მუსიკა | ცა

მუსიკის ჰონტოლოგია 012 - დისკო

დისკოს ციებ-ცხელება.

ოქტომბერი 13, 2021

უცნაური ფენომენია დისკო, არავინ რომ სერიოზულად არ უყურებდა თავის დროზე, მუსიკალურ ჟანრადაც არ აღიარებდნენ და როგორც მხოლოდ დევალვირებულ სოულ ფანკს, ისე აღიქვამდნენ, რომლის ფუნქციაც მხოლოდ ხალხის აცეკვება იყო , მხოლოდ ფუქსავატურ-ამჩატებული დეკადანსი და მეტი არაფერი, მაგრამ დისკო გადარჩა, უფრო სწორედ ქამელეონივიდ შეიცვალა, ტრანსფორმირდა და დღემდე ფუნქციონირებს ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ჟანრში.

ის, რომ „დისკოს“ ხსენება დიდად არ უყვართ მაინც დღესაც, ესეც სწორედ 70-იანებში დისკოს სნობური დამუნათების ბრალია, არადა, ყველაფერი ის, რასაც დღეს საკლუბო კულტურას ან მუსიკას ეძახიან, თავისი სოციალურ-კულტურული მონაპოვრებით, სწორედ დისკოს ბექგრაუნდია, 70-იანების დისკოდან მოდის და სწორედ დისკოში მოხდა პირველად საცეკვაო გლობალური კულტურის და ესთეტიკის ჩამოყალიბება.

დისკო მოდის სიტყვა დისკოტეკიდან. ადამიანებს ყოველთვის უყვარდათ ცეკვა და ყოველთვის აწყოდბნენ საცეკვაო სივრცეებს, მაგრამ სხვაობა ასეთ სივრცეებსა და დისკოტეკებს შორის არის ის, რომ დისკოტეკაზე მუსიკას მართავს დიჯეი (დისკ ჟოკეი), რომელიც მანიპულირებს როგორც მის ხელთ არსებული ფირფიტებით, ასევე, დამსწრე საზოგადოებით, რამე თუ დიჯეის ფუნციაა, მაქსიმალურად ბევრი აცეკვოს და ახტუნაოს ხალხი.

70-იანი წლების დასწყისიდან დისკოტეკური სიტუაცია იცვლება, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე სოციო-კულტურულად. გაყიდვაში გამოდის ორ ვინილიანი საკრავი აპარატურა, ანუ დიჯეის უკვე გაუჩერებელ რეჟიმში შეეძლო მუსიკის გაშვება მთელი ღამის მაინძილზე, შესაბამისად, მათ დაიწყეს ისეთი ჩანაწერების მოძიება, რომლის აკუსტიკური  ხასიათი, ზუსტად მოერგებოდა საცეკვაო მარათონს, ასეთი ხასიათის მუსიკა კი აღმოჩნდა იმ ხანად მოდაში შემოსული გრძელი, მდიდრულად არანჟირებული სოულ-არ ენ ბი კომპოზიციები მსუბუქი ფანკ გრუვით, მაგალითად, ბარი ვაითი, რომელიც სწორედ დისკო კლუბებში სისტემატიური გაჟღერების შედეგად გადაიქცა  მეინსთრიმ ვარსკვლავად.

სწორედ ასეთი ხასიათის მუსიკა მზადდებოდა ფილადელფიაში, პროდიუსერ ლეონ ჰაფის და კენეთ გემბლის მეთაურობით, რომელსაც გამოსცემდა ლეიბლი  Philadelphia International Record. ამ ლეიბლის საკუთარი ორკესტრის(სახელად MFSB) და ქალთა ვოკალური ტრიოს(The Three Degrees) მიერ გამოშვებულმა ტრეკმა TSOP(The Sound of Philadelphia) საკულტო დისკო სტატუსი  შეიძინა და ლეგენდარული აფროამერიკული მუსიკალური სატელევიზიო შოუს Soul Train-ის მუსიკალური ქუდიც კი გახდა.

თუმცა, იმ პერიოდის ჯერ კიდევ ლამის ანდერგრაუნდში მყოფი დისკო დიჯეები აღნიშნავენ, რომ პირველi დისკო ჰიტი, მანუ დიბანგოს ეთნო ფანკ ტრეკი - Soul Makossa გახდა. მოკლედ დისკო ტეკების ადრეულ რეპერტუარს უმთავრესად უკვე არსებული აფრო ამერიკული მუსკალური პროდუქცია წარმოადგენდა.

გადამწყვეტი დისკო ისტორიაში, მაინც, ალბათ, ამერიკული სოციო კულტურული სიტუაცია იყო . 70-იანებიდან, 60-იანების იდეალიზმი და კონტრკულტურა იცვლება პოპ როკ დეკადანსით, სიმბოლიზმით, ეზოთერიკით, თეთრი როკ მუსიკა გახდა აროგანტული, ვირტუოზული, ძმიმე, მასკულანური და სულ უფრო სცილდებოდა ე.წ. რიტმ ნ ბლუზ ესთეტიკას.

ასეთი  მუსიკის მომხმარებლები უმთავრესად თეთრი მოზარდები იყვნენ, დღევანდელი კრიტერიუმებით,  მორასისტო ჰომოფობები. „შავი“ მუსიკაც შეიცვალა, დომინირებს ფანკი, გართულდა არ ნ ბი,  უკვე სახეზეა გეტო ესთეტიკა, რაც თავის მხრივ ზრდიდა დისტანციას თეთრ როკთან. ახალგაზრდული  მუსიკა, როგორც თეთრი, ასევე შავი, გახდა აგრესიული და  მაქსიმალისტური.  ამავდროულად, რა თქმა უნდა, არსებობდა ისეთი პუბლიკაც, რომელთათვისაც მიუღებელი იყო, როგორც როკ ბრუტალიზმი,  ასევე,  გართულებული  ფსიქოდელიური ფანკი, სოციალურად, ესენი უფრო  გართობაზე ორიენტირებული ჰედონისტები იყვნენ, რომელთა შორისაც ჭარბობდნენ ფერადკანიანები, ლათინოსები, არატრადიციული სექსულაური ორიენტაციის წარმომადგენლები, ქალები, თინეიჯერობის ასაკს გადაცილებულნი, ისინი ეძებდნენ ისეთ სივრცეებს, რომლებშიც  მასქიმალურად თავისუფალნი, დაცულნი, აღგზნებულნი და ექსცენტრულნი ბოლომდე მიეცემოდნენ საცეკვაო ექსტაზს.

სწორედ ასეთი სივრცე გახდა მათთვის დისკო კლუბები, რომლებიც წარმოქმნის საწყის ეტაპზე, ფაქტიურად, არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ნონ სტოპ მუსიკა იწვევდა ნონ სტოპ ცეკვის სურვილს, საჭირო იყო აღმგზნები სტიმულატორები, ბევრი მიიჩნევს, რომ კოკაინის ბუმიც დისკო კლუბებიდან დაიწყო, მაშინ-ატმოსფერო გაჯერებული იყო ნარკოტიკებით, სექსით, საცეკვაო დრაივით, დისკო მუსიკით და ჭერზე მოძრავი სტრობოსკობით გამოწვეული კალეიდოსკოპური ეიფორიით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა, ზედაპირზე ამოდიოდა და მოდურიც ხდებოდა. დისკომ მოიტანა ახალი საცეკვაო სტილიც, ე.წ. Hustle, რომლის დაუფლებაც უკვე თავმოყვარეობის საკითხი იყო ახალი თაობის ქლაბერებისთვის.  

1975 წელს გლორია გეინორის სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე, ხმის ინჟინრმა ტომ მოულტონმა დასაბამი დაუდო საკლუბო რელიზების პრაქტიკას, ტრეკების ე.წ. Extended  Version-ს. დისკოტეკაზე მოსულ ხალხს სიმღერა და ტექსტი ნაკლებად აინტერესებდა, მათ გამუდმებულ რეჟიმში ასაცეკვებელი მუსიკა უნდოდათ, ამ მოტივაციით, მოულტონმა,  ინსტრუმენტალური ნაწილის არანჟირება-რემიქსის  ხარჯზე ტრეკები გახანგძლივა და ალბომში ერთმანეთს გადააბა.

გეინორის ალბომის პირველი გვერდი სწორედ ასე დაკომპლექტდა სამი ტრეკით, რამაც ნამდვილი გარღვევა მოახდინა, დიჯეინგიც შეცვალა და მუსიკალური საცეკვაო ხმისჩმწერი ინდუსტრიაც გადააკეთა.

ამერიკის დისკო ექსპერიმენტი საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აითვისეს ევროპაში, თავდაპირველად - გერმანიაში და ამით „ევრო დისკო“-საც ჩაუყარეს საფუძველი. ევრო დისკო უფრო სინთეტიურია, მონოტონური, ნაკლებია სვინგი და სინკოპა, სასიმღერო ტექსტი მინიმალურია, შემსრულებლები დეპერსონიზირებულნი, მინიმუმადეა დაყვანილი სოულ ვაიბი, სამაგიეროდ, მასქიმალურადაა გაზრდილი ფსევდო სიმებიანი არანჟირება - ორკესტრირება. 1975 წელს გამოსული გერმანული ევრო დისკო ტრეკი Fly Robin Fly, „გრემის“ ლაურეატიც კი გახდა ინსტრუმენტალური არ ნ ბი-ს ნომინაციაში.

პრინციპში ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ გლობალური დისკო გარღევევა სამყაროში, სწორედ გერმანიიდან მოხდა და ის უკავშირდება ორ პერსონაჟს, ამერიკელ მომღერალს, დისკოს დედოფლად წოდებულ დონა სამერსს და გენიალურ იტალიელ პროდიუსერს - ჯიორჯიო მოროდერს.

იმავე, 1975 წელს ისინი წერენ საოცრად ეროტიულ და მგრძნობიარე დისკო ტრეკს Love to Love You Baby. უგზავნიან მას დისკოზე ორიენტირებულ ლოს ანჯელესური ლეიბლის Casablanca-ს მფლობელ ნილ ბოგარდს, რომელმაც ეს ტრეკი პირველად საკუთარ სახლში მოწყობილ წვეულებაზე გამოსცადა და ზემოქმედების ეფექტით გაოცებულმა, დისკო კლუბებში შეაგდო და ფურორიც  გამოიწვია. 

თანდათანობით დისკო კლუბები სოკოებივით მომრავლდა, მისი ხშირი სტუმრები გახდნენ ე.წ თეთრი შემოქმედებითი ელიტის წარმომადგენლებიც, დევიდ ბოუიდან დაწყებული, ტრუმენ კაპოტეთი დამთავრებული. რა თქმა უნდა, მათ ხიბლავდათ ასეთი ალტერნატიულ-ჰედონისტური სივრცეები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო დისკო ბუმის დასაწყისი. ის დადგა მაშინ, როცა 1977 წელს გამოვიდა ფილმი „შაბათ საღამოს ციებ ცხელება“ (Saturday Night Fever), რომლის პრემიერის მეორე დღიდანვე, სრულიად ამერიკა დისკომანიამ შეიპყრო.

უცნაურია, რომ ფილმი სიუჟეტურადაც კი, ძალიან წააგავს თანამედროვე საკლუბო იდეოლოგიურ ნარატივს - საშუალო ფენის ამერიკელი ახალგაზრდები, სულმოუთქმელად ელოდებიან ვიქენდს, რათა „გაცოცხლდნენ“ დისკოტეკებზე და გაიფერადონ თავიანთი ნაცრისფერი ყოფითი რუტინა. ცხადია, აქ უდიდესი როლი ითამაშა Bee Gee-ის საუნდტრეკმაც, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომერციულ ჩანაწერად ითვლება დღემდე.

იმავე 1977 წელს, ნიუ იორკში იხსნება დისკო კლუბი Studio54, რომელიც ყველა დროის საუკეთესო კლუბადაა ლამის აღიარებული, დღემდე ლეგენდებით და მითებით გაჯერებული, სადაც დასაშვები იყო ყველანაირი გართობა ყველა სოციალური ფენის წამომადგენელთათვის, იქნება ეს სენატორები თუ მილიარდელები, სუპერვარსკვლავები, თუ შემოქმედებითი ინტელექტუალები, თუ ჩვეულებრივი, ოღონდ ექსტრავაგანტური მოკვდავნი.

სწორედ studio54-მ დანერგა „ფეის კონტროლის“ პრაქტიკა, რათა შეუფერებელი პერსონაჟი არ მოხვედრილიყო კლუბში. ეს უკვე იყო კულმინაცია, რაღაც ელიტურ ჰედონიზმში გადასული დისკო დემოკრატია  და ისევე ყოველ კულმინაციას მოყვება ხოლმე თავისი დაღმასვლა, სწორედ ასე დაემართა  დისკოსაც,  კონკრეტული მიზიზები ამ პროცესების იყო რამდენიმე:

1. სანამ დისკო კლუბები ლამის კონსპირაციულ მდგომარეობაში იყო, მათ მიმართ საზოგადოების, მედიის, თუ სამართალ დამცავი ორგანოების ყურადღებაც ნაკლები იყო, როცა დისკო კლუბები გახდა სელებრითების ფავორიტი ადგილი და უაღრესად სარფიანი ბიზნესიც, მათ მიამართ ყურადღება გამძაფრდა, მით უმეტეს, რომ ყველა საუბრობდა კოკაინის და სხვა სტიმულატორების უზარმაზარი ოდენობით მოხმარებაზე ასეთ სივრცეებში. დაიწყო დისკო კლუბების პოლიციური ეგზეკუციები, პირველი მსხვერპლი სწორედ Studio 54  და მისი მფლობელები  გახდნენ, 5-5 წლით ციხეშიც მოხვდნენ. ეს პროცესი გაგრძელდა და უამრავი დიდი დისკო კლუბი კორპორაციების კონტროლის ქვეშ გადავიდა,  სიტუაციც უფრო  კონტროლირებადი და კეთილგონიერი გახდა, ასეთ გასტერილებულ კლუბებში კი, მოხვედრის სურვილი და ინტრიგა ცხადია დაიკარგა.

2. დისკო კლუბების აქტიური მხარდაჭერის გარეშე, დისკო მუსიკა განწირული იყო  და ეს არც არის გასაკვირი, დისკო პროდიუსერული მუსიკაა, ხოლო შემსრულებლები უმთავრესად პროდიუსერების მარიონეტები იყვნენ. მაშინდელი მუსკალური ინდუსტრია კი ეყრდნობოდა სწორედ არტისტების და ავტორების უნარებს, თანაც იმ დროს პოპულარული მუსიკა უკვე ე.წ. „ახალი ტალღის“ გამოწვევის წინაშე იდგა, რომელთა კორიფეების წინაშე, დისკო არტისტების უმეტესობა, უმწეოდ გამოიყურებოდნენ. აშკარა იყო რომ დისკო ვარსკვლავები, ფეიქ ვარსკვლავები იყვნენ, რომლებიც საკმაოდ მალე ჩაქრნენ.

3. რა თქმა უნდა, იყვნენ უნიჭიერესი არტისტები, მაგრამ მათთვის დისკო უფრო მოდური ფორმატი იყო, საკუთარი მუსიკალური იდეების განსახორციელებლად, მაგ. იგივე Bee Gees, K.C.&The Sunshine Band, ანდაც Chic. ხოლო როდესაც დისკო ექსპერიმენტს ბევრმა სახელგანთქმულმა როკერმაც მიმართა, მყისვე გამოჩნდა დისკო ავტორთა შეზღუდული უნარები. დისკო პროდუქცია აღარ იყიდებოდა უწარმატებულესი ლეიბლიც კი - Casablanca გაკოტრდა 1979 წელს.  

თუმცა კონტინენტური ევროპა ჯერ კიდევ დისკო ეიფორიაში იმყოფებოდა, განსაკუთრებით საფრანგეთში. დღემდე არსებობს ფენომენი French Disco, დეკადენტური,  ლამის გლამურული საცეკვაო მუსიკა, რომელშიც ამერიკულისგან განსხვავებით, დომინირებს ელექტრონიკა, რაც ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგული ელეტრონიკა აღმავლობის გზაზე იდგა მაშინ. იგივე  Air, ანდაც Daft Punk, ვერანაირად იარსებებდა 70-იანების „ფრანგული დისკოს“ გარეშე, განსაკუთრებით Daft Punk - რომელიც გააფდეითებული ძველი ფრანგული დისკოა და მეტი არაფერი, Cerrone-ის  Voyage-ის პირდაპირი მემკვიდრე. 

70-ანების მიწურულს იქმნება იტალიური დისკო ფენომენიც, ე.წ. Italo Disco, რომელიც უაღრესად გავლენიანი ხდება 80-იანების. საცეკვაო კულტურაში. ფაქტიურად, ე.წ. Hi Energy-ც სწორედ „იტალო დისკოს“ ეფუძნება. აი, ბრიტანეთში დისკომ ვერ გაიხარა, სამაგიეროდ პანკ აგრესიით და გიტარებით გადაღლილმა მუსკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, Kraftwerk-ის  საუნდზე და ამერიკულ დისკო რითმებზე დაყრდნობით, შექმნა „ახალი ტალღის“ ყველაზე კომერციული შტო - „ელქტრო პოპი“, იგივე „ სინთ პოპი“,  რომელიც უცნაურია და დღემდე საკმაოდ მოდურად  ჟღერს.

რაც შეეხება ამერიკას, დისკო გაგრძელდა ორი მიმართულებით, პირველი - ეს იყო საოცრად ექსპანსიური, დრაივიანი და ჭემარიტად ალტერნატიული დისკო პანკი (Liquid Liquid, ESG) ნიუ იორკული ანდერგრაუნდ ბოჰემის ფავორიტი საკლუბო მუსიკა, ხოლო მეორე გზა, უკვე ის გახლავთ, რამაც მოგვიანებით მიგვიყვანა ჰაუსამდე და ტექნომდე. პირველი ჰაუს-ტექნო დიჯეებიც, სწორედ 70-ის დისკო დიჯეები იყვნენ. ყველაზე საინტერესო კი აქ მუსკალურად არის ის, რომ ამ დიჯეებმა, საკუთარ სემპლ მასალებად გამოიყენეს ის მუსიკა, რომლითაც სწორედ დისკომ გამოკვება 80-იანებში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პირველი ჰიპ ჰოპ ჰიტიც Repper’s Delight, სწორედ დისკო კომპოზიციაზე(Good Time) აწყობილი ტრეკია. 

საკლუბო საცეკვაო მუსიკა დისკოს შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრჯერ, უამრავჯერ ტრანსფორმირდა, სრულიად გაქრა სასიმღერო ფორმატი და მელოდია, შეიცვალა საუნდი. ეს ელექტრონული მუსიკალური ტექნოლოგიების განვითარებამ და, შესაბამისად, სემპლინგ ლუპინგის ტექნიკამ მოიტანა, მაგრამ მთავარი ბაზისი - ბას ბითი, რითმი, როგორც პულსაცია და გრუვ-სინკოპა, მუდმივია, რევიზიას ძნელად ექვემდებარება და არა მხოლოდ საკლუბო მუსიკაშია ასე, დისკო, როგორც უკვე მოუხელთებელი ინგრედიენტი, თანამედროვე პოპ მუსიკის ყველა იმ ჟანრში გვხვდება, სადაც სხეული მოძრაობას ითხოვს, ამიტომაც დისკო, ვფიქრობ, უკვე უკვდავია.

ავტორი: გია ხადური