სიახლეები

რა ეკო ინიციატივები და მიმართულებები აქვს თიბისის?

თებერვალი 07, 2020

ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ვიაზრებთ, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარი საქმიანობით მუდმივად ვახდენთ ზემოქმედებას გარემოზე. რა შეიძლება გავაკეთო მე?! - როდესაც არ მჭირდება სინათლე - გამოვრთო; ახალ წელს ცოცხალი ნაძვის მაგივრად ხელოვნური ნაძვი მოვრთო; თუ ცოცხალი მინდა, - ქოთნით შევიძინო; არ დავაბინძურო გარემო; როდესაც ზაფხულში კონდიციონერს ვრთავ, ან ზამთარში გათბობაა ჩართული, ფანჯარა ღია არ დავტოვო. მოკლედ, ძალიან ბევრია თითოეულ ჩვენგანზე დამოკიდებული და თუ გავაცნობიერებთ ქმედებას, დედამიწასაც დავეხმარებით. 


რა შეუძლიათ გააკეთონ ორგანიზაციებმა, რომლებიც გაცილებით მეტ ელექტროენერგიას და საწვავს მოიხმარენ, მეტი ნარჩენი აქვთ და შესაბამისად, გარემოზე მეტად ზემოქმედებენ, ვიდრე ერთი ადამიანი? 




საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესშია. ამ საქმეში საჯარო სექტორთან ერთად ვალდებულება კერძო სექტორსაც აკისრია. მაგალითად, თიბისიში ასეთი ხედვა აქვთ: კომპანიამ გლობალური პრობლემა გაიაზრა, შემდეგ კი შეიმუშავა და დაამტკიცა გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.


ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, ინოვაციები, სპორტი, ხელოვნება და კულტურა - თიბისი ამ მიმართულებებით განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების რაოდენობითა და მასშტაბით ლიდერი კომპანიაა. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენის მსგავსი მასშტაბური პროექტების გარდა არ იცის - რა კეთდება თიბისიში იმისთვის, რომ ის ეკომეგობრული იყოს. 


მას შემდეგ, რაც 2014 წელს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ორგანიზაციამ საქმიანობის სტანდარტი ასწია და საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები კიდევ უფრო გაამკაცრა. 


რას აკეთებს თიბისი გარემოს დასაცავად და ზემოქმედების შესამცირებლად?




- თანამშრომლებისვის, მომხმარებლებისა და სტუმრებისთვის პლასტმასის ჭიქები ქაღალდის ჭიქებით ჩანაცვლდა;


- მალე ეკომეგობრული, ქაღალდის კალმები დამზადდება;


- ბევრი პროცესის ავტომატიზება და გაციფრულება მიმდინარეობს, რამაც 2017-18 წლებთან შედარებით დაახლოებით 25%-ით შეამცირა საბეჭდი ქაღალდის მოხმარება;


- ავტოპარკი 70%-მდე ჩანაცვლდა ჰიბრიდული და ელექტრომობილებით. ასევე დამონტაჟებულია ელექტრომობილების დამტენები და ავტომანქანების დატენვა ადგილზევეა შესაძლებელი;


- შემუშავდა შესყიდვების მწვანე რეკომენდაციები, რომელიც გარემოსადმი უფრო მეგობრული პროდუქტებისა და მომსახურების შერჩევას გულისხმობს;


- ყველა სათავო ოფისში ძველი განათების სისტემა უფრო ეკო-მეგობრული გახდა და ლედ-განათებით შეიცვალა;


- სპეციალურ ურნებში შეგროვებული მაკულატურა, გადამუშავების შემდგომ, გამომცემლობა „პალიტრას“ წიგნებად გადაიქცევა;


- სათავო ოფისებში განთავსდა ნარჩენების სეპარირების ურნები. „Follow-me printing” სისტემა დაიტესტა. 30 პრინტერი ერთი ჭკვიანი, მულტიფუნქციური პრინტერით ჩანაცვლდა, რომელიც 2 გვერდზე ბეჭდავს, 2 გვერდზე ასკანერებს და ნაკლებ კარტრიჯსა და დენს მოიხმარს;



თანამშრომლების საქმიანობის შესაბამისი, ინდივიდუალური, წლიური KPI-ის გარდა, თიბისის, როგორც კომპანიას გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული KPI-ც აქვს. თიბისელების მიერ მოხმარებული ყველა რესურსი - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, სამივლინებო ფრენები და საწვავი - ერთ ცვლადში გადადის, CO2-ით გამოისახება და რეპორტდება; ხდება წინა წლებთან შედარება - რა რაოდენობის CO2 მოდის ერთ თანამშრომელზე და მთლიანად კომპანიაზე. თუმცა, ამ მაჩვენებლის კომპენსაციას თიბისი გარემოსდაცვითი მართვის ძლიერი სისტემითა და დაკრედიტების იმ პოლიტიკით ახდენს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლების საქმიანობის გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს აფასებს, რეკომენდაციებს აძლევს და ეხმარება მათ,  რომ შეამცირონ უარყოფითი გავლენა გარემოზე.


თიბისიმ დაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მენეჯმენტი 2012 წელს დაიწყო. დაკრედიტებისას ბიზნესმომხმარებლების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებიც ფასდება. თიბისი ითხოვს, რომ მომხმარებელი შესაბამისობაში იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, არამედ იმ საერთაშორისო სტანდარტებთანაც, რომლებსაც თვითონ ბანკი იცავს.

 



ამ ეტაპზე, თიბისი ISO 14001 სერთიფიკატის ასაღებად ემზადება. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა. სერთიფიკატის ასაღებად კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. მოთხოვნები, ძირითადად, კომპანიის გარემოზე ზემოქმედების შემცირებისკენაა მიმართული.


თუ ბიზნესმომხმარებლის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების რისკი მაღალია, უარის თქმა გამოსავალი არ არის. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ბანკი მას დახმარებას სთავაზობს: გაიწერება სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად შეუმცირდება კომპანიას უარყოფითი გავლენა გარემოზე. 


ამავე მიზეზით ხდება უკვე დაფინანსებული ბიზნესმომხმარებლის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მონიტორინგიც - როგორ სრულდება ამ მიმართულებით ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები.


გარემოსდაცვითი თემები თიბისის ბიზნესფორუმების განუყრელი ნაწილი გახდა. თუ აქამდე მსგავს ღონისძიებებზე გამომსვლელები მხოლოდ სხვადასხვა ფინანსურ რეგულაციაზე საუბრობდნენ, ახლა უკვე დისკუსიები გარემოსდაცვითი რეგულაციების შესახებაც იმართება.



პოზიტიური ცვლილებები ინფორმაციის მიღებით იწყება. სწორედ ამიტომ, თიბისის ყველა ეკოაქტივობის მიზანი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდაა.


დედამიწის რესურსები ამოწურვადია, ცალხმრივი სარგებელი კი შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანს. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის მიერ საკითხის სათანადოდ გაცნობიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

ავტორი: შორენა ცხოვრებაშვილი