ლიტერატურა

დედა ენა

თოთხმეტ აპრილს, პირველს იმ ადამიანებს გაიხსენებ სიკეთით, რომლებიც ზუსტად ორმოცდაორი წლის წინ უნივესიტეტიდან დაიძრენ და საბჭოთა საკონსტიტუციო რეფორმის იმ მუხლის წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსს ართმევდა.

აპრილი 14, 2020

თოთხმეტ აპრილს, პირველს იმ ადამიანებს გაიხსენებ სიკეთით, რომლებიც ზუსტად ორმოცდაორი წლის წინ უნივესიტეტიდან დაიძრენ და საბჭოთა საკონსტიტუციო რეფორმის იმ მუხლის წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსს ართმევდა. 


ის საქართველო სახელმწიფო არ იყო, მხოლოდ რაღაც სახელმწიფო სიგელ-გუჯრები, ქაღალდები და ორიოდე დეკორატიული ინსიგნია გააჩნდა, როგორც წითელი იმპერიის ერთ სამხრეთულ პროვინციას. იმ ქაღალდებში კი ყველაფერი კოხტად იყო ჩაწერილი, როცა გინდა გადიო, როცა გინდა შემოდიო, თავსუფელბაო და ასე შემდეგ და მათ შორის ენის ამბავიც ერია, თუმცა, სახელმწიფო საქმის წარმოება სხვა ენაზე ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, ეწერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა, ქართულია და სწორედ ამის შეცვლა გადაწყვიტეს.


კაცი იყო ასეთი, სუსლოვი მიხალ ანდრეიჩი, ზემოთ და მაღლა. ამბოდნენ, ის გეგმავს ამნაირ რამეებსო, ერთიანი საბჭოთა ხალხის ნამდვილად ჩამოყალიბება სურსო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სურს თავად მოესწროს ამ ამბავსო და უკვე კი უკაკუნებდა ოთხმოცს.



დედა ენის პირველი გამოცემა, 1876 წელი


ეგებ გეფიქრა კიდეც, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერენ იმ ქაღალდებში, სადაც ნამდვილად მოქმედი და უფლების მომნიჭებელი არაფერი წერიაო, მაგრამ ასე არ იყო. ეს იყო დამოკიდებულების ამბავი. ანუ, ჩანდა რისკენ მიუწევთ გული და რას გიპირებენ. იმაზე იყო, რომ არ გაგეტანინებინა.



პირველი დაწყებითი წერის ნიმუშები, უთარიღოდ 


გარეგნულად ეს ცვლილება საქ სსრ უმაღლეს საბჭოს, პარლამენტის მსგავს დაწესებულებას უნდა მიეღო. აი, ჩვენ თვითონ არ გვინადო, თუ რაღაც ასეთი. იმ საბჭოშიც მოიძებნებოდა ხალხი, ვისაც ეს ცვლილბა არ მოსწონდა და იმის მაღლაც იქნებოდა ვინმე, მაგრამ ამას ახლა ვეღარ ჩაეძიები, რადგან მთავარი სხვა ხალხი იყო: ვისაც ხმის ამოღება შეეძლო, გაბედა და დაიძრა უნივერსიტეტიდან.



„დედაენის“ 1920 წლის გამოცემის სტანბური კლიშე


ეგებ კულუარული ისტორია აღწერილ სურათზე ათასჯერ მდიდარი იყოს და იმ დროის მოხელეებმა უამრავი რამ გაიხსენონ, თავისიც და სხვისიც, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი, სამადლობელი და საიმედო სწორედ ის ხალხია, ვინც იმ დროში და იმ ვითარებაში ქუჩაში გამოვდა.



ს. ასლანიშვილის (ბავრელი) მიერ შედგენილი საკითხავი წიგნი გამაჰმადიანებული ქართველებისათვის


მსოფლიოს უსასრულო და ძალმომრებითა და უსამართლობით გამოტენილ თავგადასავალში ხომ ხშირად შეგხვდება ერი და ეროვნება, რომელსაც თავის გაწვალებულ გზაზე უამრავი რამ დაუკარგავს: სახე, თავი, სიცოცხლე, რჯული, ენა, თუ რა აღარ, ზოგჯერ კი ყველაფერი ერთად. ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარა, როცა მისთვის ერთი კალთა მოუფხრეწიათ და სხვაგანაც. აბა, სქოთები რომ ვნახოთ: უომიათ, უბრძოლიათ, დამარცხებულან, ენა დაუკარგავთ, მაგრამ მოირგებენ საგვარეულო ტარტანს, ჩაბერავენ სტვირსა და მაინც მსოფლიოში ყველაზე იოლად საცნობ ერად გარდაისახებიან. იმ ძველი გელურის, თუნდაც დაბლა მიწების სქოთურის გარეშეც სქოთად გრძნობდნენ და გრძნობენ თავს და სქოთებიც არიან. ძნელბედობიდან გამომდინარე კარგი სურათია, მაგრამ არა მგონია ჩვენ ასე ვიყოთ. მგონია, ენა ჩვენთვის წყალიც არის და პურიც. ყველაზე დიდი რამაა, რაც უხსოვარი დროიდან გადმოგვყვა. გადმოგყვა კი არა, მოდი, გავთამამდეთ და გამოვიტანეთ, გამოვატანეთ, გამოვატანიეთ, ან გამოვატარეთ-თქო, ვთქვათ. ან ეს ყველაფერი ერთად.



ჩვენ ენა გვჭრიდება. ეგაა ჩვენი ტარტანიც, გუდა სტვირიც და კიდევ სხვა ათასიც. უმისოდ როგორ. ქართველები ნახევრდებიან, ან სულაც ქრებიან ხოლმე ენის გარეშე.

ქართული კი თავიდან იყო ნათქვამი და მიემატა ნაწერიც, როგორც მაშინ იტყოდნენ, მწიგნობრობაც. ნათქვამის სიმდიდრეს ნაწერის სიმდირეც ემატებოდა. მოხდებოდა ხოლმე, იმ ხმლის ქნევასა და სისხლისგან დაცლაში, რომ ნაწერი მხოლოდ სახელმწიფო საბუთების ამარა დარჩებოდა, მაგრამ მაინც მიეშველობდა ლექსი, იყო ხოლმე რომ, ყველაფერი იფრქვეოდა ერთად და უხვად, დიდებულად, ცას აწვდენილად. რაც ყოველთვის იყო, ის რომ ქართულითა ენითაი ჟამი შეიწირვოდა, თუმცა ამასაც მიადგებოდნენ ხოლმე.




ერთი დროიდან, ნათქვამიცა და ნაწერიც ერთად მოდიოდნენ, გზადაგზა სხვაფერდებოდნენ, მაგრამ არც ერთი გაწყვეტილა, არც მეორე. ნაწერი მრგვლოვანი იყო, ხუცური, მხედრული, თუ დედაბრულიც, სულ ქართული იყო და ნათქვამსაც, იმერულად მოუცევდა კაცი, კახურად, თუ გურულად და ყოველი სხვა კუთხისებურად, ქართული იყო და ქართული.



პირველი დაწყებითი წერის ნიმუშები, უთარიღოდ 


ისეც მოხდებოდა ხოლმე, რომ სწავლულები ჩათვლიდნენ, ნაწერი ნალაპარაკევს აღმატებული უნდა იყოსო და დააშორებდენ და დააშორებდნენ, რაღაც ახალ იერს მისცემდნენ. მერე პირიქით მოხდებოდა, ისევ დაუხლოვებდენ. სწავლულთა და პოეტთა ერთგვარი საუკუნო ჭიდილიც კი გამოდიოდა.


გადაფურცლავ მეთორემტე საუკუნის პოემას და გიხარია, რომ ასე გესმის და გრძნობ ყველაფერს. გადაფურცლავ მეთვრამეტე საუკუნის ტრაქტატს და ვერაფერს გაუგებ, შენს ენობრივ მცირემცოდნეობაზე დაფიქრდები. მერე გადააწყდები იმავე დროების მწერლურად ნაწერს წიგნს და კვლავ გაიხარებ, რომ კიდევ ერთი საოცარი ქართული აღმოაჩინე: კეთილი, ხალისიანი, შავთა დროთაგან ვერ შეცვლილი.



ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და ვწერთ, ასე და ამდენნაირად და ამ დიდ ისტორიაში ათასნაირი ყოფილა: ისიც, რომ რაც მამამ პეტერბურგში წამიღო, კარტული სულ დაგავიცხდა და ისიც, რომ დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა. ენაც ალბათ ესაა, წამში შეიძლება დამახინჯდეს და ერთ წამშივე შექმნას მარადიული იდუმალება. თავისუფალია, დაუცველი, ძლერი და მოქნილი. უამრავ სასურველს და არასასურველს იღებს სხვათაგან, ბერდება კიდეც, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით ახალგაზრდავდება ხოლმე. ქართული პოეზიის ენააო, ასე ვამბობთ ხოლმე და მართლაც, ჩვენგან საუკეთესო თქმული და ნაწერი, ლექსადაა. მაგრამ თუ ამას გამოვცდებით, ქართული, ზმნის ენაცაა. ქართული ზმნა რომ ოქრო-ვერცხლს დაიტევს, იმას ვერ დაიტევს თვით მეფეთა პალატები. მაგრამ ენას და მწიგნობრობას ზღაპარში სულაც არ უცხოვრია.   


დამპყრობელი სხვადასხვანაირი იყო და მათი მიზნები და მოქედების ხერხებიც სულ სხვადასხვანაირი. ამ ჩვენმა ენამ ესე ყოველი გამოიარა, არაერთხელ დაიჭრა კიდეც და ეს ის ჭრილობები არ იყო, რომ დაამშვენებდა.



სამაგიეროდ, ის ჭრილობები იყო, რომლებმაც ვერ მოკლეს და ერთ დღესაც გაჩნდა აი ია. პოეზიაც, სიკეთეც, ბავშვურობაც, იდუმალებაც და რა ვიცი, რა არ გაერთიანდა ამ ორ სიტყვაში. შეიძლება თქვა რომ აი და ია, ტყუპები არიან, გოგო და ბიჭი და ეს ყოველთვის ცეროდენა და თან უზარმაზარი ტყუპები იმის დასაწყისი და სულზე მოსწრებული უკვდავი საყრდენია, რომ მკვეთრად, კარგად და სამუდამოდ დაიმახსოვრო: ეს- ესაა, ის - ის და ესეც და ისიც აუცილებლად, ყოველთვის,სამუდამოდ და მტკიცედ ჩვენია და მხოლოდ წყალი და პური კი არ არის ჩვენთვის, არამედ ჰაერიც. ჰაერს კი ვერ დათმობ.



პირველი დაწყებითი წერის ნიმუშები, უთარიღოდ 


იმ ორმოცი წლის წინათაც ალბათ ასე გრძნობდნენ ის ადამიანები, რუსთაველზე რომ მიაბიჯებდნენ ვითომ ქვეყნის, ვითომ კონსტიტუციაში ერთადერთი მსუნთქავი სტრიქონის

გადასარჩენად.


ავტორი: გიო ახვლედიანი

ბლოგში გამოყენებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივის უნიკალური ნიმუშები