ედუფინი

ვინ არიან ანტრეპრენერები?

აგვისტო 05, 2019

ანტრეპრენერი (entreprendre) ფრანგულად გარკვეული ქმედების განხორციელებას, საქმის დაწყება-კეთებას გულისმობს. ქართულ ანალოგად ხშირად მეწარმეს ან ბიზნესმენს ვიყენებთ. თუმცა, ჩემთვის ეს ტერმინი რისკის გაწევასთან, სტარტის აღებასთან, მოქმედებასთან, შეუპოვრობასა და სითამამესთანაც ასოცირდება. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიტყვას ვისმენ, ჩემს ირგვლივ არაერთი წარმატებული მაგალითი მახსენდება - დაწყებული პატარა საცხობით, დამთავრებული სამკერვალოთი, რომლებიც დღეს დიდ, წარმატებულ და მომგებიან ბიზნესად იქცა. მრავალი წლის წინ ამ იდეის განმახორციელებლები - ახალგაზრდა, ენერგიული და თამამი ადამიანები, ადგნენ და რისკი გაწიეს - იფიქრეს, გათვალეს, შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად წარმატებას მიაღწიეს. დასაფასებელია არა?! მე პირადად სიამაყით ვივსები, როდესაც ასეთ მაგალითებს ვიხსენებ. 

ფოტო: სტარტაპერის არქივიდან

ჩემი აზრით, ბიზნესმენებად, დირექტორებად, კომპანიის მმართველებად და ა.შ. არ ვიბადებით, უბრალოდ სურვილის, შრომისა და სწავლის შედეგად ვყალიბდებით ან სულაც ვერ ვყალიბდებით. თუმცა იმ ფაქტსაც ვერ უარვყოფთ, რომ პიროვნული მახასიათებლები დიდ როლს თამაშობს ჩვენს პროფესიულ არჩევანსა და წარმატებაში (John et al., 2008). რამდენად ღია ვართ სიახლის მიმართ, რამდენად დაბალი ნევროტულობის ხარისხი გვაქვს, რამდენად ექსტრავერტები ვართ, რამდენად კეთილსინდისიერად ვუდგებით საქმეს და ა.შ. აუცილებლად განსაზღვრავს იმას, თუ რა მიმართულებას ვირჩევთ ცხოვრებაში, რამდენად თამამები და მოტივირებულები ვართ, რამდენად გვაინტერესებს, მაგალითად, დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობა და რამდენად შეგვიძლია თავად დავიწყოთ საქმე, გამოვიჩინოთ ინიციატივა, განვახორციელოთ იდეა და ვიყოთ ამ მხრივ კონკურენტუნარიანი... 

ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ანტრეპრენერი ვუწოდოთ? 


ამ საკითხზე მეცნიერებმა მუშაობა გასულ საუკუნეში დაიწყეს[1]. კვლევები ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ბიზნესის მართვის სფეროებში არსებულ მიდგომებს ეყრდნობოდა და ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა, პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებზე: ვინ არიან ანტრეპრენერები? რა მიზნები ამოძრავებთ მათ? რა თვისებებით ხასიათდებიან?[2]


არც ისე მარტივი აღმოჩნდა ამ შეკითხვებზე სამეცნიერო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხების გაცემა. მკვლევრები ათწლეულების მანძილზე ცდილობდნენ შეემუშავებინათ სათანადო საზომი ინსტრუმენტები და არაერთი კონცეპტუალური გამოწვევის წინაშე დადგნენ. 80-იან წლებში, ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების მეთოდოლოგიურმა აღრევამ, ზოგიერთი მკვლევარი (მაგ. Gartner, 1988) იმ დასკვნამდეც კი მიიყვანა, რომ პიროვნულ მახასიათებლებსა და ანტრეპრენიორობას შორის კორელაცია საერთოდაც არ არსებობს.

ფოტო: სტარტაპერის არქივიდან

თუმცა, 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც სტარტაპების კულტურამ ძალა მოიკრიბა, ამ საკითხისადმი მკვლევართა ინტერესი ისევ გაიზარდა. ანტრეპრენიორთა პიროვნული მახასიათებლების კვლევის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. 


მკვლევარებმა სცადეს, პასუხი გაეცათ ორ მთავარ შეკითხვაზე: 

  1. განაპირობებს თუ არა ინდივიდის გარკვეული თვისებები მის ანტრეპრენერად ჩამოყალიბების ალბათობას? 
  2. განაპირობებს თუ არა ინდივიდის გარკვეული თვისებები მის მიერ „წარმატებული“ შედეგების მიღწევის ალბათობას? 

მართლაც საინტერესოა, კონკრეტულად რა თვისებებზეა საუბარი. მე რომ ეს თვისებები მქონოდა, ვიქნებოდი თუ არა ანტრეპრენიორი და მივაღწევდი თუ არა ამ სამეწარმეო სფეროში წარმატებას?


ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, მკვლევრებმა ანტრეპრენიორთა პოპულაციის სხვა პოპულაციასთან შედარების საშუალებით სცადეს და პიროვნული მახასიათებლების პრევალენტობის კვლევისას უპირატესობა პიროვნების ხუთფაქტორიან მოდელს მიანიჭეს (მაგ. Baron, 2004).  


პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი

პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი პიროვნების განსაზღვრის მულტიდისციპლინარულ მიდგომას გვთავაზობს და ზომავს ღიაობას, კეთილსინდისიერებას, ექსტრავერსიას, თანხმობისადმი მზაობასა და ნევროტიზმს[3]. აღნიშნული მოდელი 1980-იანი წლებიდან პიროვნული თვისებების ძირითად მოდელად ითვლება და დადგენილია, რომ ხუთფაქტორიან მოდელში შემავალი თვისებები გავლენას ახდენს კარიერულ არჩევანსა და სამუშაოს შესრულების ეფექტიანობაზე (John et al., 2008; Rauch, 2014). ზემოაღნიშნული ხუთი „მაკრო თვისება“ სხვადასხვა მახასიათებლების ნაკრებს მოიცავს, როგორც ეს ჯონისა და სხვების ნაშრომშია აღწერილი (2008, გვ. 138).  

რომელ ხუთ თვისებაზეა საუბარი? 


  • გამოცდილებების მიმართ ღიაობა: გულისხმობს ინდივიდის მენტალური და ექსპერიმენტული ცხოვრების ხარისხს, სიღრმეს, ორიგინალობასა და კომპლექსურობას;   
  • კეთილსინდისიერება: გულისხმობს იმპულსების სოციალურად დადგენილ კონტროლს, რომელიც ხელს უწყობს ამოცანებსა და მიზნებზე ორიენტირებულ ქცევას;
  • ექსტრავერსია: გულისხმობს ენერგიულ მიდგომას სოციალური და მატერიალური სამყაროს მიმართ და მოიცავს ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა კონტაქტურობა, აქტიურობა, საკუთარი თავის რწმენა და პოზიტიური განწყობა; 
  • თანხმობისადმი მზაობა: გულისხმობს სხვებისადმი პროსოციალურ მიდგომას და მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ალტრუიზმი, მგრძნობიარობა, ნდობა და მორიდებულობა; 
  • ნევროტიზმი: გულისხმობს ემოციურ არასტაბილურობას, ემოციურ დაძაბულობას, შფოთვას, შიშსს, დარდს. 


ფოტო: თიბისი ბიზნესის არქივიდან

ამ მახასითებლების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა მოახერხეს ემპირიულად დაემტკიცებინათ, რომ პიროვნული თვისებები ნამდვილად ახდენს გავლენას ადამიანის ანტრეპრენიორად ჩამოყალიბების ალბათობაზე.[4]


ჟაომ და ზიბერტმა (Hao Zhao and Scott E. Seibert 2006) შეისწავლეს 23 კვლევა სადაც, ანტრეპრენიორებს სხვა მენეჯერებს ადარებდნენ და დაადგინეს, რომ პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელის მიხედვით ანტრეპრენიორები მენეჯერებისგან კეთილსინდისიერებისა და გამოცდილებების მიმართ ღიაობის  კომპონენტებში საგრძნობლად განსხვავდებიან. 


აგრეთვე განსხვავება იყო ნევროტიზმისა და თანხმობისადმი მზაობის კომპონენტებში, სადაც ანტრეპრენიორებს ბევრად ნაკლები ქულა ჰქონდათ მენეჯერებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტრეპრენიორთა პოპულაცია ნაკლები შფოთვით, შიშით, ემოციური არამდგრადობით და მორიდებულობით ხასიათდება. ჟაოსა და ზიბერტის კვლევაში (2006), ექსტრავერსიასთან მიმართებაში ანტრეპრენიორებსა და მენეჯერებს შორის განსხვავება არ აღინიშნა. 

ფოტო: businesstools.ge-ს დაჯილდოებიდან

ჟაომ და ზიბერტმა (2006) ანტრეპრენიორებსა და მენეჯერების კვლევისას ხაზი კეთილსინდისიერების პიროვნულ კონსტრუქტს გაუსვეს. მაღალი კეთილსინდისიერება მიუთითებს მიზნების მისაღწევად ინდივიდის ორგანიზების, დაჟინების, შრომისმოყვარეობისა და მოტივაციის ხარისხზე.  


კეთილსინდისიერების კონსტრუქტი მოიცავს მიღწევისადმი მოტივაციისა და საიმედოობის კომპონენტებსაც. ჟაომ და ზიბერტმა (2006) დაადგინეს, რომ ანტრეპრენიორები და მენეჯერები საიმედოობის კომპონენტში ერთმანეთს გვანან, თუმცა მიღწევისადმი მოტივაციის კომპონენტში, ანტრეპრენერები მენეჯერებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ქულებით ფასდებოდნენ. 


ჟაოსა და ზიბერტის (2006) გარდა კიდევ არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდები, რომლებიც ანტრეპრენერულ კარიერას მისდევენ, მიღწევისადმი მოტივაციის კომპონენტში მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, სხვა ტიპის კარიერის მქონე ინდივიდებთან შედარებით (კოლინსი და სხვები, 2004).

მეც შემიძლია ვიყო ანტრეპრენერი? 


ზემოთქმულის თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი ჩვენ ან ჩვენი ნაცნობი-ახლობლები ამგვარი პიროვნული მახასიათებლებით ვხასიათდებით და თან გვსურს გავხდეთ ანტრეპრენერები, შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი სითამამით გადავდგათ ნაბიჯი წინ. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ კი ანტრეპრენერობას ვესწრაფვით და ასეთი თვისებები არ გაგვაჩნია? პირველ რიგში უიმედობამ არ უნდა შეგვიპყროს. მართალია, პიროვნული თვისებები შედარებით სტაბილური ფაქტორებია და შესაბამისად, მე ის ვარ, ვინც ვარ, მაგრამ ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის შეგვიძლია დავხვეწოთ და შევცვალოთ ქცევა. 


სწავლის, უნარების გაძლიერების, ტრენინგების, ქოუჩინგის თუ სხვა უამრავი საშუალების დახმარებით, შეგვიძლია ის საჭირო თვისებები განვავითაროთ ჩვენში, რაც ჩვენი საქმის კეთებასა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. რადგან მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი პიროვნული მახასიათებლების ფლობა-არფლობა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ წარმატება გარანტირებული გვაქვს.

ფოტო: თიბისი ბიზნესის არქივიდან

გვახსოვდეს, როგორი განვითარებულიც არ უნდა გვქონდეს საჭირო პიროვნული მახასიათებლები, როგორ ზედმიწევნით და კეთილსინდისიერადაც არ უნდა ვცდილობდეთ ჩვენი საქმის დაქოქვა-განვითარებას, არსებობს ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც წარმატების მიღწევასთან მჭირდო კავშირშია - იღბალი. იღბალი, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, ალბათ წარმოუდგენლად რთულია რაიმეს მიაღწიო. იღბალი, რომლის ქონა-არ ქონა მხოლოდ ჩვენს დაუღალავ შრომასა თუ სწავლაზე არ მგონია მაინცდამაინც დამოკიდებული იყოს. შესაბამისად თუ კი გვაქვს ანტრეპრენიორისთვის საჭირო ყველა უნარი, გვსურს საკუთარი საქმის წამოწყება, დროა გადავდგათ ნაბიჯი და ვიმედოვნოთ, რომ იღბალიც გვექნება. 


ხოლო, თუ კი გარკვეულ შიშს ან შფოთვას ვგრძნობთ, რომელიც გვაჩერებს, დროა კარგად გავაანალიზოთ, კონკრეტულად რომელი თვისება გვაქვს დასახვეწი, სად არის ჩვენი სისუსტე, რაზე მიგვანიშნებს ჩვენი შიში და ამ სისუსტის გაძლიერებასა და საჭირო უნარების გამომუშავებაზე ვორიენტირდეთ. 


ავტორი: ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი



[1] Kerr, S.P., Kerr W. R., Xu t. (2017) Personality Traits of Entrepreneurs: A Review of Recent Literature Available at: https://www.hbs.edu/faculty/Publication%20Files/18-047_b0074a64-5428-479b-8c83-16f2a0e97eb6.pdf

[2] Kerr, S.P., Kerr W. R., Xu t. (2017) Personality Traits of Entrepreneurs: A Review of Recent Literature Available at: https://www.hbs.edu/faculty/Publication%20Files/18-047_b0074a64-5428-479b-8c83-16f2a0e97eb6.pdf

[3] Kerr, S.P., Kerr W. R., Xu t. (2017) Personality Traits of Entrepreneurs: A Review of Recent Literature Available at: https://www.hbs.edu/faculty/Publication%20Files/18-047_b0074a64-5428-479b-8c83-16f2a0e97eb6.pdf

[4] “ENTREPRENEURSHIP AND THE BIG FIVE PERSONALITY TRAITS: A BEHAVIORAL GENETICS PERSPECTIVE.” (2008).

გამოყენებული ლიტერატურა:


Baron, R. A. 2004. “The cognitive perspective: A valuable tool for answering entrepreneurship’s basic “why” questions”. Journal of Business Venturing. 19(2): 221–239.

Collins, C. J., P. J. Hanges, and E. A. Locke. 2004. “The relationship of achievement motivation to entrepreneurial behavior: A metaanalysis”. Human Performance. 17: 95–117.

Gartner, W. B. 1988. “Who is an entrepreneur? Is the wrong question”. American Journal of Small Business. 12(4): 11–32.

John, O. P., L. P. Naumann, and C. J. Soto. 2008. “Paradigm shift to the integrative big five trait taxonomy: history, measurement, and conceptual issues”. In: Handbook of Personality: Theory and Research. Ed. by O. P. John, R. W. Robins, and L. A. Pervin. New York: Guilford Press. 114–158

Sari Pekkala Kerr, S.P., Kerr W. R., Xu t. (2017) Personality Traits of Entrepreneurs: A Review of Recent Literature Available at: https://www.hbs.edu/faculty/Publication%20Files/18-047_b0074a64-5428-479b-8c83-16f2a0e97eb6.pdf

Rauch, A. 2014. “Predictions of entrepreneurial behavior: A personality approach”. In: Handbook of Research on Small Business and Entrepreneurship. Ed. by E. Chell and M. Karatas-Ozkan. London, UK: Edward Elgar. 165–183.

Stewart, W. H. and P. L. Roth. 2007. “A meta-analysis of achievement motivation differences between entrepreneurs and managers”. Journal of Small Business Management. 45(4): 401–421.

Zhao, H. and S. E. Seibert. 2006. “The big five personality dimensions and entrepreneurial status: A meta-analytical review”. Journal of Applied Psychology. 91: 259–271. Zhao, H., S. E. Seibert, and G. E. Hills. 2005. “The mediating role of self-efficacy in the development of entrepreneurial intentions”. Journal of Applied Psychology. 90: 265–1272.