კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
ჰუნი საკმაოდ დიდი სტაჟის მქონე, გამოცდილი დიჯეია, რაც ბოლო წლებში მის დამსახურებულ პოპულარობაზეც აისახა. 19 წლის იყო, როდესაც ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და დიჯეინგი ჰიპ-ჰოპის დაკვრით დაიწყო. 2000-იანების დასაწყისიდან მუშაობდა ბერლინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფირფიტების მაღაზია Soul Trade Records-ში, სადაც ათასობით ჩანაწერის მოსმენით საკმაო მუსიკალური ცოდნაც დააგროვა.
უკანასკნელ წლებში, ჰუნი ამსტერდამში ცხოვრობდა, სადაც Rush Hour-ის ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი პირველი ალბომი Hunch Music და კომპილაცია Hunchin’ All Night. ასევე, მისი კურატორობით გამოიცა იაპონელი ლეგენდის, Soichi Terada-ს ევროპული სადებიუტო ალბომი Sounds from the Far East.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჰუნის ერთობლივი დიჯეი სეტები ლეიბლის ხელმძღვანელ Antal-თან ერთად, რამაც დიდად იმოქმედა ორივეს მზარდ პოპულარობაზე.
ჰუნის დიჯეი სეტებს ჟანრების მონაცვლეობა ახასიათებს. მას დიდი ოსტატობით შეუძლია შეათავსოს დისკო, ფანკი და სოული ჰაუსსა და ტექნოსთან.
შეიძლება ითქვას, რომ ჰუნის წვლილი უდიდესია, რომ ასეთი მრავალფეროვანი მუსიკა დღეს ფესტივალების დიდ სცენებზე ხშირად იკვრება და გამონაკლისი არც 4GB იქნება.
ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი
გარეკანის ფოტო: Crack Magazine