კულტურა

ოქროდ ქცეული სიბრძნე - ვირტუალური ტური საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან

თიბისი x საქართველოს ეროვნული მუზეუმი

აპრილი 06, 2020

გინახავთ "ოქროდ ქცეული სიბრძნე?"


ვიდრე სახლში ყოფნა ჩვენი ვალდებულებაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიც დროებით დაკეტილია, ალბათ, შემეცნებისა და გართობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მუზეუმის ონლაინ დათვალიერებაა.  


როგორც იცით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქვეყნის მასშტაბით 16 მუზეუმს აერთიანებს და მისი კოლექციები ძალიან მრავალფეროვანია როგორც შინაარსობრივად, ისე ქრონოლოგიურად და ვიზუალურად. 


საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არაერთი ვირტუალური ტური აქვს მომზადებული, რომელთაგან ერთ-ერთზეც დღეს გეპატიჟებით. 


ეს ტური ორ ექსპოზიციას მოიცავს: 



„საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე"



გამოფენა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება და თქვენ ნახავთ ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას, რომელიც ნეოლითის ეპოქიდან გვიანანტიკურ ხანამდე ქართული კულტურის განვითარების უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. 


ალბათ გეცოდინებათ, რომ სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი არქეოლოგიას, როგორც მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვენლოვანეს დარგს და მის სახელთანაა დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრების ისეთ ძეგლებზე ჩატარება, როგორიცაა მცხეთა, ვანი, საჩხერე და სხვა. მანვე დაუკავშირა სამხრეთ კავკასიაში ლითონის წარმოება ბრინჯაოს ხანის ადრეულ საფეხურს. მისი ვარაუდი მოგვიანებით აღმოჩენილი სხვა ძეგლებით დადასტურდა, რამაც საფუძველი დაუდო ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი, „მტკვარ-არაქსის კულტურის“ სახელით ცნობილი ეპოქის შესწავლას. 


ექვთიმე თაყაიშვლმა განსაზღვრა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი არქეოლოგიური ცენტრის - ვანის ნაქალაქარის ასაკი და იქ არსებული ოქრომჭედლობის ნიმუშების მნიშვნელობა. ვანში საუკუნეზე მეტია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და იქ აღმოჩნილმა მასალამ უკვე მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი „ოქრომრავალ კოლხეთს“, თუმცა როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, წინ კიდევ არაერთი უნიკალური აღმოჩენაა.



ოქროდ ქცეული სიბრძნე 


 


ამ გამოფენაზე პირველად იქნა წარმოდგენილი ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის - თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის - ექსპერიმენტული კვლევის შედეგები:


  • უძველესი ტექნოლოგიების აღდგენის საფუძველზე დამზადებული საოქრომჭედლო იარაღები;
  • თასის ზუსტი ასლი;
  •  ფილმი, რომელშიც დეტალურადაა აღბეჭდილი თასის რეკონსტრუქციის პროცესი.


ისტორიული ტექნოლოგიის აღდგენის პროცესს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, რესტავრატორი ერმილე მაღრაძე ხელმძღვანელობდა, ამ ვიდეოში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ იმ გზას, რომელიც მეცნიერებმა გამოფენის მომზადებისას გაიარეს:


უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე შეხვდებით გვიანანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაულს, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღების და ძვირფასი ლითონების ნაკეთობებს, რომლებიც ოქროსა და ზოგადად ლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას გვაჩვენებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.


ეს იმ ექსპონატების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ამ ორი გამოფენის დათვალიერებისას აღმოაჩენთ, ახლა კი სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ: bit.ly/OnlineMuseum