სიახლეები ლიტერატურა

14 აპრილი - სახლის მცველები

„საბა"

აპრილი 13, 2021

მალე დედაენის დღეს მივულოცავთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ ვიამაყებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს ჩვენმა მშობლებმა ასეთი ძვირფასი საგანძური- მშობლიური ენა არ დათმეს და მთელი გულით დაიცვეს.

ისე, რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული - იკითხავს ვინმე, მაინც რა მნიშვნელობა აქვს ენას, განა სხვა ენაზე ვერ ვისაუბრებდით, ვერ ვისწავლიდით? სახელმწიფოს ვერ ავაშენებდით?


ვინც ამას იკითხავს, ალბათ გააზრებული არ აქვს ენის მნიშვნელობა, ჰოდა, მოდი, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, მაინც რა არის ენა? რას განაპირობებს მის როლს, რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანისთვის?

ენაა ადამიანი და ადამიანი სწორედ მაშინ გახდა ადამიანი, როცა ენობრივი არსება გახდა. არ აქვს მნიშვნელობა მეტყველების ფორმას, როგორიც არ უნდა იყოს ის - სამეტყველო ენა თუ ჟესტების, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაელაპარაკა, სწორედ იმ წუთში გახდა ადამიანი.

ჩვენ ვერც ვგრძნობთ, ყოველდღიურად როგორ გავლენას ახდენს ჩვენზე ენა, რომელზეც ვმეტყველებთ. როგორ განაპირობებს ჩვენს ქცევას, აღქმას, მსოფლმხედველობას. ენა ის სათვალეა, რომლის საშუალებითაც სამყაროს ვუყურებთ და სწორედ ისეთს ვხედავთ, როგორც ჩვენი ენა გვთავაზობს.


ჰორიზონტის მხარეებს, ფერების აღქმას, ხმებს, დასახელებებს - ამ ყველაფერს ენის გავლით აღვიქვამთ, შესაბამისად, სამყარო სწორედ ისეთია, როგორიც ჩვენი ენა.

ენა დაუსრულებელი სიცოცხლეა, ამის შესახებ, ნამდვილი ენათმეცნიერის ინტუიციით წერს გენიოსი ვაჟა-ფშაველა:

„არამგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმით, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად. მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტახნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს...


დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის!


სამყარო პოლიფონიური თუ რამის წყალობითაა, ეს, არა ფლორა და ფაუნა, არამედ ენობრივი მრავალფეროვნებაა, უფრო სწორად, სამყაროს მრავალფეროვნების ენობრივი ასახვის ფორმები, რომელთა საშუალებით კიდევ უფრო კარგად ვხედავთ ყველაფერ იმას, რაც „გვაქვს უთვალავი ფერითა“.

ენა ისეთია, როგორიც ჩვენი ქვეყანა, ყველა ისტორიული ცვლილება, შემოსევა თუ კულტურული კავშირი, მიგრაცია თუ ემიგრაცია, დეტალი თუ ამბავი აქვს შემონახული, სამშობლო იქაა, სადაც ენაა, ამიტომაც, ქართული ენის შენარჩუნებით 1978 წელს ჩვენ სამშობლო შევინარჩუნეთ.

ის, რომ ენობრივი პოლიტიკა ყველაზე რთული და მიზნობრივი პოლიტიკაა, ეს ყველაზე კარგად ისტორიამ იცის. სხვადასხვა დროის კულტურული ექსპანსია, მისიონერული პროცესები თუ იმპერიალისტური ზრახვები ენობრივი თამაშების მიზეზად იქცეოდა ხოლმე. ასე იყო საბჭოთა კავშირშიც, ხალხთა ასიმილაცია ენობრივ ასიმილაციას ნიშნავდა, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს არა საკუთარი ენის საშუალებით ელაპარაკება, არამედ სხვისი, საკუთარი თავისა და მიწის დაცვაც ნაკლებად უნდა.

აბა, გაიხსენეთ, როგორი ძლიერები ვართ, როცა ჩვენს სახლს ვიცავთ, ენა სახლია და სწორედ ის გვაძლიერებს.

ამიტომ 14 აპრილი მხოლოდ ენის კი არა, ჩვენი ქვეყნის, ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში ამ კონკრეტული სახელმწიფოს არსებობის გადარჩენაა, ახალგაზრდული პროტესტი, რომელიც ენასავით დაუდგრომელი, აქტიური აღმოჩნდა და თანდათანობით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც კი მოიტანა.


ავტორი: „საბა"