მუსიკა | ცა

გია თოიძე

გერმენელი ფოტოგრაფის, Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტის, თომას დვორჟაკის 90-იანებში საქართველოში მოგზაურობისას, ერთ დღეს თბილისური “ფოტორეიდის” შემდეგ მან და მისმა ადგილობრივმა “გამყოლმა” დასასვენებლად ამ უკანასკნელის სახლში შეიარეს. ბინაში მაგნიტოფონიდან The Cure მუსიკა ისმოდა. ოთახში თომასის მეგზურის მეზობელი, თექვსმეტიოდე წლის ბიჭი დივანზე იძირებოდა მუსიკაში. ერთ წამს თომასმა დასასვენებლად გადადებული ფოტოაპარატი გადატენა და ამ მაგიურმა ხმამ შავთეთრ ფირზე ყმაწვილი გია თოიძის ერთი წამი დააფიქსირა. 

ფოტო: თომას დვორჟაკი

გია თოიძის და მასთან დაკავშირებული სახელების ხსენებისას, წარსულიდან ერთი კადრი მახსენებს თავს, რომელსაც მიუხედავად სიძველისა, ყოველ ჯერზე ისე საოცარი სიცხადით ვხედავ, თითქოს ამ წამს ხდებოდეს.


- ას ექვსის (“პირველი რადიო” 106,4) ძველ, პატარა ოფისში შემოდის სამი ბიჭი, ახალგაზრდა ქალის, როგორც შემდეგ გაირკვა - მენეჯერის, თანხლებით.

ერთი, ძველ ტყავის პიჯაკში, ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებდა...

ჩამოსხდნენ დივანზე და წარგვიდგინეს თავი, “ჩვენ ვართ ჯგუფი ამორალი...“ სახელის ხსენებაზე გამახსენდა, რომ ეს ჯგუფი მოსმენილი მყავდა ცოცხლად... 


“ალბომი ჩავწერეთ და გვაინტერესებს თუ დაატრიალებთ თქვენთან”.


გავისაუბრეთ. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, დავგეგმეთ საპრეზენტაციო რადიო ინტერვიუ. (ჩემი ფავორიტებიც - “მეზობლებს სძინავთ” და “იცეკვე ჩემთან” - გამოიკვეთა).

-მახსოვს... სახურავზე იყო მაშინ რადიოს სტუდია.1997 წელს... ალბომი “უძირო გზა”.

- 1996 წლის “მარგარიტა” უკვე ჩავლილი იყო...

- კი... იმ დროისთვის ჩაწერილი გვქონდა ერთი სიმღერა... სტუდია “მელოდიაში” ჩავწერეთ... “ოთხივე მხარეს”... როცა გავიგეთ, რო მუსიკალური ფესტივალი იმართება და ცოცხლად მოსმენით დგება გამომსვლელთა სია, ჩვენ ეს ჩანაწერი მივუტანეთ. გვისმენდა გია მირიანაშვილი... ჩანაწერი რო მოისმინა, ეგრევე პლიუსი დაგვისვა და ასე გამოვედით “მარგარიტაზე”.

- და რა იყო “მარგარიტა”?

- ეს იყო ის, რამაც დიდი ბიძგი მოგვცა. მსმენელის სწორი რეაქცია, ბუნებრიობა..

ამ ლაივმა გაგვიმყარა ჩვენი მუსიკაში ყოფნის გადაწყვეტილების სისწორის განცდა.

მოგვიანებით, 2015 წელს გამოცემულ სიმღერაში "ვარსკვლავი შორს" ისმის ასეთი სიტყვები: “... ნუ დამისვამ კითხვას, შთაგონების წყაროს საიდან ვფლობ”.

გნებავთ დამორჩილდით, გნებავთ დასვით ეს კითხვა... ფაქტი ერთია - გოთიკური პანკის ფუძემდებელი The Cure გია თოიძის მუსიკალურ შთაგონებათა რიგში პირველია და ეს “ამორალის” პირველივე ალბომში იგრძნობა.


"ის დრო იყო სკოლას ვამთავრებდი და მეგობრის ასაკით ჩვენზე უფროსი ნათესავისგან პირველად მოვისმინე ეს 80-იანების ბრიტანული მუსიკა... The Smiths, Depeche Mode, The Cure... 92 წლის Wish (The Cure) რომ მოვისმინე, მივხვდი, რომ ეს ჩემი მუსიკა იყო და უფრო ღრმად მომინდა იქ შესვლა."

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ფასეულობითმა რეალობამ გიაზე უფროსი თაობის მუსიკოსებს, სამშობლოში საკუთარი შემოქმედების განსავითარებლად, ყოველგვარი პერსპექტივა დაუჩრდილა და ემიგრაცია გადააწყვეტინა, მან აიღო გიტარა ხელში და იმ დროის მომაკვდინებელ რეალობას საკუთარი პირქუში სიმღერა დაუპირისპირა. 

"პირველი ინსტრუმენტი ჩემთვის გიტარა იყო. დამოუკიდებლად რამდენიმე აკორდი ვისწავლე.“ტაქსის” გიტარისტი კახა კიკაბიძე ჩემი მეზობელი იყო და ის კი შეეცადა, შესრულების ცოტა უფრო კლასიკური მანერა ესწავლებინა, მაგრამ მე ცოტა მოვუსმინე, ბევრი დავლიეთ და ისევ ჩემი გზით წავედი. მერე, როგორც სტიქია ისე დამატყდა ეს ტექსტები და პირველი სიმღერები."

“მარგარიტას” და პირველი ალბომის შემდეგ “ამორალს” იმდროინდელი კულტურულ-სოციალური ცხოვრების ფონზე, აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. არ იყო პირობები და ამავდროულად ხელის შემშლელიც არავინ ჩანდა. თუმცა:

ქართულ როკენროლს საშუალება მიეცა, მეინსტრიმში მოქცეულიყო. ამ პროცესს ფსევდო-პოპი დაუპირისპირდა... მეორე წამიდან რო გაუსაძლისი ხდება მოსმენა, სადაც ნაკლების ჩადება უწევდათ და ამონაგები მეტი იყო...

ამ დროს (1999 წელი) ლევანი “პლიაკსას” (90-იანების რუსულენოვანი თბილისური ჯგუფი) პეტერბურგში გაყვა და ამ იძულებითმა შესვენებამ საინტერესო ექსპერიმენტისკენ მიბიძგა, რაც დღემდე მადგება: ვისწავლე მარტო აკუსტიკური გიტარის თანხლებით ჯგუფის სიმღერებით მაყურებელთან გამოსვლა.

აკუსტიკური კონცერტების პარალელურად გია ახალ სიღერებს წერს და ლევანის დაბრუნების დროისთვის თბილისშიც გაჩნდა კომპიუტერული “სახლის სტუდიების” შექმნის საშუალება. უფრო მეტიც, ასეთი შესაძლებლობა თავად ლევანსაც გაუჩნდა. დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა შეცვლილი სახელით: “წერილი”.

იქნება ეს “ამორალის” თუ “წერილის” სახელით ჩაწერილი სიმღერები, ორივე შემთხვევაში ერთ ხელწერაზე მიმანიშნებელი არის გიტარის თითქოს არეული, უწესრიგო რიფი და ბას გიტარის ხაზი, რომელიც კომპოზიციის ხერხემალს ქმნის. ამ მხრივ, გიას და ლევანის ტანდემი ყოველთვის იყო ჯგუფის ცენტრი, რომლის გარშემო სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუსიკოსები რკალს კრავდნენ; და ისინი, ამ ოცდახუთი წლის მანძილზე, უკვე ერთ კარგ ათეულს შეადგენენ.

ვფიქრობ, მათ შორის განსაკუთრებულ (დროის მხრივ მცირე) ადგილს “ამორალის” პერიოდიდან, კერძოდ, კი პირველ ალბომში სანდრო კაპანაძე(კირპიჩა) მისი ექსპრესიული საქსოფონისა და კლავიშებიანის პარტიებით იკავებს.


თითქმის პირველი დღიდან მოჰყვება ჯგუფს კოტე კალანდაძე და თუმცა თანმხლებ მუსიკოსად (გიტარისტად, რომელსაც 2006 წლიდან არჩილ ქელბაქიანი ცვლის) იშვიათად ჩნდება, როგორც პროდიუსერს ამ მუსიკასთან სიახლოვის გამო უადვილდება მასზე მუშაობა. “წერილის” მეორე, 2005 წელს გამოცემული “ამორალის” მსუბუქი გაგრძელება, ალბომში “სხივი” შეკრებილი (დროდადრო კონცერტებზე თუ რადიო ლაივებზე შესრულებული) სიმღერებიც, მისი სახლის სტუდიაში ჩაიწერა. ისევე როგორც მის შემდეგ ჩაწერილი თითქმის ყველა ალბომი; ასეთი კი სულ ექვსია.

- კოტეს მხოლოდ “მუსიკის ხმაზე” (2015 წელი) არ უმუშავია?

- ხო... როდესაც ირაკლი ლომსაძის (ჯგუფი “სანდა”) სახლში მოწყობილი, სარეპეტიციო-სტუდიაში ვმუშაობდით კოტე, რომელიც იმ დროისთვის თითქმის მთელ დროს კინოთი იყო დაკავებული, მთხოვა, მინდა “სხვისი” ჩაწერილი “წერილი” მოვისმინოო... და ჩვენი ძველი მეგობარი ანდერგრაუნდიდან, დათო თოიძე (გიტარისტი, პროდიუსერი. Afternoon Version. Lilla Land ) ამომიდგა გვერდში.

ბოლო ალბომი - "მასაში გხედავ" 2018 წელს გამოვიდა, რომელიც ლევან ჯავახიშვილმა დააპროდიუსერა.

- შთაგონებას რომ დავუბრუნდეთ, არა მუსიკალურს ვგულისხმობ...

- ეს არის პროტესტი... მეტწილად პროტესტი... და თუ სხვა შემოქმედებს გულისხმობ, მაინც უფრო ის მუსიკა, რაც დოსტოევსკიში ამოვიკითხე.

კინემატოგრაფიულობა გია თოიძის შემოქმედების ძირითადი მახასიათებელია. მისი ორი სიტყვით დახატული ურბანული, პირქუში პეიზაჟები და მათ ფონზე განვითარებული პიროვნული თუ საზოგადოებრივი...ხშირ შემთხვევაში დრამა.

მსუბუქი ფიქრების აღმძრავი არც აკუსტიკური ჟღერადობის მქონე “ამ ქალაქში” (2009) გამოდგა, რომელიც ოთხი წლით დასცილდა წინამორბედს.

- არ ყოფილა იმის სურვილი, რომ შენი მუსიკა კინოში გამოეყენებინათ?

- კოტე კალანდაძეს აქვს სურვილი საერთოდ ფილმი გადაიღოს “ნაცრისფერი ცა” . ასევე არის კონკრეტული შემოთავაზება და რამდენიმე სიმღერა გაიჟღერებს ახალ ქართულ სერიალში.

- “რა მინდა აქ? რისთვის ვარ აქ? ვის ვუმღრო ეს სიმღერა?” (“თოვს”, 2015) - მიუხედავად “პეიზაჟების” სიმძიმისა, ასეთი განწყობა შენს სიმღერებში ხშირია არაა. წასვლაზე არ გიფიქრია?

- თუ წასვლაზე ვილაპარაკებთ, ღრმა ბავშვობაში, საზაფხულო არდადეგებზე ქალაქგარეთ რომ გავდიოდით. იმის შემდეგ ვერ მიმიცია თავისთვის ამის საშუალება... აი ასეთ “გასვლას” გავაკეთებდი და ისევ დავუბრუდებოდი საყვარელ საქმეს.

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე