კულტურა

ძალისას მუზეუმ – ნაკრძალი

ოქტომბერი 18, 2019

1964 წელს, სოფელ ძალისაში – მცხეთიდან ოციოდე კილომეტრის დაშორებით, არქეოლოგებმა გორანამოსახლარს მიაკვლიეს.


1971 წლიდან, მუხრანის ველის ამ მონაკვეთზე დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც საერთო ჯამში 19 წელს გაგრძელდა, იბერიის სამეფოს ანტიკური ხანის ქალაქი გამოავლინა.


ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

რეგულარული პრინციპით დაგეგმარებული ურთიერთგადამკვეთი ქუჩები, აგურის ფილებით მოკირწყლული მოედნები, რიყის ქვით ამოყვანილი საძირკვლები, ქვის ბაზისები და სვეტისთავები, მოზაიკით გაფორმებული შენობები, აბანოები, წყალსადენი, ცენტრალური გათბობის სისტემის ნაშთები, საკანალიზაციო კოლექტორი – ყველაფერი ქალაქის მნიშვნელობასა და განვითარების მაღალ დონეზე მიგვანიშნებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რამდენიმე ნაგებობა უნიკალურია თავისი მნიშვნელობიდან თუ მასშტაბიდან გამომდინარე. 

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მაგალითად, საცურაო აუზს, რომლის საერთო ფართობიც 500 კვ. მეტრს აღემატება, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია; 2 500 კვ. მეტრის ფართობის რთული არქიტექტურული კომპლექსი ოცდაათზე მეტი ოთახით, ორგანყოფილებიანი საპირფარეშოთი, კანალიზაციით, წყალსადენით და ცენტრალური გათბობის სიტემით უდიდესია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ანტიკური ხანის სასახლეებს შორის.


საცურაო აუზი

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საინტერესოა 1.2 მ. დიამეტრის ორმო, რომელშიც როგორ ჩანს, კირს ამუშავებდნენ და კირხსნარს ამზადებდნენ. აქ მომზადებული კირხსნარით უნდა იყოს აშენებული ქალაქის შენობები. ძალისა პირველი ურბანული დასახლებაა ქართული არქეოლოგიის ისტორიაში, სადაც ე.წ. სამშენებლო მოედნი გვხვდება.


ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უადრეს შენობებს არქეოლოგი ალ. ბოხოჩაძე ძვ. წ. II-I საუკუნეებით ათარიღებს. უმთავრესი ნაგებობები II-IV საუკუნეებისაა. ამ დროს ძალისა მხარის ერთ–ერთი დაწინაურებული ცენტრია და გასაკვირიც არაა, რომ, თავისი დროის ძლიერი და განვითარებული ქალაქი, II საუკუნის ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის სამეფოს აღწერისას მოხსენიებულ ქალაქებს შორის მოხვდა. დროებით შეწყვეტილი ცხოვრება ძალისაში VI-VII საუკუნეებში უწინდელთან შედარებით მოკრძალებული მასშტაბებით აღდგა. აქაურობა VIII საუკუნის 30–იან წლებში მურვან ყრუს ლაშქრობების შემდეგ საბოლოოდ გაუკაცრიელდა. 

 

გეგმა ალ. ბოხოჩაძის წიგნიდან - “არქეოლოგიური გათხრები აღაიანსა და ძალისში” 1981წ.

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ტერიტორიაზე გამოვლენილი ერთ–ერთი პირველი ობიექტი II საუკუნით დათარიღებული ე.წ. საზოგადოებრივი აბანოა. რომაული ტიპის აბანო, სამი – ცხელი (კალდარიუმი –5), თბილი (ტეპიდარიუმი – 4) და ცივი (ფრიგიდარიუმი – 3) განყოფილებისგან შედგება. მოშორებითაა გასახდელი ოთახი (აპოდიტერიუმი – 8), რომლის კალორიფერი – გასათბობი განყოფილება თითქმის სრულადაა შემონახული. გასახდელს მიშენებული აქვს ცეცხლფარეშის სენაკი. 

ასეთივე სენაკი აბანოს ცხელ განყოფილებასაც აქვს (13). მცირე ზომის ნახევარწრიული მინაშენი, რომელიც სიმაღლეში სულ მცირე 10–12 მეტრი იყო (16) საკვამლე მილის ფუნქციას ასრულებდა – წვის პროცესში გამოყოფილი აირისგან გათავისუფლების გარდა, ის ცეცხლის გაღვივებასა და წვის პროცესსაც უწყობდა ხელს. აბანოს წყლით მომარაგებას წყალსადენი კომპლექსი (17,18) და რეზერვუარი (14) უზრუნველჰყოფდა . წყალსადენის გასამართავად თიხის მილებთან ერთად ტყვიის მილებია გამოყენებული. ეს უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ძალისაშია აღმოჩნილი და იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროსთვისაც იშვიათობაა, რაც კიცევ ერთხელ მიუთითებს კულტურულთან ერთად ძალისას ეკონომიკურ სიძლიერეზე. 


ადვილი შესამჩნევია, რომ აბანოს მშენებლობისას აქ არსებული ადრეული ნაგებობის ნაშთები მოუსწორებიათ. 

ძალისას ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

1975 წელს გათხრების შემდეგ ძალისაში მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული მოზაიკური იატაკი გამოვლინდა. მივყვეთ ქრონოლოგიურად: 1972 წელს, საველე–არქეოლოგიურმა კვლევამ ძალისას ტერიტორიაზე რიყის ქვით დუღაბზე ნაგები შენობის ნაშთები აღმოაჩინა.


ესაა რომაული ტიპის აბანო სამი ტრადიციული – ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებით, საცეცხლე არხით, საქვაბეთი, გასახდელით და ჰიპოკაუსტით. 

ჰიპოკაუსტი 

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჰიპოკაუსტიიატაკქვეშა გათბობის სისტემა, როცა სვეტების საშუალებით იატაკსა და საძირკველს შორის იქმნება საჰაერო სივრცე და სადინრები, რომელშიც მოძრაობს თბილი ჰაერის მასები.


ცივი აბანოს იატაკი 7 ფერის მოზაიკური კენჭებისგან აწყობილი გამოსხულებითაა დაფარული. მოზაიკის ცენტრალური ნაწილი განადგურებულია, თუმცა თავისუფლად იკითხება ზღვის ნიჟარა, დელფინის ფიგურის ნაწილი, ბადე და თევზები. გეომეტრიული სტილის ბრწყინვალე ორნამენტი აღმოჩნდა გასახდელის იატაკზეც. როგორც ჩანს, აბანო ერთიანი კომპლექსის ნაწილია, რომელშიც შედის ერთ დროს მოზაიკით დაფარული შიდა ეზო და სასახლე. სწორედ აქ მიაკვლიეს იატაკის იშვიათ მოზაიკურ მორთულობას, რომელსაც ექსპედიციის ხელმძღვანელი ალ. ბოხოჩაზე აღმოჩენათა გვირგვინს უწოდებს. 

“დიონისეს ტაძარი”, ტრიკლინიუმი – საბანკეტო დარბაზი

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

“დიონისეს ტაძარი”, სხვა ვერსიით ტრიკლინიუმი – საბანკეტო დარბაზი, 48.6 კვ. მეტრის ფართობის სივრცეა. შესაძლებელია აქ თავის დროზე დიონისეს სახელთან დაკავშირებული რიტუალური დღესასწაულები იმართებოდა. მოგვიანებით, VII-VIII საუკუნეებში დარბაზის თავზე მარანი გამართეს –  კუთხეებში და ცენტრში 150 დეკალიტრის ტევადობის 13 ქვევრია ჩაყრილი, რომლებმაც მოზაიკის ცენტრალური ნაწილი ნაწილობრივ დააზიანა. შესამჩნევია ხანძრით დაზიანების და შეკეთების კვალიც – როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა დარბაზს პირვანდელი დანიშნულება უკვე დაკარგული აქვს, დაზიანებული უბნები აღარ აღადგინეს და კირხსნარით მოლესეს. 

დიონისეს ტაძარის მოზაიკა

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მოზაიკის ფერთა ნათელი გამა 12 სხვადასხვა ფერის წვრილი კენჭებით იქმნება. ცენტრალურ ნაწილში ვაზის ხეივანის ქვეშ, ტახტრევანზე გამოსახულები არიან დიონისე – ბერძნულ მითოლოგიაში მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღმერთი და მისი ცოლი არიადნე. 


მათი სახელები გამოსახულების ზემოთ ბერძნულადაა გამოყვანილი. ორივეს თავზე ვაზის რტოებისგან შეკრული გვირგვინი ახურავს. არიადნეს გაწვდილ მარჯვენა ხელში სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლო – სიუხვის რქა უჭირავს. ვაზის ხეივანის ქვემოთ სამფეხა მაგიდაა ლომის თათებზე. ყველგან ძველბერძნული საღვინე ჭურჭელია: მაგიდაზე კილიკები – ფეხიანი ღვინის სასმისები, გვერდით – ოინოხოია, ტახტრევანის ქვეშ –კრატერი. დიონისეს მარცხნივ, ღვინის სმისა და მხიარულებისადმი თავისი მიდრეკილებით ცნობილი პანია გამოსახული – მესაქონლეობის და ველური ბუნების ღმერთი. მოზაიკის ზედა ნაწილში ორი ფიგურაა – ფრთოსანი ჭაბუკი ხილით სავსე კალათით და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელში ლანგარზე დადებული გირჩი უჭირავს. მათ შორის ორი ახალგაზრდა ქალის ფიგურაა მუსიკალური საკრავებით. გამორიცხული არაა, რომ ეს მუზებია – ძველბერძნულ მითოლოგიაში პოეზიის, ხელოვნების და მეცნიერების ქალღმერთები, რომელბიც დიონისეს ძიძებად და თანამგზავრებად ითვლებოდნენ. არსებობს კიდევ ერთი, უფრო თანამედროვე ვერსია, რომ ოთხივე ფიგურა შესაძლებელია წელიწადის დროებს განასახიერებდეს. 

ბერძნულ ენაზე შესრულებული ორსტრიქონიანი სამშენებლო წარწერა გვამცნობს მოხსენებულ იქნას პრისკე, რომელმაც ეს გააკეთა“. ითვლება,რომ პრისკე მოზაიკის ავტორია, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა დამკვეთიც იყოს. განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანის თავის გამოსახულება, რომელიც თითქოს ამოვარდნილია მთელი ტანით გამოსახული მითოლოგიური პერსონაჟების ჯგუფიდან. არქეოლოგი ალ. ბოხოჩაზე, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ძალისას გათხრებს ძალიან ფრთხილად და შეფარვით უშვებს ვარაუდს: „ამჟამად ვერ გავბედავთ იმის თქმასაც კი, რომ იგი ტაძრის მოზაიკის გამკეთებლის – პრისკეს პორტრეტული გამოსახულებაა“. 

© საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ძალისას ნაქალაქარის მოზაიკა II საუკუნითაა დათარიღებული და უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე მიკვლეულ მოზაიკურ ძეგლებს შორის. 


ძალისას ნაქალაქარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის და მისი რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოზაიკის კვლევა იტალიელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა. ძეგლის გაწმენდა, თანამედროვე აპარატურით არქეოლოგიური უბნების სკანირება და ფიქსაცია ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ამ არქეოლოგიური ობიექტისადმი დიდი ინტერესი და მხარდაჭერა: BP–სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა გრძელვადიანი პროექტი „ძალისას არქეოლოგიური ძეგლის განვითარება“, რომლის მიზანიც იყო ძეგლის კონსერვაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა. კომპანია „არტუბანის“ მიერ მომზადებული გეგმის შესაბამისად, ანტიკური ხანის ტაძრის ნაშთებისა და უნიკალური მოზაიკის დამცავი პავილიონი განახლდა. მოწესრიგდა ნაგებობის სადრენაჟო სისტემაც. მომზადდა ახალი შესასვლელის გეგმა და მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი. ამ რეორგანიზაციის მხარდამჭერი კომპანია „შატო მუხრანი“ გახდა.

ავტორი: თამარ ესაკია