სიახლეები ბიზნესი

„ჩიზზზი" ფუდმარკეტზე და სუპერბოულის ამბავი

გაუსინჯე თბილისს გემო და ჩიზზი.

ივნისი 29, 2021

თბილისის ფუდმარკეტი რომლის შესახებ სტატია სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ, იდეალური ადგილი გახდა ახალი კაფეებისთვის და ფასტ ფუდებისთვის საკუთარი ძალების დასატესტად. ხშირად ისინი გახსნამდეც გამოჩნდებიან ხოლმე მუშთაიდში თუ ორბელიანზე და ასე ლაღად იცდებიან პრაქტიკაშიც.

ივნისის მეორე ფუდმარკეტზე ერთი მეტად საინტერესო პროექტი გამოჩნდა, დაშიფრული სახელით ჩიზზზი. ფუდმარკეტის შესასვლელში ჩადგმულ პატარა ფარდულს უამრავი ადამიანი ეხვეოდა, შიგნით კი მთელი ოჯახობა ტრიალებდა: ბავშვი, დედა, მამა, დეიდა და კიდევ სხვა ნათესავები. 

ჩიზზზი აღმოჩნდა ნახევრად შემცხვარი აჭარული ხაჭაპური, რომელიც დავაკუუმებულ შეფუთვაში გაყინული სახითაა მოწოდებული, იქვე, გვერდზე მოთავსებული ყველით. 

თითქოს ხაჭაპურის გამოჩენა საქართველოში დიდი სიახლე არ უნდა იყოს, თუმცა თუ ამბავს დავაკვირდებით, მივხვდებით რომ ამ ინდუსტრიაში რევოლუციური გარღვევა მოხდა: როგორც იქნა ვიღაცამ გააკეთა ხაჭაპური, რომელსაც გამოიღებ საყინულიდან, ქურაში შეაგდებ და 10 წუთში მზად გექნება.


ამ მიგნების ავტორი ქართველი მარკეტერი და გურმანი, გიორგი ბოჭორიშვილია, რომლის თქმითაც პანდემიამ მას საშუალება მისცა დაფიქრებულიყო ბევრ რამეზე, ცხოვრებაზე, ჭამაზე, ცხოვრების წესის ცვლილებაზე და მათ შორის კლასიკური კერძების რებრენდინგზეც. ასე გაჩნდა ჩიზზზზის იდეა.

„ხაჭაპური არის ისეთი საჭმელი, რომლის მომზადებაც კარგ ცოდნასა და ოსტატობას მოთხოვს. ნებსმიერი ათი ადამიანი რომ შეარჩიო და სთხოვო აჭარული გამოგიცხოს, დიდი ალბათობით ვერცერთი ვერ დადებს კარგ შედეგს. ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, რომ სახლის პირობებში მიიღოს იდეალური შედეგი.”


გიორგი ბოჭორიშვილი

თუ ვოლტის და გლოვოს მომხმარებლების გრუფებში გაწევრიანდებით, აღმოაჩენთ რომ აჭარული ხაჭაპური ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოძახებული პროდუქტია, ასევე იმასაც აღმოაჩენთ, რომ ყველაზე ხშირად მომხმარებელი უკმაყოფილო მისით რჩება, რადგან მისი ფაქიზი ხასიათის გამო, აჭარულის ადრესატამდე უვნებლად მიტანა თითქმის შეუძლებელია.

აჭარული ხაჭაპური არის სტატიკური საჭმელი: უნდა მიხვიდე კაფეში, დაჯდე, დაელოდო და აშ. დროთა განმავლობაში ცხოვრების ტემპი იმატებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მალე კაფეში ჯდომისა და ლოდინის დრო ბევრ ადამიანს აღარ ექნება. საჭიროა რომ კვების ინდუსტრია ცხოვრების ტემპს უწყობდეს ფეხს. სწრაფად ადაპტირების საჭიროება პანდემიამაც გამოაჩინა, როგორც ხედავთ კრიზისი უკეთესად გადაიტანეს იმ კაფეებმა, რომლებიც მარტივად გადაეწყვნენ ახალ სტანდარტებზე. ჩიზზზზი არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მდგომარეობაში შეგიძლია მიირთვა. დაზოგავ დროს, ენერგიას და არც იმაზე ინერვიულებ, რა მდგომარეობაში მოგიტანს კურიერი.”


გიორგი ბოჭორიშვილი

პროდუქტის პირველ საბოლოო სახემდე 6 თვე დაჭირდა. საცხობი “სექტორი დ3”-ის, მაღაზია “წერტის”, სარეკლამო სააგენტო “მეტროს” და მრავალი მეგობრის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ჩიზიმ დღის სინათლე ფუდმარკეტზე იხილა. 4 დღის მანძილზე 400 ხაჭაპური გაიყიდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 40 გრადუსიანი სიცხე იდგა მუშთაიდში, ამ რაოდენობის ცხელი საჭმლის გაყიდვა დიდებულ რეზულტატად უნდა შევაფასოთ.

ამერიკაში გაყინული ნახევრადმზა პროდუქტების ინდუსტრია ძალიან მალე 23 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამ ფულის ნახევარი გინდ დაიჯერეთ და გინდა არა, მხოლოდ ნიუ იორკის შტატზე მოდის. ჩვენი მიზანია ამერიკის ბაზარზე შესვლა და იქ დომინაციის მოპოვება. პირობას ვდებ, რომ ჩიზი იქნება პირველი ქართული პროდუქტი, რომლის რეკლამაც სუპერბოულის” შესვენებაზე გავა. ევროპისა და აზიის ბაზრებზეც შევალთ, პირველი სავარაუდოდ უკრაინა იქნება, სადაც ქართულ სამზარეულოს უკვე იცნობენ და უყვართ.”


გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგის წინაპრებს რაჭაში თონე ჰქონდათ, ჩიზის წყალობით ის თავის ფესვებს დაუბრუნდა, რაც უკვე სასიხარულო ამბავია, სუპერბოულს რაც შეეხება, დაველოდოთ, თუ გადავხედავთ იუთუბზე რამდენი ნახვა აქვს ხაჭაპურის ცხობის ვიდეოებს (ზოგიერთ ვიდეოს 30 მილიონ ნახვაზე მეტი), სავარაუდოდ დიდი სირთულე არც ეს იქნება.

"ჩიზზზი" საქართველოს მაღაზიებში უკვე დღე-დღეზე უნდა გამოჩნდეს, პირველ ეტაპზე მისი ყიდვა წერტის მაღაზიების ქსელში შეგეძლებათ, შემდეგ კი ალბათ ყველგან.


ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი