სიახლეები

მარო, ჩვენი მეგობარი | პროექტი "გმირები"

მაისი 17, 2022

„ფაბრიკის“ ეზოში, ხის გრძელ სკამზე, ჭიქებით ხელში ვსხედვართ მე და ჩემი მეგობარი ირინა. მეგობრის დაბადების დღეს ვხვდებით. თორმეტამდე სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი. ალბათ ვინმე იტყვის, რომ არც ისე შესაფერისი დროა ძველი, სევდიანი ამბების მოსაყოლად და მოსასმენად, თუმცა არა ჩვენთვის.


„სახლში იხსენებენ, ყველაზე ხშირად თურმე ამას ყვებოდა ელიჩკა მაროზე - 1921-ში, წითელი არმია რომ თბილისს მოადგა, პლეხანოვზე ცხოვრობდა ელიჩკას ოჯახი, 150 ნომერში. ფანჯარასთან იდგა თურმე ელიჩკა და ქუჩაში დაინახა მათთან მიმავალი მარო. სახლში არ შემოსულა, ამოიხედაო, ამბობდა და მხიარულად ამომძახაო, ელიჩკა, ომში მივდივარ!“ - მიყვება ირინა. ელიჩკა, მარო მაყაშვილის ბიძაშვილი, მისი დიდი ბებია იყო.

ისეთი ამბები კი, როგორიც მაროსია, არასოდეს ძველდება, არც ხუნდება და უფრო მეტიც, დავიწყებისთვის რომ გაწირო, მაინც იპოვის გზას ახალი სიცოცხლის დასაწყებად.

არასოდეს მომისმენია, როგორ ლაპარაკობდა მარო (ალბათ ძალიან დალაგებულად და ჭკვიანურად - როგორც წერდა), არ ვიცი, როგორ დადიოდა (ალბათ სწრაფი ნაბიჯებით - სხვანაირად ვერ წარმომიდგენია), მაგრამ ამ სცენას ისე ნათლად ვხედავ, თითქოს საუკუნის წინანდელი კინოკადრი ტრიალებს თეთრ კედელზე. ვხედავ, როგორ მოაბიჯებს ჩემს საყვარელ ქუჩაზე მარო - ბიძაშვილის სანახავად მოიჩქარის, ჩემს წარმოდგენაში, თავისი „იმერული შალის ჟაკეტი“ აცვია (რომლის გამოც მეგობარმა გული ატკინა, მაგრამ ეს ცოტა სხვა ამბავია), მოაბიჯებს და თებერვლის სუსხს მოარღვევს პატარა გოგო, დიდი გულით და ნათელი გონებით.

პატარა გოგო, რომელმაც თავის თითქოსდა მოკლე ბიოგრაფიაში დაიტია ბევრი რამ, რაც ქართველებს ასე გვიყვარს და გვეამაყება, მთელი ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი სწრაფვა და სურვილი - ვიყოთ ევროპის ნაწილი, მთელი ჩვენი ტრაგედია და ხანმოკლე დამოუკიდებლობის სევდა.

მოდის პატარა მარო, რომელმაც არ იცის, რომ მას შემდეგ, რაც ელიჩკას ხელი დაუქნევს და მოწყალების დების რიგს შეუერთდება, მის სათაყვანებელ სამშობლოში წითელი არმია შემოვა და საქართველოს გასაბჭოება მაროს არაერთი მეგობრის, ახლობლისა და ნათესავის სიცოცხლეს შეიწირავს, ბევრი ემიგრაციაში წავა, მათ შორის, მისი საყვარელი ღამბაშიძეები, რომლებთან ერთადაც მარო პარიზში ცხოვრებას გეგმავდა. ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი და სამოცდაათი წელი დაგვჭირდება დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ხელახლა ასაფრიალებლად. თუმცა შემდეგაც იქნება განსაცდელი და ბრძოლები, ოკუპაციაც იქნება და ბევრი საფრთხე და შიში, რომელზეც მარო თავის დღიურში წერდა, ისევ დაბრუნდება ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა თებერვლის იმ დღეს, როცა პლეხანოვზე მოაბიჯებს, მარო იმედითაა სავსე.

ომში ასე ალბათ მხოლოდ 19 წლის გოგოები მიდიან.

მარო მაყაშვილი 1901 წლის 25 მარიამობისთვეს (აგვისტოს) დაიბადა კოტე მაყაშვილის და თამარ გაბაშვილის ოჯახში. კოტე მაყაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე იყო, თამარ გაბაშვილი კი - ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი, ქართულს, რუსულს და არითმეტიკას ასწავლიდა. მარო მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს გამორჩეული ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა. მისი დღიური, რომელიც მაროს დატოვებული ხელშესახები მემკვიდრეობაა, ნათლად გვიხატავს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა ქალის პორტრეტს, ვისი პროგრესული იდეებიც დღესაც აღმაფრთოვანებელი და აქტუალურია. მაროს მოსაზრებები ქალთა უფლებებსა და განათლებაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ქალის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში, გვაფიქრებინებს, რომ მას არა მხოლოდ სისხლისმიერი ნათესაობა აკავშირებდა ბებიასთან, ეკატერინე გაბაშვილთან, არამედ ისინი ნამდვილი თანამოაზრეებიც უნდა ყოფილიყვნენ. 

„საშინლობაა, რომ ქალს სამზარეულოს გარეშე არაფერი არ უნდა ეინტერესებოდეს. ეს დიდათ შემცდარი აზრია. მე მაგ კვალზე არ წავალ. მითხრეს, კაცი ქალში კარგ დიასახლისს ხედავს და ბავშვების გამზრდელსო მარტო. ტყუილია. ქალსაც აქვს უფლება ისეთივე ცხოვრებაზე, როგორც კაცს.“

მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც 1919 წელს დაამთავრა და მალევე გახდა ქართული უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი. თუმცა აგრონომია უფრო იტაცებდა და უნდოდა, სწავლა ევროპაში, ამ მიმართულებით გაეგრძელებინა, შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნებულს, მიწა ეყიდა და საკუთარი მეურნეობა გაემართა. მოგზაურობაზე და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე მეოცნებე მარომ ინგლისურის და ფრანგულის საფუძვლიანად შესწავლას მიჰყო ხელი და „შევარდენის“ რიგებშიც ჩაეწერა. მხატვრულ ლიტერატურასაც თარგმნიდა და როგორც მოგვიანებით კოტე მაყაშვილმა აღნიშნა, „სწერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში.“

მარო მაყაშვილის დღიური, რომელმაც ჩვენამდე ორი რვეულის სახით მოაღწია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც გარდა პოლიტიკური მოვლენებისა, სოციალური და კულტურული ცხოვრების ეპიზოდებსაც ვეცნობით

© ქართული ლიტერატურის მუზეუმი

თეატრის დერეფნებში და მეგობრულ სადილებზე ვხვდებით პაოლო იაშვილს და სხვა „ცისფერყანწელებს“, გიორგი ნიკოლაძეს და „შევარდენის“ შემადგენლობას, მაზნიაშვილების და ღამბაშიძეების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ერთი საუკუნის წინ გააკეთეს არჩევანი, რომელიც დღემდე საფუძვლად უდევს ჩვენს მისწრაფებებსა და იდენტობას. 


თუმცა ყველაფერზე მეტად, მე მაროს დღიურში მისი პირადი ამბები მიყვარს, მისი განცდები, სიყვარულის მოლოდინი და პატარა გატაცებები თუ აღტაცებები. ხშირად, როცა გმირებზე ვლაპარაკობთ, სულ სხვანაირად წარმოვიდგენთ მათ, არაამქვეყნიური ფიზიკური ძალის, რკინის ადამიანებად, მარო კი, ჩვენი ეროვნული გმირი, სულ სხვანაირია. პაოლო იაშვილთან შეხვედრისას წითლდება, სახლში მისვლას აგვიანებს, მარილის ყიდვა ავიწყდება, უმცროს და-ძმაზე ბრაზობს... მარო შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენი მეგობარი, თითოეული ჩვენგანის მეგობარი.

© ქართული ლიტერატურის მუზეუმი

1921 წლის თებერვალში თბილისს წითელი არმია მოადგა. 17 თებერვალს მარო, რომლისთვისაც საქართველოს თავისუფლება ყველაზე მთავარ და ძვირფას ღირებულებას წარმოადგენდა, „წითელ ჯვარში“ ჩაეწერა მოწყალების დად და იმავე დღეს წავიდა კოჯრისკენ. ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა მაროს ძმაც, შალვა მაყაშვილი. 19 თებერვალს დამფუძნებელი კრების წევრმა, ქრისტინე შარაშიძემ, სხვა დეპუტატებთან ერთად მოინახულა ფრონტი. იმ დღეს ქრისტინეს მარო უნახავს - მუხლებზე დაყრდნობილი, ჭრილობას უხვევდა სტუდენტ პავლე ბეშკენაძეს. ორივე, მაროც და პავლეც, 19 თებერვალს დაიღუპა. 

„...საღამოს მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არ დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის.“


კოტე მაყაშვილი

მარო მაყაშვილი იყო პირველი ქალი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ემსხვერპლა. ის 23 თებერვალს, დღის 12 საათზე, სამხედრო ტაძრის გალავანში დაკრძალეს. მარო ასევე პირველი ქალია, ვისაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა 2017 წელს. 

ამ ტექსტის წერას ბერლინში ვასრულებ, ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელსაც თავისუფლების სუნი ასდის და საიდანაც ხელის ერთ გაწვდენაზეა მაროს საოცნებო პარიზი. აქ ქუთაისის აეროპორტიდან გამოვფრინდი. დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ქართველი ხალხის არჩევანი კი ნათელი და მტკიცეა. რამდენიმე წელია, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ ვმოგზაურობთ და ჩვენს პასპორტს უკვე მშვენივრად სცნობენ მსოფლიოს აეროპორტებში. საქართველომ თავისი ადგილი დაიბრუნა მსოფლიო რუკაზე და ჩვენთვის არაერთი კარი გაიხსნა. ეს ყველაფერი არ მომხდარა თავისით, არ მომხდარა მსხვერპლის გარეშე. მსხვერპლი კი ნამდვილად დიდი გავიღეთ.


მადლობა, მარო. მადლობა, რომ სიცოცხლე დათმე ჩვენთვის, იმისთვის, რომ არ დაგვვიწყებოდა, ვინ ვართ, იმისთვის, რომ სამშობლო არ დაგვეკარგა, იმისთვის, რომ ღირებულებებისთვის არ გვეღალატა, ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით, განათლება მიგვეღო და გვესწავლა იქ, სადაც მოვინდომებდით. იმისთვის, რომ თანასწორობისთვის მიგვეღწია, შინაც და გარეთაც. იმისთვის, რომ დღეს მე და ჩემს მეგობრებს თავისუფლად გვეფრინა. ჩვენ ვნახეთ პარიზიც, რომიც, ამერიკამდეც ჩავაღწიეთ და მივხვდით, რომ მართალი იყავი, როცა ამბობდი, რომ მოგზაურობა ყველაფერზე მეტად გინდოდა ამქვეყნად. მართალი იყავი, მარო. ჩვენი სამყარო შესანიშნავია.


შესანიშნავია და სასტიკიც. და ამიტომ, ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენ ისევ ომში ვართ, ისევ გვემუქრებიან, ისევ გვტაცებენ და გვიხოცავენ ადამიანებს და მიწასაც გვართმევენ, და მას შემდეგ, რაც თავიდან მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, არც ერთი მშვიდი დღე არ გვქონია. მტერიც იგივეა, და შეიძლება, კიდევ უფრო სასტიკი, ვიდრე ერთი საუკუნის წინ იყო.

და ჩვენც ისევ ვიბრძვით, ვიბრძვით 100 წლის შემდეგაც, ვიბრძვით, ვისაც როგორ შეგვიძლია, რადგან შენ გჯეროდა შენი სამშობლოსი, ჩვენი თავისუფლების და ჩვენც გვჯერა, რომ „ისე არა სცივა... გავიმარჯვებთ სახელოვნად!“




ავტორი: სალომე ბენიძე

ილუსტრატორი: გიო ჯინჭარაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ლიტერატურის მუზეუმი