ლიტერატურა

40 წესი მილიარდიდან

„საბა"

მაისი 27, 2021

ლიტერატურას, და ზოგადად, ხელოვნებას ორი ძირითადი მამოძრავებელი იდეა, მთავარი ხაზი, აზრობრივი ბირთვი აქვს - სიყვარული და სიკვდილი, ეროსი და თანატოსი.

უძველესი ტექსტებიდან ასეა, ასეა მითებსა და ლეგენდებში შემონახულ მინიშნებებში, ასეთია გილგამეშის, აქილევსის, ორფეოსის ამბებში. თითქოს ლიტერატურამ უკვე ყველაფერი თქვა სიყვარულზე, თითქოს სიყვარულის ყველა გზა აღწერა, სიყვარულის ყველა სახე, ყველა ხასიათი, ყველა გამოვლინება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დაუსრულებელი თემაა და ამიტომაც, სანამ იარსებებს ლიტერატურა, აუცილებლად დაიწერება წიგნები სიყვარულზე. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ წერენ სიყვარულზე ქალები.


ელიფ შაფაქი თანამედროვე თურქი მწერალია, რომლის ხმა და სიყვარულზე საუბარი დღეს მსოფლიოში ხმამაღლა ისმის. აღმოსავლელი ქალი, რომელიც ევროპაში დაიბადა, დამოუკიდებელი, თავისუფალი დედის მიერ აღიზარდა და მრავალ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ყველაზე კარგად ხედავს სიყვარულის სირთულეებს, ზოგჯერ კი მის შეუძლებლობას აღმოსავლურ სამყაროში, სადაც ქალს ერთადერთი, რეპროდუქციული ფუნქცია აქვს. ხედავს სიყვარულის სიღრმეს, მრავალწახნაგიანობას, სიფაქიზეს. შაფაქი აქტივისტი, ფემინისტი მწერალია, ხშირად საუბრობს მტკივნეულ თემებზე, ზოგჯერ ისე გაბედულად, რომ საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფასაც აბრალებენ. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის წიგნებს და მის დამოკიდებულებას სიყვარულთან, კაცობრიობის ამ გამოუცნობ ქიმერასთან.

აქვს კი წესები სიყვარულს? ალბათ იმდენი, რამდენი სიყვარულის ისტორიაც არსებობს დედამიწაზე, თუმცა რომანს, რომელმაც ელიფ შაფაქს მკითხველის დიდი სიყვარული და ყურადღება მოუტანა, „სიყვარულის ორმოცი წესი“ ჰქვია, ორმოცი წესი მილიარდიდან, თუმცა, როდესაც ამ წესებს ისეთი ავტორი იძლევა, როგორიც ელიფ შაფაქია, გათვალისწინება ღირს.


„სიყვარულის ორმოცი წესი“ 2009 წელს გამოიცა ამერიკაში, მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა.

მაინც რა არის სიყვარული? იქნებ ქარიშხალი:


„ბობოქარ ქარიშხალს მუჭში ვერ მოიმწყვდევ. დანამდვილებით იცი, რა ზიანის მოტანაც შეუძლია, მაგრამ მისი ჩაცხრობის ძალა არ შეგწევს. სწორედ ასეა სიყვარულიც. წინ ვერავინ დაუდგება“.


მაინც რომელია სიყვარულის მთავარი წესი? ალბათ ეს:


„სიყვარული სიცოცხლის არსი და მიზანია და რუმის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველას შეახებს თავის ფრთას, მათაც კი, ვინც თავს არიდებს სიყვარულს...“

წიგნიც სწორედ ამ ამბებზეა, რომ სიყვარული ერთნაირად აფორიაქებს ადამიანთა სულებს, იქნება ეს მისტიკოსი პოეტი ჯალალ ედ-დინ რუმი თუ ამერიკელი დიასახლისი, რომელმაც პირველად გამოაღო თავისი ოჯახის, როგორც გალიის, ჩაკეტილი კარი და თავისუფლების შეგრძნება მოუნდა.


ეს წიგნი დროსა და სიყვარულში მოგზაურობაა, აქ სიყვარული სინათლის სიჩქარით მოძრაობს და მარტივად შეუძლია ამერიკელი დიასახლისი შუა საუკუნეების მისტიკოსის სიყვარულში ამოგზაუროს.

კიდევ ერთი წესი, სიყვარულის უნდა გწამდეს, ისევე, როგორც ამ რომანის ერთ პერსონაჟს, შუა საუკუნეების მეძავ ქალს სწამს:


„რწმენაც ეგ არის ჩემთვის - კაცთა თვალს მოფარებული, იდუმალი ვარდნარი, მათრობელა სურნელით გაჟღენთილი, ჩემი საყვარელი სასეირნო ადგილი, ჩემთვის ვინ იცის, რამდენი ხნით დახშული.


მინდა, ისევ დავუმეგობრდე ღმერთს. ვუვლი და ვუვლი ბაღს გარშემო, ვეძებ შესასვლელს. იმედი მაქვს, ჭიშკარს ვუპოვი და შიგ შევაბიჯებ ოდესმე...“

ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ არაფერი ზრდის ადამიანს ისე, არაფერი აპოვნინებს ადამიანს საკუთარ თავს ისე, როგორც სიყვარული.

„სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.“


ავტორი: „საბა"