სიახლეები კულტურა

სოფლისა მნათი მნათობი

პროექტი "გმირები"

მაისი 20, 2022

ვინ არის ის? ვისი სინათლე და შუქიც საუკუნეებს გადმოსცდა და მრავალი ასწლეულის შემდეგაც გვინათებს? ვინც ლეგენდებს თუ მითებში, აღმოსავლურ თუ დასავლურ თქმულებებში, ლექსებსა და ზღაპრებში მშვენიერი და ძლიერი მეფის სახელითაა ცნობილი? ვისი სახელიც ჰქვია საქართველოში ყველა ხიდს, ეკლესიას, ქვას, სახლსა თუ გადასახედს? ვინც პოეზიის ყველაზე დიდი მუზა, წმინდანი და თანაც ღირსეული საჭეთმპყრობელია? რა თქმა უნდა, თამარზე ვსაუბრობთ, ამ ტექსტშიც, ისევე, როგორც ჩვენს ყველაზე დიდ პოემაშია, „თამარს ვაქებდეთ მეფესა“.

მეფეთმეფე თამარი

თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ფრესკაზე. ფრაგმენტი

ვინ იყო? ოქროს ხანის ოქროს მეფე, იგავმიუწვდომელი სილამაზის, ბრძენი, მოწყალე, ლამის წმინდანი, რაღა ლამის, ლოცვისას ჰაერში იწეოდაო, გვიამბობს თქმულება და სამების მეოთხე ჰიპოსტაზად მიიჩნევდნენ თანამედროვენი. ყველაზე ნიშანდობლივი, რაც თამარის ლიტერატურულ სახეს ახასიათებს, მისი მარადიულობაა, ერთგვარ მითოლოგიურ დროში არსებობა, რომელიც ერთდროულად წარსულიცაა, აწმყოც და მომავალიც, „აღსდეგ თამარ დედოფალო, შენთვის სტირის საქართველო“ - ასე დასტირიან მას ტფილისელი აშუღები, ალბათ გახსოვთ, მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, სადაც შემთვრალი ხევსურები დაბეჯითებით ამტკიცებენ, ცოცხალია თამარ მეფე, არ მომკვდარაო. ასეცაა. ასეა ხალხურ ლექსებში, გრიგოლ ორბელიანთან თუ ვაჟა-ფშაველას პოეზიაში.

თამარი ყველაზე საყვარელი მეფეა, ხალხური ლექსების, სიმღერებისა და ლეგენდების პერსონაჟი, აქ ყველაზე ცოცხალი და ნათელია ხსოვნა და წარმოსახვა, ზეპირი მთქმელი ისე დარწმუნებით, დაბეჯითებით გეტყვით ამბავს, როგორ გამოიარა აქ თამარმა, როგორ ელაპარაკებოდა აქაურებს, როგორ დაარქვეს მისი სახელი ამ გზას, რომ თითქოს გუშინ თუ არა, გუშინწინ მაინც იყო ამ ამბის თვითმხილველი. ხალხური ზეპირსიტყვიერებისთვის თამარი არსადაც არ წასულა, ის ისეთივე უკვდავია, როგორც კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი. ეს ერთგვარად ბავშვისა და ზღაპრების დამოკიდებულებაა, აბა, გაიხსენეთ, როცა რომელიმე ზღაპრის დასრულება არ გინდოდათ და გონებაში აგრძელებდით და აგრძელებდით, გარდაცვლილ გმირს აცოცხლებდით და აცოცხლებდით. ეს თვისება მითოსსაც აქვს, მაგალითად, ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ცნობილი გმირები არ კვდებიან, სხვა მითში, სხვა სამყაროში ხვდებიან, სწორედ ამ დამოკიდებულების წყალობით, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მედეა აქილევსსაც კი გადაეყაროს.


დავუბრუნდეთ ქართულ ხალხურ საგანძურს:

მიხაი ზიჩი ვეფხისტყაოსანი | ბურუსი - BURUSI

შოთა რუსთაველი მეფე თამარს თავის „ვეფხისტყაოსანს“ წარუდგენს. ავტორი: მიხაი ზიჩი

„თამარ დედოფალი ვიყავ,

 სახელი დიდი დავიგდე,

 ზღვაში სამნიები ჩავყარე, 

ხმელეთი ჩემკენ მოვიგდე.''

- მოგვითხრობს ჯავახური ლექსი. ალბათ ყურადღება მიაქციეთ, ხალხური მთქმელი ქაჯეთის ციხის აღებასაც თამარს მიაწერს, თუ ამ სტრიქონს მეტაფორად გავიაზრებთ, თამარი ეპოქის, ოქროს ხანის ყველაზე ზუსტი ილუსტრაცია გამოვა.


როგორც უკვე ვთქვით, თამართან დაკავშირებულია ქართული ისტორიული ტოპონიმიკის მრავალი სახელი. თუ სახელდებას, ენას, ჩვენი სამყაროში ყოფნის დადასტურებად განვიხილავთ, თამარი მართლაც ყოვლისმომცველი და მარადცოცხალია, მისი სახელი მართლაც აერთიანებს ნიკოფსიასა და დარუბანდს. თამარის სახელი აერთიანებს და აბრუნებს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს, მისი სახელობის ციხე ტაო-კლარჯეთში, ხიდი-საინგილოში, სოფელი - სამაჩაბლოში:

„ერთხელ, გაუვლია თამარ დედოფალს და მას ყოლია გოგო, დიდი, ნაშვილები, რომელსაც რქმევია თამარი და იმ თამარს ძალიან მოსწონებია ეს სოფელი:- და რახან მოგეწონა, დამირქმევია შენი სახელი და იყვეს შენიო!“ - ასეთია თამარაშენის ხალხური ეტიმოლოგია, ქართლური ტექსტებიდან.

თამარი ყველგანაა, მისი კვალის ხილვა ყველგან შეიძლება

„უწინდელ დროში ადგა თამარ დედოფალი, წამოვიდა თავისი სასახლიდან, ჩამოვიდა ღორეშაში, გაჩეჩილაძეები რო არიან იქა.“ - გვიამბობს ზემოიმერელი მთქმელი.


„ფჴრევლში არი ესკი ციხე, ფარეკის ყალეს თამარ დოდოფლის ყალეს ვებნევით.“ - გვიამბობენ შავშეთ-იმერხევში.“ ხიდებიც თამარ დედოფლის გაკეთებული: ყური ქოფრი, გევლი ქოფრი“ - ესეც ნიგალური ტექსტები ჩვენებურების ქართულიდან. „ამ ციხეს ეტყვიან ენპელოს ციხეს. თამარ დედუფლის ნაშენია.“ - ესეც მესხი მთქმელი უდედან.

„გლოლა ვითომ წინათ ტყის თავში, წითელ მთაში, ცხოვრობდეს. თამარ დედოფალი მოსულიყო და ჯორი დაჰკარგოდა. ორი კვირე მოუნდეს ჯორის ძებნას და მოიძიეს ამ გლოლაში ვეძასთან. ჯორს ვეძა ფეხით გამოეფხორკნა, ვეძა სიამოვნებოდა, იქა სვემდა და იქა დგებოდა. შეატყობიეს თამარ დედოფალს. თამარ დედოფალი ჩამოვიდა თავისი ბერებით, ერთი არ ეყოლებოდა, ბევრი ეყოლებოდეს. როცა ჩამოვიდა თამარ დედოფალი და ეს ჯორიც ნახა, ადგილი მოეწონა. ამას ჰქვია ზედქალაქი.“ - ასეთ ამბავს ვკითხულობთ დიალექტური კორპუსის გლოლურ ტექსტებში.


„ვარძიის გასწვრივ ნაქალაქევია. ამ ქალაქში ყოფილა მეფე. იმ დროს დაუწყიათ ვარძიის გაკეთება. ჩამომავლობის დროს თამარი იქნება ვარძიაში. ბიძა მისი შეეკითხება: სადა ხარ თამარო? _ აქა ვარ, ძიაო! ამიტომ დეერქვა ვარძია. როცა თამარმა ნეფობა მიიღო, ადგა და წავიდა ყარსში. იქ თურქები იყვნენ. როცა რო აიღო ქალაქი და შევიდა ქალაქში, გლახა სუნი იყო, დაიძახა: ყარსო! იქიდან დეერქვა ყარსი.“ - ტოპონიმების სახელდების მთელ ციკლს გვიამბობს ჯავახური დიალექტი.

თამარი მხოლოდ ზეპირ ტექსტებში კი არა, ყოფით ჩვევებშიც, ყოველდღიურ ამბებშიც ცოცხალია: „წინათ თავს რო დავიხურამდით, ლეჩაქის ყურს ყელზე ავიხვევდით თამარ მეფიდან მოდის ეგეთი დახურვა, ძველებურია, მაგრამ ეხლა ყელს იჩენენ და აღარ იმალავენ.“ - გვიმხელს გარეკახური ტექსტი, ისედაც, თუ სადმე ქალის სილამაზე უნდა აღნიშნო, თამარს უნდა შეადარო, თუ ჭკვიანია ვინმე-ისიც თამარივითაა.


თამარი მხოლოდ მეფე კი არა, ქალღმერთია, ნახევრად მითიური არსება, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ასე შემორჩა მისი სახე ქართულ, კავკასიურ, დასავლურ თუ აღმოსავლურ თქმულებებსა და პოეზიაში. თამარი ქართული მითოსის უკვდავ სახედ იქცა, მაგალითად, მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს ამ თუშურ ლექსში, იგი კოპალასა და ლაშარის ჯვარის თანაფარდია:

„ ცხრის წლისა ქალი მოარდებ,

 თამარ დედოფალ არიავ, 

გადაიბერტყა ქიჩილა,

 გადააბრუნა ზღვანია,

 შუა ზღვას ჩადგა სამანი,

 არ გადავიდეს წყალიავ. ''

ამ მითოსურობასა და ჯადოსნურობას აგრძელებს ულამაზესი მესხური ლეგენდა თამარისა და წეროს შესახებ:


„თამარ დედუფალი იყო ვარძიაში. ერთ საღამოს შემოდგომით გამოსულა, როჲცა წეროები სამხრეთისკენ მიდიან, და უსეირამს, ჰაერითაც ტკბება. საღამო პირია. ნახამს, რომ ერთი წერო ჩამოვარდება გუნდიდან და დაეცემა თამარის ფეხებთან. თამარი საჩქაროთ დაიჭერს, გაშინჯამს, რო წეროს ფრთა მოტეხილი აქ, მოტეხილ ადგილ შეუკრანს და მოუმთელებს ფრთას და თავისთან შეინახამს თელი ზამთარი. ეს წერო ისრე მიეჩვევა თამარს, რო აღარ შორდება, სულ თან დასდევს. მოვიდა გაზაფხული და წეროები ახლა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდიან. ეს წერო რო შეხედამს ამხანაკებს, უცებ აფრინდება, თამარს თავს სამჯერ შემოევლება, კამარას დაჰკრამს და გაფრინდება, გახყვება გუნდს. მთელი ზაფხული წერო აქ იყო და, შემოდგომით რო მიდიან, თამარი გამოვიდა, უყურამს და ფიქრობს: ნეტა ჩემი წეროც ამათში ურევია თუ არა. ნახა, რო გუნდიდან ერთი წერო წამოვიდა დაბლა. ნახა, თავისი წეროა, ეალერსება, მერე ადგა, სამჯერ კამარა გააკეთა და წავიდა. ის ზამთარიც თამარმა ვარძიაში გაატარა. გაზაფხულზე მოდიან წეროები, უყურამს თამარი, მარა თავისი წერო აღარა შჩანს. მეხუთე გუნდი რო მოვიდა, გამოეყო ერთი წერო, მიეალერსა თამარს და ორი წინდისჩხირი მოუტანა: ერთი თეთრი და ერთიც ყვითელი. თამარმა არ იცის, რისთვის არი საჭირო ეს წინდიჩხირები. ბოლოს გამოატავინა საყდრი წყალი აუზიდან. თუ თეთრ ჩადებდა წყალში, ვერცხლათ იქცეოდა წყალი, თუ ყვითელს _ წყალი ოქროთ იქცეოდა. ამიტომ ბევრი ოქრო-ვერცხლი ქონდა თამარს და ბევრ მონასტრებსაც იმიტომ აშენებდაო.“


ასეთი ამბავი მრავლდადაა ქართულ ხალხურ პოეზიასა და ზღაპრებში, ტექსტებსა და ლეგენდებში, თამარი ქალღმერთია, საქართველოს მარადიული დედა, მშვენიერი და ძლევამოსილი ქალი, ჯადოსნური და მითიური, როგორც დავით წერედიანის მიერ თარგმნილ ამ სვანურ სიმღერაშია:

„თამარ დედფალ, თამარე, 

სად ყოფილხარ, თამარე, 

ვის ეომე, ვინ დარისხე,

ვინ დაამხე, თამარე, 

მტერი დაგიმარცხებია,

დავლით მოხვალ, თამარე, 

დავლით მოხვალ, სხივით მოხვალ, 

ძლევით მოხვალ, თამარე“!

ტექსტები დამოწმებულია ქართული დიალექტური კორპუსიდან corpora.co



ავტორი: დიანა ანფიმიადი

ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე