კულტურა ბიზნესი

ყველას თავისი „აქ და ახლა“ აქვს

აგვისტო 06, 2020

აქ და ახლა რამდენი რამ შეიძლება იყოს?


როგორ ხარ, რაზე ფიქრობ, რა გიხარია, რა შთაგაგონებს, რას ელოდები, რა გაშინებს, რისი გწამს.


აქ და ახლა არის ყველაფერი, რისი შეცვლაც შეგიძლია.


ცვლილებებამდე კი დიდ ინტერესს, სიცოცხლის წყურვილს, ბუნებასთან მეგობრობას, ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერებას და პროფესიის სიყვარულს მივყავართ.



სამი თვის განმავლობაში ჩატარებულმა თორმეტმა შეხვედრამ მწერლები, რეჟისორები, მუსიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, მსახიობები და ფოტოგრაფები გააერთიანა.


შეხვედრის მოდერატორები - მწერლები ნესტან-ნენე კვინიკაძე, ტორესა მოსი, დათო ტურაშვილი; მუსიკის ჟურანლისტი კახა თოლორდავა და მთარგმნელი ლანა კალანდია იყვნენ.


ლაივ-სესიები აქ.ახლა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო და პირველი შეხვედრების სტუმრები მწერალი ნინო ხარატიშვილი და ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია იყვნენ. ისინი გვიამბობდნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მონაპოვრის - დამოუკიდებლობის - შესახებ და იმაზეც, რომ მისი შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა.

აქ.ახლა, გოგი ხოშტარია - საქართველოს დამოუკიდებლობა



აქ.ახლა, ნინო ხარატიშვილი - ქართული ლიტერატურა

ახალ დროში ჩაფიქრებისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის  საუკეთესო შესაძლებლობა გაჩნდა: ძლიერი შეგრძნებები და დიდი დრო. ლაივ-სესიების მესამე სტუმარი პოეტი ბესიკ ხარანაული იყო.

აქ.ახლა, ბესიკ ხარანაული - პოეზია

ეს გაზაფხული აღმოჩენების გასაკეთებლად და პროფესიულად განსავითარებლად მნიშვნელოვანი პერიოდი იყო მუსიკოსებისთვისაც. საკუთარ თავზე სამუშაოდ გამოიყენა დრო  პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ჟურნალისტ კახა თოლორდავას ამსტერდამიდან ესაუბრა.

აქ.ახლა, ბექა გოჩიაშვილი - იმპროვიზაცია

თითქმის 2 თვის განმავლობაში ახალ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, სწორედ თავის მომავალ და უკვე გამოსულ ფილმებზე ისაუბრა მან ნესტან-ნენე კვინიკაძესთან დიალოგისას. 

აქ.ახლა, ლევან კოღუაშვილი - ქართული კინო

ძალიან ცოტაა თემა, რომელიც მუდმივად აქტუალური და საინტერესოა საზოგადოებისთვის, სწორედ ასეთია გალაკტიონი და მისი შემოქმედება, რომელიც პოეტის ერთგულმა მკვლევარმა და პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ, ტორესა მოსთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენა.  

აქ.ახლა, ვახტანგ ჯავახაძე - გალაკტიონი

როგორ უნდა გახდე ფოტოგრაფი, რის სწავლა შეიძლება ამ პროფესიაში, რა არის კონტექსტი და რამდენად განასხვავებს ის ორ იდენტურ ფოტოს - ვიზუალური მეხსიერების არსსა და მნიშვნელობაზე საქართველოს უახლესი ისტორიის მამეტიანე, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი გვიამბობს. 

აქ.ახლა, გურამ წიბახაშვილი - ვიზუალური მეხსიერება

ირაკლი კვირიკაძე დამწყები მსახიობია, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს. ის უკვე გადაიღეს რამდენიმე საერთაშორისო ფილმში და ნესტან-ნენე კვინიკაძესთან დიალოგში სწორედ იმ ცოდნასა და უნარებზე საუბრობს, რომელიც დღეს მსოფლიო კინო-ინდუსტრიაში მოხვედრის მსურველ ახალგაზრდა არტისტს უნდა ჰქონდეს.

აქ. ახლა, ირაკლი კვირიკაძე - ქართული კინოს ახალი თაობა

ნანა ექვთიმიშვილი უკვე გამოცდილი რეჟისორი და მწერალია, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. ის, როგორც რეჟისორი ფილმებით „გრძელი ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გახდა პოპულარული და კვლავ აგრძელებს ქალებზე, მათ სათქმელზე და საზოგადოებრივ როლზე ფიქრს. 

აქ.ახლა, ნანა ექვთიმიშვილი - გრძელი ნათელი დღეები

აქ და ახლა არის დრო, როცა ნამდვილი მეგობრები, რომლებმაც ერთმანეთი  20 წლის წინ, აიოვაში გაიცნეს, მწერლები ეთგარ კერეთ თელ-ავივიდან და დათო ტურაშვილი თბილისიდან, „შემოქმედებით წერაზე“ საუბრობენ.

აქ. ახლა, ეთგარ კერეთი - შემოქმედებითი წერა

ნინო კასრაძე მრავალწლიან გამოცდილებაზე  დაყრდნობით,  მსახიობის პროფესიაზე, კინოსა და თეატრს შორის განსხვავებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანის უფლებებებისთვის ბრძოლაში პოეზიის მნიშვნელობაზე მსჯელობს.

აქ. ახლა, ნინო კასრაძე - ხელოვანი თანამედროვე სამყაროში

ლაივ-სესიების სერია ნობელის პრემიის ლაურეატ, პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას მთარგმნელ ლანა კალანდიასთან საუბრით სრულდება. სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი, რომელსაც მსოფლიო ბესტსელერები ეკუთვნის, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და ამჯერად თანამედროვე პოლიტიკას, კულტურას და ლიტერატურას მიმოიხილავს. 

აქ. ახლა, მარიო ვარგას ლიოსა

თუ ყველა ამ შეხვედრას მოუსმენთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ახალი ინტერესი, აღმოაჩენთ ადამიანებს და იდეებს, რომელსაც ჯერ არ იცნობთ და დაფიქრდებით, რა შეიძლება შეცვალოთ უკეთესობისკენ.

აქ და ახლა. 


ავტორი: მაშო სამადაშვილი