კულტურა თაობა

რას აღმოაჩენ ანიმაციაში "საქართველო - მუზეუმი“?

სექტემბერი 23, 2020

ალბათ ძალიან ბევრჯერ ჩაგივლია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გვერდით ისე, რომ არ გიფიქრია მის კედლებში რამდენი ათასწლეულის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, პერსონაჟი და ამბავი იმალება. 

შეიძლება იქ ბევრი წლის წინ იყავი, იქნებ სკოლის ექსკურსიაზე? სავარაუდოდ ასეც არის.

ნიკოც სკოლის მოსწავლეა, მას თავისუფლად აცვია, ყურსასმენებით დადის, რომელშიც Kayakata-ს უსმენს და ცდილობს გამოიცნოს ვინაა სისონა დარჩია - ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც სამყაროს დიდი გულისყურით არ აკვირდება, თუმცა ჯერ არ იცის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლები სწორედ მაშინ იწყება, როცა მათ ნაკლებად ელი. 

მუზეუმში შესული ნიკო ფიქრებიდან ცხენების გამოსახულების მქონე ვერცხლის შესაბნევების ხმას გამოჰყავს, მან ჯერ არ იცის რომ ისინი არაგვის ხეობაში, ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებშია აღმოჩენილი და ეს უძველესი ნივთი მისი ერთგული მეგზური გახდება. 

შესაბნევები ცხენის გამოსახულებით | არაგვის ხეობა. ახ.წ. III-IV საუკუნეები. ვერცხლი

გრძელ გზაზე, რომელიც საუკუნეებს მოიცავს, მაგრამ ძალიან სწრაფად გადის, ნიკო ზეზვას და მზიას ხვდება. 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომინიდები დმანისში 1991 წელს აღმოაჩინეს და ისინი ევროპაში აღმოჩენილი პირველი ადამიანის ნაშთებია. ნიკო იგებს, რომ ამ სამეცნიერო მიღწევით საქართველომ მსოფლიო რუკაზე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

მზია და ზეზვა | დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომინინის რეკონსტრუქცია

მოგზაურობისას ნიკო აღმოაჩენს თრიალეთის თასს, რომელიც ორმაგი ოქროს ფურცლისგან, ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულშია შექმნილი და ადასტურებს, რომ საქართველოში ოქრომჭედლობა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული. ნიკო იგებს, რომ არა მხოლოდ ოქროს მოპოვება, არამედ მისი მაღალტექნოლოგიურად დამუშავებაც ქვეყნის წამყვანი დარგი იყო.

 თასი | თრიალეთი. ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი. ოქრო, სარდიონი, გიშერი, ქარვა, ლაჟვარდი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურხიკო

სამაჯური ტახის გამოსახულებებით | ვანი. ძვ.წ. V საუკუნე. ოქრო

დიადემა და სასაფეთქლეები | ვანი. ძვ.წ. IV საუკუნის დასაწყისი. ოქრო

თამარ მეფის გულსაკიდი სანაწილე ჯვარი | ხობი. XII საუკუნე. ოქრო, ლალი, ზურმუხტი, მარგალიტი, სევადი

ნიკო თამარ მეფის და მთლიანად ქვეყნის საგანძურის დამცველ ექვთიმე თაყაიშვილსაც გაიცნობს, რომელიც ჩვეულებისამებრ, წარსულის მომავალი თაობებისთვის შესანახად შრომობს; ხვდება გოგონას ბუშტით, როცა ის ძველ თბილისში მხიარულად დარბის, ვიდრე 1921 წლის 25 თებერვალი დადგება და თბილისზე კოლაუ ნადირაძე დაწერს: თოვდა და თბილისს ებურა თალხი.


გოგონა ბუშტით | ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). მუყაო, ზეთი

როგორც ყველამ ვიცით, ნამდვილი თავგადასავალი სირთულეებით უნდა იყოს სავსე, ასეთია ნიკოსიც, ის ბევრ დაბრკოლებას გადის, ხიფათშიც ხვდება და გადარჩება კიდეც და მოგზაურობის ბოლოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს წააწყდება, ახლა ნიკომ უკვე იცის, რომ მას 1991 წლის 9 აპრილს, 12:30 საათზე მთავრობის სასახლეში მოეწერა ხელი და ის ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, ამ აქტმა საქართველო თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცია. 


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 9 აპრილი, 1991 წელი | დოკუმენტის ასლი

მართალია, ჩვენი მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის, აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული. ვიდრე მათ ახლოდან გაიცნობთ, ნახეთ ამბავი, რომელიც უძველესია, თუმცა აწმყოს ცვლის და მომავლისკენ გვახედებს:

ავტორი: მაშო სამადაშვილი

ფოტოები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი