მუსიკა | ცა კულტურა

გიორგი მიქაძე „Micro Beatz” შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე

21-23 აგვისტოს, ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

აგვისტო 21, 2020

ავი ზღვის ჯაზ ფესტივალი იწყება! ალბათ 2020 წლის იმ მცირე პოზიტიური მოვლენების ჩამონათვალში ჩემთვის ეს სამი დღე პირველ პოზიციებს დაიკავებს. 3 დღე, 6 მუსიკალური პროექტი და 40-მდე მუსიკოსი - თან ყველა ქართველი.


პირველ დღის ჯაზურ სესიას გიორგი მიქაძე გახსნის, რომლის პიროვნებაზე წერა ადვილი სულაც არ არის, ვინაიდან 31 წლის ქართველმა მუსიკოსმა კარიერის საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკალური ეტაპები გამოიარა - და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მისი მუსიკასთან ურთიერთობა 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ფორტეპიანოს პირველად შეეხო. მოზარდობის ასაკში, ნიჭიერთა ათწლედში სწავლის დროს, უკვე პირველი მუსიკალური კომპოზიცია შექმნა.

“მუსიკალური ოჯახიდან მოვდივარ, ათწლედს გაძლიერებული პროგრამით ვსწავლობდი, ძირითადად კლასიკურ მუსიკას ვუკრავდი და ვუსმენდი, თუმცა ვაკვირდებოდი იმასაც, რადიოში თუ ტელევიზიაში მესმოდა .

თავდაპირველად გიორგის მუსიკალური ფოკუსი არა ჯაზი, არამედ კლასიკური მუსიკა იყო, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეუფლებოდა. ამას საბოლოოდ ბოსტონის გამორჩეულ Berklee College of Music-ის სტუდენტობა მოჰყვა. ის დღემდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკალურ განათლებას და ამჟამად თავად არის ამავე სასწავლებლის მიწვეული პროფესორი, სადაც ცოდნის გაზიარებას მრავალმხრივ ცდილობს - საშემსრულებლო, თეორია, ისტორია, საანსამბლო და სხვა.

„მიმაჩნია, რომ მუსიკოსად ჩამოყალიბებისთვის თანმიმდევრული კლასიკური მუსიკალური განათლება უმნიშვნელოვანესია. რასაკვირველია, ისევ ვუკრავ კლასიკურ მუსიკას და ვცდილობ ის ცოდნის ბაზა არ დავკარგო, რაც ჩემმა პედაგოგებმა ნოდარ ნაკაიძემ და კომპოზიციის პედაგოგმა ნუნუ დუღაშვილმა მომცეს, კონსერვატორიაში კი – პროფესორმა რევაზ თავაძემ, რომელმაც შესრულების მხრივ სრული მუსიკალური თავისუფლება მომცა - აქვე შევქმენი პირველი ჯაზ ანსამბლი, რომელმაც მომავალში სხვა ცვლილებებისთვის შეამზადა ნიადაგი“

ბერკლიში სწავლა და განვითარება უამრავი მუსიკოსის ოცნებაა, გიორგი მიქაძემ იქ სწავლის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და საკუთარ ტალანტს თავადვე მისცა გზა ფართო. სწორედ აქ იწყება მისი,  როგორც ჯაზ შემსრულებლის წარმოჩენაც - ლეგენდარული ქუინსი ჯონსისადმი მიძღვნილი საღამო, რაველის მუსიკის შესრულება სიმფონიურ ორკესტრთან ერთად - უამრავი სხვა პროექტის ავტორი რამდენჯერმე დაასახელეს „ბერკლის სახედ“.

„ბერკლიში სრული დაფინანსების მოპოვება იშვიათობაა, თუმცა მე ეს გამომივიდა - აქედან დაიწყო ცხოვრების სულ სხვა ეტაპი - პირველ რიგში დამოუკიდებლობა, გავხდი ბრძოლისუნარიანი, რაც შემდგომში გამომადგა. ჯაზის მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება, ხოლო როცა დავინახე, თუ საით ვითარდება მთლიანად ინდუსტრია, მაშინ მივაქციე ყველაზე დიდი ყურადღება ქართულ ფოლკლორს - ბერკლიში შევხვდი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებსაც ზურგს მდიდარი მუსიკალური კულტურა უმაგრებდათ - შემდეგ მივხვდი თუ რამხელა დიდი განძი გვაქვს საქართველოში და დავიწყე მისი შესწავლა - ეს საკმაოდ დიდი და რთული პროცესი იყო“

2014 წლისთვის მისი მუსიკალური მოგზაურობის გაჩერების ადგილი ნიუ-იორკს, კერძოდ კი Manhattan School of Music-ს უკავშირდება. აქ გიორგის ხმოვანი პალიტრა უფრო გამდიდრდა და კლასიკურ და ჯაზ მუსიკას, მის არსენალში -  R&B, ბლუზი, ფანკი და მიკრიტონალური მუსიკაც შეემატა.


ამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ნიჭიერება მხოლოდ ნაწილია წარმატების მისაღწევ გზაზე, გიორგის კი ამ მხრივაც გაუმართლა, თუმცა გამართლებაც მისი დიდი შრომის წყალობით მოვიდა - ბიონსეს ყოფილი საქსაფონისტი და ესპერანსა სპალდინგის ბენდ ლიდერი - ტია ფულერი ბერკლის ბაზაზე ჩამოყალიბებულ ბენდში სთავაზობს წევრობას - შემდეგ იყო უკვე გასვლითი კონცერტები ნიუ-ჯერსისა და დაბრუნება ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ ჯაზ კლუბში „Smoke Jazz Club“-ში სადაც მას უკვე საკუთარი ბენდით გამოსვლაც შესთავაზეს.

„ვიმოგზაურე სვანეთში და ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ დავწერე ნაწარმობი სიმფონიური ორკესტრისთვის - ამ დროს ჩემთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მხოლოდ ერთი სტილის მუსიკა დამეკრა - როცა ხარ მუსიკოსი, ჟანრები უკვე იშლება, მიუხედავად იმისა რომ ბუნებით ჯაზ იმპროვიზატორი ვარ, დღემდე მიმდინარეობს ჩემი მუსიკალური იდენტობის ფორმირების პროცესი - ამჟამად ელექტრონული მუსიკითაც ვარ დაინტერესებული

გიორგი მიქაძე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მუსიკალურ იდენტობაში ეროვნული მოტივების სინერგია, ისე რომ მსმენელისთვის სირთულე არ იყოს ამ ნიშნების აღმოჩენა და გაყოლა. ამ მხრივ გამორჩეულია მისი პროექტი „VOISA”, რომლის წარდგენაც პირველად ნიუ-იორკში, შემდეგ პეკინში, 2018 წელს კი საქართველოშიც მოხდა. პროექტი იდეით ექსტრაორდინალურია, ვინაიდან ქართული ფოლკისა და თანამედროვე სტილების, მათ შორის ჰიპ-ჰოპის შეწყმით ცდილობს მუსიკალური ხიდები გადოს ერთობ დისონანსურ მუსიკალურ კულტურებს შორის - თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსმენის შემდეგ, ანსამბლ „ბასიანისა“ და ამერიკელი MC-ის შეხმატკბილებული მუზიცირება, მუსიკის უნივერსალურობის იდეაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

„იდეურად რაც VOISA-ზე მქონდა ჩაფიქრებული, ბასა და თამარ ფოცხიშვილების დიდი შრომის შედეგად სრულიად განხორციელდა და მოლოდინსაც კი გადააჭარბა, ვფიქრობ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ 

გიორგის ნიჭი და შრომა არ გამოპარვია არც Yamaha-ს წარმომადგენლებს და დღეისთვის გიორგი პირველი ქართველი მუსიკოსია ბრენდის ჯაზ არტისტების სიაში, რომელიც არც თუ ისე გრძელია, თუმცა სავსეა ისეთი მუსიკოსების სახელებით, როგორიცაა ბობ ჯეიმსი, მარკუს ჯონსონი, ჩიკ კორეა და სხვა.

„დღეს ისეთი მუსიკოსები, რომლებიც ადრე ჯაზ მუსიკას უკრავდნენ, უმეტესად პროდიუსერებად მუშაობენ, წამყვანი ვარსკვლავებისთვის ქმნიან Sound Design-ს - იგივე რობერტ გლასპერი, იგი აფროამერიკული გოსპელის ჰარმონიის გადმოტანას ცდილობს ამ მიმართულებით, ყველაფერი კი ერთდროულად სიტყვა „ჯაზში“ იყრის თავს.“


- გიორგი მიქაძე

2018 წლიდან გიორგი საჯაროდ გაცხადებული ჩინური „პოპ მუსიკის მეფის“, ვანგ ლიჰომის ბენდის წევრია. 3 წლის განმავლობაში, ტურის ფარგლებში ის მსოფლიოს 100 -მდე სცენას დაიპყრობს - ეს მისთვისაც გამოჩეული შესაძლებლობაა, ქართული მუსიკისა და ჰარმონიის პოპულარიზაციის საქმეში, რომლის გამოყენებასაც იგი ყოველთვის ცდილობს.

„სანამ ვანგს გავიცნობდი, მანამდე ამ სფეროსთან (აზიური პოპ მუსიკა) შეხება არ მქონია და არ ვიცოდი რას წარმოდგენდა, უეცრად კი სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ჩემს თვალწინ - ადამიანი, რომელსაც 2 მილიარდი მსმენელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. მისი ტური ფუტურისტული ელემენტებით იყო დატვირთული და ამ ურთიერთობით უნიკალური გამოცდილება შევიძინე - მსგავსი შოუს დადგმა და აწყობა უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.“

2020 წელს, პანდემიის წინა პერიოდში გამოსული გიორგის ალბომი „Georgian Microjamz” უკვე დაწყებულ ისტორიას, განსხვევებული მიმართულებით აგრძელებს. მაშინ, როდესაც “VOISA”-ში უკვე არსებული მუსიკალური არტეფაქტების თანამედროვე ინტერპრეტაცია გვხვდება, ახალ ალბომში გიორგი საკუთარ, ორიგინალურ კომპოზიციებს გვთავაზობს, რაც მთავარია მათ მიკროტონალურ ვარიაციებს. ამაში მას 3 განსხვავებული მუსიკოსი - გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი, ბასისტი პანაგიოტის ანდრეუ და დრამერი შონ რაითი დაეხმარა.

„ამ ალბომზე, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური კრიტიკოსი წერს, რომ მათთვის სიახლია მსგავსი მიდგომა. მეც ასე ვფიქრობ - იდეური თვალსაზრისით ქართული მუსიკა ძალიან მდიდარია. მისი სწორედ გამოყენება და მსოფლიოსთვის გაცნობა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს.“

წელს შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს სწორედ გიორგი მიქაძე, პროექტით „Micro BeatZ“ გახსნის.

„ეს იქნება ჩემი პირველი გამოსვლა, როგორც სოლო შემსრულებლის, სადაც Ableton-ის დახმარებით ვეცდები ლაივ შესრულებას. ასევე იქნება ფიუჟენი და ჰიპ-ჰოპის შერწყმა, მორის ფოცხიშვილის Tribute, მისი ლექსების გამოყენებით, სხვადასხვა კომპოზიციების ჩემეული ინტერპრეტაცია - ჩემი კრედო არის ის, რომ რასაც ვაკეთებ ქართულ მუსიკასთან იყოს დაკავშირებული. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ მისი პოპულარიზაციისთვის.“



ავტორი: ჯაბა შავიშვილი