ბიზნესი

სტარტაპი Phubber ახალი გამოწვევის წინაშე

წარმოგიდგენთ აპლიკაცია Phubber-ს, რომლის თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე კომპანიის ალტერნატიული სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობს.

მარტი 21, 2020

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელებამ მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელთათვის ფინანსებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემური საკითხი წარმოშვა, გარკვეულმა დიდმა კომპანიებმა და სტარტაპებმა არასასურველ რეალობასთან მორგება, საკუთარი ბიზნესის ამ გზით გადარჩენა და კიდევ უფრო წარმატებული ფუნქციონირება მაინც მოახერხეს. Hammock Magazine სტარტაპერთან ერთად გაგაცნობთ იმ ქართულ სტარტაპებს, რომლებმაც ამ კრიზისულ სიტუაციაში პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები შეიმუშავეს.


პირველ ინტერვიუში წარმოგიდგენთ აპლიკაცია Phubber-ს, რომლის თანადამფუძნებელ ანანო დოლაბერიძეს კომპანიის ალტერნატიული სამოქმედო გეგმის შესახებ ვესაუბრეთ

ანანო, თითქმის ერთი წელია რაც Phubber არსებობს, როგორ გაჩნდა მისი იდეა და რას გულისხმობს თქვენი მომსახურება?

Phubber-ის იდეა საზღვარგარეთ არსებული მისი ანალოგიური აპლიკაციებიდან წამოვიდა და დაახლოებით ერთი წლის წინ, 22 მარტს განხორციელდა.


Phubber-ი მობილური აპლიკაციაა, სოციალური მედიისა და შოპინგ პლატფორმის მიქსი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. როდესაც გამყიდველი აპლიკაციაში ნივთს ატვირთავს და ნივთი გაიყიდება, ჩვენი გუნდის წევრი მას უკავშირდება, ნივთი სრულიად უფასოდ მოგვაქვს ჩვენთან ოფისში, შემდეგ ხარისხის კონტროლის ექსპერტები ამოწმებენ, ადგენენ მის ავთენტურობას, ამოწმებენ ნივთის მდგომარეობას და სხვადასხვა მახასიათებლებს, იმისთვის რომ მისი რეალური მდგომარეობა აპლიკაციაში ატვირთულ ფოტოს დაემთხვეს, თუ ეს ასე მოხდა, ბოლოს ნივთი იფუთება, უფასოდ მიგვაქვს მყიდველთან, გამყიდველს კი შესაბამის თანხას ვურიცხავთ.

რას ეფუძნება თქვენი კომპანიის მთავარი კონცეფცია?

Phubber-ის კონცეფცია უფრო მეტად მეორეული ნივთების გაყიდვაზეა დაფუძნებული. მეორეული ტანისამოსის და ცირკულარული მოდის მომავალი დღეს თანამედროვე მსოფლიოში ძალიან აქტუალური საკითხია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მთავარი მიმართულებაც ეს ყოფილიყო.


თუმცა, გარდა ამისა, Phubber ასევე სხვა პატარ-პატარა სეგმენტზეცაა გათვლილი, მაგალითად, ქართველი დიზაინერების გასული წლების კოლექციების განყოფილება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თავისი არსით Phubber-ის მთავარ მიმართულებასაც ეხმაურება.


ამ ტანისამოსზე უკვე დახარჯულია გარკვეული სახის ადამიანური თუ ბუნებრივი რესურსი, მას ახლა ვეღარ იყიდი, ამიტომ ასეთ უკვე "გამოუსადეგარ" კოლექციას Phubber-ში მოვუძებნეთ ადგილი და მათი შეძენა ჩვენს აპლიკაციაში 80%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, გვაქვს ვინტაჟური დეპარტამენტი, ავთენტური ბრენდები, More is Love-ისა და Buyers-ის პროდუქციაც, რომლებიც ექსკულუზიურად ჩვენთან ფასდაკლებით არის წარმოდგენილი.

რა იყო ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, მაშინ როცა Phubber-ის ბიზნესს იწყებდით?

სირთულე იყო ისეთი აპლიკაციის შექმნა, რომელიც არც უცხო და რთული იქნებოდა ქართველი მომხმარებლისთვის და რომელსაც თან ყველა საჭირო ფუნქცია ექნებოდა.გამომდინარე იქიდან, რომ აპლიკაცია თავიდან ბოლომდე ჩვენ დავწერეთ, საკმაოდ რთული იყო UX/UI მიმართულებებით მუშაობა.


ასევე სირთულეს წარმოადგენდა იმ პროცესის დალაგება, რომელიც ნივთის გამყიდველიდან მყიდველამდე მიტანას გულისხმობს. თავდაპირველად რთული იყო იმის წარმოდგენა, როგორ შევამოწმებდით ნივთის ავთენტურობას, მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში არც ამგვარი სერვისი არსებობდა და არც კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ მიმართულებით რჩევებს და რეკომენდაციებს მოგვცემდნენ.


თუმცა, საბოლოოდ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თავადვე შევძელით და დღეს უკვე ცალკე მაღალკვალიფიციური გუნდი გვყავს ხარისხის კონტროლისთვის გამოყოფილი, იმდენად, რომ 7000-მდე გაყიდული ნივთიდან მომხმარებლის მხრიდან ერთი შენიშვნა და პრეტენზიაც კი არ მიგვიღია. თუმცა თავიდან გვეგონა, რომ რთული იქნებოდა ამის მიღწევა, რადგან ნივთი ჩვენ არ გვეკუთვნის. საფრთხილოა, ისე მიიღო და შემდეგ მყიდველამდე ისე მიიტანო, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. თუმცა პირველივე დღეებიდან, მაშინ როცა სატესტო რეჟიმში 10 დღეში 10 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, დღემდე იმხელა ნდობა გამოგვიცხადეს მომხმარებლებმა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. ვფიქრობ, სწორედ მათმა დამოკიდებულებამ გაამარტივა ის პროცესი, რასაც სხვა შემთხვევაში ალბათ ბევრად მეტი დრო და ენერგია დასჭირდებოდა.

Phubber-ის აპლიკაცია მომხმარებლისთვის სერვისის გაწევას ისედაც ონლაინრეჟიმში გულისხმობს, თუმცა კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებამ და შეიძლება ითქვას, იძულებითმა დისტანციურმა რეჟიმმა კომპანიებს შიგნით ბევრი წინააღმდეგობა და პრობლემა გამოიწვია. როგორ ადაპტირდით ამ ახალ გამოწვევასთან, Phubber-ის შემთხვევაში რა წინააღმდეგობებმა იჩინა თავი?

აპლიკაცია დისტანციურია და ონლაინსივრცეში ფუნქციონირებს, თუმცა რეალურად ჩვენი გუნდი ოფისში მუშაობდა. როგორც აღვნიშნე, ცალკე გვყავს ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის გუნდები, ყველა შეკვეთა ოფისში მოდის და ადგილზე მოწმდება, ამიტომ ჩვენი თანამშრომლების ოფისში ფიზიკურად ყოფნა საჭირო იყო, თუმცა არსებული გარემოებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავსულიყავით.


ოფისში მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს, რომლებიც ნივთებს დეზინფექციას უტარებენ, ვინაიდან ნივთები ფიზიკურ პირებს ეკუთვნის და თითოეული მათგანი მათი გარდერობიდან მოდის, ამ პირობებში ვფიქრობთ, რომ დეზინფექცია აუცილებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება, მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში, როცა რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ამიტომაც მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში და ამიტომაც მოწმდება ხარისხი დისტანციურად, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი გუნდისთვის, რომელმაც ამ საქმეში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. 

მოგვიყევით, ახალ რეალობაში როგორია Phubber-ის მუშაობის ალტერნატიული სქემა...

როგორც აღვნიშნე, ორი თანამშრომლის გარდა, ჩვენი გუნდის ყველა წევრი დისტანციურად მუშაობს. გარდა იმ კრიტერიუმებისა, რასაც ხარისხის კონტროლის შემოწმებისას ვიყენებთ, ამ პირობებში, გამყიდველი სპეციალურ კითხვარსაც ავსებს და ისეთ დეტალებს უთითებს, რომლებიც აპლიკაციაში შეიძლება გამორჩეს ან არ იფიქროს, რომ მნიშვნელოვანია.


შემდეგ უკვე მათი მხრიდან ფოტოებისა და საჭიროების შემთხვევაში, ვიდეობის მოწოდება ხდება, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ძვირად ღირებულ ბრენდებს ეხება, ვთხოვთ, რომ ისეთი დეტალების ფოტოებიც გამოგზავნონ, როგორიცაა, მაგალითად, ნაკერი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს პროცესს დროში უფრო წელავს, იმიტომ რომ ჩვეულებრივზე მეტი დრო იხარჯება კომუნიკაციაში.


თუმცა გამყიდველებიც გაგებით მოეკიდნენ და ამ თვითიზოლაციის პერიოდში ყველა ძალიან მონდომებულია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს. მას შემდეგ, რაც ნივთი ხარისხის კონტროლს გაივლის, ის სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, იფუთება და მიდის მყიდველთან. ის ადამიანები კი, რომლებიც ოფისში ნივთებს დეზინფექციას უტარებენ, სრული ეკიპირებით - პირბადეებითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილი. მათ არც კურიერთან უწევთ კომუნიკაცია, კართან გვაქვს კალათი, რომელშიც კურიერები მოტანილ ნივთებს ათავსებენ, ასე რომ ეს ადამიანები ერთმანეთს პირდაპირ არც ეხებიან. კურიერებიც აღჭურვილნი არიან სადეზინფექციო ხსნარებით, ხელთათმანებითა და პირბადეებით, ამ კუთხითაც ვცდილობთ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დავიცვათ და ყველაფერი იმ რეკომენდაციების მიხედვით გავაკეთოთ, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს.

ხომ არ დაკვირვებიხართ, როგორი იყო ბოლო დღეებში თქვენი მომხმარებლების აქტიურობა, ხომ არ შემცირდა ან პირიქით - ხომ არ გაიზარდა Phubber-ების რიცხვი?

სიმართლე გითხრათ, რა ტემპითაც აქამდე აქტიურობდნენ, ახლაც ზუსტად ისევე აქტიურობენ. მხოლოდ გუშინ და გუშინწინ იყო შედარებით ნაკლები. ალბათ ეს თვითიზოლაციაში გადასვლის პროცესმა და ცხოვრების სტილის თავიდან ბოლომდე ცვლილებამ განაპირობა, თუმცა ახლა უკვე მგონია, რომ მომდევნო დღეებში გამყიდველებისა და მყიდველების აქტიურობა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ახლა ამისთვის ნამდვილად ყველაზე შესაფერისი დროა.

როგორც ყველასი, ალბათ თქვენი სამომავლო გეგმებიც შეიცვალა…

რა თქმა უნდა გვქონდა სხვადასხვა გეგმა. გაზაფხულზე საზღვარგარეთ გასვლას ვგეგმავდით, ასევე ბევრ სხვადასხვა სახის მარკეტინგულ აქტივობას, თუმცა ამ მომენტში სრულიად მსოფლიოს ინტერესი და სურვილი კორონა ვირუსის დამარცხებისკენ არის მიმართული. იმან, რასაც ვგეგმავდით, მომავალ დროში გადაიწია, თუმცა ჩვენს გუნდშიც ვსაუბრობდით ამაზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რეალურად ნამდვილად უსაფრთხო და კომფორტულია ფაბერზე შოპინგი.


ზოგადად, ბევრს არა, მაგრამ გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს ნივთების გარდერობიდან გადმოლაგება, გადარჩევა, ფოტოების გადაღება და აპლიკაციაში ატვირთვა, თუმცა იმდენად სასიამოვნო და აზარტული პროცესია, აქამდე ვისაც ამის დრო არ ჰქონდა, შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს ეს პერიოდი - ერთი, რომ თავისთავად ძალიან გასართობი და სასიამოვნო პროცესია და მეორეც, როცა შეტყობინება მოგდის, რომ შენი ნივთი გაიყიდა, იმდენად აზარტში შედიხარ და გსიამოვნებს, გინდება, რომ კიდევ უფრო ჩაერთო, ამიტომაც მგონია, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში, ისინი, ვინც Phubber-ში გაყიდიან საკუთარ ნივთებს, დროს უფრო სასიამოვნოდ გაატარებენ და გარშემო არსებულ ნეგატიურ ინფორმაციას ცოტა ხნით მოწყდებიან.




ავტორი: Hammock Magazine