტერესო მოსასმენი და საყურებელი ონლაინ მსმენელისთვის.

ვინ დგას Hideout-ის პროექტის უკან და რა შემხებლობა და მუსიკალური წარსული გააჩნიათ მათ?

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საკმაოდ კვალიფიციური და მრავალფეროვანი სპექტრის პროფესიონალებისგან. მე  გუნდში პროდიუსერის ,,როლი“ მაქვს და, ასევე, იდეის თანაავტორი გახლავართ. ჩემი პირადი მუსიკალური წარსული უკავშირდება უფრო საფესტივალო საქმიანობას და დიდი ღონისძიებების ორგანიზებას. ასევე, ვარ  Tbilisi Open Air - ის გუნდის წევრი,  სადაც წარმოვადგენთ Garden Stage-ს 2015 წლიდან.

თქვენი ძირითადი მიმართლება ამჟამად ელექტრონული მუსიკაა, ფიქრობთ თუ არა რომ მუსიკალური სტილების მიხედვით გაამრავალფეროვნოთ სტრიმები მომავალში?

ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ელეტრონული მუსიკა, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, რომ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებსა თუ ჟანრებს შევეხოთ და ხელი შევუწყოთ მათ პოპულარიზაციასაც. რადგან ამ თემას შევეხეთ, აქვე გეტყვით ექსკლუზიურად, რომ ახალი წლის შემდეგ გვინდა ჯაზის ყოველთვიური რუბრიკა შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს.

საერთოდ, ჩვენი არეალი არ გვინდა რომ რიამე ერთ კონკრეტულ ჟანრს ეხებოდეს და მის ჩარჩოებში ვიყოთ მოქცეული.

იმ დროს, როცა მუსიკალური სტრიმინგი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გამრავალფეროვანდა, რითი გამოარჩევთ თქვენს პროექტს, რა აქვს მას უნიკალურობის განმსაზღვრელი?

პირველ ეტაპზე ჩვენი სტრიმინგ პლატფორმა ორიენტირებული იყო  მუსიკოსების წარმოჩენასა და მათ კომფორტზე. მიგვაჩნია, რომ ხარისხიანად და სწორად შესრულებული საქმე უკვე გვაძლევს რაღაც სახის უნიკალურობას, თუნდაც იმ ფონზე, რომ გლობალურად ძალიან მოთხოვნადი გახდა ონლაინ სტრიმინგი. განვითარების თვალსაზრისით, ის გამოწვევა, რომ თბილისიდან გავსულიყავით, მოვახერხეთ და 2 საკმაოდ კომპლექსურ და საინტერესო ლოკაციაზე - ყაზბეგსა და ენგურჰესზე - შევძელით ჩვენი სტრიმის გადაღება.

მიგვაჩნია, რომ მუსიკა გვაძლევს უნიკალური შესაძლებლობას, მსმენელამდე მივიტანოთ საქართველოს ულამაზესი ლოკაციების შესახებ ინფორმაცია - იქნება ეს ყაზბეგი, ენგურჰესი თუ სხვა.

„ენგური გვაერთიანებს“ - ეს თქვენი ერთ-ერთ სერიის სახელია - რისი თქმა გსურთ ამ სერიებით? როგორ ფიქრობთ, რამდენად მიწვდება თქვენი ხმა და მუსიკა აფხაზეთში მცხოვრებებს?

„ენგური გვაერთიანებს“ ჩვენი სერიის სლოგანია, რომელიც ჩავწერეთ ენგურჰესზე. ენგურჰესი გარდა იმისა, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია როგორც ენერგო დამოკიდებულებით, ასევე, როგორც ძეგლი, იგი  წარმოადგენს ერთადერთ კავშირს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, ჩვენი სერიის იდეა იყო, რომ წარმოგვეჩინა ჩვენი აპოლიტიკურობა და გვეთქვა, რომ ხელოვნებას და ამ შემთხვევაში მუსიკას, არ აქვს საზღვრები და შესწევს იმის  ძალა, რომ გააერთიანოს სხვადასხვა შეხედულების ადამიანები.

ვინ არის თქვენი აუდიტორია, რამდენად გაქვთ მიზნად, რომ გლობალურ მაყურებელს/მსმენელს მიაწოდოთ თქვენი პროდუქტი?

ჩვენი აუდიტორიის შესახებ შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩვენს დღის წესრიგში არ დგას ცნობადობის გასაზრდელად მეგა მარკეტინგული კამპანიების ჩატარება. ჩვენ მივუყვებით დინებას მშვიდად და მიგვაჩნია, რომ გვყავს ლოიალური და ნამდვილი, ერთგული მსმენელი, რომელიც ყოველ კვირას უკვე ელოდება ჩვენს ჩართვას, რაც ძალიან  სასიამოვნო და ამავდროულოდ სტიმულის მომცემია. რაც შეეხება მსმენელს საზღვრებს გარეთ, ჩვენი მისია სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ მოვასმენინოთ ქართული მუსიკა და ამასთანავე, სერიიდან გამომდინარე მოვუყვეთ ჩვენი ქვეყნის შესახებ.

რა პრობელმები შექმნა თავად პანდემიამ თქვენთვის ამ პროექტის განხორციელაბში და ქართველი მუსიკოსებისთვის? ფიქრობთ, რომ ეს შეზღუდვა ასევე შესაძლებლობაც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის?

ვერ ვიტყოდი, რომ პანდემია ჩვენთვის შესაძლებლობა იყო პროექტის წარმოსაჩენად, რადგან გუნდი, რომელიც ოპერირებს, პანდემიის გამოჩენამდე იყო გაერთიანებული და მუშაობდა Hideout - ის ფარგლებში. ასევე, ვერ დავარქმევთ პანდემიას ხელის შემშლელ ფაქტორს, რადგან ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სიტუაციის დასტაბილურების შემდგეგ ჩვენ შევძლებთ დამატებითი აქტივობების შეთავაზებას საზოგადოებისთვის.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ მუსიკალურ ინდუსტრიის სხვა შრეებში შეჭრას თუ მხოლოდ სტრიმინგით შემოიფარგლებით მომავალშიც?

Hideout მულტიფუნქციური პლატფორმაა და სტრიმის გარდა, სამომავლოდ სხვადასხვა გეგმას ისახავს. პირველი, რაც მინდა ვახსენო, ეს არის ქართული მუსიკის უფრო აქტიურად გატანა საზღვრებს გარეთ და გაცნობა ფართო სპექტრის აუდიტორიისთვის - იქნება ეს შოუქეისები თუ სხვა სახის პერფორმანსი. მალე ჩვენი ახალი ლეიბლი Hideout Records Tbilisi გამოჩნდება ასპარეზზე უკვე პირველი რელიზით, რომელიც 2021 წელს გამოიცემა. ამის გარდა, გვინდა, რომ მუსიკალური სერიები ვატაროთ როგორ საქართველოში, ასევე მის გარეთ, მაგრამ ეს ჯერ სამომავლო გეგმებია. რაც შეეხება სტრიმებს, ახალი წლიდან ჩვენ დავამატებთ Newcomers, რომელიც ხელს შეუწყობს ახალბედა არტისტებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი