თაობა მუსიკა | ცა

ქეთო გუგუშვილი | კონტრასტების დამეგობრება მუსიკაში

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 08, 2021

უამრავ ჯადოსნურ ემოციას შორის, რომელიც მუსიკას უკავშირდება, ერთ-ერთი საუკეთესოა, როცა აღმოაჩენ ახალ არტისტს და იფიქრებ, აქამდე ამ ადამიანის შესახებ როგორ არ ვიცოდიო. შემდეგ მომავალი სიამოვნებისთვის მზადმყოფი შეჰყვები მის შემოქმედებას, როგორც ზღვის ლამაზ ტალღას და უბრალოდ ტკბები იმდენხანს, რამდენხანსაც მოქცევა გიკარნახებს.

ბოლო დროს მოსმენილ მუსიკოსებს შორის ასეთი 19 წლის ქართველი არტისტი ქეთო გუგუშვილი აღმოჩნდა, რომელიც წელს ელექტრონავტების ნომინანტი იყო „Z არტისტის“ კატეგორიაში. 

მისი არცერთი კომპოზიცია არ ჰგავს ერთმანეთს და ყოველი ნამუშევარი ფილმის საუნდრტეკივითაა, სრულყოფილი მუსიკალური თხრობით, მისტიკური სიუჟეტით და სულშიჩამწვდომი მელოდიით. 

გაკვირვების მეორე ტალღა მოდის იმის გაცნობიერებისას, რომ შთაგონებების ამ მრავალფეროვან ერთიანობას 19 წლის ადამიანი ინახავს და მიუხედავად ახალგაზრდული ეიფორიისა, კომპოზიციებში ყველაფერი დინჯად გააზრებულს, კარგად გაცნობიერებულს ჰგავს. სხვა კლიშე კონტრასტებიც დამეგობრებულია ქეთოს შემოქმედებაში - ნაივურობა და მიხვედრილობა, თავისუფლება და წესრიგი, სითამამე და ფემინურობა. ამ საინტერესო სინთეზს ფაქტობრივი ასახვაც აქვს კომპოზიციებში, რაც ალბათ გამოწვეულია ერთი მხრივ კლასიკური კონსტრუქციულობისკენ მისწრაფებით, მეორე მხრივ კი თანამედროვე ტექნიკების ფლობით.

სწორედ ამ ორი, თითქოს ერთმანეთთან ზურგშექცეული სამყაროს - კონსერვატიული კლასიკური ტრადიციისა და ელექტრონული მუსიკის გადაკვეთის წერტილი გახდა ჩვენი საუბრის მთავარი თემაც.

როგორია შენი მუსიკალური ბიოგრაფია დღემდე და როგორ მიაგენი შენს ადგილს მუსიკაში?

ბავშვობაში, 5 წლამდე ერთადერთი პროფესია, რაზეც მიოცნებია იყო ექიმობა. 5 წლის შემდეგ მუსიკოსობის გარდა სხვა ვარიანტი არ განმიხილავს. ძალიან მინდოდა გიტარისტობა და 12 წლის ასაკში დავიწყე კლასიკური გიტარის სწავლა, პატარა ანსამბლის წევრიც ვიყავი, შემდეგ ჯაზ გიტარითაც დავინტერესდი, თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი შევდგარიყავი როგორც შემსრულებელი დღეში 5-6 საათი მეცადინეობის გარეშე. ეს იყო პირველი ბიძგი, სხვა ალტერნატივების ძიება და მუსიკის წერაზე მუშაობა. ამის სურვილი თითქოს ყოველთვის მქონდა, მაგრამ მანამდე არ მიცდია სანამ Ableton-ის კურსები არ გავიარე. რეალურად ამ პროგრამის სწავლისას შემომეწერა ყველაფერი, რაც ინტერნეტში მიდევს. მერე, ისე მოხდა, რომ ელექტრონული მუსიკით გატაცების 2 წლიანი პერიოდის შემდეგ, ისევ კლასიკურ მუსიკას დავუბრუნდი. ადრე ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი ადამიანი, რომელიც 6 საათის განმავლობაში დაჯდებოდა ინსტრუმენტთან და დაუკრავდა, ახლა კი იგივეს ვაკეთებ ოღონდ არა გიტარაზე, არამედ ფორტეპიანოზე. ვსწავლობ კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიაზე და შემდეგ საზღვარგარეთ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი მიზეზი, რამაც კლასიკურ მუსიკასთან დაგაბრუნა? მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 2 წელი ელექტრონული მუსიკით იყავი დაინტერესებული.

კლასიკური მუსიკაში ყველაზე ბევრი წესია. საჭიროა ძალიან კარგად იცოდე მუსიკის თეორია, რომელიც მე ყოველთვის მიყვარდა მისი სიზუსტის გამო. სკოლაშიც ყველაზე მეტად ფიზიკა, მათემატიკა მიზიდავდა და ვგრძნობ, რომ მუსიკის მიმართ მეცნიერული მიდგომა ყველაზე ახლოსაა ჩემთან. პიროვნების ფსიქოლოგიურ ტესტებშიც ყოველთვის „მეცნიერი“ ვარ, თითქოს ყველაზე შეუფერებელი ფსიქოტიპი მუსიკოსისთვის. მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას წესებში ჩაძიება, მათი გარჩევა და სწავლა მანიჭებს, რაც კლასიკურ მუსიკაში ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჟანრში.

რაც შეეხება ელექტრონულ მუსიკას, რა დამოკიდებულება გაგიჩნდა მუსიკის შექმნის თანამედროვე გზების მიმართ?

ძაან მიყვარს Ableton-ი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას რომ სწავლობდნენ კლასიკური კომპოზიციის სტუდენტები, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო გაიფართოვებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს, დაწერდნენ განსხვავებულ მუსიკას და პროცესიც, ალბათ, ბევრად მრავალფეროვანი გახდებოდა. გასაგებია, რომ კომპოზიციებს ნოტებით ვწერთ და ხმები საკრავებით უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ აქ შეგვიძლია ეს საკრავები უფრო დეტალურად განვიხილოთ და წერის პროცესში მოვისმინოთ, დავხვეწოთ ჩვენი მუსიკა. რატომაც არა, თუ უფრო მეტი კომფორტი და სიმარტივე შეგვიძლია გვქონდეს კომპოზიციების შექმნისას.

რადგან არც ისე დიდი ხანია ქართული მუსიკის თანამედროვე სცენის ნაწილი გახდი, გაგვიზიარე როგორია შენი შთაბეჭდილებები , როგორია დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ? როგორ ჩანს ეს სამყარო ახალი თვალით?

ქართული მუსიკის სცენა ძალიან მეგობრულია და ყოველთვის მზად არის, რომ ახალი შესაძლებლობები მისცეს მუსიკოსებს. მე ეს დავინახე და ჩემი პირადი გამოცდილება ძალიან პოზიტიურია. ის ფაქტი, რომ ეს ხალხი ერთი პატარა დაჯგუფებასავითაა, თითქოს გამოსადეგია მუსიკოსებისთვის ერთმანეთის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვისაც საერთო ინტერესები აქვს ყველა ერთმანეთს იცნობს, უსმენს სხვა ავტორის შემოქმედებას, ინტერესდება რას წერს სხვა მუსიკოსი და ეს ბუნებრივია, რომ მეტ მოტივაციას გვაძლევს.

რა არის შენთვის მთავარი, რასაც ერთი მხრივ შენს თავს სთხოვ როგორც კომპოზიტორს, მეორე მხრივ კი ზოგადად გიზიდავს მუსიკაში?

გულწრფელობა. შეიძლება კომპოზიცია იყოს შეკვეთით დაწერილი, მაგრამ მაგას არ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია ავტორი არ იტყუებოდეს, რადგან ეს ყოველთვის რაღაც ფორმით მაინც იგრძნობა მუსიკაში ისევე, როგორც ლიტერატურაში. არ შეიძლება აქ სიყალბე. რაც შეეხება სხვა კრიტერიუმებს, ძალიან უხეშად რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მელოდიურობა. თუ მელოდია ახლოსაა ჩემთან და ჰარმონიზაცია საინტერესოა, აუცილებლად მომეწონება ნამუშევარი. კიდევ ერთი რამ, რასაც დავამატებდი არის ჩანაწერის ხარისხი. დღეს იმდენად ბევრი საშუალებაა ხარისხიანად ჩაწერის, რომ ამ მხრივ თამასა აწეულია. მაგალითად, კლასიკურ მუსიკაში ჩანაწერების ხარისხი დიდი პრობლემაა. თანამედროვე მუსიკაში პირიქით, ძალიან ბევრი რამე სისუფთავეზე და კარგად დამასტერებაზეა დამოკიდებული, რომ მსმენელს კონცენტრაცია ჰქონდეს საუნდზე და ყურადღების დეტრაქტორი არ გახდეს ეგრედწოდებული „ჭუჭყიანი“ ჩანაწერი.  შეიძლება რაღაც კომპოზიციაში მელოდია და ჰარმონია არ მომეწონოს, მაგრამ იმდენად საინტერესო ხმები იყოს გამოყენებული და იმდენად კარგი ჩანაწერი იყოს, რომ მაგას ვუსმენდე. შეიძლება საერთოდ არ მომეწონოს ნამუშევარი მაგრამ ბექსთორი გავიგო და მაგის მერე შემიყვარდეს. ასე რომ ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული ის, თუ რა მიზიდავს მუსიკაში.

ძალიან კარგი კოლაბორაციული ნამუშევარი გაქვთ შენ და გიორგი მარის. როგორი იყო სხვა არტისტთან ერთან მუშაობა და სამომავლოდ რამდენად განიხილავ სხვა კოლაბორაციებს?

გიორგი მარისთან კოლაბორაცია მართლა ძალიან საინტერესო იყო. პანდემიისას ჩავწერეთ „Time Machine”. მე მქონდა მელოდია, გავუგზავნე გიორგის და შევთავაზე რაღაც ერთად გაგვეკეთებინა. სოფელში ვიყავი და Ableton-ში ვმუშაობდი, გიორგი სხვა პროგრამაში მუშაობდა და დიდი წვალება მოგვიწია სხვადასხვა ფაილებს რომ ვუგზავნიდით ერთმანეთს. ტექსტზე გიორგიმ იმუშავა და მელოდია ერთად მივიყვანეთ საბოლოო ვერსიამდე. სულ მინდოდა მეცადა სიმღერის გაკეთება და გიორგი ძალიან დამეხმარა. ძალიან კარგ მუსიკას ქმნის და ბევრი რამე სულ სხვა პერსპექტივიდან დავინახე. იმედი მაქვს მომავალშიც ბევრი კოლაბორაცია მექნება, თუმცა საკმაოდ საფრთხილო თემაა და მნიშვნელოვანია სწორი კავშირი შედგეს მუსიკოსებს შორის. ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა, კარგად ავეწყვეთ ერთმანეთს.

სხვის შეფასებას, რჩევას რამდენად ითვალისწინებ ან რამდენად საჭიროდ თვლი მუსიკის გაზიარებას მეგობრებისთვის გამოქვეყნებამდე? ზოგადად, როგორია შენი სამუშაო ეთიკა ამ თვალსაზრისით?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერკვევიან კონკრეტულ ჟანრში ან მათ გემოვნებას ვენდობი, მოისმინონ ნამუშევარი და გამიზიარონ შთაბეჭდილება. ჩემი გამოცდილებით ეს პროცესი ძალიან განსხვავებულია ელექტრონულ და კლასიკურ მუსიკაში. ერთ შემთხვევაში მზად გაქვს ყველაფერი და უბრალოდ უნდა გაუგზავნო ვინმეს შესაფასებლად. მეორე შემთხვევაში კი ცოცხლად უნდა დაუკრა და შეასრულო, რაც იწვევს ნერვიულობას. როცა მიჩვეული ხარ, რომ შენთვის ოთახში უკრავ, არავინ გიყურებს და მერე გიწევს აუდიტორიისთვის შესრულება, შეიძლება ბოლომდე ვერ გამოამჟღავნო მუსიკალური შესაძლებლობები. ამაზე სპეციალურად უნდა იმუშაოს მუსიკოსმა. თუმცა, წერის პროცესში მარტო ყოფნასაც აქვს თავის უარყოფითი მხარე - როცა დიდი ხანი ხარ ჩართული პროცესში, შეიძლება ჩაიკარგო და რაციონალურად ვერ გაანალიზო ნამუშევარი.

 

ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერს აქვს დროის ლიმიტი, მათ შორის მუსიკის წერის პროცესს. საათების მატებასთან ერთად, რაღაც ეტაპამდე პროგრესია, თუმცა თუ ადეკვატურ დროს გადააჭარბე,  მერე შეიძლება პირიქით გააფუჭო ნამუშევარი. ამ ბალანსის პოვნა არის ძალიან რთული თუმცა, ვფიქრობ, აუცილებელი ყველა მუსიკოსისთვის.

შენი აზრით, რა ეტაპზეა დღეს კლასიკური მუსიკა? როგორია ის თანამედროვე სამყაროში და როგორ აღიქვამ შენს თავს: როგორც დიდი კომპოზიტორების შემოქმედების გამგრძელებელს თუ როგორც რაღაც ახლის შემქმნელს? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რამდენად მძაფრად გრძნობ კლასიკური მუსიკის ისტორიულ ჩრდილს და რამდენად შესაძლებელი გეგონა ამ ჩრდილიდან გამოსვლა?

ელექტრონული მუსიკის სწავლა დავიწყე იმიტომ, რომ კლასიკური მუსიკა დაძველებული, არქაული მეგონა. ახლა ვხვდები, რომ არასწორი დამოკიდებულება მქონდა შესაბამისი განათლების, მოსმენის გარეშე.

დღეს ყველანაირ ჟანრზე მაღლა ვაყენებ კლასიკურ მუსიკას.


რაც შეეხება, მის განვითარებას: ჩემი აზრით, დღეს რომ მუსიკოსი დაჯდეს და კლასიცისტური კომპოზიციის და ჰარმონიის წესებით დაწეროს მუსიკა, ახალს ალბათ ვერაფერს იზამს. შეიძლება ბევრს მოეწონოს, მაგრამ კლასიკოსები იმიტომ იყვნენ საუკეთესოები, რომ მათ თავად შექმნეს სტანდარტი და ეს წესები მათთვის იყო ყველაზე ორგანული. ალბათ შეუძლებელია იგივე ხარისხის რეპლიკაცია. თუმცა დღეს ცხოვრების კულტურული და ტექნოლოგიური განვითარების სულ სხვა კონტექსტი გვაქვს და შესაბამისად ხარისხის ცნებამაც შეიცვალა პერსპექტივა. აი მაგალითად, თანამედროვეობაში უკვე მეტი რამეა დამოკიდებული შესრულებაზე, რადგან ინსტრუმენტები პროგრესირდა და მათ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე მაგალითად 5 საუკუნის წინ; სხვანაირი გააზრება აქვს დღეს ორკერსტს; ბევრად სუფთად ჩაწერის შესაძლებლობები გვავქს... მოკლედ ძალიან საინტერესო სიახლეების შექმნა შეიძლება თუმცა ალბათ ამას უფრო მეტი შრომა და ჩაძიება სჭირდება. ამიტომაცაა, უფრო მომზიდველი სხვა ჟანრების შესაძლებლობები, რომლებიც ზედაპირზევეა ხილულია. თანაც, კლასიკური მუსიკა მეინსტრიმი არასდროს ყოფილა და ალბათ არც არასდროს იქნება.

ქეთო მოაზროვნე მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე მუსიკაში სიახლეს რთული გზით ქმნის. არც თუ ისე ხშირია მასსავით ახალგაზრდა ადამიანს ისევე ღრმად ჰქონდეს გააზრებული შრომის პროცესის ფასი ხელოვნებაში, როგორც -ინსპირაციის. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ ძალისხმევასა და შთაგონებას შორის კარგი ბალანსია და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი „მეცნიერული“ აღმოჩენა გველოდება.

ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტო: მასუ მწარიაშვილი