მუსიკა | ცა

ჩაწერილია Gvaji-ის მიერ, Leno Records-ში

Tsa.Music

ივლისი 03, 2021

ინგლისურში არსებობს ტერმინი „Unsung Hero”, რომელიც ისეთ პიროვნებას გამოხატავს, რომელმაც სხვადასხვა მიმართულების განვითარებასა და წინსვლაში მნიშვნელოვანი, თითქმის გმირული როლიც კი შეასრულა, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან მისი აღნიშნული თავდადება და შრომა ხშირად შეუმჩნეველი და სათანადოდ არ/ვერ შეფასებული დარჩენილა.

მსგავსი გმირებით სავსეა ქართული მუსიკის ისტორიაც და მხოლოდ დღეს თუ იწყება ამ ადამიანების ხელმეორედ აღმოჩენა და მათი მოღვაწეობის დაფასება. ხშირად, მუსიკის ამ პერსონაჟების პროფესიული ენერგია კულისებს მიღმა იღვრებოდა და ამიტომაც, საბოლოო მუსიკალურ ნაწარმზე დაკვირვებისას და მოსმენისას რთული ხდება მათი როლის შემჩნევაც.

ჩვენი დღევანდელი სტუმარიც აღნიშნულ ლეგიონს მიეკუთვნება, თუმცა სხვებისგან განსხვავებით ჩვენი თანამედროვე და ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაცაა.

გიორგი გვარჯალაძე, რომელსაც მუსიკალურ სამყაროში გვაჯის სახელით იცნობენ, ბოლო 20 წელია ქართული მუსიკის თანამედროვე ხმოვანებასთან არის ასოცირებული. სწორედ მის მიერაა ჩაწერილი ამავე პერიოდის მნიშვნელოვანი, თითქმის ყველა მუსიკალური აქტი, აკუსტიკური ბენდი თუ ალბომი. თუმცა, ჩაწერა მხოლოდ ნაწილია იმ გრძელი და შრომატევადი პროცესისა, რომელსაც მუსიკალური ნაწარმოები საბოლოო, შეფუთულ, გასაყიდ პროდუქტად ტრანსფორმაციამდე გვაჯის სტუდიაში გადის.

სტუდია რომელიც ვახსენე დღეს „Leno Records-ის სახელითაა ცნობილი და კინოსტუდია ქართული ფილმის შენობაშია მოქცეული.

ადგილი, რომელიც რამდენიმე ათეულ წლებს ითვლის და საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული კინოწარმოებას ემსახურებოდა, გვაჯის აქტიურობის და ინიციატივის შედეგად, 2000-იანი წლების მეორე ნახევარში არ დაანგრიეს და კვლავ ქართული მუსიკის სამსახურში დატოვეს.

ეს საქართველოში დღემდე ყველაზე დიდი და თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდიაა და იგი დღეს ლენოს სახელს ატარებს - ადგილი, რომელიც პერსონალურ ტკივილს, თუმცა ამავე დროს დიდ ცვლილებებს, გეგმებსა და ოპტიმიზმს განასახიერებს. გვაჯის მომავალი წლების მისიაც სწორედ ეს არის - ბევრი ხარისხიანი ქართული მუსიკალური პროდუქტი “Leno Records“-ის წარწერით გამოვიდეს.

პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება.

გიორგის ოჯახში მუსიკას პროფესიურად არავინ უდგებოდა, თუმცა დედის მხრიდან, თითქმის ყველა სამოყვარულოდ მღეროდა, ამავე დროს ბებია და დიდი ბებიაც უკრავდნენ გიტარაზე, რომელთა წყალობით და გავლენით, ბავშვობაში თავადაც ისწავლა აკორდების აღება და მარტივი ქართული სიმღერების შესრულება. პირველ დრამ-სეტსაც ბაღის ასაკში, სწორედ ბებიის საკომისიო მაღაზიაში შეავლო თვალი.

„პირველი მუსიკა, რომელიც მახსენდება ფირსაკრავიდან გაგონილი „ლალები“ იყო, ნახევრად გამჭირვალე, დრეკად, Flexi ფირფიტაზე. იმ პერიოდში ვსწავლობდი ფირსაკრავზე ნემსის დადებას, პარალელურად ბაბინებზე მქონდა ჩელენტანოს ალბომი, რომელიც შემეძლო წამეშალა და ოთხ არხიან ბაბინაზე სხვა რამ ჩამეწერა.“

განსხვავებული მოზარდობა და

მუსიკით დაინტერესება.

14 წლის ასაკიდან უკვე მარტო ცხოვრობდა და შესაბამისად, მის დღის რუტინასაც არავინ აკონტროლებდა. ძირითადად, ამ დროს სახლში მუსიკის მოსმენით და დაკვრით იყო დაკავებული - 90-იან წლებში, თბილისში არსებული ევროპული სატელევიზიო არხების, “Super Channel”-ისა და Viva Zwei-ის მეშვეობით, მოისმინა რა „UNKLE”, რედიოჰედი და იმ პერიოდის ინდი მუსიკა, თავადაც მუსიკით აენთო და პარალელურად მოსმენილი მუსიკის ჩაწერას ცდილობდა.

„მაგნიტოფონს ვშლიდი და ასე ვერკვეოდი, თუ რისგან შედგებოდა მთლიანი მექანიზმი. ასევე, მქონდა ვიდეო მაგნიტოფონი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ძებნის და Hi-Fi სტერეო ფუნქცია. ამ მაგნიტოფონს უერთდებოდა მიკროფონი, რომელზეც ჩემთვის, ექსპერიმენტულად ვცდილობდი ჩაწერას. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ძალიან გვიან გავაანალიზე, რომ ეს ჩაწერის პროცესის შესახებ ჩემი პირველადი მოგონებებია.“

გერმანული გამოცდილება.

პირველი გიტარა ბიძის ხის საამქროში თავად დაამზადა, თუმცა მალევე მოუწია გერმანიაში წასვლა, სასწავლებლად, მოგონილი მიზნით - თუმცა საბოლოო ჯამში, ამ პერიოდმაც უფრო გააღრმავა მისი და მუსიკის კავშირი - საქართველოში, ახალი ქარხნული ინსტრუმენტებით, აპარატურითა და მოსასმენი დისკებით დაბრუნდა.

„არასდროს  მიფიქრია, რომ მუსიკა დროებითი ჰობი იყო, გიტარის გამოთლა როცა დავიწყე, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც მომავალში მინდოდა. გერმანიაში ბევრ ადგილზე ვმუშაობდი, მათ შორის ერთ-ერთი კინოთეატრის მშენებლობაზე და პირველად იქ ვნახე, რეალურად როგორ იქმნება აკუსტიკა და მთელი ეს აუდიო/ვიზუალური გამოცდილება.“

Overbalance და შეხვედრა

ირაკლი ჩარკვიანთან.

გერმანიაში წასვლამდე  გაიცნო ახლად ჩამოყალიბებული ბენდის, „Overbalance“-ის ბასისტი, იპოლიტე ხვიჩია (ბაკუნა), რომელმაც თავის მხრივ გვაჯის ბენდის ვოკალისტი, გიგა მიქაბერიძე გააცნო. ამ კავშირს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მოჰყვა ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის გავლა თავად ირაკლი ჩარკვიანთან მოუწია - ეს ის დღე იყო, როდესაც ცნობილი ჰიტი, „საქართველო“ პირველად შესრულდა.

„ირაკლი იყო, ვინც პირველად დამაყენა დიდ სცენაზე. კარგა ხანი ვუკრავდით ერთად სხვადასხვა კონცერტზე: ბოტანიკურ ბაღში, ფილარმონიასა თუ ვაკის პარკში - თუმცა, არცერთი მოვლენის ფოტო/ვიდეო ჩანაწერი დღემდე არ გამაჩნია. მალე „Overbalance“ ბასისტმა დატოვა და ბას გიტარაზე მე გადმოვერთე. თუმცა, ამანაც არ გასტანა დიდხანს და ჯგუფი, სხვადასხვა მიზეზების გამო დაიაშალა. ჩემი და გიგას ურთიერთობა შემდეგაც გაგრძელდა და მისი შემდგომი ჩანაწერებიდან ზოგი ჩემთანაა ჩაწერილი.“

„როგორ მივიღო უკეთესი ხმა?" სტუდიური

ჩაწერის პროცესი.

Overbalance-ში მოხვედრის შემდეგ, ვინაიდან იმ პერიოდში არსებული ჩანაწერების ხარისხი მისთვის და ჯგუფისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო, გვაჯი უფრო მეტად ინტერესდება თავად ჩაწერის პროცესით, რათა მთავარი მიზანი - ჩანაწერის სისუფთავე დასავლურ მუსიკალურ ჯგუფებისთვის მიემსგავსებინათ - მალევე მიეღწიათ.

„პირველად დრამერ თემურ ნიკოლაიშვილთან, სახლის სტუდიაში, 8 არხიან მაგნიტოფონზე ჩავწერეთ,  რომელიც იმ დროის თბილისისთვის რევოლუციური მეთოდიც კი იყო - აქვე შეიქმნა ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია „მე რაღაცა მაქვსო“. მეორე მცდელობა კი პავკა კვაჭაძესთან გვქონდა, სადაც უკეთესი ჩანაწერი გამოგვივიდა და დავასრულეთ „ქალები“, სადაც ბასზე ვუკრავ.”

16 არხიან მაგნიტოფონზე ჩაწერის შემდეგ გვაჯი, გარდა იმისა, რომ ჯგუფში უკრავს, არაფორმალურად ჯგუფის ხმის ინჟინერიც ხდება - ინტერესდება იმით, თუ რა არის საჭირო უკეთესი ხმის მისაღებად, პირველ რიგში, რა თქმა უნდა უკეთესი ინსტრუმენტების არსებობის აუცილებლობით იწყებს.

პირველი ჩანაწერები გვაჯის სტუდიიდან.

2000-იანების დასაწყისში, გვაჯის სტუდიაში იმ პერიოდის თბილისში საუკეთესო აპარატურა მოიძებნებოდა - 3 ქარხნული გიტარა, რომელიც გერმანიიდან ჩამოიტანა, კომბები, რომლებსაც ინსტრუმენტის ხმის ცვლილება შეეძლოთ და თითქმის მთელი ქალაქი მას იყენებდა - რაც მთავარია, 1999 წელს მის ცხოვრებაში, პერსონალური კომპიუტერის სახით ახალი „მეგობარი“ გამოჩნდა. სახლის გარეთ პირველი სტუდია კი მაღაზია „მიფასი“-სთან იყო ასოცირებული, სადაც დედის ფინანსური დახმარებით, პირველი დასარტყამი ინსტრუმენტიც შეიძინა. ამ პერიოდში მასთან თანამედროვე Pro Tools-ის  სისტემაზე ჩაიწერა Young Georgian Lolitaz, Nebo SSSR , ნინო ქათამაძე, Green Mama და სხვა იმ პერიოდის აქტუალური ალტერნატიული მუსიკალური აქტები.

„მე, როგორც ხმის ინჟინრების უმეტესობა, თვითნასწავლი ვარ. ეს ყველაფერი ჩემამდე ძალიან ბევრი ჩაწერის სესიის და ინფორმაციის ძიების შედეგად მოვიდა. ამ დროს შევიძინე ყველაფერი, რაც  სარეპეტიციოში  ნორმალური ხმის მისაღებად მჭირდებოდა და დავიწყე სწავლა, თუ როგორ ჩამეწერა ისე, რომ უცხოურ ჩანაწერთან მიმართებაში, ხარისხში რადიკალური სხვაობა არ ყოფილიყო. ნელ-ნელა ვერკვეოდი პროცესებში - მქონდა Pro Tools, რომელიც როგორც მსოფლიოში ინგლისური, მუსიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ენაა და საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი იყენებდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი დიდი ენერგია და ფინანსური რესურსი დავახარჯე, რომ მუსიკის ჩაწერის პროცესი შესაბამის დონეზე მომხდარიყო.“

Studio One.

„2006 წელს უკვე დავიწყე იმის გაკეთება, რასაც დღეს „Leno Session“-ის სახელით ვაკეთებ. მაშინ მას „Live Sound“ ერქვა და კონცერტები გადაიცემოდა პირველ სტერეოზე, რადიო 1-ზე და  ისტრიმებოდა ინტერნეტშიც. აქ დაუკრეს Young Georgian Lolitaz-მა, String-მა, Jazz Or Cat-მა და სხვა ბენდებმა, პარალელურად წამყვანის ამპლუის მორგებასაც მე ვცდილობდი. ამასობაში  ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტებს, ეს იქნებოდა რეკლამები, კომერციული შეკვეთები თუ სხვა.“

გადმოსვლა კინოსტუდიაში და

ამერიკული თავგადასავალი.

2007/2008 წლების მიჯნაზე, გვაჯის სტუდიამ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე გადმოინაცვლა. აქ არსებული სტუდია დანგრევას სწორედ მისი ინიციატივით გადაურჩა და შედეგად შეიქმნა ადგილი, სადაც სამომავლოდ მსოფლიოში ცნობილი ქართველი შემსრულებლების, ქეთი მელუას, ლიზა ბათიაშვილის, ანიტა რაჭველიშვილის თუ სხვათა ალბომები ჩაიწერება. იმავე პერიოდში კინოსტუდიის ტექნიკური დირექტორობა შესთავაზეს და ახალი გამოცდილების მისაღებად, ამერიკაშიც გაემგზავრა, სადაც NAB-ზე (National Association of Broadcasters) წამყვანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები გაიცნო და შეიძინა ცხოვრებისეული კონტაქტები, რომლებთანაც დღემდე მეგობრობს. შედეგად ამჟამად “Leno Records” Sony Classical-თან და Deutsche Grammophon-თან თანამშრომლობს და მის სტუდიაში ჩასაწერად მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.

„გამოფენებმა მომცა საშუალება, რომ გამეცნო თითქმის ყველა აუდიო/ვიდეო ტექნიკის მწარმოებლის წარმომადგენელი. ამავე დროს ჰოლივუდში ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე ვიმუშავე, სადაც ჩემს გვერდით ოსკაროსანი ადამიანები მუშაობდნენ - მაგალითად ოპერატორი, ვინც „ტერმინატორი“, „ანაკონდა“ და სხვა დიდი ფილმები გადაიღო, ამ გამოცდილებამ ავტომატურად დააინსტალირა ჩემში ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აკეთო საქმე.“

კარგი ხმის ინჟინერისთვის

საჭირო თვისებები.

დღეისთვის, „Leno Records“-ში გვაჯი აუდიო პროდუქციის თითქმის ყველა ეტაპზე ერთვება, ეს იქნება ჩაწერა, მიქსინგი, მასტერინგი, პროდიუსინგი თუ რელიზის ვიზუალური ნაწილის გაფორმება. ბევრ ჩანაწერში უკვე თავადაც უკრავს და მიაჩნია, რომ პროდიუსერის როლი თანამედროვე მუსიკაში  გადამწყვეტია.

„მე უკვე მხოლოდ ხმის ინჟინერი აღარ ვარ, მუსიკალური პროდიუსერიც ვარ. კარგი ხმის ინჟინერისთვის აუცილებელია ჰქონდეს ბერკეტი, ხარისხიანი მუსიკალური ნაწარმის შესაქმნელად. პირველ რიგში ყველა ჟანრის ბევრი მუსიკა, ხარისხიანი აუდიო სისტემიდან და აუდიო ფაილებიდან უნდა ჰქონდეს მოსმენილი. დისციპლინაა საჭირო, რომ ყური არ გაგიფუჭდეს და შეეჩვიო მაღალი ხარისხის, სუფთა აუდიო პროდუქტს. ეს მალევე დაგეხმარება, გაარჩიო კარგი და ცუდი ერთმანეთისგან. დღეისთვის ჩემი ანალიზით ვცდილობ ისე შევცვალო მუსიკის ხმოვანება, რომ მსმენელსაც და თავად შემსრულებელსაც მოეწონოს.“

Leno Records-ის მისია.

90-იან წლებში გამოვლილმა პირადმა და პროფესიულმა სირთულეებმა, გვაჯის ისეთი სივრცის შექმნისკენ უბიძგა, სადაც  ხარისხიანი ქართული პროდუქტის ჩასაწერად, მუსიკოსებისთვის ყველანაირი გარემოება იქნებოდა შექმნილი - მოვიდნენ “ჯიბეში ხელჩაწყობილები”  და და გამოიყენონ სტუდიაში არსებული ყველა რესურსი, იფიქრონ მხოლოდ შესრულებაზე და არ ჰქონდეთ წუხილი და ოცნებები „უკეთესს პირობებზე“ - რაც თავის დროს, გვაჯის და მისი თაობის მუსიკოსებს კარიერის დასაწყისში გააჩნდათ.

„ჩვენ ზრდასრულ ასაკში ხშირად იმაზე ვაკეთებთ ფოკუსირებას, რაც ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში დაგვაკლდა. Leno Records-ის ძირითადი იდეაა, რომ ქვეყანაში ხარიხხიანი აუდიო/ვიზუალური ნაწარმი იშვას. მინდა რომ რაშიც ვერკვევი და რა შესაძლებლობაც მაქვს გამოვიყენო და შევქმნა ბევრი მაგარი მუსიკალური პროდუქტი, რომლებსაც დაამშვენებს წარწერა „Produced At Leno Records.”

Leno Sessions-ის მართონი პანდემიის

პერიოდში.

2006 წელს დაწყებული Live Sound-ის სესიები, 2020 წელს Leno Sessions-ით გაგრძელდა. აღნიშნული პროექტის მიზანი მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ნულოვანი ბარიერის არსებობა და პირდაპირი კომუნიკაციაა. პირველი ღონისძიება პანდემიამდე, მცირე ხნით ადრე, თამარა შავერდაშვილის კონცერტი იყო, სადაც ადამიანების დიდმა დაინტერესებამ შემდეგ ღონისძიებაზე მასშტაბების გაზრდაც გამოიწვია. Loudspeakers-ის კონცერტზე უკვე 400-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა და დასრულების შემდეგ, მსმენელთან კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. პანდემიის რეგულაციების მცირე ხნით შესუსტების პერიოდში, ლენოს სესიებმა ღია სივრცეში, პარკში გადაინაცვლა, სადაც ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მუსიკოსებმა, მცირე ფინანსური სარგებელიც ნახეს, რითაც მათი მოტივაცია და გვაჯის თვითრწმენაც აამაღლა.

„ლენოსთან დაკავშირებული ყველა იდეის გენეზისი მოზარდების დახმარებიდან მოდის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრ მათგანს უარყოფითი ფიქრები, დეპრესია აწუხებს, ხოლო როცა Leno-ს სესიებზე მოდიან, აქ სრულად განსხვავებული აურა ხვდებათ, მუსიკოსები, რომლებიც უყვართ, მზად არიან პირდაპირი კომუნიკაციისთვის და ეს “Dark” ფიქრებიც მალევე ქრება - მსგავსი ტიპის აქტივობა განსაკთრებულად ხელს უწყობს დეპრესიის დაძლევას.”

ხმის ინჟინრების მომავალი თაობა.

უკვე 12 წელია გვაჯი, ძირითადად „შემოქმედებითი განათლების სტუდიაში“ ხმის ინჟინერიას ასწავლის. როდესაც იწყებდა, მსგავსი ტიპის განათლების მიღება საქართველოში შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით კი გამოცდილი ადამიანისგან. პირველი სტუდენტები თორნიკე გველესიანი და ნინო თევდორაშვილი იყვნენ, ამ უკანასკნელს დღეისთვის უკვე ქვეყანაში კინო წარმოების წამყვან ხმის ინჟინრად იცნობენ, ნამუშევარი აქვს რა რენი ჰარლენთან, ენდი გარსიასთან და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე. დღეისთვის უკვე გვაჯის სტუდენტები თავად არიან აღნიშნული ცოდნის გადამცემები, მაგალითად ნიკა და ნაზი ჭავჭავაძეები, რომლებიც CES-ში მის დაწყებულ საქმეს აგრძელებენ.

„კურსის მეორე ჯგუფში უკვე 7 ადამიანი მოვიდა, შემდეგ 10 და ასე გაიზარდა რაოდენობა. დღემდე ჩემთან 500-მდე ადამიანმა ისწავლა, მათი უმეტესობა კი მუსიკოსები არიან და ისინი საკუთარ მუსიკას შესანიშნავად აკეთებენ, არიან რა რჩეულები ქართულ თანამედროვე მუსიკაში: ირაკლი შონია, ბერიკა, Killages-ის და Loudspeakers-ის რამდენიმე წევრი, MokuMoku თითქმის სრული შემადგენლობა და ბევრი სხვა.“

მთავარი პროფესიული პრინციპი.

„მინდა შედეგზე ორიენტირება, როგორც დევიდ ლინჩს აქვს - Learning By Doing. არა უბრალოდ სწავლა, სწავლა და სწავლა, არამედ როცა უკვე უსმენ საბოლოო პროდუქტს და ხვდები, რომ მისია შესრულებულია. საჭიროა მეტი დისციპლინა და მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა. მისია შესრულებულია - სწორედ ეს არის ჩემი მთავარი პროფესიული პრინციპიც. არ არსებობს გამამართლებელი მიზეზები საქმის შეუსრულებლობისთვის, ვინაიდან ამ ინდუსტრიაში, ყველა იმახსოვრებს თუ რისი გამკეთებელი ხარ.“

Leno Records-ის გუნდი და „Partner In Crime.“

„Leno Records“-ში, სხვადასხვა პერიოდში გვაჯის სტუდენტებიც იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც ცოცხალ პროცესში სწავლობდნენ და პარალელურად სხვადასხვა კომერციული შეკვეთიდან ფინანსურ შემოსავალსაც იღებდნენ. ამ ეტაპზე კი სტუდიას მხოლოდ ორი ადამიანი, გვაჯი და მისი მეუღლე მარიკო წარმოადგენენ.

„მარიკო, ალბათ, ის ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ის ჩემი სტუდენტი იყო კონსერვატორიაში და მალევე ჩემი ყველაზე მაგარი თანამოაზრე, განუყოფელი ნაწილი, მეუღლე (ვინც შენთან ერთად მართლა უღელს ეწევა და არა ვისთანაც ხელი მოაწერე) გახდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თითქმის სტუდიაში ვცხოვრობდით და მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთი ადამიანი გყავს გვერდით - დღეს შეიძლება ითქვას, რომ მარიკო არის „Leno Records“-ის დედა.“

მუსიკალური ინდუსტრიის გამოწვევები

საქართველოში.

ქართულ თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაზე საუბრისას, გვაჯი პრობლემას ორივე, მუსიკოსებისა და მსმენელის მხრიდან ხედავს. მისთვის ლოკალური მუსიკალურ სცენის მთავარი გამოწვევად კვლავ მუსიკალური ნაწარმოების პროდუქტად შეფუთვა და მსმენელის მხრიდან ამ პროდუქტში თანხის გადახდაა, რაც საბოლოო ჯამში მუსიკოსების ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფდა და რაც მთავარია, სამომავლოდ მათ ბევრად საინტერესო მუსიკის შესაქმნელად მოტივაციას მისცემდა.

„არავისზე ნაკლები მუსიკალური იდეები არ არის საქართველოში და უნდა  მოხერხდეს მოლაპარაკება, ჩაწერა და ამ იდეების პროდუქტად გადაქცევა. უნდა  შეიქმნას ჯაჭვი და ეკოსისეტმა, სადაც შესაბამისი პირები თავისი შრომისთვის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. მუსიკოსმა უნდა დაუკრას და ამაში მიიღოს შემოსავალი. მე შესაძლებლობა უნდა მქონდეს გადავუხადო მუსიკოსს ფული და შემდგომ, მუსიკალურ პროდუქტზე მუშაობის დროს მათგან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოვითხოვო. ადამიანების ცნობიერებაშია ჩასანერგი, რომ ფული უნდა  გადაიხადონ მუსიკაში, თუნდაც სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე ანგარიშის გახსნით, რომელიც თვეში მხოლოდ 5 ლარი შეიძლება დაუჯდეთ.“

„ძირითადი რეპეტიციიდან“ Leno Records-ის

სამომავლო გეგმებამდე.

როგორც დასაწყისში ავღნიშნე, „Leno Records“-ში, დღეისთვის, ულტრათანამედროვე აპარატურისა და პროფესიონალის მიერ იწერება მუსიკა, ეს კი მხოლოდ გვაჯის სურვილის და აქტიურობის დამსახურებაა, რომელიც მუდმივად, იმ პერიოდისთვის, მსოფლიო ბაზარზე არსებული უახლესი ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებას ცდილობს ქართული მუსიკალური პროდუქტის შესაქმნელად.

მან ზუსტად იცის, თუ როგორ მოახდინოს ჯადოქრობა ცოცხალ ღონისძიებებზე, რათა მუსიკოსებს შორის ცვლილების დროს, დისკომფორტიც მინიმალური იყოს. დღეს მასთან უკვე შესაძლებელია "ვირტუალური საუნდჩექი” - საუნდჩექი კონცერტის წინ მუსიკოსების გარეშე, ანუ მუსიკოსები პირდაპირ კონცერტზე გამოვლენ დასაკრავად - სერვისი, რომელიც საქართველოში სხვაგან ხალმისაწვდომი არ არის. 

„ამჟამად რასაც ვაკეთებ, ეს მხოლოდ  რეპეტიციაა უფრო მასშტაბური მომავლისთვის. მინდა მქონდეს გამართული „ქარხანა“, რომელიც გამოუშვებს ხარისხიან ქართულ მუსიკას და მოაგვარებს ქართველი მუსიკოსების ფინანსურ პრობლემებსაც. როგორც კი ამჟამინდელი შეზღუდვები მოიხსნება, ვაპირებ უფრო გაძლიერებული აუდიო სისტემა  ნებისმიერ ადგილზე დავდგა, გავყიდო ბილეთები, ვასიამოვნო მსმენელი, და მუსიკოსებსაც გავუჩინო შემოსავლის წყარო.  ვაპირებ 50 არიტისტისგან შემდგარი Leno Records-ის კატალოგი დავდო და პარტნიორების დახმარებით მარკეტინგულად შევფუთო.


მინდა ჩემი სტუდიიდან იშლებოდეს ლამაზი ხედი ბუნებაზე, თუნდაც ტბაზე. მინდა იქვე შემეძლოს ღია თუ დახურული კონცერტების ჩატარება. მინდა საკუთარი „გენერატორი“ მქონდეს, არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული და კვლავ ვაწარმოო ყველა ჟანრის, საინტერესო, ავთენტური სამამულო მუსიკალური პროდუქტი.“

ავტორი: ჯაბა შავიშვილი