ლიტერატურა

მე წიგნის გმირი ვარ - გივი მარგველაშვილი

"საბა"

მარტი 18, 2020

არსებობენ ადამიანები, რომელთა გაცნობა, გაგება, შეთვისება უჭირს-ხოლმე სამშობლოს. ისინი, ვინც მთელი ცხოვრება შინაგან ემიგრაციაში ცხოვრობენ, ვისი ხმაც ესმით, მაგრამ სათქმელს ვერ იგებენ, ვისაც ესაუბრებიან, მაგრამ მნიშვნელოვანს ვერაფერს ეუბნებიან.


გივი მარგველაშვილის მარადიული ემიგრაცია საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრით და მამის, ტიტე მარგველაშვილის დახვრეტით დაიწყო. 1946 6 თებერვალს მამასთან ერთად მოტყუებით ბერლინის დასავლეთ სექტორიდან აღმოსავლეთ სექტორში გადაიყვანეს. მამა გადაიყვანეს და დახვრიტეს მოსკოვში, ხოლო გივი მარგველაშვილი რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკის შემდეგ საქართველოში გადმოიყვანეს. 


აქედან დაიწყო მისი, „უცხოს“ ადაპტაცია სამშობლოსთან, რაც არასდროს დასრულებულა. გერმანისტიკის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ გივი მარგველაშვილი მრავალი წლის მანძილზე ასწავლიდა გერმანულ და ინგლისურ ენებს უცხო ენათა ინსტიტუტში, 1971 წლიდან კი მუშაობდა ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1992-2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, ქ. ბერლინში. 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში. გივი მარგველაშვილი ავტორია თორმეტამდე რომანის, რამდენიმე პიესის, მრავალი მოთხრობის, ლექსის და მინიატურისა. მისი წიგნები გამოცემულია გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებზე.


გივი მარგველაშვილი არაერთი პრემიის ლაურეატი იყო, მათ შორისაა, ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლიტერატურული პრემია, წამახალისებელი ჯილდო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსი, ქალაქ მერცინგის გუსტავ-რეგლერის ჯილდო, 2006 გოეთეს მედალი, 2008 გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო Bundesverdiestkreuz, 2013 ქართულ-გერმანული კულტურის პრემია, 2013 იტალო სვევოს სახელობის პრემია, 2015 წელს მიენიჭა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ქართული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


ფოტო: Ludwig Rauch



„მე წიგნის გმირი ვარ. ჩემს წიგნში - მე მას ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ - ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა. იქ მატარებელივით მივიწევ წინ. ჩემი ცხოვრების ხაზი ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება. დღე, როდესაც მავანი მკითხველი ამ მარშრუტს აირჩევს, ჩემი დაბადების დღეა“


- წერდა გივი მარგველაშვილი.



გთავაზობთ ამ ბედისწერის, ამ მარშრუტის რამდენიმე პუნქტს მწერლის მინიატურების კრებულიდან „მე წიგნის გმირი ვარ“, რომელიც გერმანული ენიდან ნაირა გელაშვილმა თარგმნა. 


„ეს არის გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი ძირეული შეგრძნება და აზრი, მისი პოეტიკის ბირთვი: ყველაფერი ტექსტია: სამყაროც, ისტორიაც, ადამიანიც, - დაწერილი ტექსტები (წიგნები) ხშირად სხვა ტექსტებს: რეალურ ისტორიას, ადამიანთა ბედისწერებს, კაცობრიობის გზას განსაზღვრავენ (მაგ. „წმინდა წერილი“, ან მარქსის „კაპიტალი“, ან ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“). ადამიანი სამყაროში, ისტორიაში, ქვეყანაში - ეს არის „ტექსტი ტექსტებში“. ისტორია და ყოფიერება ტექსტების ურთიერთზეგავლენა, ერთმანეთთან ბრძოლა თუ კავშირია“ -წერს მთარგმნელი წიგნისთვის წამძღვარებულ შესავალში.


მართლაც ეს წიგნი მხოლოდ ავტორის კი არა, მკითხველის ბიოგრაფიაცაა, მისი უდიდებულესობა მკითხველის, რომელიც ლიტერატურული სამყაროს ღმერთად გვევლინება.



„მხოლოდ წიგნს შეუძლია

წიგნის გამოგონება,

მხოლოდ წიგნს შეუძლია

წიგნით ცხოვრება.

მაგრამ:

მეხსიერების წიგნს დავიწყება სჭირს,

ქაღალდის წიგნი კი არაფერს ივიწყებს.

ჩვენი ეპოქის მთავარი პრობლემა:

გამოვიგონოთ

მეხსიერების წიგნის ქაღალდი,

რათა აღვბეჭდოთ ყველა ძველი და

სასიკეთო ჭეშმარიტება."



ამჯერად შორს, მეტისმეტად შორს წავედი ჩემში. წინ დაბრუნება ჩემს რეალურ „ახლა“-ში ჩემი ასაკის კაცისთვის, ალბათ, ერთობ ძნელი იქნება. შეუძლებელიც კი. ყველანი ნამდვილად უკვე ღელავენ ჩემ გარეთ. ჩემი რეალური ცხოვრების მეორე ბოლოში; კარგა ხანი გავიდა, ალბათ, რაც მას მოვშორდი. ალბათ, ისინი ჩამძახიან, ჩამომძახიან, ყურს მიგდებენ, სიცოცხლის რაღაც ნიშანს ელიან. ისინი, როგორც ჭაში, ისე მეძებენ, ჭაში, რომელიც თვითონვე ვარ: „არა, როგორც ჭაში არა“ - ვფიქრობ ჩემთვის - ჭას შეიძლება ქვემოთ ჩაჰყვე. მე კი ვერავინ შემომყვება ჩემი მოგონებების გაუვალ მხარეში“.


ჩვენ მებაღეები ვართ და ლექსის სამყაროს ბუნებაში ვმუშაკობთ. აქ ცნობილ პოეტთა ძვირფასმა ვარდებმა, ასევე სუმბულებმა, იებმა თუ იასამნებმა და ლირიკული ჯიშის სხვა ყვავილებმა ჭკნობა დაიწყეს. მთელი ეს ყვავილნარი ტექსტის ანუ საკითხავი მასალისაა. მაშა¬სა¬დამე, მას სჭირდება წაკითხვა, რათა იცოცხლოს. მკითხველთა ინტერესის კატასტროფული შენელება სათუთი პოეზიისადმი ლექსის სამყაროს გარკვეულ უბნებში ამ ყვავილნარს ჭკნობასა და სიკვდილს უქადის.



კეთილი რჩევა მოწამეობის მოწადინე მკითხველებისთვის:



აიღეთ ლექსის ერთი ვარდი,

მშვენიერი და ეკლიანი,

მოიქციეთ მკითხველის თბილ ხელისგულებში,

მოუჭირეთ ხელები ნელა,

ვიდრე ეკლები ღრმად ჩააღწევს მკითხველის ხორცში,

ვიდრე ტკივილი არ გაფატრავს თქვენს მკითხველ გრძნობებს,

ვიდრე თბილი და ნამდვილი სისხლი

არ გადმოსჩქეფს ხელისგულიდან...

იმავდროულად ან წამის შემდეგ

ზემიწიერი არსებების

დაიწყებთ კითხვას.

ავტორი: saba.com.ge