Hamatsuki | სტილისა და სტრუქტურების მიღმა

ფოტო: ლაშა ცერცვაძე

Hamatsuki-ის პირველი მუსიკალური გამოცდილება არც რაიმე სიმღერას და არც კონკრეტული ალბომის მოსმენას უკავშირდება. მუსიკით დაინტერესება მარტივი სურვილიდან წამოვიდა, რომ ჰქონოდა მუსიკალური ცენტრი.

ფოტო: ლაშა ცერცვაძე

„ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდით მუსიკალური ცენტრისთვის ფულს. როდესაც, როგორც იქნა, შევიძინეთ, მე მედგა ოთახში, შემდეგ უკვე ყველგან ვცდილობდი, რომ CD-ები მეყიდა.“

მუსიკით დაინტერესებამ ბევრი ჟანრობრივად მრავალფეროვანი ჩანაწერი მოახვედრა მის კოლექციაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მისი, როგორც მუსიკოსის გემოვნების ჩამოყალიბებას. ასეთ ჩანაწერებს შორის იყვნენ ბენდი The Beatles, Louis Armstrng და 16 კომპოზიციისგან შემდგარი ჯაზ კომპილაცია, რომელიც მკაფიოდ დაამახსოვრდა.

მოგვიანებით, მუსიკის სიყვარულთან ერთად ინსტრუმენტების მიმართ გაუჩნდა ინტერესი: ჯერ პიანინო, შემდეგ გიტარა, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ვერც ერთმა გაიტაცა. 

15 წლის ასაკში პირველად ჰიპ ჰოპი შემოვიდა მის ცხოვრებაში და მუსიკის მიმართ ინტერესის ახალ საფეხურზე ავიდა.

„თავიდან Old School ჰიპ ჰოპი აღმოვაჩინე - NAS, Wu Tang Clan და ა.შ, მოგვიანებით Kanye West მოვისმინე. დღემდე აქტიურად ვუსმენ და ამ ჟანრის მიმართ დღემდე შემრჩა დიდი სიყვარული.“

სწორედ ამ მუსიკის დამსახურებით გაუჩნდა მუსიკის შექმნის სურვილი, რომლის განხორციელებაც Fruity Loops-ში დაიწყო, სადაც ბითების აწყობას ცდილობდა.

„პირველად ჰიპ-ჰოპ ბითების გაკეთება Fruity Loops-ში დავიწყე. ტექნიკურად წარმოდგენა არ მქონდა რა როგორ კეთდებოდა, უბრალოდ ყურით ვცდილობდი რაღაცეები ამეწყო.“

გამორჩეული მოგონებაც და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენაც სწორედ ჰიპ-ჰოპ ჟანრში შექმნილ ალბომს უკავშირდება - Kendrick Lamar - Untitled Unmastered.

,,როდესაც პირველად ჩავრთე Genelec-ების მონიტორები ჩემს ოთახში, პირველი ალბომი, რასაც მოვუსმინე Kendrick Lamar – Untitled Unmastered იყო. იმდენად განსაკუთრებული განცდა დამეუფლა, რომ, ალბათ, ზედიზედ 5-ჯერ მაინც მოვუსმინე. დღემდე ძალიან მიყვარს და დღემდე იგივე ემოციებს აღძრავს ჩემში.“ 

მოგვიანებით, ძალიან დიდი გავლენა იყო Route8-ის მუსიკაც. შემთხვევითი არ არის, რომ ჰიპ-ჰოპის მიდგომა DIY (Do It Yourself), გააზრებულად თუ გაუზრებლად, პროდაქშენშიც გადავიდა. პირველი ნამუშევრები ჟღერადობით 2010-იანებში გავრცელებულ Lo-Fi House კლასიფიკაციაში ჯდება. 

Lo-Fi House თავისი იდეით, სწორედ მინიმალური რესურსების გამოყენებით შექმნილი მუსიკაა, რომელიც ერთის მხრივ სოციალური და კულტურული პასუხი იყო იმდროინდელ მუსიკალურ ტრენდებზე. მიდგომის მიღმა, ხშირად სახელებიც იქცევდა ყურადღებას - DJ Seinfeld, Ross From Friends, Route 8, DJ Boring და ა.შ. ამგვარ მუსიკაში სემპლები ხშირად იმავე პრინციპით იყო გამოყენებული, როგორც ეს ჰიპ-ჰოპში გვხვდება.  

ერთ-ერთი ინტერვიუში DJ Seinfeild ამბობს - „ძალიან მომწონს თავისუფალი მიდგომა, რომელიც ამ ჟანრში მოღვაწე ახალ მუსიკოსებს აქვთ.’’

ფოტო: ლაშა ცერცვაძე

ამ მუსიკისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი მისი გავრცელების მთავარი არეალი იყო - Youtube. Hamatsuki-ის ერთ-ერთმა პირველმა ნამუშევარმაც სწორედ ასე მოიპოვა პოპულარობა, როდესაც ერთ-ერთ ცნობილ Youtube არხზე გამოჩნდა. 

„თავიდან ცოტა ინფორმაცია მქონდა და რაღაც ბუნებრივად მოხდა, რომ მაგ ჟღერადობის მუსიკა გამოვიდა. წლების მერე მიდგომაც და ხედვაც შემეცვალა, რა თქმა უნდა. პირველი ალბომი ისე გამოვუშვი, რომ ეკვალაიზერის ნორმალურად გამოყენებაც არც ვიცოდი.“

პირველმა ოფიციალურმა ნამუშევარმა “Uncertain Loops” დღის სინათლე 2017 წელს იხილა, პოლონურ ლეიბლ GASP-ზე. მას შემდეგ, მისი მუსიკა კიდევ სხვა რამდენიმე ლეიბლზე გამოცა - 13th Hour Records, Sensu და Horoom. 

„ახლა უკვე მუსიკასაც სხვანაირად ვუსმენ. ვცდილობ, ყველაფრიდან ავიღო რაღაც დეტალები. ისევე როგორც პროდაქშენის ნაწილში, ვცდილობ, რომ ბევრნაირი მიდგომა და ჟღერადობა ვცადო. მინდა, რომ ჩემს გაკეთებულ ნამუშევრებს სხვადახვანაირი სტრუქტურა და სტილი ჰქონდეს. ალბათ, ეგ არის ახლა მთავარი მიზანი.“

მისი პირველი სასცენო დებიუტი ერთ-ერთ Horoom Night-ზე შედგა, მეგობართან ერთად შექმნილი პროექტით Slime Quest. როგორც თავად იხსენებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო და კარგად გაანალიზა, რომ მსმენელის წინაშე დაკვრა მუსიკოსისთვის საერთოდ ახალი გამოწვევა იყო. 

„ძალიან განსაკუთრებული საღამო იყო, ეგეთი ძალიან ცოტა, ან საერთოდ არ ყოფილა. მახსოვს, ძველი ლეპტოპით ვუკრავდით ლაივს და ძალიან ვნერვიულობდი. მეშინოდა, შუა დაკვრის დროს არ გათიშულიყო. ისე დაემთხვა, რომ ბოლო ტრეკის დასასრულს მაინც გაითიშა. ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური გამოცდილებაა ჩემს მეხსიერებაში.“

მისი თქმით, კლუბის სივრცეში დიჯეინგის გამოცდილება ერთგვარ პორტალის გახსნას ჰგავდა და მას შემდეგ, საცეკვაო მოედანს მისტიურობა დღემდე არ დაუკარგავს. 

როგორც მუსიკის შექმნის პროცესში, ისევე დიჯეინგში, მრავალფეროვნება და სხვადასხვანაირი ჟღერადობების შერწყმა, მიდგომის ძირითად ნაწილს შეადგენს.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, როცა ბევრი სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ისე შეგიძლია გამიქსო, რომ ერთი დიდი მუსიკალური მოგზაურობა იყოს.“

მოგვიანებით, Horoom-ის რეზიდენტიც გახდა, იმ სივრცის, რომელიც გულრწფელად უყვარს, რომელმაც დაკვრა კიდევ უფრო მეტად შეაყვარა და უამრავ ადამიანთან დააახლოვა.

თუმცა, თავს ყველაზე თავისუფლად მაინც მუსიკის კეთების დროს გრძნობს. განსაკუთრებით იზიდავს ის სპონტანურობა, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან. სპონტანურობასთან ერთად, ძლიერია ის ინტერესი, თუ როგორ სახეს მიიღებს საბოლოო ნამუშევარი. საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისს საკმაოდ დიდი გავლენა მიუძღვის მასზე და მის მუსიკაზე.

„თბილისი მეტად სევდიანი ქალაქია და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გარემომ ადამიანზე გავლენა არ იქონიოს შემოქმედებითი კუთხით. ალბათ, ბუნებრივიც არის, როცა ჩემი ნამუშევრებიც ეგეთი გამოდის, რადგან აქ ვცხოვრობ და ისედაც, მომწონს მელანქოლიური განწყობა მუსიკაში.”

Hamatsuki ახლა Swing Festival-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და პროცესის ორგანიზებაშია ჩართული. იმედი აქვს, რომ ფესტივალი მსმენელისთვისაც და არტისტებისთვისაც ერთნაირად სასიამოვნო იქნება. 

„ყველაზე მეტად რაც მხიბლავს მუშაობის პროცესში, არის ის ფაქტი, რომ შეგვიძლია ყველა დეტალი ისე გავაკეთოთ, როგორც ჩვენ გვინდა - მაქსიმალურად წამოვწიოთ წინ ქართველი არტისტები, უფრო მეტ ადამიანს მივცეთ სცენა. მუშაობის დროს, არც ერთხელ არ ყოფილა ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც მეტი სარგებლის მიღების მიზნით რაიმეს დაზოგავდა. დარწმუნებული ვარ, მსმენელი ძალიან კარგად გრძნობს ამას.“

ყველაზე მეტად სტუდიაში ყოფნა ენატრება და როგორც მონატრებულ ადამიანთან, ისე სურს მუსიკასთან მალე შეხვედრაც.

პანდემიის პირველმა თვეებმა საკმაოდ რთულად გაიარა. გარდა ფინანსური სირთულისა, ავარიაშიც მოყვა და „პანდემიაში პანდემია დაემატა“. 

„მუსიკაში ყოფნა მაკლია ახლა ყველაზე მეტად. ძალიან რთულად გავიარე პანდემიის საწყისი პერიოდი. პროდუქტიული საერთოდ ვერ ვიყავი, ვერც მუსიკის კეთებას ვახერხებდი. როდესაც ფინანსური სირთულეები დაემატა, ინსტრუმენტების გაყიდვაც კი მომიწია. ავარიის შემდეგ, თვეები რომ ვიწექი, ემბიენთ ალბომი გამოვუშვი, რომელიც თითქოს ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობას აღწერდა. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი ვნების დასაკმაყოფილებლად. ბევრი რამე გადავაფასე და ვფიქრობ, რომ ყოველდღიურობაშიც შევიცვალე. ახლა ყველაზე მეტად ველოდები, როდესაც დავჯდები და ამ ყველაფერს მუსიკაში გადმოვიტან.“

ფოტო: ლაშა ცერცვაძე

მუსიკოსი იმედოვნებს, რომ კლუბები მალე გაიხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სფეროს და კულტურის გაკომერციულება ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ მისი შეჩერება რთული იქნება. 

„მგონია, რომ თუ კლუბები არ გაიხსნება, საერთოდ დაგვავიწყდება როგორი იყო მანამდე ყველაფერი. ღია ცის ქვეშ საღამოები, ალბათ, ვერასდროს შეცვლის ბეტონს. არ მინდა, რომ დიდმა კომერციალიზაციამ შეცვალოს ეს კულტურა, როგორც მსმენელის, ისე მუსიკოსის თვალსაზრისით.“ 

30 ივლისს Hamatsuki Swing Festival-ზე სხვა ადგილობრივ არტისტებთან ერთად TSA სცენაზე დაუკრავს. 

ავტორი: Ash