მუსიკა | ცა

Esi - Forty One Forty Four | ხმებად გარდაქმნილი ადგილები

Tsa.Music

სექტემბერი 05, 2021

„ისწავლო საგნებში დაფარული ხმოვანების გამოხატვა, ეს არის ხელოვნების გზაც და მიზანიც.“

- ჯორჯო დე ჩირიკო

ალბათ, ეს ციტატა ერთ-ერთია, რომელიც კარგად გამოხატავს ქართველი მუსიკოსის და არტისტის, ირაკლი შონიას სადებიუტო ალბომს, რომელიც 5 სექტემბერს, CES Records-ზე, Esi-ის მუსიკალური ფსევდონიმის სახელით გამოვიდა.

ირაკლი შონიას მუსიკალური კარიერა უკვე თითქმის 20 წელს ითვლის. წარმოშობით ბათუმელმა მუსიკოსმა, კარიერა ზღვისპირა ქალაქში, ადგილობრივი ბენდის შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მალევე საკუთარი, პერსონალური გზის ძიებას მიჰყვა, რამაც საბოლოო ჯამში ელექტრონულ მუსიკამდე მიიყვანა.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა ქართულ ელექტრონულ და ექსპერიმენტალურ მუსიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელიც სულ რამდენიმე ადამიანის მუსიკალურ გამოცდილებას იტევს. მისი მუსიკა პირველად დაახლოებით 2009-2010 წლებში შევამჩნიე, როდესაც იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ აქტიურ, ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა მოძრაობა/ლეიბლზე, SOKOMUZIKA-ზე ჩანაწერს „Noises and Overloads გადავაწყდი.

ეს იყო 5 კომპოზიციისგან შექმნილი ძალიან საინტერესო მოგზაურობა ემბიენთის, ნოიზისა და გლიჩების სამყაროში - რაც მთავარია, იმ პერიოდის ქართული სცენისთვის ექსპერიმენტალური მუსიკის  ტერიტორიაზე შებიჯების ერთგვარი განაცხადიც.

წლებთან ერთად, შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებდი ირაკლის მუსიკალურ (და არამხოლოდ) შემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები მისი პირველი სრულყოფილი ალბომია, ირაკლი შონია წლების განმავლობაში აქტიურობდა სხვადასხვა ფსევდონიმით: მაგალითად Vincent Volt, რომელი პროექტითაც  მისი კომპოზიცია წლების წინ მოხვდა ამერიკელი ვეტერანი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის, ჯონ ბელტრანის საკმაოდ კარგ კომპილაციაში Delsin” და “Dado Records-ზე.

ასევე, მეორე პროექტით Severiane“ კომპოზიცია ქართული ელექტრონული მუსიკის კომპილაციაში „დე / De : Sounds From Georgia.

დღემდე აქტიურია მისი კოლაბორაციული პროექტები მეგობარ ქართველ მუსიკოსებთან: “Datagramma ლაივ ექსპერიმენტული დუეტი ასევე ბათუმელ მუსიკოსთან, რეზო ღლონტთან ერთად და V.C.V.S. სანდრო კოზმანიშვილთან ერთად, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოვიდა ალბომი Hanker Records-ზე და მინიალბომი Vodkast Records-ზე. გარდა ამ აქტივობებისა, ირაკლი შონია არის ბათუმში არსებული ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „SoundSpring-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, რამდენიმე წლის წინ კი მარიამ მურუსიძესთან ერთად დაარსა ლეიბლი de re“.

დასაწყისში ნახსენები სადებიუტო ალბომი, სახელად „41° 43' 0.001'' N / 44° 46' 59.999'' (Forty One Forty Four) – 2015-2017 წლებში ჩაიწერა. ეს ბევრისთვის უცნაური დასახელება კი თბილისის კოორდინატებია. ამავე დასახელების ლეიბლი და ღონისძიებათა სერია მცირე ხნით, 2014 წლიდან არსებობდა.

რაც შეეხება თავად ალბომს,  ყველაფერი როგორც ავტორი ამბობს, 2015 წელს, ვიზუალური პროექტიდან დაიწყო, რა პერიოდშიც თბილისში სხვადასხვა ადგილისა და არქიტექტურული ობიექტის ფოტოებს იღებდა, მალევე დაინტერესდა ამ ობიექტების აკუსტიკური ასპექტებით და აღნიშნული ადგილების აუდიო დოკუმენტირებას მიჰყო ხელი.

რა თქმა უნდა, მსგავსი დოკუმენტირების მცდელობა მსოფლიო ექსპერიმენტული მუსიკისთვის ახალი არ არის, თუმცა ლოკალური კონტექსტისთვის, კერძოდ კი თბილისისთვის, რომელიც აქამდე არაერთი, სრულიად განსხვებული მუსიკალური მიმართების ნაწილი ყოფილა, მსგავსი ექსპერიმენტი ქალაქის, მისი ურბანული, სოციალური თუ არქიტექტურული ქსოვილის სრულიად განსხვავებულ იდეას გვაძლევს.

ალბომი პირველი აუდიო ჩანახატით იხსნება, No Such Thing As Silanceამერიკელი კომპოზიტორისა და თეორიტიკოსის, ჯონ კეიჯის მიერ „სიჩუმეზე“ ჩატარებული ლექციებიდან მიღებული შთაგონებაა, რომლის ტექსტიც ნატალია ბერიძემ პოეტურ დეკლამაციად აქცია და თან გაჰყვება Esi-ს მიერ წარმოქმნილ ნაკლებად ორგანიზებულ ბგერათა ტალღას. დასაწყისშივე დაისმის კითხვების კასკადი, რომლებზეც ბევრ ჩვენგანს შეიძლება არც უფიქრია - „რამდენი ხმა არსებობს სამყაროში? მილიონი? ათი ათასი? 88?“ კითხულობს ნარატორი და ჩვენც გვიბიძგებს ამ სააზროვნო ველში ჩაბმისკენ. კომპოზიცია მეტანიასავით წარმოთქმული სიტყვებით მთავრდება „There Is No Such Thing As Silance“ - მეორდება სამჯერ და სადღაც ზემოდან, ალბათ, კეიჯიც ამოწმებს ამ სიტყვებს.

ფოტო: Oleksandr Demianenko

ალბომის მეორე კომპოზიციაში „Bunker Romantics მუსიკოსი აქტიურად იყენებს მისთვის საინტერესო ობიექტების რევერბერაციას, რომელიც სრულიად ბუნდოვანი და აბსტრაქტული „თეთრი ხმაურით“ არის მოცული.

იგივე ხმოვან კონტექსტი, Merzbow-ისეულ ქაოსად იქცევა მესამე კომპოზიციაში „Low Relief“. რა თქმა უნდა, ტიპიური მსმენელისთვის რთული იქნება აქ არსებული ხმაურის მიმოქცევების, პერიოდული აფეთქებებისა და მძიმე, აბსტრაქტული ხმოვანი ტალღების მოსმენა, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ გონებაში მაინც წარმოიქმნება ამ კოლაჟის თანმდევი სურათიც.

„Sucked Into a Granular Exposure ძლიერი და სწრაფი ხმოვანი პულსაციით იწყება, სადაც მუსიკოსი გრანულარულ სინთეზს იყენებს. ოთხ წუთზე მეტი პერიოდის განმავლობაში ტექსტურა მინიმალურად იცვლება და ბოლომდე ინარჩუნებს ჰიპნოტურ ეფექტს. ეს თითქოს სხვადასხვა მანქანური მოწყობილობიდან გამოცემული SOS სიგნალია, რომელიც უმალ მოითხოვს ჩვენს მოქმედებას.

ყველაზე მოკლე და ბოლო კომპოზიცია „Hardware Limitations ბგერით წყაროს კომპიუტერის გაფუჭებული გაგრილების სისტემიდან („ქულერიდან“) იღებს და წარმოადგენს იმ შეზღუდვების დოკუმენტაციას, რაც ნებისმიერ მოწყობილობას შეიძლება ჰქონდეს. თითქმის ორი წუთის განმავლობაში ქულერი ცდილობს თავისი ბოლო რესურსების მობილიზებას, თუმცა, საბოლოოდ ითიშება და „კვდება“.

მთლიანობაში „Forty One Forty Four“ საინტერესო ნამუშევარია - ალბათ, საქართველოში მსგავსი ექსპერიმენტი და რისკი ნოიზის / ელექტრო-აკუსტიკისა და საუნდ არტის სამყაროში იშვიათად თუ ვინმეს გადაუდგამს. როგორც თავიდან ავღნიშნეთ, ეს ალბომი ადგილების აუდიო დოკუმენტაციის მცდელობაა, მის შემადგენელ ნაწილებს კი, ნაკლებად უნდა მივუდგეთ, როგორც კომპოზიციებს და უფრო მეტად როგორც ბგერის მანიპულაციისა და მისი ლიმიტების ძებნის პროცესს - რაც მთავარია, აქ როდი შეხვდებით მარტივ არტისტულ გადაწყვეტებს, ხმის დიზაინზე საკმაოდ ოსტატურად არის ნამუშევარი და შესაბამისად, საბოლოო შედეგიც, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ქართული აუდიტორიისთვისაც.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპოზიტორი, სოფია გუბაიდულინა აცხადებდა „ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი სურვილი ბგერის სიღრმეში, მის შიდა სივრცეში შეღწევაა“ -რისი მანიფესტაციაც ირაკლი შონიამ აღნიშნული ალბომით ნაწილობრივ მაინც მოახდინა - ძიება გრძლედება, რასაც უკვე არტისტის შემდეგ ნამუშევრებში უნდა ველოდოთ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი