ლიტერატურა

ყველას მეგობარი ჰარი პოტერი

წიგნში პერსონაჟთა გამარჯვების მიზეზი ადამიანური თვისებები თუ მოქმედებებია, როგორიცაა, თანაგრძნობა, მეგობრობა, განათლება, მოხერხება, გაზიარება და სხვა.

აპრილი 29, 2020



როდესაც სრულიად უცნობმა მწერალმა, ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის ამბების წერა დაიწყო, ვერ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, მნიშვნელოვან, საყვარელ და პოპულარულ სახეს ქმნიდა.


©Tom Hayward



ობოლი , ჭკვიანი ბიჭისა და მისი მეგობრების ჯადოსნური ამბავი დღეს ყველამ იცის, ყველასთვის ძვირფასია, ყველას აღაფრთოვანებს და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს.


წიგნების ამ საოცარმა სერიამ ერთგვარი წიგნიერების ელჩის როლი შეასრულა, რადგან ბევრ ისეთ ბავშვს დააწყებინა კითხვა, რომელიც მანამდე არასდროს კითხულობდა. ამ მხრივ, ეს წიგნი ჩემპიონია, ისევე, როგორც ლიტერატურული წარმატების, კრიტიკოსთა გამოხმაურების თუ გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობით. წიგნი 80-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მრავალი ქვეყნის ბავშვებს აღაფრთოვანებს.




მაინც რა არის მისი ასეთი წარმატების მიზეზი? წიგნი ფენტეზის ჟანრისაა, თუმცა მრავალ სხვა ჟანრსაც აერთიანებს, წიგნში ბევრ გამოცანაა, ბევრი დაბრკოლება, სასიყვარულო ამბები, კულტურული წიაღსვლები, იგრძნობა კონტექსტის, ისტორიის, ჟანრისა და კულტურის საფუძვლიანი ცოდნა. მთავარი ისაა, რომ პერსონაჟთა გამარჯვების, წარმატების მიზეზი არა ჯადოსნური ძალა ან ჯადოსნური არსებები არიან, არამედ სრულიად რეალური, ადამიანური თვისებები თუ მოქმედებები, როგორიცაა, თანაგრძნობა, მეგობრობა, განათლება, მოხერხება, გაზიარება და სხვა.


იქნებ ისიცაა წიგნის წარმატების მიზეზი, რომ ავტორმა ზუსტად იცოდა ვისთვის წერდა, აკი, ერთ-ერთი მისი მთავარი რჩევაც ესაა, წარმოიდგინო სამიზნე აუდიტორია:




„პირ­ველ რიგ­ში, თქვენ უნდა წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ვინ წა­ი­კი­თხავს თქვენს წიგნს. ეცა­დეთ თქვე­ნი პოტენ­ციუ­რი მკი­თხვე­ლე­ბის (თუ გყავთ ასე­თი) ჯგუფ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და­აგროვოთ.“



ჰოდა, მან წარმოიდგინა, ბიჭი, რომელსაც სათვალისა და წიგნების კითხვის სიყვარულის გამო დასცინიან, ჭკვიანი, სკოლის საუკეთესო მოსწავლე გოგონა, რომლისთვისაც, რატომღაც არცერთ სამეგობრო წრეში არაა ადგილი, ბიჭი, რომელსაც წიგნების კითხვა არ უყვარს, სამაგიეროდ, შეუძლია მთელი დღე იოცნებოს, იფანტაზიოროს, ათასი რამ წარმოისახოს, ბიჭი ან გოგო, რომელიც მარტოა, მარტოსული, ვერავის უზიარებს თავის აზრებს. ბიჭები და გოგონები, რომლებიც ახალ სამყაროს, ახალ თავგადასავალს, ახალ მეგობრებს და, უპირველესად, საკუთარ თავს ეძებენ.




წარმოიდგინა და ერთმანეთის მიყოლებით შექმნა საოცარი წიგნების სერია: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა „(26 ივნისი 1997), „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ (2 ივლისი 1998), „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ (8 ივლისი 1999), „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ (8 ივლისი 2000), „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ (21 ივნისი 2003), „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ (16 ივლისი 2005), „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ (21 ივლისი 2007).


2018 წლისათვის სერიის გაყიდვებმა 500 მილიონ ეგზემპლარზე მეტი შეადგინა, წიგნმა წარმოდგენელი პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიო ბესტსელერების სიაშიც არაერთხელ შევიდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი მკითხველი აღმოჩნდება ჰარისთან ერთად კინგს ქროსის პლატფორმაზე 9 და ¾, იწყება ახალი, დაუსრულებელი თავგადასავალი, მაგებისა და მაგლების სამყარო, ჯადოსნური ამბებითა და ნამდვილი მეგობრობით სავსე, რომელიც ყველანაირ ბოროტებას ამარცხებს.



© Jim Kay



უამრავი საინტერესო, დასამახსოვრებელი, განუმეორებელი პერსონაჟი, განსაცვიფრებელი დეტალები, წარმოუდგენელი ამბები და მკითხველი, რომელსაც ყოველთვის ელიან დამბლდორის არმიაში...


ჯოან როულინგს, ამ საოცრად ქველმოქმედ მწერალს, ძალიან უყვარს თავისი მკითხველი, მსოფლიოში არსებული გამოწვევების პირობებში, მისი თაოსნობით შექმნილ საიტზე სტუმრობა შეგიძლიათ, სადაც ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო, ათასგვარი გასართობი თუ თავსატეხი დაგხვდებათ. დარჩით სახლში და ჰოგვორტსის სკოლაში!

ავტორი: saba.com.ge