თაობა მუსიკა | ცა

ელექტრონავტი XII

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 06, 2021

„ელექტრონავტები არიან მუსიკოსები, რომლებიც ხმოვანების ოკეანეში მოგზაურობენ და რაღაც ახალს ეძებენ.. ისინი ისეთივე მაძიებლები არიან, როგორც არგონავტები“2005 წელს სერგი გვარჯალაძემ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, „ელექტრინავტები“ გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის კინოდოკუმენტალისტიკის ჟანრში მუშაობის პირველი მცდელობა იყო, გადაწყვიტა ფილმი იმ პერიოდისთვის უჩვეულო თემაზე შეექმნა - იმ მუსიკოსებზე, რომლებიც ფუტურისტულ მუსიკას ქმნიდნენ.

ამ ამბებიდან ორი წლის შემდეგ, ფონდის „ელექტრონავტი“ შექმნის იდეა გაჩნდა, რომელიც წელს უკვე რიგით მე-12 დაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობს. სერგი იხსენებს, რომ პირველად თავის მეგობრებთან და კოლეგებთან საუბარში გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო პლატფორმა, რომელიც ქართული სცენის დინამიკას გარკვეული პერიოდულობით შეაჯამებდა და შეაფასებდა. „აჩიკო გულედანთან და ვახო ბაბუნაშვილთან ერთად საერთო პროექტზე ვმუშაობდით, სადაც ეს იდეა გაჩნდა, რომელსაც მოგვიანებით მხარი ჟორჟიკამაც (Jorjick) დაუჭირა. პირველი ღონისძიება 2007 წელს, სამეფო უბნის თეატრში გაიმართა - ძალიან საინტერესო იყო ისტორიული შენობის და სუპერთანამედროვე, ფუტურისტული მუსიკის სინთეზი“.

ის მიზანი, რომელსაც ფონდი „ელექტრონავტი“ უნდა მომსახურებოდა, თავიდანვე ნათლად გამოიკვეთა - პლატფორმის მიზანი იყო ქართული მუსიკალური სცენისთვის აქსელერატორის ფუნქცია შეესრულებინა და მისი საზღვრები გაეფართოებინა. 

„შეიძლება თავად სცენა არ არის ისეთი პატარა, როგორიც წარსულში იყო, მაგრამ ინდუსტრია გვაქვს ძალიან პატარა. ფაქტობრივად ინდუსტრიის ჩანასახები ახლა უფრო იკვეთება და ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მუსიკოსებს გასცდნენ თავიანთ ჩარჩოებს და ქვეყნის საზღვრებსაც“ - სერგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ინტერნეტის და სტრიმინგის ეპოქაში გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის წესები მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწრაფი ადაპტაციაა საჭირო. „არტისტებისთვის ბევრი რამ შეიცვალა, დღეს უკვე აღარ ხარ რომელიღაც ქვეყნის არტისტის, დღეს შენს მუსიკას შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უსმენდნენ. საკუთარი მუსიკის პოპულარიზაციის უამრავი ფორმა არსებობს, რომელიც ასევე კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას“. 

დროთა განმავლობაში ცვლილებების დინამიკამ თავად „ელექტრონავტების“ პოზიციონირებაც შეცვალა და პლატფორმის სამიზნეზე ელექტრონული მუსიკის გარდა, ინოვაციური პოპ კულტურის უფრო ფართო სპექტრი მოექცა.

ამით ისინი შეეცადნენ თავი აერიდებინათ კლიშეებისთვის და ჩარჩოებისთვის, რომელიც ლოკალური არტისტების შემოქმედებით პოტენციალს მნიშვნელოვნად ზღუდავდა. „რაღაც პერიოდი იყო მოსაზრება, რომ ჩვენ ტექნო სცენა ვართ, რაც ალბათ არ იყო ცუდი იმ დროს, მაგრამ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვინც მზად არიან გარისკონ და ისეთ ფორმებში გადაინაცვლონ, რაც ახალ მუსიკალურ ფორმებს წაახალისებს და სცენაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.“ 

რა თქმა უნდა, გადამეტებული იქნება თუ ვიტყვით, რომ სცენაზე შესამჩნევი პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ ელექტრონავტების ან რომელიმე ცალკეული პლატფორმის დამსახურებაა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ „ელექტრონავტებს“ თავისი ისტორია აქვს. ამ ისტორიის ახალი ფურცელი კი ახლა იწერება.

პლატფორმის ეკოსისტემა ყოველდღიურად ფართოვდება და ნელ-ნელა უახლოვდება იმ მიზანს, რომ „ელექტრონავტები“ საერთაშორისო პლატფორმად იქცეს, რომელიც ქართული მუსიკალური ლანდშაფტის მსოფლიოსთვის გაცნობას გულისხმობს.

„დავაფუძნეთ რადიო, სადაც ვსტრიმავთ ქართულ მუსიკას და ვავრცელებთ მოკლე ნიუსებს ვდებთ. ასევე გვაქვს იუთუბ არხი და გვინდა საინფორმაციო საშუალებად ვიქცეთ და გლობალურ დონეზე გავაშუქოთ ის რაც ჩვენთან ხდება.“ - სერგი ამბობს, რომ განვითარების ამ დინამიკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისიც, არის რომ დღეს ქართული მუსიკა უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქვეყნის გარეთაც. „წლევანდელ ნომინანტებში აშკარად შეიმჩნევა, რომ დიდი დოზით ხდება ლოკალური კონტექსტის ხაზგასმა. ამის მაგალითია მურმან წულაძე, Tamada, 4D Monster Lobsters, VAQO და ყველა ის არტისტი, ვინც პრინციპულად განსხვავებულ ჟღერადობას ქმნის და ხაზს უსვამს იმ გარემოს, რომელშიც ეს მუსიკა იქმნება.“

საინტერესოა ის დეტალიც, რომ წლევანდელ დაჯილდოების ფორმატში რამდენიმე ცვლილებაც მოხდა: შეიცვალა ნომინანტების შერჩევის წესი, რომელიც წელს მთლიანად ფონდის და ჟიურის პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდა. 

დიდი მუსიკალური კატალოგიდან, რომელიც შარშანდელი დაჯილდოების შემდეგ შეიქმნა, ჟიურის დახმარებით შეირჩნენ ნომინანტები, რომლებიც შემდეგ ნომინაციებში არიან წარდგენილი:

ლეიბლი / Best Label

მედია / Best Media

დიჯეი / Best DJლაივ

სთრიმი / Best Live stream

ალბომი / Best Album

ტრეკი / Best Track

მუსიკალური ვიდეო / Best Video

Z არტისტი / Z Artist

ელექტრონავტი XII / Electronaut XII

აღნიშნული ნომინაციების სამეულები 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, თავად დაჯილდოება კი 11 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ Z არტისტი ახალი ნომინაციაა, რომელიც TBC Z-სა და „ელექტრონავტების“ კოლაბორაციით შეიქმნა და მისი მიზანია, სცენის გაახალგაზრდავებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი. ამ კატეგორიაში მხოლოდ თაობა Z-ს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. Z არტისტის ნომინაციაში გამარჯვებული მუსიკოსი თიბისი Z-სგან 3000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წლევანდელ დაჯილდოებას Leno Records უმასპინძლებს: „შევეცდებით მუსიკალური ნაწილი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს და ჟანრობრივად თუ სტილისტურად განსხვავებული შემსრულებლები წარვადგინოთ. მათ შორის არიან Tamada, Bad Habitz, Ellarge , Mechanical Rainbow, 4d Monster Lobsters, Toke და სხვა არტისტები“. საინტერესოა, როგორი იქნება ქართული მუსიკალური წლის ელექტრონავტისეული შეჯამება და იმ ტენდენციების გამოკვეთა, რომელიც შემდეგი წლების მანძილზე შეიძლება წარმატებით გაგრძელდეს ან პირიქით, მაქსიმალურად იქნეს იგნორირებული. ვიმედოვნოთ, რომ ორივე შემთხვევაში სცენა იმაზე ხმაურიანი იქნება, ვიდრე ოდესმე.

ავტორი: რეზი ხუნწელია