გოდერძი ჩოხელი

ბიჭი თეთრი ყვავილით


ეს ამბავი გოდერძი ჩოხელზეა, მწერალზე, რომელმაც პირველყოფილი მთა, ქართული მითოლოგია, ქართული ზღაპრების საკრალური გარემო, სახარებისეული სიბრძნე, სიკეთისა და ბოროტემის მარადიული დაპირისპირება ქართულ მაგიურ რეალიზმად აქცია. როცა გოდერჩი ჩოხელს ვკითხულობ, ყველაზე ხშირად ერთი ქართული ზღაპარი მახსენდება, რომლის გმირიც მზესთან ბედნიერების საძიებლად მიდის. გზად ყველა თავის ამბავსა და საკითხავს აბარებს და სთხოვს, მზისგან პასუხი მოიტანოს. ჰოდა, მისი ეს გმირი მზის საცხოვრისის საძიებლად, ივლის, ივლის, მიაღწევს, ყველა კითხვაზე პასუხს გაიგებს, მხოლოდ საკუთარს ვერ გასცემს პასუხს.

გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა, უფრო ზუსტად, გზად სოფელ ბურსაჭირისკენ. სოფელი ჩოხი წმიდა ადგილად ითვლებოდა იქ არსებული წმ. გიორგის სალოცავის გამო და ამიტომ დედამისი მთაში წავიდა თავის დედ-მამასთან, თუმცა ადგილამდე ვერც მიაღწია - ასე დაიბადა პატარა გოდერძი. დედამისი თურმე მწყებსებმაც არ შეუშვეს სახლში, რადგან მთის ადათის მიხედვით მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა და ის ღამე საცოდავმა დედა-შვილმა გომურში გაატარა. 



გოდერძი ჩოხელი ოჯახთან ერთად

სკოლის დამთავრების შემდებ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ქალაქის რთულ, დამაბნეველ, ხშირად დამკარგავ რიტმს ვერ აუწყო ფეხი, ყოველთვის მთის კაცი იყო, ეს ეპიზოდი აღწერილი აქვს თავის რომანში „წითელი მგელი“, რომლის პერსონაჟის, ლუკასთვის, ქალაქი დიდი განსაცდელი, უფრო სწორად, გამოსაცდელი ადგილია, ეს ერთგვარად ვეშაპის სტომაქია, რომელმაც იონა უნდა მოინელოს, საიდანაც ახალი იონა უნდა გამოვიდეს.

შემდეგ იყო კინო, ისეთივე მართალი და გამჭვირვალე, ადამიანთა სევდითა და ადამიანთა სიყვარულით სავსე. მისი სადებიუტო ფილმი იყო “ბაკურხეველი ხევსური”. ამას მოჰყვა საკუთარ სცენარებზე შექმნილი ფილმები: “მეკვლე” (1981), “აღდგომა” (1982), “ადამიანთა სევდა” (1984), “წერილი ნაძვებს” (1986), “უცხო” (1988), “აღდგომის ბატკანი” (1988), “ცოდვის შვილები” (1989), “სამოთხის გვრიტები”, (1997), “ლუკას სახარება” (1998), “მიჯაჭვული რაინდები” (2000).


რატომ უყვარს მკითხველს ასე ძალიან გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული სამყარო? მრავალი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ - ახლობელი, მართალი, გულწრფელი, ტკივილიანი. ეს წიგნები ადამიანად ყოფნის გადარჩენაზეა, საკუთარი თავის და რაღაც საკრალურის, მარადიულის რწმენაზე. დადის ლუკა თეთრი ყვავილით ხელში და მის დანახვაზე მგლები თავზარდაცემულები გარბიან, ცისკენ მიისწრაფის ცასწავალა, განუზომელია ადამიანთა სევდა და ის თევზის წერილებსა თუ ნაძვებისთვის მიწერილ წერილებში კიდევ უფრო ზუსტად, კარგად იკითხება. 

თუ რომელიმე ნაწარმოები შეიძლება გაგვახსენდეს, რომელიც წითელ რეჟიმს, საბჭოთა ყოფიერების სიმახინჯეს ააშკარავებს, ეს „მღვდლის ცოდვაა“, ახლებური ყვარყვარე, რომელიც სისტემის სიმახინჯეს საკუთარ თავზე ისე ირგებს, ისე იხდენს, როგორც ანაფორას თუ სამოქალაქო კიტელს, იმის მიხედვით, რა სჭირდება დროს. ეს წიგნი სისტემის ყველაზე თვალსაჩინო, მართალი კრიტიკაა.


მაგრამ მაინც, გოდერძი ჩოხელი ცასწავალაა, მზის სიბრძნით გაჟღენთილი, მზის ცვარით პირნაბანი პოეტი, იკაროსი, რომელსაც ფრთები დაუდნა, მაგრამ ფრენის სურვილი არასდროს განელებია.


ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,

მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,

მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,

რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.

ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,

ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,

საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,

როგორც უღელში ნაბამი ხარი.

დავალაჯუნებ დედამიწაზე,

ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,

სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,

წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,

ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი


გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/