ლიტერატურა

გურამ გეგეშიძე

"საბა"

მარტი 04, 2020


სტუდენტობის დროს, საბჭოთა ეპოქაში, ჩემნაირი მკითხველისთვის ორი მწერალი იყო ნონკონფორმიზმის სიმბოლო და ორივეს გურამი ერქვა.

ერთი - რჩეულიშვილი, მეორე - გეგეშიძე.

რჩეულიშვილი ნანახი არ მყავდა. მე რომ კითხვა დავიწყე და კარგ მოთხრობებს გემო გავუგე, ის უკვე დაღუპული იყო. გეგეშიძე გვიან გავიცანი, თავადაც რომ მქონდა დაწყებული წერა - მაშინ. ეს დაბალი, ქერა კაცი, რომლის სპორტული აღნაგობა, ძუნწი, სხარტი ჟესტიკულაცია და მწყობრი მსჯელობა დაახლოებამდე, არაერთგზის გასაუბრებამდე მიგახვედრებდა რომ შეუპოვარ, მამაც, მიზანსწრაფულ ადამიანთან იჭერდი საქმეს, დროის უმეტეს ნაწილს წერასა და საქართველოს მივარდნილ, მიყრუებულ კუთხეებში ხეტიალს ანდომებდა.


მისი მოთხრობა "შურისძიება" ძმების, ორი მოზარდის ამბავი, დაწერილი უბრალოდ, ყოველგვარი ლიტერატურული ფოკუსების გარეშე, თავდაყირა აყენებდა ლამის დაუწერელ კანონს იმის შესახებ რომ სამაგიეროს გადახდა აუცილებელია და მხოლოდ ამის შემდეგ რომ გრძნობს შვებას დამცირებული, ღირსებაშელახული ადამიანი...


ეს ის დრო იყო, როცა კარგი მწერლები იგავებისა და მითების საბურველებში ხვევდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, გურამ გეგეშიძე კი, მათგან განსხვავებით პირქუშ რეალობას აღწერდა, ნამდვილ გრძნობებს რეალურ დროში და ამ აღწერით ისეთი მრავალფეროვანი, ზუსტი სურათი იხატებოდა, რომ ყველაფერი, რასაც მის წიგნებში კითხულობდი, საკუთარ გამოცდილებად გარდაისახებოდა...


ეს გამოცდილება მეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას რთულ ვითარებებში და წარმოიდგინეთ, მისი პერსონაჟის წაბაძვით დავიარებოდი ერთხანს შავი შარვალ-ხალათითა და "ბათინკებით", რომანის გმირი ბიჭისა, რომლის თავგადასავალიც ზაფხულის ერთ ცხელ დღეს იწყებოდა მატარებლიდან პატარა ქალაქის სარკინიგზო სადგურში ჩამოხტომით...


"მწერლის უკვდავებაზე ვილაპარაკე, მგონი".



ავტორი: ზაალ სამადაშვილი